კიბოს მოთვინიერება

ტექსტი: ცირა გვასალია
ფოტო:ხათუნა ხუციშვილი

2013 წლის ერთ ჩვეულებრივ დღეს, ეროვნული სკრინინგ-ცენტრის მისაღები წერეთლის გამზირზე სავსე იყო პაციენტებით. 48 წლის ნინო ცალუღელაშვილიც ერთ-ერთ მორიგ გასინჯვაზე იყო მისული და მშვიდად ელოდა თავის რიგს. განსაკუთრებული ღელვის მიზეზი არც ჰქონდა: სარძევე ჯირკვლის სკრინინგი მისთვის ჩვეულებრივი რუტინა იყო, რომელსაც წელიწადში ორჯერ გადიოდა.

შფოთის საბაბი მაშინ გაჩნდა, როდესაც ექიმებმა ყველა პაციენტი გაისტუმრეს და ნინო დატოვეს. მამოლოგმა მეორედ, უფრო ყურადღებით შეამოწმა და გადასამოწმებლად სხვა მამოლოგს დაუძახა.

იმ დღეს ნინოსთვის გადაჭრით არაფერი უთქვამთ. პასუხისთვის 10 დღეში დაიბარეს და უთხრეს, რომ სარძევე ჯირკვლებში კარცინომა, ანუ ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა.

– ექიმი გყავთ? – ჰკითხა მამოლოგმა.

– არა, – უპასუხა ნინომ.

მამოლოგმა ბლოკნოტში ქექვა დაიწყო. პოტენციური ექიმის სახელს და გვარს კარნახობდა, მაგრამ ნინოს მისი სიტყვები აღარ ესმოდა.

ქუჩაში რომ გავიდა, ფერებს ვეღარ არჩევდა: წერეთლის გამზირი მთლიანად ნაცრისფერი იყო.

ქმარს დაურეკა და დიაგნოზი უთხრა.

ფერების აღქმის უნარი მალე აღუდგა. სხვისი საუბრის მოსმენას და სრულყოფილად აღქმას კიდევ ორ კვირას ვერ ახერხებდა. გონება სულ გაფანტული ჰქონდა. დიაგნოზის შემდეგ, ოპერაციამდე, ანალიზების პასუხების გასაგებად მარტო არ დადიოდა, თან შვილები მიჰყავდა.

ოპერაციამდე ორი კვირით ადრე, ნინო სახლში მარტო დარჩა: ქმარი გავიდა, გოგონები ლექციებზე წავიდნენ. 87 წლის დედას მეორე სართულზე ეძინა. ნინო მას ავადმყოფობაზე ვერ ელაპარაკებოდა: დედას ალცჰაიმერის დიაგნოზი წლების წინ დაუსვეს და დიდი ხანია, აღარაფერი ახსოვდა.

ნინოს ისევ კიბოზე ფიქრები აეშალა. დაავადებამ ცხოვრება ერთი ხელის მოსმით შეუცვალა.

– ყველაფერმა, რაც აქამდე გამიკეთებია, აზრი დაკარგა. რა გავაკეთე, რატომ? ვფიქრობდი, რომ ყველაფერი დამთავრდა.

ფიქრებში წასულმა გონება დაკარგა. არ ახსოვს, რამდენ ხანს იყო ასე. გონზე რომ მოვიდა, კვლავ მარტო იყო.

– ასე ყოველ წუთს რომ ვიფიქრო სიკვდილზე, სიცოცხლეს ხომ უფრო შევიმოკლებ-მეთქი. ჩემს თავს შემოვუძახე: დედაჩემი მისახედია, შვილებს ვჭირდები . სიკვდილის უფლება არ მქონდა. არ დაიჯერებ, მაგრამ ამის შემდეგ ჩემი თავის გადასარჩენი გეგმა დავსახე.

სიმსივნური უჯრედები ჯანსაღი უჯრედებისგან იმით განსხვავდებიან, რომ ისინი ჩვეულებრივზე სწრაფად მრავლდებიან, ემალებიან იმუნურ უჯრედებს – თავიანთ პოტენციურ გამანადგურებლებს, იწყებენ საშიში ქსოვილური სტრუქტურის შენებას და მეზობელ უჯრედებში შეჭრას.

სარძევე ჯირკვლის სიმსივნე ლიმფური ჯირკვლების საშუალებით ვრცელდება. თუ სიმსივნემ ლიმფურ ჯირკვლებში შეაღწია [ანუ მეტასტაზირდა], არის შანსი, რომ მთელ სხეულს მოედოს.

საქართველოში ქალებში სარძევე ჯირკვლების სიმსივნე ყველაზე გავრცელებულია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2015 წელს, სარძევე ჯირკვლების სიმსივნის 1,838 ახალი შემთხვევა დათვალეს. 2016 წელს ამ მაჩვენებელმა ოდნავ – 1,657 ახალ შემთხვევამდე დაიკლო.

სარძევე ჯირკვლის კიბოს გაჩენის ზუსტი მიზეზი უცნობია. ხანგრძლივმა კვლევებმა აჩვენა, რომ გენეტიკური, გარემოს დაბინძურების და სტრესის ფაქტორი დიდ როლს თამაშობს.

ძუძუს კიბოს ქვესახეობების უმრავლესობა ყველა ჰორმონალურ აგენტზე რეაგირებს, ანუ გავრცელებული ტერმინით, ჰორმონდამოკიდებულია . კიბოს უჯრედებს სპეციალური რეცეპტორები გააჩნიათ, რომლებითაც ჰორმონებს იერთებენ და მათი მოზღვავების პარალელურად მრავლდებიან. ასეთ დროს, მედიკოსები ჰორმონებს დროებით თიშავენ , რათა სიმსივნის განვითარება შეაჩერონ და ავისმომასწავებელი უჯრედები გააქრონ.

ე.წ. დამიზნებითი თერაპიის [Targeted Therapy] დროს, გასანადგურებლად ანუ სამიზნედ მხოლოდ კიბოს უჯრედები ირჩევა; ქიმიოთერაპია კი განურჩევლად ყველა სწრაფად განვითარებად უჯრედს ანადგურებს [და არა მხოლოდ სიმსივნისას].

ამერიკის კიბოს საზოგადოების ინფორმაციით, ქალებს, რომლებმაც ერთხელ მაინც გააჩინეს ბავშვი და ძუძუ აწოვეს, ძუძუს კიბოს რისკი უფრო ნაკლებად აქვთ, ვიდრე იმ ქალებს, ვისაც შვილი არ გაუჩენია.

38 წლის იყო ჰანა, [რომლის ნამდვილი სახელი, მისი თხოვნით, შეცვლილია], როცა გაირკვა, რომ სარძევე ჯირკვლებში პირველი სტადიის კარცინომა ჰქონდა. შოკის მიუხედავად, დიაგნოზმა არ დააბნია. ძალები მოიკრიბა და ექიმს ყველაფერი გამოჰკითხა: რას ნიშნავდა პირველი სტადიის კიბო? სიცოცხლისთვის საშიში იყო? ძუძუს მოკვეთა მოუწევდა? თუ მოუწევდა, ძუძუს რეკონსტრუქციის რა შესაძლებლობები არსებობდა? როგორ გამოიყურებოდა ხელოვნური ძუძუ?

– მზად ხარ, ფოტოები ნახო? – ჰკითხა ექიმმა.

– კი, ყველაფერი უნდა ვნახო, – უპასუხა.

ყველა საკითხი რომ ამოწურა, ჰანა ექიმს დაემშვიდობა. მისი ოთახიდან გამოსვლისთანავე ორ მეგობარს დაურეკა და ახალი ამბავი შეატყობინა. შემდეგ საჭესთან დაჯდა. გზად ვიღაც დაიმგზავრა. სამსახურში მივიდა. მთელ დღეს იმუშავა და სახლში წავიდა.

შინ მისულს, დედისთვის არაფერი უთქვამს. ემოციებისგან გადაღლილს, მალევე ჩაეძინა. შუაღამით გაეღვიძა. ჯერ კიდევ ძილ-ღვიძილში დიაგნოზი ამოუტივტივდა, რომლის გააზრებაც დღის განმავლობაში ვერ მოასწრო. საწოლში წამოჯდა. ჯერ კიდევ არ იყო დარწმუნებული, რომ ეღვიძა. თვალები მოიფშვნიტა – აშკარად არ ეძინა.

