გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

1001 ღამე | ანა ძიაპშიპას დღიური

30 მარტი
21:44
1001 ღამე

რაღაც დროს კოლექციონერი გავხდი.

სულ ვაგროვებ. ძირითადად გამოსახულებებს. ძირითადად სხვისას. 2012 წელს ნაწილობრივი იზოლაცია მქონდა და ამ დროს დავიწყე. ბლოგი გავაკეთე თამბლერზე - “ანასტროფე”. ეს წარწერაც სადღაც სადარბაზოში ვნახე და ვიფიქრე, ზუსტად ასახავდა იმას, რაც ჩემს თავს იმ დროს ხდებოდა. ჩემი მეგობარი მეუბნებოდა ამ ბლოგით ვხვდებოდი როგორ იყავიო. შეჰერეზადა გავხდი, მაგრამ ამბებს ჩემთვის ვინახავდი. მერე აღმოჩნდა, რომ იმ მეგობრებისთვისაც რომლებსაც აინტერესებდათ როგორ ვარ და კიდევ იმათთვის ვისაც უბრალოდ აინტერესებდათ რატომ ვარ ესე როგორც ვარ.

მას მერე კრიზისულ დროს ისევ მიჩნდება შეგროვების ვნება. ერთგვარი ატლასის შექმნის სურვილი, სადაც გამოსახულებით აღვიდგენ რას და როგორი სიმძაფრით განვიცდიდი. როგორც ჩანს იზოლაციის დროს რუტინა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება, დღეების დათვლა, ზღაპრების მოყოლა.

საფრანგეთის სინემატეკა ყოველდღე კოცნის ფოტოებს დებს საყვარელი ფილმებიდან, მე ეს ფოტოები ჩემი ფეისბუქის კედელზე მომაქვს, როგორც ჩემი პირადი აცრა. თან ველოდები როდის გაახსენდებათ ჩემი საყვარელი კოცნის სცენა იმ პერიოდიდან, როდესაც ჰოლივუდში ე.წ. ჰეის კოდი მოქმედებდა, რომელიც ვნების ამსახველი სცენების ჩვენებას ზღუდავდა. რეჟისორებს კოცნის საჩვენებლად მხოლოდ წამები ჰქონდათ, ალფრედ ჰიჩკოკმა კი 1946 წლის ფილმში “ფუჭი დიდება” ინგრიდ ბერგმანის და ქერი გრანტის რამდენიმეწუთიანი ეპიზოდის გადაღება შეძლო. მას კოცნა წამებად და პაუზებად აქვს  დაჩეხილი, მაგრამ მაინც ერთ მთლიანობად აღიქმება.

კოცნის გარდა, ჩემი მშობლების სახლის აივნიდან სტადიონის ფოტოებს ვიღებ ყოველდღე. ვიქტორ კოსაკოვსკის დოკუმენტური ფილმი “ჩუმად” გავლენით. იმ განსხვავებით რომ ჩემს სტადიონზე თითქმის არაფერი იცვლება ამინდის და განათების გარდა.

ეს ჩემი ბოლო დღიურია ინდიგოსთვის. ამასობაში აღმოვაჩინე რომ ობსესიურ კომპულსიური აშლილობაც მაქვს, ადამიანებს იმედები არ უნდა გავუცრუო და ამ რთულ დღეებშიც საღამოს 19:00 საათამდე დღიური ნინოს და ელენეს უნდა გავუგზავნო.

შარშან ჩემი საყვარელი ანასტროფე, რომელიც 2012 წლიდან მქონდა მთლიანად წამეშალა. ესე მარტივად ერთი თითის შემთხვევით დაჭერით ყველაფერი გაქრა. ძალიან განვიცადე, ყველა გზა ვცადე აღმედგინა, რამდენიმე დღე ვიგლოვე და მერე გავუშვი. რადგან ბევრჯერ მივხვდი, რომ რაღაც დროს ყველაფერი გამოცდილებად იქცევა, განსაკუთრებით კრიზისულ დროს. ეხლა ახალი გვერდი მაქვს, იგივე სახელი ქვია, მაგრამ ის რაც ადრე იყო, მხოლოდ ჩემს მეხსიერებაში არსებობს.

ეხლა მგონი ყველას გვჭირდება ჩვენი პირადი რუკა, გაძლების გეგმა და მოლოდინის უნარი. სავარაუდოდ ამ ლოდინის მერე ყველაფერი ახალი და უცხო იქნება, დაახლოებით ისეთი, როგორიც ჩემი აღდგენილი თამბლერის ახალი ცარიელი გვერდი იყო პროგრამული კატასტროფის შემდეგ. ახალი ატლასის დაწყებამდე.  

https://annastrophe.tumblr.com/archive

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა