ოვალური მაგიდის გარშემო შემომსხდარი ათიოდე ადამიანის ცხვირი ფრთხილად და შეპარვით ყნოსავს პატარა, ლამაზ ბოკლებში ჩამოსხმულ კონიაკს.

„მითხარით, რა არომატებს გრძნობთ“, ‒ მომლოდინე ღიმილით კითხულობს Hennessy-ს ბრენდ-ამბასადორი, გიომ დე გიტო.

პასუხები განსხვავებულია. ზოგმა ტკბილი ტონები იგრძნო, ზოგმა მძაფრი, ზოგმა ‒ საერთოდ ვერაფერი. ცხვირის შემდეგ ჯერი ენის რეცეპტორებზეა. პატარა ყლუპი, რამდენიმეწამიანი დაყოვნება, და შლეიფი ხილის არომატით. რომელი ხილის? ძირითადად ვაშლი და მსხალი, ზოგმა სხვა ხილიც იგრძნო, თუმცა მსხალი მაინც უფრო აშკარა იყო. შიგადაშიგ ცოტ-ცოტა სანელებლებიც დაჰკრავს.

ეს შეგრძნებები Hennessy VS-მა დატოვა, თუმცა წინ კიდევ ორი ბოკალია ‒ VSOP და X.O. რაც მეტს ვსვამთ, მით უფრო მძაფრად შევიგრძნობთ სასმლის გემოვნურ თვისებებს. VSOP-ი უფრო ხილიანია, ძირითადად ციტრუსი იგრძნობა, ალაგ-ალაგ ‒ ატამიც. უფრო მდიდარია და გემოებსაც უფრო დიდხანს და სასიამოვნოდ ტოვებს.

„გუშინ აღმოვაჩინე, რომ თბილისი და ჰენესი ერთმანეთს კარგად ესადაგება“, ‒ ხალისით აღნიშნა გიომ დე გიტომ VSOP-ის მორიგი ყლუპის დაგემოვნების შემდეგ.

ჯერი XO-ზე მიდგა. სანამ გავსინჯავთ, სათანადოდ უნდა შევემზადოთ, რაშიც დანიელი რეჟისორის, ნიკოლას ვინდინგ რეფნის მიერ გადაღებული მოკლე ფილმი-გზამკვლევი გვეხმარება Hennessy X.O Odyssey-ს შესახებ.

შვიდი სხვადასხვა სცენით ასახულ Odyssey-ს შვიდ არომატს ფეხდაფეხ მივყვებით: ტკბილ ციტრუსოვან ტონებს მუხის კასრში დაძველებული ბრენდისგან წამოსული მზარდი სიმხურვალე ცვლის და ნელ-ნელა გადადის ცხარე წიწაკის არომატში, რაც სიმხურვალეს აძლიერებს, თუმცა ცეცხლი მალევე ნელდება და მიმოფანტული გემოები ენის წვერზე იწყებენ თავმოყრას... „შოკოლადი!“ ‒

რამდენიმე თანადროულ წამოძახილს გიომ დე გიტო თავის დაქნევით ხვდება. დიახ, Odyssey-ს მეექვსე ფაზაში, წიწაკიან ცეცხლს შოკოლადის აბრეშუმი მოსდევს. დაბოლოს, კომპლექსური არომატის საბოლოოდ გაქრობამდე, ენის წვერს დიდხანს მიჰყვება ხის მდიდარი გემო ვანილის აქცენტით.

X.O-ს კომპლექსურ გემოს მისი დამზადების მეთოდი განაპირობებს. განსაკუთრებით კი ის ფაქტი, რომ მის მისაღებად სხვადასხვა ვადით და სხვადასხვა ტიპის კასრებში დაძველებული სპირტი (eaux-de-vie) გამოიყენება. ყოველწლიურად კომპანიის სადეგუსტაციო კომისია ათასობით eaux-de-vie-ს ნიმუშს ამოწმებს, რათა შეარჩიოს მხოლოდ საუკეთესო, საუკეთესო კონიაკის მისაღებად.

სათანადო მასალის შერჩევის შემდეგ, კომისია წყვეტს, რომელი eaux-de-vie რა ვადით დაძველდეს. დაძველების პროცესში სპირტი პერიოდულად ისევ მოწმდება იმის დასადგენად, იღებს თუ არა იმ გემოვნურ თვისებებს, რაც საჭიროა საუკეთესო კონიაკისთვის. შემდეგ ჯერი მასალის ისე შერწყმაზეა, რომ შედეგად ჭეშმარიტად გამორჩეული და საუკეთესო კონიაკის მიღება გახდეს შესაძლებელი.

კონიაკის შექმნა ჰარმონიის შექმნის ხელოვნებაა ‒ რაც განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს საჭიროებს და ეს პროფესიონალიზმი Hennessy-ს წარმოებაში თაობიდან თაობას გადაეცემა.

მთავარი სპეციალისტი სადეგუსტაციო კომიტეტში, იგივე Master Blender, Yann Fillioux Jean Fillioux-ის მე-7 თაობის შთამომავალია, რომელმაც ამავე პოზიციაზე Hennessy-ში მუშაობა 1800 წელს დაიწყო. მოქმედ Master Blender-ს, რომელიც საპენსიო ასაკს უახლოვდება, მალე კომპანიაში Fillioux-ების გვარის მერვე თაობის წარმომადგენელი Renaud Fillioux de Gironde ჩაანაცვლებს. ჰენესების გვარის მერვე თაობის წარმომადგენელი უდგას სათავეში ამჟამად თავად ჰენესის სახლსაც.

„ეს არის ორი ოჯახის საოცარი ერთობის 200-წლიანი ისტორია“, ‒ ამბობს გიომ დე გიტო, მას შემდეგ, რაც გვაჩვენებს ვიდეოს, სადაც სადეგუსტაციო კომიტეტის წევრები საკონიაკე მასალას აგემოვნებენ და ძალიან მოკლე კომენტარებით წყვეტენ, რომელი როგორ უნდა დაძველდეს, ან საერთოდ, ღირს თუ არა დასაძველებლად.

„რა სამწუხაროა, რომ ფრანგული არ იცით, ეს საოცარი კომენტარებია

“, ‒ დანანებით აღნიშნავს Hennessy-ს ბრენდ-ამბასადორი.

2015 წელს მსოფლიოს 130 ქვეყანაში 70 მილიონი ბოთლი Hennessy გაიყიდა. Don’t wait to experience greatness ‒ ეს XO Odyssey-ს ძირითადი გზავნილია და მისი მრავალფეროვანი გემო მართლაც საკმარისად გამორჩეულია იმისთვის, რომ დამგემოვნებელს დიდებულების განცდა მოუტანოს.

1 დეკემბერს გიომ დე გიტომ თბილისში Hennessy XO-ს ვახშამს უმასპინძლა, რომლის სტუმრებს ჰქონდათ საშუალება, ნიკოლას ვინდინგ რეფნის ფილმი Hennessy XO odyssey-ს შესახებ Oculus-ის მოწყობილობის მეშვეობით ენახათ და თავად კონიაკიც დაეგემოვნებინათ.

 

ავტორი :
  • ანა ცხოვრებოვა