მაინც რას ნიშნავდა ის დიაგნოზი? შეიძლებოდა მომკვდარიყო? თითქოს ფიზიკურად იგრძნო სიკვდილი, რომელიც ასე ახლოდან მას მერე არ შეხებია, რაც 19 წლისას, საყვარელი ბიძა მოულოდნელად დაეღუპა. იგრძნო, რომ შუაღამეს, საწოლში წამომჯდარი, ცხოვრებაში მეორედ და კიდევ უფრო მძაფრად გრძნობდა სიკვდილთან სიახლოვეს. დედას კი, რომლისთვისაც ერთადერთი შვილი იყო, მეორე ოთახში მშვიდად ეძინა.

გადაწყვიტა, რომ შეუძლებელს შეძლებდა – რაც არ უნდა ყოფილიყო, უნდა ეცოცხლა. ამიერიდან, ნაკლებ კოკა-კოლას და მეტ წყალს დალევდა. ნაკლებს ივლიდა მანქანით. მეტს ისეირნებდა ფეხით. თავის პარტნიორთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავიდოდა. რაც შეეხებოდა სიგარეტს – ჯანდაბას – შეიძლება მოეწია კიდეც ერთი-ორი ღერი.

როგორც კი ამ გადაწყვეტილების სიმტკიცეში დარწმუნდა, თავი ისევ ბალიშზე დადო და ძილი გააგრძელა.

ჰანამ გადაწყვიტა, რომ ოპერაცია საქართველოში არ უნდა გაეკეთებინა – გერმანიაში უფრო დაცულად იგრძნობდა თავს, ვიდრე – ქართული ჯანდაცვის სისტემაში. მით უმეტეს, გერმანიაში 7 წელს ცხოვრობდა, მუშაობდა და იქაურ სისტემას კარგად იცნობდა.

დედას უთხრა, რომ ბერლინში საქმეზე მიდიოდა. ოპერაციის გასაკეთებლად მარტო გაფრინდა.

ჰანას გაუმართლა: სიმსივნე ლიმფურ ჯირკვლებში არ იყო გადასული. სიმსივნის უჯრედების ადგილობრივი ამოკვეთა – სექტორული რეზექცია – საკმარისი იყო. ძუძუს მთლიანად მოკვეთის აუცილებლობა არ იდგა.

ოპერაციის შემდეგ, ჰანას ექიმებმა უთხრეს, რომ ის სრულიად ჯანმრთელი იყო. არსებობდა მცირე რისკი იმისა, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში, სიმსივნე ისევ გაჩენილიყო. ამის თავიდან ასაცილებლად, კარგი იქნებოდა, თუ ქიმიოთერაპიის სტანდარტულ კურსს ჩაიტარებდა.

ჰანა ქიმიოთერაპიას დათანხმდა. 6 სეანსის განმავლობაში, თბილისსა და ბერლინს შორის ცხოვრობდა. როცა თმები დასცვივდა, იძულებული გახდა, დედისთვის ავადმყოფობა გაემხილა. სამსახური კი, არც ერთი დღით არ მიუტოვებია.

თანამედროვე მედიცინისთვის ძუძუს კიბო დამარცხებადია. სიმსივნის ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში არის შანსი, რომ ძუძუს მოკვეთაც არ გახდეს აუცილებელი. საქართველოში 2008 წლიდან არსებობს სკრინინგ-ცენტრები, სადაც 40 წლიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სარძევე ჯირკვლის სკრინინგი უფასოა.

დღეს, მსოფლიოს წამყვან კლინიკებში ძუძუს შენარჩუნება, მისი სექსუალური და ნერვული ფუნქციის გათვალისწინებით, პრიორიტეტულია.

კვლევებმა აჩვენა, რომ უმრავლეს შემთხვევაში, სწორი სხივური და ქიმიოთერაპიის კურსის გავლისას, ძუძუს შენარჩუნება რეციდივის თვალსაზრისით, უსაფრთხოა.

საუკეთესო პრაქტიკაში მასტექტომია მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ეს ან სათანადოდ ინფორმირებული პაციენტის მოთხოვნაა, ან ძუძუს შენარჩუნება პაციენტის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

ძუძუ ნერვებით ორი გზით მარაგდება: კანით, სადაც ნერვული ქსელია გაშლილი და თვით ძუძუში შემავალი სამი დიდი ნერვით. ძუძუს მოკვეთის დროს სწორედ ეს შიდა ნერვები ზიანდება. როცა მასტექტომია აუცილებელია ან პროფილაქტიკის მიზნით მას პაციენტი მოითხოვს, ქირურგები ცდილობენ, რომ ძუძუს კანი შეინარჩუნონ, რათა ოპერაციის შემდეგ ძუძუს არეალის მგრძნობელობა სრულიად არ დაიკარგოს.

