არ გადაკეცო, ჩანიშნე 

ყოველთვის მინდოდა, ჩემი სიყვარული წიგნების მიმართ განსხვავებულად გამომეხატა,

ჰოდა აი, ისინიც - განსაკუთრებული სანიშნეები თქვენი წიგნებისათვის ნატალისაგან 

FB Natalie’s bookmarks•ნატალის სანიშნეები

 

რა არ გამიგია და მინახავს წიგნში სანიშნედ გამოყენებული: ფოტო, ღია ბარათი, ფერადი ლენტი, ქვითარი, ბილეთი, კანფეტის ბრჭყვიალა ვერცხლისფერი ქაღალდი – ჯერ ფრჩხილით გატკიცინებული და მერე საგულდაგულოდ დაკეცილი, სარეკლამო ლიფლეტი, გამხმარი ყვავილი ან დაკარგული საყურის ცალი. ნატალი წიგნის დაკეცვამდე ფურცლებშორის ზოგჯერ გაფცქვნილი მანდარინის ქერქსაც კი მოაქცევდა ხოლმე. სანიშნეები უყვარს და ბევრი აქვს, მაგრამ ისინი ხშირად ისეთი ერთნაირი და მოსაწყენია – წაგრძელებული მართკუთხედი – გეგონება წიგნის ფურცელს გადანაკეცი ჩამოახიესო. ჰოდა იფიქრა, რომ შეუძლია ამ სტანდარტული, მართკუთხა ჩარჩოდან გასვლა. მერე რა, რომ სანიშნე მხოლოდ დეტალია – ხომ შეიძლება ეს დეტალი განსხვავებული იყოს, ისეთი, როგორიც არსად არაა. ოღონდ არამარტო ფორმით! ნატალის ისეთი სანიშნე უნდა, კითხვის დაწყების წინ ფურცლებშორის, წიგნის სისქეში, საგულდაგულოდ რომ არ ჩამალავთ, რათა ხელი არ შეგიშალოთ თავისი უხეში ფორმით, მჭახე ფერებით და სარეკლამო ტექსტით. ისეთი სანიშნე უნდა, კითხვის დროს თავისი განწყობით რომ მოგერგებათ, მოგიშინაურდებათ, ისე მიგიჩვევთ, კატებმა რომ იციან ხოლმე უფრო მეტი სიმყუდროვის მოტანა ისედაც მყუდრო გარემოში. მერე როცა წიგნს გადადებთ, აღარასოდეს ჩაკეცავთ ფურცლის კუთხეს გვერდის ჩასანიშნად და არც დაკეცილ წიგნში მოაქცევთ სულ ერთია რას – რაც ხელთან ახლოს მოგხვდებათ.

ჰოდა აიღო ნატალიმ დიდი თეთრი ფურცელი, შუაში წრე მოხაზა, შიგნით ჩაწერა „წიგნის სანიშნეები“ და კედელზე გააკრა. მერე დაიწყო ყველაზე საინტერესო: „იდეების ჩამოყრა“: ნელ-ნელა გაივსო ფურცელი, აჭრელდა აზრებით, ფიქრებით, სურვილებით, კითხვებზე მოძებნილი პასუხებით. ზოგი ერთმანეთს ისრით დაუკავშირდა, ზოგი გადაიხაზა – უიმედოდ იქნა უარყოფილი, ზოგი წითელი კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩა, ზოგიც მწვანე ფლომასტერით მოხაზული ძახილის ნიშნით დადასტურდა.

რა გამოვიდა ამ ყველაფრიდან? ნატალიმ სანიშნეებს თავისი საყვარელი სამოსის დეტალის ფორმა მისცა. ასე გაჩნდა სანიშნე – პერანგის საყელო. ის კი არა, ქალის ხაზი ცალკეა, კაცის ცალკე. ქალის საყელო მომრგვალებულია, ნაზი ფერებით, ჩაიდნებიანი, ველოსიპედიანი ან მოჩითულს რომ ეძახიან, ისეთი. წვეტიანი ბოლოებით კაცის ხაზია, ფერები აქაც არამყვირალაა, ზოგს ჰალსტუხები ახატია, ყვავილებიანიცაა და კაქტუსებიანიც. თუმცა ხომ ხვდებით, პირობითია ეს ყველაფერი, თქვენ რომელიც მოგეწონოთ, ის აიღეთ.

„თქვენს ჟურნალში ჩემი ლამაზი სანიშნიკები რომ მოხვდეს, ამისთვის რა არის საჭირო?“ – მოგვწერა ერთ დღეს. ასე გავიცანით ნატალი ენუქიძე.

შევთანხმდით, რომ ნატალის ლამაზ-ლამაზ სანიშნეებს ჩვენი გამომწერები ჟურნალის ამ ნომერთან ერთად, საჩუქრად მიიღებდნენ, თუმცა ჩვენს შეთავაზებაზე, სანიშნეების შიდა მხარეს საკონტაქტო ინფორმაცია დაგვეტანა: ფეისბუკის გვერდი, ტელეფონის ნომერი, სანიშნეების გაყიდვის წერტილები – ნებისმიერი მინიშნება, რაც დაინტერესებულ ადამიანს მათ მოძიებაში დაეხმარებოდა, კატეგორიული უარი მივიღეთ!

ნატალის არ უნდა, რომ კითხვისას კონტექსტიდან ამოგლეჯილი სარეკლამო ტექსტისკენ გაგექცეთ თვალი, რომელიც ხელს შეგიშლით, გაგაღიზიანებთ. ნატალის სანიშნეები კი არ უნდა დამალოთ, რომ უსარგებლო ინფორმაცია არ მოგახვიონ თავს, ისე უნდა შეგიყვარდეთ, რომ მათ გარეშე კითხვა გეხამუშოთ და თუ შემთხვევით ფურცლებში ჩაგეკარგათ, მოძებნოთ, ფურცლის ზედა კუთხეზე დააბრუნოთ და კითხვა განაგრძოთ, ისე, თითქოს თქვენი საყვარელი და მოხერხებული სამოსი ჩაგიცვამთ.

მთავარი ესაა და თუ ეს განწყობა მოვა, მაშინ ნატალის სანიშნეებს ისედაც იპოვით ან თუ შემთხვევით სადმე ნახავთ, მაშინვე იცნობთ.