საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშვნას კომპანია GD Alco განსაკუთრებულად აპირებს. ამ თარიღთან დაკავშირებით, კომპანიის დამფუძნებლის, გოჩა დარჩიაშვილის ინიციატივით, ცნობილი ერთალაოიანი ვისკი Glenfiddich 26-წლიანი დაძველების კასრიდან სპეციალურად ჩამოისხმება. 

საიუბილეო Glenfiddich უნიკალური საკოლექციო თვისებებით იქნება გამორჩეული: ის წარმოადგენს 1991 წლის კასრის 53.8-პროცენტიან ვისკის, რომელიც ცივი ფილტრაციის გარეშეა დისტილირებული.

ამ საიუბილეო ვისკის ეტიკეტი ქართული დროშის ფერებში ექნება.

Glenfiddich-ის სახელი ნოვატორ, არაკონფორმისტ, გაბედულ ადამიანებთან ასოცირდება, რადგან სწორედ ასეთი ადამიანი იყო მისი დამფუძნებელი ‒ უილიამ გრანტი: წარმოება საკუთარი ძალებით, ცხრა შვილთან ერთად დაიწყო და მსოფლიოში ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი ერთალაოიანი ვისკი შექმნა. ვისკის საიუბილეო ჩამოსხმის რამდენიმე ბოთლი სახელობითი იქნება და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ის გამორჩეული ადამიანები დასაჩუქრდებიან, რომელთაც ქვეყნის განვითარებასა და მის საერთაშორისო პოპულარიზაციაში დამსახურება მიუძღვით.

ამ ნომერში ქართველ მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილსა და მწერალ გელა ჩარკვიანს წარმოგიდგენთ.

 

რუსუდან ფეტვიაშვილი

ხაზები – უწყვეტი, ძირითადი ფერები – ჩალისფერი, ინდიგო, ღია ცისფერი, (წყალწყალა). სამყარო, რომელსაც გვაჩვენებს – დინამიკური, მრავალფეროვანი, კეთილი და გულწრფელია. სიკეთე მის ნახატებში სინათლით, ფერებით, ანგელოზების ფორმითაა გამოხატული, ბოროტება – დრაკონებითა და ურჩხულებით.

რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრების აღსაქმელად ხელოვნებათმცოდნეობის კურსის გავლა საჭირო არ არის, შეხედავ თუ არა, ავტორის განწყობა მაშინვე გადმოგეცემა.

ავტორის განწყობა მისი კომპოზიციების პირველ ფიგურაში გამოისახება. „დანარჩენი უკვე ამაზე იგება – ფიგურას ჩიტი სჭირდება, ჩიტი წყალს ითხოვს, წყალი – თევზს, ადამიანი – მეორე ადამიანს, რომელიც ან ასე უყურებს, ან – ისე“. ჯერ ხაზებში მუშაობს, მერე – ფერში. ფერებსაც განწყობის მიხედვით არჩევს.

მიაჩნია, რომ ყველაზე მთავარი მხატვრობაში ბუნებრიობაა – „სიყალბის არცერთი მარცვალი არ უნდა იყოს შიგნით“. კიდევ, შინაგანი თავისუფლებაა მნიშვნელოვანი. და მთავარია, არ გეშინოდეს.

ყოველთვის იმას აკეთებს, რაც სიამოვნებს, რაც მოსწონს და თვლის, რომ უნდა გააკეთოს. ცდილობს, მისი ყველა ნამუშევარი დადებითი ენერგეტიკით დამუხტული და კეთილი იყოს.

მუშაობს ქაღალდზე, ტილოზე, მუყაოზე, აბრეშუმზე, ეტრატზე, ხატავს ფანქრით, აკვარელით, ზეთის საღებავით. ბოლო დროის ნამუშევრები, ძირითადად, აბრეშუმზე შესრულებული ფერწერა და გრაფიკაა.

ხატავს ყველანაირ გარემოში, აუტანელშიც კი. მიაჩნია, რომ თუ ადამიანს რამის კეთება უნდა, იმ გარემოშიც დაეტევა, როგორიც იმ წუთში აქვს. „რაღაც განსაკუთრებულს არავინ უნდა დაელოდოს. სკამი გაქვს? დაჯექი და სკამზე იმუშავე. ყველაფერში ეგრეა“.

ზუსტად იცის, რომ პროფესიად რაც უნდა აერჩია, მაინც დახატავდა. ხატვა მისი ბუნების ნაწილია, „ისეთივე აუცილებელი, როგორიც – სუნთქვა ან წყლის დალევაა. ეს ერთადერთი აუცილებელი და, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი გამოხატულებაა გრძნობის, აზრის, სასიცოცხლო ინტერესების და საერთოდ ყველაფრის“.

რუსუდან ფეტვიაშვილი 2 წლიდან ხატავს. მრავალშვილიან ოჯახში დაბადებულ ბავშვს ძნელად საშოვნელი სახატავი მასალებით მამა ამარაგებდა. პირველად თავისი 80 ნამუშევარი 6 წლისამ ფილარმონიაში – ბავშვთა ხელოვნების ნიმუშების გამოფენაზე წარადგინა. შემდეგ საქართველოს ფარგლებს გასცდა და მისი ნამუშევრები მოსკოვსა და პარიზშიც გამოიფინა. 12-13 წლისა, უკვე ცნობილი მხატვარი იყო. პარიზში, ლონდონში, მადრიდში, ვენაში, ბუდაპეშტში – სად აღარ გაუმართავთ მისი გამოფენა.

14-15 წლის ასაკში შესრულებულ ნამუშევრებზე ძირითადად მოწყენილი საქართველო იყო გამოსახული, ქვეყანა, რომელსაც თავისუფლება სჭირდება. უყვარს ხუთჯვრიანი დროშა და საქართველოს სიმბოლოდ სწორედ მას იყენებდა ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე ის სახელმწიფო დროშა გახდებოდა.

მისი მინიატურებითაა გაფორმებული ბიბლია სამების ტაძრისთვის, ხოლო მისი ილუსტრაციები ახლავს თან ფრანგულად გამოცემულ „ვეფხისტყაოსანსა“ და ქართულ ხალხურ ზღაპრებს.

ადრე რთული, დატვირთული აკვარელები უყვარდა, ახლა კი ჰგონია, რომ ეს მაქსიმალურად ფიგურატიული და ბევრი ისტორიით დატვირთული ტექნიკა ამოწურა, „რაღაც თემასავით დამთავრდა და წავიდა“. შემდეგ ზეთის საღებავებზე გადავიდა, ტემპერაზე. ბოლო წლებია, აბრეშუმზე მუშაობს.

რუსუდან ფეტვიაშვილი კემბრიჯის ბიოგრაფიული ცენტრის გამოცემულ წიგნში XX საუკუნის 2000 გამოჩენილ პიროვნებას შორის დაასახელეს. მისი მხატვრობით კი, ბოლო დროს ცნობილი საერთაშორისო ბრენდებიც დაინტერესდნენ. ერთი თანამშრომლობა „Villeroy & Boch“-თან უკვე შედგა. რუსუდანმა ამ ბრენდის ჭიქებისთვის ნახატი შექმნა თემაზე – სიყვარული. სრული ტირაჟი საქართველოში თვალის დახამხამებაში ამოიწურა. ხოლო მხატვარსა და კომპანია „Hermess“-ს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, რუსუდანის შექმნილი ნახატი მალე ამ ბრენდის შარფებს დაამშვენებს.

 

 

გელა ჩარკვიანი

გელა ჩარკვიანის სახელს რომელ სივრცესა და მოცემულობაშიც უნდა შეხვდე, სულ სხვადასხვა მხარეს წაგიყვანს. ისტორიოგრაფია, დიპლომატია, კომპოზიცია, პედაგოგიკა, ტელევიზია, ლიტერატურა, შექსპიროლოგია – მისი სათქმელი ამ დისციპლინებში ყოველთვის განსხვავებული და საფუძვლიანია.

თვითონ ფიქრობს, რომ მისი მრავალწახნაგოვანი ბიოგრაფიის განმსაზღვრელი ოჯახი, განსაკუთრებით კი, მამაა; კანდიდ ჩარკვიანი საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო.