ონკოლოგ და პლასტიკურ ქირურგ გოგიტა ძაგნიძეს საქართველოში 3 000-მდე ოპერაცია აქვს გაკეთებული. 1990-იანი წლების საქართველოში, მისი პაციენტებიდან ძალიან ცოტა იყო ისეთი, ვინც ძუძუს შენარჩუნებას სთხოვდა, ძირითადად იყვნენ ისეთები, ვისაც სიტყვა კიბოს გაგონების შემთხვევაში, შეშინებულებს, ერჩივნათ, სხეულის ეს მნიშვნელოვანი ნაწილი დაუნანებლად მოეშორებინათ .

– ჩემი გამოცდილებით, ქართველი ქალების უმრავლესობა ყურადღებას ძუძუს ვიზუალურ მხარეს უფრო აქცევს, ვიდრე – მის ნერვულ ფუნქციას.

გოგიტა ძაგნიძის პრაქტიკაში გაჩნდნენ ახალგაზრდა პაციენტები, რომელთათვის ძუძუ სხეულის ნერვული ერთიანობისთვის მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი შენარჩუნების სხვადასხვა სცენარს განიხილავენ.

ნერვული თვალსაზრისით განსაკუთრებულად მგრძნობიარე ძუძუს დვრილია, რომელიც ნერვული დაბოლოებებით, ბევრი ქალისთვის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ეროგენული ზონაა.

მგრძნობელობის შესანარჩუნებლად, ქირურგები ცდილობენ დვრილის დატოვებას, რაც დვრილის შენარჩუნების [Nipple-Sparing] ტერმინით არის ცნობილი.

5 წლის წინ, რატჯერის უნივერსიტეტის პროფესორმა, ორგაზმის მკვლევარმა ბარი კომისარუკმა დვრილთან დაკავშირებით ახალი თეორია გამოთქვა. კომისარუკის თქმით, შუა ტვინი ისევე ენთებოდა დვრილის სტიმულირებისას, როგორც, მაგალითად, სხვა ეროგენული ზონების: კლიტორის, ვაგინის ან საშვილოსნოს ყელის სტიმულირებისას.

მასტექტომიის შემდეგ ძუძუს არეალი ხშირად სრულიად უგრძნობი ხდება.

მგრძნობელობა, რასაც, ზოგადად, სისხლის მიწოდება და ნერვული ქსელის გავრცელება უზრუნველყოფს, მას მერე ქრება, რაც ოპერაციის დროს, ნერვული დაბოლოებები ზიანდება და მათი ჩვეულ ფორმაში დაბრუნება, ფაქიზი ქირურგიული ჩარევის და ნერვული ქსოვილების აღდგენის მცდელობის შემდეგაც კი, შეიძლება წარუმატებლად დამთავრდეს.

ოპერაციის გაკეთების შემდეგ, ნინო ცალუღელაშვილს ჭრილობის დასამუშავებელ პროცედურებზე ყოველ ორ დღეში ერთხელ უწევდა მისვლა. პირველად, როდესაც ნაოპერაციევიდან სითხე ამოუღეს, ნინომ ნემსის ჩხვლეტა ვერ იგრძნო.

– ექთანმა ნემსი რამდენიმე ადგილზე ჩამარჭო. მე კი საერთოდ არ მეტკინა – ვერაფერი გავიგე.

ოპერაციიდან რამდენიმე დღე იყო გასული, ანესთეზიის მოქმედება – დამთავრებული და, წესით, ამ ადგილებს მგრძნობიარობა უნდა დაბრუნებოდათ. ნინომ ექთანს ჰკითხა, თუ რატომ იყო ეს ადგილები ისევ უგრძნობი. ექთანმა უპასუხა, რომ ყველა ნერვი ოპერაციის დროს ამოიღეს.

მას შემდეგ სამი წელი გავიდა. ნინოს მოკვეთილი ძუძუს არეში და იღლიის ქვეშ მგრძნობიარობა ისევ არ დაბრუნებია.

სტატისტიკა

მასტექტომია

სარძევე ჯირკვლის რეკონსტრუქცია

2015 წლამდე მონაცემები არ არსებობს

საყოველთაო დაზღვევა არ აფინანსებს ძუძუს რეკონსტრუქციას

საშუალოდ რეკონსტუქციის ღირებულება 10 ათასი ლარია, თანხა დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევაზე.

საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში ფინანსდება:

  • ნებისმიერი ქირურგიული ჩარევა;
  • ჰორმონო-სხივური-რადიოთერაპია;
  • ნებისმიერი საჭირო პროცედურა და მედიკამენტები.

დაფინანსების პირობები: საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში წლიური საბაზისო პაკეტი ერთი პაციენტისთვის არის 12 ათასი ლარი (0-საპენსიო ასაკამდე, 20%-პროცენტიანი თანადაფინანსებით); პენსიონერების შემთხვევაში - 15 ათასი ლარი (10%-იანი თანადაფინანსებით).

2016 წლიდან, ძუძუს აგრესიული HER-2 რეცეპტორდადებითი დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის არსებობს ჰერცეპტინით მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა

რეგულირდება საქართველოს მთავრობის დადგენილება №36-ით
წყარო: ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოში მასტექტომიის შემდეგ ძუძუს რეკონსტრუქციას სახელმწიფო სადაზღვევო პაკეტები არ ანაზღაურებენ. სურვილის შემთხვევაში, რეკონსტრუქცია თვით პაციენტმა უნდა დააფინანსოს, რაც საქართველოში დაახლოებით 10 ათასი ლარი ჯდება.

2013 წლის ბოლოს, სანამ ძუძუს სიმსივნე ცხოვრებას თავდაყირა დაუყენებდა, ლიკა ხვედელიძეს ფინანსური პრობლემები ჰქონდა: ბინა იპოთეკით ჰქონდა დატვირთული და გაყიდვა უნდოდა. ფინანსურ პრობლემებში გახლართულმა, რამდენჯერმე უგულებელყო გამაგრებული ნაწილი, რომელიც ძუძუზე ხან ესინჯებოდა და ხან – არა. ეგონა, რომ სერიოზული არ იყო და დაიცდიდა. გარკვეული დროის შემდეგ, ძუძუს ერთი უბანი კიდევ უფრო გამკვრივდა. სკრინინგ-ცენტრში მისვლის შემდეგ, აღმოაჩინა, რომ მესამე სტადიის სიმსივნე ჰქონდა და ავთვისებიან უჯრედებს 7 ლიმფური ჯირკვალიც დაეკავებინათ. მაშინ ლიკა 48 წლის იყო.

მარჯვენა ძუძუ მოკვეთის შემდეგ ექიმმა შეატყობინა, რომ ქიმიოთერაპიის 8, სხივური თერაპიის 25 სეანსი და ჰორმონ ჰერცეპტინით მკურნალობა სჭირდებოდა. რვა ქიმიოთერაპიის კურსი ერთი წელი გაგრძელდა.

პირველი ქიმიოთერაპიიდან მეათე დღეს, ლიკას თმის ძირები დაუსუსტდა და ცვენა დაეწყო. თმა ტანსაცმელს და ქუდებს ედებოდა.

პირველი ბღუჯა რომ შეამჩნია, იმ საღამოს ამოიჩემა, რომ იმ დღესვე პარიკი უნდა ეყიდა. ქმარმა შესთავაზა: დღეს უკვე გვიანია, ხვალ ერთად წავიდეთო. ლიკამ კატეგორიულად განაცხადა, რომ იმავე დღეს უნდა ეყიდა, ბოლოს ქმარიც დათანხმდა და პარიკის საყიდლად ერთად წავიდნენ. ლიკამ თავისი ბუნებრივი თმის ფერის – ღია ჩალისფერი – პარიკი აარჩია: ხელოვნურ თმას პიორუშკების ოდნავი ეფექტი გასდევდა. ლიკამ პარიკი იქვე დაიხურა და სახლში ახალი თმით წავიდა.

ცვენის დაწყებიდან მალევე, ლიკამ თმა მთლიანად გადაიხოტრა. მეორე ქიმიოთერაპიის შემდეგ გამარჯვებულ ქალთა კლუბის შესახებ გაიგო. კლუბში ძუძუს კიბოს პაციენტები იყვნენ გაერთიანებულები. ეს ის დრო იყო, როცა ქიმიოთერაპიის უარყოფითი გვერდითი ეფექტებით განსაკუთრებულად გამოფიტული იყო.

– კლუბში პარიკით მივედი.

ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, ამდენი ქალი რომ ვნახე: დავარცხნილები, ლამაზები, მაკიაჟით, იცინოდნენ. ზოგი რას ყვებოდა, ზოგი – რას. ზოგი თეატრში მიდიოდა, იყო ერთი ამბავი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა. მეთქი, ჯოჯოხეთიდან პირდაპირ სამოთხეში მოვხვდი.

ამ კლუბში გაიცნეს ერთმანეთი ლიკა ხვედელიძემ და ნინო ცალუღელაშვილმა. დღეს ამ კლუბში კიბოსთან მებრძოლი ათობით ქალია გაერთიანებული. კლუბის წევრები, ყოველ ორ კვირაში ერთხელ ხვდებიან ერთმანეთს – უფრო ხშირად, ვიდრე ახლო მეგობრებს: ერთად დადიან ცურვაზე, ფიტნესზე, თეატრში, მარათონზე, დარბიან კუს ტბაზე.

ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს, ლიკა ხვედელიძე და ნინო ცალუღელაშვილი წითელი წიწაკის ჩაის სვამენ და მკურნალობის პერიოდს იხსენებენ.

ლიკა: დედაჩემმა იცოდა, რომ ძუძუს ოპერაცია გავიკეთე. ქიმია არ მითქვამს. ასაკში იყო – 80 წლის. რომ არ შეემჩნია, არ მივდიოდი – ერთი წელი იყო თითქმის, დედა არ მენახა. ხან რას ვიტყუებოდი, ხან რას.

ნინო: არიან ქალები, რომლებიც საერთოდ არავისთან არ ამბობენ: არც თანამშრომლებთან, არც მეზობლებთან. ერთ ქალს ჩემი ამბავი რომ მოვუყევი, მითხრა – უი, ეგ მე 8 წლის წინ მაქვს გამოვლილიო. მალავდა.

ლიკა: ასეთი დამალვა გვაშორებს ადამიანებს.

ნინო: ჩემს შვილებს თავიანთ ჯგუფელებთან უთქვამთ ჩემზე. მე არ მაგრძნობინებდნენ, მაგრამ როგორც მერე გავიგე, ბევრს ლაპარაკობდნენ. ოპერაციის დღეს, დერეფანში ჩემი შვილის ორი ჯგუფელი ვნახე, გოგოები. მოულოდნელად შემეჩეხნენ – საგულშემატკივროდ იყვნენ მოსულები. იმ წუთასვე დამავიწყდა ნერვიულობა.

ლიკა: ერთი ისტორია ვიცი: დედამ თავის შვილებს დიაგნოზი დაუმალა და ისე გარდაიცვალა. შვილებმა ბოლო წუთებში გაიგეს. ეს ქალი ამბობდა, ჩვენ არანაირი სახსარი არ გაგვაჩნია, ერთადერთი ბინა გვაქვს და იმას ბავშვებს ვერ დავუკარგავო.

ადამიანები, ნივთები, სახლები – რაღაც რეკვიზიტებია, თითქოს იმისთვის არსებობენ, რომ რაღაც სიტუაციაში გამოიცადონ. დედას რომ ეთქვა შვილებისთვის, სიმსივნე მაქვსო, რა იცი, ისინი რას იზამდნენ: გაყიდიდნენ თუ დააგირავებდნენ მაგ ბინას? რა იცი, რა გამოცდილებას მიიღებდნენ? რატომ წაართვა ეს შანსი თავის შვილებს?

ოპერაციიდან დიდი ხნის შემდეგ, როცა ჭრილობა უკვე კარგად მოშუშებული იყო, ლიკას შვილმა ნაიარევზე თითი ოდნავ შეახო.

– დედა, ვერაფერი იგრძენი? – ჰკითხა.

ლიკამ ვერაფერი იგრძნო, მაგრამ შვილს სიტყვა ბანზე აუგდო და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა.

სამი წლის შემდეგ, ნაოპერაციევ ადგილას ლიკას შერეული მგრძნობელობა აქვს: არის ადგილები, სადაც მგრძნობელობა ოდნავ გაუუმჯობესდა. არის სრულიად უგრძნობი ადგილებიც და ჰიპერმგრძნობიარე წერტილებიც, სადაც ოდნავი შეხებაც კი მტკივნეულია.

ლიკა ნაიარევ ადგილებს განსაკუთრებით იცავს – სიცივის დროს გარკვეული ადგილები კიდევ უფრო უგრძნობი და ცივი ხდება.

