პაველ ლოზინსკი პოლონელი რეჟისორი, ოპერატორი და პროდიუსერია. მისი დოკუმენტური კინო ღრმა და ფილოსოფიურია. აინტერესებს ადამიანური ურთიერთობები, ტკივილი, შიშები, დაბრკოლებები და ოცნებები და ამ ყველაფრის აღწერით ცდილობს, ადამიანის არსებობის საიდუმლო ამოხსნას.

ლოზინსკის კამერა სარკეა, რომელიც მთავარი გმირების ცხოვრებას შეულამაზებლად აღწერს. ამიტომ ის ყველაზე ახლოს მოდის ჩვენთან, მაყურებელთან.

პაველ ლოზინსკი 20 ფილმის ავტორი და მრავალი საერთაშორისო ფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელია. წელს, CinÉDOC-თბილისი-ს ფარგლებში, პაველ ლოზინსკი საქართველოს ესტუმრება. მაყურებელი ნახავს მის ბოლო ნამუშევარს - ფილმს სახელწოდებით: "ვერ წარმოიდგენ, როგორ მიყვარხარ".

ფილმი დედა-შვილის ამბავს მოგვითხრობს, ისინი ერთმანეთისთვის უცხოები გახდნენ და ამას ძალიან განიცდიან. გადამწყვეტი მომენტი მაშინ დგება, როდესაც მათ ცხოვრებაში გამოცდილი ფსიქოთერაპევტი შემოდის - კაცი, რომელიც თერაპიის მთავარ იარაღად სიტყვებსა და თანაგრძნობას იყენებს.

 

პაველ ლოზინსკი: ფილმი აგებულია დიალოგზე ორ ქალსა და ფსიქოთერაპევტს შორის, რომლებიც ამ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან, ღრმა თემებზე საუბრობენ. ამ დიალოგებს პროფესორი დე ბარბარო მართავს, რომელიც დედა-შვილს გულწრფელობისა და რაღაც-რაღაცების აღიარებისკენ უბიძგებს.

ფილმის შექმნისას ვცდილობდი, არაფერი გამომრჩენოდა, ამიტომ სამი კამერით ვიმუშავეთ, რადგან სამი მთავარი გმირი გვყავს და რომ არა სამი კამერა, მათი ყოველი ემოციისა და რეაქციის დაჭერა ძალიან გამიჭირდებოდა. გართულდებოდა სამონტაჟო პროცესიც. ფილმი ერთ პატარა ოთახშია გადაღებული, სადაც დედა-შვილი ერთმანეთის გვერდით, ხოლო ფსიქოთერაპევტი მათ პირდაპირ ზის. ისინი სპეციალისტს ხუთჯერ ხვდებიან.

ინდიგო: ზოგადად ადამიანებს თავიანთ პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი უჭირთ, თუ ამ ყველაფერს კამერა აღწერს, ხომ საერთოდ.

პაველ ლოზინსკი: ზოგადად კი, ჩვენ ხომ იშვიათად ვსაუბრობთ პირად პრობლემებზე. როცა პირად ტკივილზე ხმამაღლა ვამბობთ, გვგონია, რომ რაღაცას ვაშავებთ. თუმცა, გადაღებებზე მსგავსი შინაგანი ჩაკეტილობის გამო პრობლემები არ შეგვქმნია. გადამღებ ჯგუფს და ფილმის მთავარ გმირებს ერთმანეთისგან სამი მეტრი გვაშორებდა, მაგრამ ცნობილია, რომ ადამიანებს კამერის არსებობა 5-10 წუთის შემდეგ ავიწყდებათ, და ისედაც, ჩემი მთავარი გმირები იმდენად კონცენტრირებულნი იყვნენ თერაპიის სეანსზე, რომ მათთვის ის სამი კამერაც და ხმის რეჟისორიც კი მეათეხარისხოვანი იყო.

ინდიგო: ფილმი ფაქტობრივად დიალოგია თერაპევტსა და მის პაციენტებს შორის, მათი საუბარი კი მაყურებელზე არნახულ შთაბეჭდილებას ახდენს... ვინ არიან თქვენი მთავარი გმირები და როგორ აღმოაჩინეთ?

პაველ ლოზინსკი:

მთავარი გმირების მოსაძიებლად გადავწყვიტეთ, სოციალური ქსელი გამოგვეყენებინა. Facebook-ზე რეკლამა განვათავსეთ, რომ ექსპერიმენტულ ფილმზე სამუშაოდ ვიწვევდით იმ ადამიანებს, რომლებიც თანახმა იყვნენ თერაპიის სეანსებში მონაწილეობაზე. გამოხმაურება იმდენად დიდი იყო, რომ ცხოვრებაში პირველად, კასტინგის ჩატარება დავიწყე, წარმოიდგინეთ, მონაწილეობის მიღება 100-ზე მეტ ადამიანს სურდა. ერთმანეთს კაფეებში ვხვდებოდით.

ინდიგო: ფსიქოთერაპიული ცენტრებისთვის არ მიგიმართავთ?

პაველ ლოზინსკი: საერთოდ არა. მაინტერესებდა პრობლემები, როგორიცაა განქორწინება, ალკოჰოლიზმი, ავადმყოფობა, ოჯახის წევრის გარდაცვალებით გამოწვეული ტრავმები, მაინტერესებდა ოჯახები, რომლებიც ვერაფრით ეგუებიან თავიანთი შვილების განსხვავებულ ორიენტაციას... მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეობა უამრავ ადამიანს სურდა, ბოლოს მაინც გადავწყვიტე, რომ ფილმს დედა-შვილის ურთიერთობაზე ავაგებდი.

ინდიგო: ფილმის მთავარ მამოძრავებელ ძალას კი მაინც პროფესორი ფლობს. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ მთავარი გმირები გულწრფელად საუბრობენ. თავიდან უჭირთ, მაგრამ ნელ-ნელა იხსნებიან...

პაველ ლოზინსკი: მინდა აღვნიშნო, რომ მოვიხიბლე პროფესორ დე ბარბაროს მიდგომით. მას სჯერა, რომ სიტყვებს საკმაოდ დიდი ძალა აქვს. ყურადღებით უსმენს პაციენტებს, აკვირდება, თუ როგორ აღწერენ თავიანთ ემოციებს, და თუ ხანდახან ემოციის აღმწერი სიტყვა კატეგორიული ან ძალიან უარყოფითია, დე ბარბარო პაციენტებს მის შეცვლას, უფრო შერბილებას სთავაზობს. იმიტომ, რომ უარყოფით სიტყვებს სხვების გულის ტკენა შეუძლიათ... უცნაურია, მაგრამ ეს მეთოდი პაციენტებზე საოცრად მოქმედებს.

ინდიგო: ვინ შეძლებს ამ ფილმში საკუთარი თავის აღმოჩენას, საკუთარი ტკივილების დანახვას?

პაველ ლოზინსკი: არა მგონია, ეს ყველამ შეძლოს. საქმე ის არის, რომ ძალიან ბევრი ამბობს: „რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი? ასეთი საუბრები საერთოდ არ მაინტერესებს“. ანუ არსებობს ხალხი, რომელიც საკუთარ თავს ფუნდამენტურ კითხვებს არ უსვამს. მათ ასე ურჩევნიათ და ეს მათი გადაწყვეტილებაა. ასე რომ, ეს ფილმი იმ ადამიანებისთვისაა, რომლებსაც, პროფესორ დე ბარბაროს სიტყვებით რომ ვთქვათ, სურთ, გარკვეული ცხოვრებისეული გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ...