„…წამხედურობად ნუ ჩამომართმევთ და ხომ არ აჯობებდა, მდინარე ვერეს ხეობაში, იქიდან დაწყებული, სადაც ახლა ზოოპარკია, ვიდრე ვაკე-საბურთალოს გადასასვლელამდე, ჩვენებური, ქართული „დისნეილენდი“ აგვეშენებინა?“

ნოდარ დუმბაძე, ოცნებას კაცი არ მოუკლავს. გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“ 1975 წ.

„მშენებლობა ამ ერთი წლის წინ დაიწყო და ზღაპრული ამირანივით იწყო ზრდა პატარა ქალაქმა, რამეთუ პირველმზრუნველად და პირველმეაკვნედ საქართველოს კომკავშირი მოევლინა“.

მზიური, ოცნების ქალაქი. გაზეთი „კომუნისტი“ 1982 წ.

„აღმზრდელობით-გამაჯანსაღებელი კომპლექსის „მზიურის“ მშენებლობა დაიწყო საქართველოს კომკავშირის XXXII ყრილობის წინ. 1982 წლის 29 ოქტომბერს გახსნილმა კომპლექსის პირველმა რიგმა ქალაქ თბილისის, მთელი რესპუბლიკის, მშრომელების, მოზარდი თაობის დიდი კმაყოფილება გამოიწვია“.

ვითარდება პიონერული ქალაქი მზიური. გაზეთი „კომუნისტი“ 1982 წ.

Paul McCartney Yesterday-ს ხმებში გაშლას კი არ გთხოვ, უბრალოდ ჭადზე მინდა მოხვიდე მზიურში.

FB Anna Goguadze (Ania)

დედათა და ბავშვთა პარკი – ზღაპრების გმირებით დასახლებული სამყარო, რომელშიც ცხენებშებმული ეტლით გადადგილდებით, იქვე სამხეცე – მდინარე ვერეს პატარა კუნძულზე, „ჰამაკთა ქალაქი“, ყვავილების სამყარო, ჩიტების ბაზრობა, მოსწავლეთა და ახალგაზრდობის სასახლე, ბუნების სასახლე, სარიტუალო მოედანი „ღიმილის ბიჭები“ – ომში დაღუპულთა მემორიალი და პიონერთა რიგებში მიღების ადგილი, რომელიც მიწისქვეშა გასასვლელით ვაკის, მაშინდელი გამარჯვების პარკს უკავშირდება, თავისუფალი დროის ქალაქი დიდი და მცირე ატრაქციონების ქუჩებით, თეატრებით, მუზეუმებით, საგამოფენო დარბაზებით, პლანეტარიუმით, სპორტული კომპლექსით, სასტუმრო, კაფე, მაღაზიები, გამოქვაბულში წინაისტორიული ხანის ცხოველთა ატრაქციონი, მოგზაურობა წარსულში – დიდი გასეირნება ბეთანიამდე, სადაც გზა სამად იყოფა და წყნეთის, ახლდაბის და სამადლოს პიონერული ბანაკებისკენ მიდის, სასწავლო ცენტრი აუდიტორიებით, ლაბორატორიებით, სახელოსნოებით, სტუდიებით – ასეთი იყო ჩანაფიქრში „მზიური“, რომელიც, კაცმა რომ თქვას, ლოკალური სკვერის მასშტაბს ვერ გასცდა და 1990-იანებში ეს ფუნქციაც დაკარგა.

2006 წელს მზიურში პირველი მზის ფესტივალი ჩატარდა. ანა გოგუაძემ მოხალისეები ფორუმზე შეკრიბა, რათა ერთი დღით გაეცოცხლებინა რკინა-ბეტონით ჩახერგილ გარემოში გადარჩენილი გამწვანებული უბანი და ბავშვთა ქალაქის ვერშემდგარი იდეა. ერთჯერადად ჩაფიქრებული ზეიმი მზიურის აღორძინების დასაწყისი გახდა. უკვე 12 წელია, 1 ივნისი აქ მხიარულების, კონცერტების, გამოფენების, ასფალტზე ფერადი ცარცით ხატვის, საპნის ბუშტების გაშვების,  სასაცილო ნიღბების ტარების, სახეების მოხატვის დღეა.

ანა გოგუაძე: „პირველ ოთხ წელიწადს განსაკუთრებით რთული იყო დაფინანსების მოპოვება. ბევრ საკითხს მოხალისეების და რიგითი მოქალაქეების ჩართულობით ვაგვარებდით. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებების მოწყობის არანაირი გამოცდილება არ მქონდა, იყო უაღრესად დიდი ენთუზიაზმი და რწმენა იმისა, რომ ეს ნამდვილად შეცვლიდა მზიურში არსებულ მდგომარეობას“.

10 წლის თავზე ორგანიზატორები შეთანხმდნენ, რომ თუნდაც წარმატებული და პოპულარული მზის ფესტივალი – მზიურის ერთდღიანი სახეცვლილება, მათი შრომის გაუმართლებლად მოკლევადიანი შედეგია. იცით, რამდენია ერთი დღე? წელიწადის მთლიანი დროის დაახლოებით 0,27%! ეს კი ნიშნავს, რომ ადგილმდებარეობით უნიკალური პარკი, რომელსაც განვითარების ყველა პირობა აქვს, უმეტესად უფუნქციოა და ნელ-ნელა მის გარშემო არსებული აგრესიული, ქაოტური ურბანული გარემოს ნაწილი ხდება. ამიტომ გაჩნდა „ახალი მზიური“ – იდეა, რომელიც ფუნქციურად მრავალფეროვანი სივრცის მოსაწყობად სკვერის ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების სრულად გამოყენებას ითვალისწინებს.

მზის ფესტივალი „ახალი მზიურის“ ნაწილი გახდა. მასთან ერთად – განახლებული ტყე-პარკი, საგანმანათლებლო ცენტრი, სპორტული კომპლექსი, საფეხმავლო ბილიკები, ამფითეატრი, რომელსაც ნებისმიერი თეატრისთვის შესაშური დატვირთული და მრავალფეროვანი „რეპერტუარი“ აქვს – ერთი წლის მანძილზე აქ 70-ზე მეტი განსხვავებული წარმოდგენა გაიმართა. თუმცა მთავარი ახალ მზიურში მაინც სოციალური კაფეა – შუშისკედლებიანი თეთრი სახლი, რომლის ორფერდა სახურავი ერთ კუთხეში ჩახვეულვოლუტებიან ბუთქუნა სვეტს ეყრდნობა. ის მართლა ვერანდიან სახლს ჰგავს, რომლის სამზარეულოშიც გემრიელი საჭმელი მზადდება.

ანა გოგუაძე: „მზიურის კაფე სოციალური საწარმოა, რომლის მოგება მზიურის განვითარებას და მის შინაარსობრივად გამდიდრებას ხმარდება. ესაა უმთავრესი, რასაც პროექტი „ახალი მზიური“ ითვალისწინებს – სპონსორებზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება სწორი ფუნქციური დატვირთვის ხარჯზე. მზიური სულ აქტიური უნდა იყოს, სპონსორი კი ხან მოიძებნება, ხან არა. ამიტომაა მნიშვნელოვანი თვითდაფინანსება – დღეს მზიურის კაფეს მოგების რეინვესტირება მზიურში დაგეგმილ ღონისძიებებში ხდება, ფაქტობრივად ჩვენივე თავის სპონსორები ვართ“.

მზიურის კაფე ახალი მზიურის კონცეფციის თვალსაჩინო ილუსტრაციაა: კომფორტული და საინტერესო სივრცე ყველასთვის – პატარებისთვის, უფროსებისთვის, სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის. იმ დღეს, როცა მზიურის კაფეში საქართველოში პირველი ბრაილის შრიფტით ნაბეჭდი მენიუ გამოჩნდა, ანა გოგუაძემ თავის პირად ფბ გვერდზე დაწერა: „....დღეიდან უსინათლო სტუმარს დამოუკიდებლად შეეძლება მენიუს წაკითხვა!!! :)

ერთი წლის წინ როცა დავიწყე ამ პროექტზე მუშაობა, ერთ-ერთი მიზანი იყო, პაწია კაფე გამხდარიყო მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს სივრცე ყველასთვის...“

ახალ მზიურში „The Beatles“ უყვართ – კაფეს მოპირდაპირედ ლენონის კედელი მოხატეს და მაკარტნის მიერ პროპაგანდირებულ ჯანსაღი კვების თანამედროვე ტენდენციებსაც აჰყვნენ – ორშაბათობით მენიუდან ხორციანი კერძები ამოიღეს, რითაც ოფიციალურად შეუერთდნენ ჯანმრთელი კვების საერთაშორისო კამპანიას Meat Free Monday („უხორცო ორშაბათი“).

ახლანდელი მზიური სულ არ ჰგავს 30 წლის წინ დაპროექტებულ ბავშვთა ქალაქს. შეიძლება ამის მიზეზი, მართლაც, საბჭოთა კავშირის ნგრევა და უფულობაა. მე კი, აი, რა მგონია: ნოდარ დუმბაძემ ზუსტად იცოდა, განსახორციელებლად როგორ მიეწოდებინა იდეა პარტიული ნომენკლატურისთვის. ერთი გადაკრული სიტყვა დისნეილენდზე და უმთავრესი იდეოლოგიური მტრისთვის ნიშნისმოსაგები გრანდიოზული პროექტის მშენებლობაც დაიწყო. ანა გოგუაძემ კი ნოდარ დუმბაძის წერილში სულ სხვა განწყობა ნახა და ვერეს ხეობაში დააბრუნა: „ჩემი ბავშვობა გამახსენდა. 1935-1936 წლებში ნიკო მარის ქუჩის #2-ის პატარა ბიჭები და გოგოები როგორ ჩამოვდიოდით მდინარე ვერეს ჭალაში უნივერსიტეტის გადაღმა. ვთამაშობდით, ვჭყუმპალაობდით, ვბურთაობდით, ვთევზაობდით, საათობით ვუცქერდი ნოხის მრეცხავ ქურთებს, წყალში ჩაფენილ ნოხებს უზარმაზარ კეტებს რომ უტყაპუნებდნენ გამეტებით. და თუ მოგვწყურდებოდა, იქვე ვერეს ანკარა წყალს ვსვამდით…. საღამოობით ხშირად ნანადირევი თევზითაც კი დავბრუნებულვარ, სახლში არც არავინ მიკრძალავდა ამას, არც არავინ მიჯავრდებოდა ამის გამო, პირიქით, ის თევზი გამოურთმევიათ ჩემთვის, შეუწვავთ და უჭმევიათ კიდეც“. ქალაქი ქალაქში კი არა, ესაა მზიური – ადგილი, სადაც ყველა შინაა.