– იცი, როგორი შეგრძნება მქონდა თავიდან? თუკი შემცივდებოდა, თითქოს დიდი ლოდი ამომედო მკლავში. ხო გამძიმებს ლოდი, ცივი ქვა? ასე ვიყავი. თუ შემცივდა, ახლაც ასე ვარ.

გამარჯვებულ ქალთა კლუბი თინა ბერუჩაშვილმა დააფუძნა. თინა მენეჯერი იყო თბილისში პირველი სკრინინგ-ცენტრისა, რომელიც 2008 წელს გაიხსნა.

ცენტრის მენეჯერობა თინას მნიშვნელოვან როლს აკისრებდა: პაციენტებისთვის სიმსივნის დიაგნოზი უნდა შეეტყობინებინა.

არაერთი ცუდი დიაგნოზის გამჟღავნების და პაციენტების რეაქციის შემდეგ, თინა მიხვდა, რომ ასეთ დროს მათ ფსიქოლოგიური დახმარება არანაკლებ სჭირდებოდათ, ვიდრე კიბოსგან ფიზიოლოგიურად განკურნება.

თვითონ თინას, ერთ-ერთი ასეთი სკრინინგის დროს, ძუძუში ფიბროადენომა, ანუ კეთილთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა. ოთხი წლის განმავლობაში აკვირდებოდა ადენომას.

როცა ძუძუზე სიმსივნის უბანმა გამკვრივება დაიწყო, თინამ ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა.

მიუხედავად იმისა, რომ ციტოლოგიის ანალიზის პასუხი კეთილთვისებიან სიმსივნეზე ჰქონდა, ოპერაციის წინა დღეს, ქირურგმა მაინც დაურეკა და ჰკითხა, ოპერაციის დროს, მოულოდნელად ავთვისებიანი უჯრედების აღმოჩენის შემთხვევაში, იყო თუ არა მზად ძუძუს მოკვეთისთვის?

თინა არც დაფიქრებულა, ისე განაცხადა თანხმობა ძუძუს მოკვეთაზე. ქირურგთან სატელეფონო საუბარი რომ დაასრულა, გაკვირვებულმა თავის თავს ჰკითხა:

– ეს რა ვუთხარი? რა მარტივად დავთანხმდი მასტექტომიას?!

ოპერაციამდე, მასტექტომიაზე თანხმობას ხელი მაინც მოაწერა – ეს აუცილებელი იყო. ოპერაციამ კარგად ჩაიარა – თინას მასტექტომია არ დასჭირდა.

გამარჯვებულ ქალთა კლუბში დღეს 500-ზე მეტი ქალია გაწევრიანებული. ისინი ორ კვირაში ერთხელ, წერეთლის გამზირზე არსებული სკრინინგ-ცენტრის ფოიეში იკრიბებიან. კლუბს 4 რეგიონული ფილიალი აქვს.

ჰანას ოპერაციიდან 9 წელი გავიდა. ამჟამად ის სრულიად ჯანმრთელია. სიმსივნე გაქრა. შიში კი არ ტოვებს. შიშის მადლიერია: თავის დროზე ხომ მან გამოაფხიზლა, სიკვდილისთვის პირდაპირ თვალებში ჩაახედა და სიცოცხლე მთელი სიმძაფრით შეაგრძნობინა?!

ახლა შიში ის მონსტრი აღარაა, იმ ღამეს საწოლიდან რომ წამოაყენა და მწარე დიაგნოზი ნახევრად მძინარეს გაააზრებინა. შიში მასპინძელს მოუშინაურდა. მის რბილ ხასიათს აეწყო. სუსტი წერტილები უპოვა და იქ ჩაუსახლდა.

ზოგჯერ კომფორტის ზონიდან ამოაგდებს. სიმშვიდეს უკარგავს. ააწრიალებს.

– ვაი, ისევ ხომ არ გამოჩნდა? ისევ რამე ხომ არ არის?! – აფიქრებინებს.

შიში მანამდე არ მოისვენებს, სანამ ჰანა ტელეფონს არ აიღებს, თავის ექიმთან არ დარეკავს და პაციენტთა რიგში არ ჩაეწერება.