სწორედ მისი საქმიანობის გამო, 13 წლის ასაკში ოჯახთან ერთად მოსკოვში გადასახლდა. „ქვეყნის მიმართ სიყვარული განსაკუთრებით ძლიერია, თუ მასთან დაკავშირებით ტკივილი განიცადე. შემთხვევით არ ჰქვია ამ სიტყვას ნოსტალგია“. იხსენებს, როგორ დადიოდა ჩუმად ბაზარში, რომ ქართველები ენახა და ქართულად ელაპარაკა. როგორ ვერ იკავებდა ცრემლს ქართული მუსიკის გაგონებისას.

„მამა ყოველთვის გადაჭარბებულად აქებდა საქართველოს და ყველაფერს ქართულს – გორული ვაშლით დაწყებული, ბორჯომის ხეობით დამთავრებული. მისთვის „აბესალომ და ეთერი“ ყველაზე დიდი ოპერა იყო, ქართული პოეზია კი – საუკეთესო. ამით ვიზრდებოდით ჩვენ“.

საბჭოთა კავშირში საქართველო ყოფილა ერთადერთი რესპუბლიკა, სადაც პარტიული ელიტის შვილები ქართულ სკოლებში სწავლობდნენ და არა რუსულში. „თუ ქართულ სკოლაში დადიოდი, ქართულ ლიტერატურას სწავლობდი, არ შეიძლებოდა, არ გდომებოდა დამოუკიდებლობა. ეს სურვილი ძალიან ახალგაზრდას გამიჩნდა, ვოცნებობდი, ისეთი იარაღი შემექმნა, რომლისაც ყველას შეეშინდებოდა და საქართველო დამოუკიდებელი გახდებოდა. მაგრამ დისიდენტი არასდროს ვყოფილვარ. მოგვიანებით, საქართველოს დამოუკიდებლობა რეალობად ჩემმა კლასელებმა – ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ აქციეს“.

სკოლის დასრულების შემდეგ, მამის სურვილი გაითვალისწინა და არქიტექტურის ფაკულტეტი აირჩია. თუმცა, მალევე მიხვდა, რომ ეს ის არ იყო, რაც მას სურდა და უცხო ენების ინსტიტუტში გადავიდა. მერე გახდა პედაგოგი.

ამბობს, რომ ყველაზე მარტივად ცხოვრებაში, ალბათ, სიყვარული მოიპოვა. „ქუჩაში ნანასთან შემთხვევით გაცნობიდან 10-15 დღის შემდეგ უკვე ვიცოდით, რომ ერთმანეთი გვიყვარდა. დიდი სიძნელეების გადალახვა არ დაგვჭირვებია“.

მის წიგნებში, ჩანაწერებში, სახლის კედლებზე გამოფენილ ფოტოებსა და ნახატებზე ყველაზე ხშირად ნანაა. 55 წელიწადს იყვნენ ერთად.

ქორწინების შემდეგ ცალკე გადასულ წყვილს 80 მანეთი თვეში, რასაც მამა აძლევდათ, არ ჰყოფნიდათ, ბატონ გელას გამოსავალი უპოვია: ნანას სახელმძღვანელოში წაუკითხავს დაორკესტრების კურსი, რამდენიმე ქარხნის ხელმძღვანელს შეთანხმებია და მათი მუსიკალური კოლექტივებისთვის პარტიტურების წერა დაუწყია.

„გზად, ტრამვაიში ვწერდი ამ პარტიტურებს და მერე ვუკრავდით. „მაუდკამვოლში“ თვეში 50 მანეთს მიხდიდნენ“.

მუსიკა ყოველთვის იყო და დღემდეა გელა ჩარკვიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. მისი საფორტეპიანო მინიატურები და სხვა ნამუშევრები კომპაქტდისკებზეცაა გამოცემული.

1970 წელს აშშ-ში, მიჩიგანის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით წავიდა.

„იმ დროს აშშ რევოლუციურ მდგომარეობაში იყო, დუღდა იქაურობა – დემონსტრაციები, ვიეტნამის ომი. იქიდან ძალიან შეცვლილი – ზომიერი ლიბერალი დავბრუნდი“.

როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, მამისთვის, პრინციპულად ორთოდოქსი მარქსისტისთვის, უკითხავს, ახლა რას იტყვიო, რაზეც მოკლე პასუხი მიუღია: „არ მეგონა, საბჭოთა ხელისუფლება ასეთი სუსტი თუ იყო“.

გელა ჩარკვიანი ათწლეულების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს ინგლისურ ენასა და სოციოლოგიაში. უკვე დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში კი, პრეზიდენტ შევარდნაძის მრჩეველი გახდა საერთაშორისო საკითხებში.

„ძალიან მგრძნობიარე და ტაქტიანი კაცი იყო. მისმენდა, ხან მიჯერებდა, ხან – არა. როცა კამათი ატყდა იმის შესახებ, ჩაწერილიყო თუ არა პასპორტში მოქალაქის ნაციონალობა, მკითხა, შენ არც ნაციონალისტი ხარ, არც კოსმოპოლიტი და როგორ ფიქრობო. ვფიქრობდი, რომ არ უნდა ჩაგვეწერა. დამეთანხმა. მიმაჩნდა, რომ უფრო ხისტად უნდა დაგვეფიქსირებინა ჩვენი დასავლური ორიენტაცია. მეტ სიცხადეს ვითხოვდი ამ მხრივ.

როდესაც საგარეო-პოლიტიკური დოქტრინა დგებოდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ვარიანტი მომეწონა. იმ ვერსიაში ძალიან მკაფიოდ იყო დაფიქსირებული, რომ ჩვენი მიზანი არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. შევარდნაძემ მითხრა: ჩვენ ხომ ვიცით, რომ ასეა და განა საჭიროა ასე გამომწვევად დაფიქსირებაო? „ნატოს სამიტზე პრაღაში ბოლო წუთამდე განვიცდიდი იმას, წაიკითხავდა თუ არა აბზაცს ჩვენი ნატოში გაწევრიანების სურვილის თაობაზე. წაიკითხა. ბრავო, შევი. ვთქვი ჩურჩულით“.

გელა ჩარკვიანის ცხოვრების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში მისი ელჩობის პერიოდი. დიპლომატის მისიის შესრულების პარალელურად, მეუღლესაც აუსრულა ოცნება და 5 წელიწადს ლონდონში ცხოვრობდნენ. მის ერთ-ერთ წიგნს, „ლექციები, გამოსვლები და ერთი სადღეგრძელო“, ხელს ვინც მოკიდებს, ალბათ, ყველა პირველ რიგში სადღეგრძელოს დაუწყებს ძებნას. რას არ წარმოიდგენს წაკითხვამდე ადამიანი და ამას კი – ვერა. ეს სადღეგრძელო შექსპირის 444 წლის აღსანიშნავ საიუბილეო მიღებაზე (2008 წელს) წაუკითხავს ბატონ გელას.

ამ ყოველწლიურ საიუბილეო მიღებაზე შექსპირის ფანები მთელი მსოფლიოდან იკრიბებიან. სიტყვით მხოლოდ ხუთი ადამიანი გამოდის, სამი შექსპიროლოგი, ერთი მსახიობი და ერთიც ელჩი. გელა ჩარკვიანი ის ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებდა. „მეფე ლირის“ ქართულად მთარგმნელს სიტყვის ნაცვლად ვრცელი სადღეგრძელო უთქვამს:

„დარწმუნებული ვარ, რომ იმ დღეს, როცა სამყაროს აღსასრული მოახლოვდება, ჰამლეტი, დანიის პრინცი, ჯერ კიდევ იქნება ჩვენ შორის, რათა ყველას ერთად გვამცნოს, რომ ამჯერად მართლაც აღარაფერი გველოდება სიჩუმის გარდა. თუმცა, ჯერ გამხიარულდით! ამ დღემდე, იმედია, მილიარდობით წელი გვაშორებს. მოდი, ჯერ დავტკბეთ სიცოცხლით, რომლის უამრავ საგანძურს შორისაა განსაცვიფრებელი ფენომენი, სახელად უილიამ შექსპირი...“