შემდეგ მოვლენები ასე ვითარდება: ჰანა კონსულტაციაზე მიდის. ირკვევა, რომ სანერვიულო არაფერია – სიმსივნე გამქრალია. კრიტიკული ხუთი წელიც გავიდა – სიმსივნის დაბრუნების შანსი თითქმის არ არსებობს.

ჰანა წყნარდება – შიში ავიწყდება. გამოდის ექიმის კაბინეტიდან, ჯდება მანქანაში და სამსახურში ბრუნდება.

გადის დრო. საშიში ფიქრები ისევ წამოიშლებიან – ხუთი კრიტიკული წელი კი გავიდა, მაგრამ, აი, ხომ არის ისეთი შემთხვევები, როცა სიმსივნე ხუთი წლის შემდეგაც ბრუნდება? ეს ისეთი ვერაგი დაავადებაა, თვალს ვერ მოუხუჭავ…

ჰანა ისევ რეკავს ექიმთან. ისევ ეწერება. ისევ ესინჯება. ისევ აღმოჩნდება, რომ არაფერია. გამოდის ექიმის კაბინეტიდან. ისევ ერთით ნულია ჰანასა და შიშს შორის ორთაბრძოლის ანგარიში – შიშის სასარგებლოდ – ჰანას ნული ქულა აქვს.

შიშის ტრიუმფი საკუთარ თავზე გააბრაზებს – მაინც როგორ აჯობა დღეს. გააცუცურაკა. სახეზე ალმური მოაწვება და გამჭვირვალე კანს ნიკაპის ქვეშ ალაგ-ალაგ აუწითლებს.

კლინიკის წინ მარტო მდგარი, ჰანა ერთ ღერ სიგარეტს ამოიღებს. გააბოლებს. ჯანდაბასო, იფიქრებს ბოლოს – ჰქონდეს შიშს დღეს ერთი ქულა.

ხვალ სხვა ანგარიში იქნება.

როგორ შევამჩნიოთ ძუძუს კიბო ადრეულ ეტაპზე?

თუ აღმოაჩენთ:

  • სიმსივნურ წარმონაქმნს ძუძუში ან იღლიის ფოსოში;
  • ძუძუს კანის სიწითლეს ან სიმხურვალეს;
  • ლიმონის ქერქისებურ კანს;
  • ძუძუს კანის შეჭმუხვნას;
  • უჩვეულო ტკივილს ძუძუში;
  • წვას და სიწითლეს დვრილის არეში;
  • დვრილის ჩაბრუნებას;
  • სისხლიან ან სხვა სახის გამონადენს დვრილიდან;

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

სასარგებლო რესურსები:

კიბოს მართვისთვის მნიშვნელოვანია წელიწადში ორჯერ ძუძუს სკრინინგი და მისი ადრეულ ეტაპზე გამოვლენა.

40 წლიდან 70 წლამდე საქართველოს მოქალაქეებისთვის ძუძუს სკრინინგი უფასოა.

სკრინინგის პროგრამაში ჩართვის მსურველმა უნდა დარეკოს ნომერზე (032) 2-20-35-35 და ჩაეწეროს გამოკვლევაზე.

კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის ცენტრების მისამართები თბილისში:

  • დიდუბე, აკაკი წერეთლის 69
  • ვარკეთილი, კალოუბნის 12

ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრები თბილისში:

ბოლო აღმოჩენები სფეროში

გენომური ტესტირება შანსს მისცემს ქალების ნაწილს ქიმიოთერაპია აღარ ჩაიტაროს და მიუხედავად ამისა, ძუძუს კიბოს რეციდივის არ შეეშინდეს.

კვლევამ, რომელმაც კლინიკური ცდა 6,693 ქალზე გაიარა , დაამტკიცა, რომ ძუძუს კიბოგადატანილი ქალების ნახევარს ოპერაციიდან მომავალი ხუთი წელი რეციდივი არ განუვითარდებოდათ, თუნდაც რომ ქიმიოთერაპია არ გაევლოთ.

აქამდე, ამ ტესტის არარსებობის გამო, უმრავლესობა ქიმიოთერაპიას იტარებდა.

ეს ტესტირება ჯერ საქართველოში ხელმისაწვდომი არ არის.

სილიკონის იმპლანტი შესაძლებელია იშვიათი სახის კიბოს - ანაპლასტიური მსხვილუჯრედოვანი ლიმფომას - წყარო გახდეს;

ამ სახის კიბოს შესაძლო გავრცელებაზე საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს სტატისტიკა არ აქვს.