ბოლო წლებში თბილისში განსაკუთრებით მომრავლდა ქაოტური მშენებლობები, რომელთა დიდი ნაწილის ხარისხი და სტანდარტებთან შესაბამისობა ხშირად საეჭვოა. თუმცა, არიან კომპანიები, რომელთათვისაც უსაფრთხოების ნორმები, იერსახე, კომფორტი თუ სხვა ფაქტორები გადამწყვეტია და მუშაობის პროცესში ამას ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. m2 უკვე წლებია ამ მიმართულებით მუშაობს და ცდილობს, მისი ყოველი მომდევნო პროექტი კიდევ უფრო დახვეწილი და გაუმჯობესებული იყოს. კომპანიის კონცეფციასა და სამომავლო გეგმებზე ინდიგო m2-ის გენერალური დირექტორის მოადგილეს, შორენა დარჩიაშვილს ესაუბრა.

 

როგორია სამშენებლო ბიზნესში m2-ის სტრატეგია და რა სტანდარტის დამკვიდრებას ცდილობს კომპანია?

m2-მა ქართულ დეველოპერულ ბიზნესში ახალი სტანდარტი დაამკვიდრა. ჩვენი კომპანიის პოლიტიკა ბინების კონვეიერულად მშენებლობის პრინციპს არ ემყარება. ჩვენთვის შენება არ არის მექანიკური პროცესი, რომლის მიზანიც მხოლოდ ბინების გაყიდვაა. ჩვენ ადამიანებს ვთავაზობთ უკეთესად ცხოვრების შესაძლებლობას. ვაშენებთ ბინებს დასრულებული რემონტით, მოწყობილი სველი წერტილებით, ჩაშენებული სამზარეულოთი და ამით ვზოგავთ მათ დროს, ფულსა და ენერგიას. ჩვენს მობინადრეებს არ უწევთ სარემონტო მასალებზე სირბილი, ხელოსნების ძიება და სამსახურიდან დაუსრულებელი გამოსვლები „თავზე დადგომის“ გამო. გასაღებს ჩაიბარებენ თუ არა, შეუძლიათ იმ დღესვე დასახლდნენ ახალ ბინაში.

რა ტიპის მომსახურებას სთავაზობს კომპანია მომხმარებლებს, რაც აქამდე არ იყო თბილისში?

m2 ერთ-ერთი პირველი დეველოპერული კომპანიაა, რომელმაც საქართველოში ევროპული სტანდარტი შემოიტანა და დაამკვიდრა. m2-ის საცხოვრებელი კომპლექსები მაღალხარისხიანი, უსაფრთხო და ენერგოეფექტურია. ჩვენ ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის საშენ მასალას, ხოლო მშენებლობის პროცესი მკაცრი მონიტორინგის ქვეშ მიმდინარეობს. კომპლექსების ენერგოეფექტურობით იზოგება არა მხოლოდ მობინადრის ფინანსები (ის უფრო ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, მაგალითად, სახლის გასათბობად), არამედ გარემოს რესურსებიც. საცხოვრებელი კომპლექსები აღჭურვილია თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით. გარდა ამისა, m2-ის კომპლექსებს ჰყავს დაცვის, დასუფთავებისა და გამწვანების სამსახურები. ჩვენ მომხმარებლებს მისი მომსახურების სახითაც სრულ კომპლექტს ვთავაზობთ.

რას ფიქრობთ, როგორ უნდა დარეგულირდეს თბილისში საკითხები, რომელიც ეკოლოგიასა და სარეკრეაციო ზონებს ეხება, ისე, რომ მშენებლებიც არ დაზარალდნენ, როგორც მიწის მესაკუთრეები?

ვფიქრობ, უნდა არსებობდეს ძალიან კონკრეტულად გაწერილი კანონი, რომელიც ამ საკითხებს დაარეგულირებს. მკაფიოდ გაწერილი წესები დაიცავს როგორც გარემოს, სარეკრეაციო ზონებსა და ეკოლოგიას, ასევე მესაკუთრის უფლებებსაც. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო m2-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი თსუ-ის მაღლივი კორპუსის უკან, მ. შავიშვილის ქ. №2-ში, რომელმაც ხმაური გამოიწვია. ეს მიწა ჩვენი ჯგუფის პორტფელში 2008 წელს გადმოვიდა და იმავე წელს გაიცა მასზე მშენებლობის ნებართვა. მაშინ ამ ტერიტორიას ჰქონდა საცხოვრებელი ზონა 3-ის სტატუსი, ანუ, სარეკრეაციო ზონა არ იყო. 2009 წელს, როდესაც ქალაქის უფლებრივი ზონირება მოხდა, ჩვენს ტერიტორიას შეცდომით დაედო სარეკრეაციო ზონის სტატუსი. მოგვიანებით ჩვენმა კომპანიამ პროექტი გადააკეთა და 2015 წელს თბილისის საკრებულომ მასზე თანხმობა გასცა. მიმდინარე წელს მივმართეთ მერიას, რათა ხარვეზი გამოესწორებინათ და მიწის ნაკვეთისთვის მოეხსნათ სარეკრეაციო ზონის სტატუსი, რომელიც არასწორად მიენიჭა. ახლა ველით მერიის გადაწყვეტილებას და როგორიც არ უნდა იყოს ის, კანონის ფარგლებში დავიცავთ საკუთრების უფლებას.

ჩვენი კომპანიისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ იმას, თუ რამდენად ხარისხიანი, ინოვაციური და კომფორტული იქნება ჩვენ მიერ აშენებული სახლები, არამედ იმასაც, თუ როგორ გარემოში დგას ისინი. ჩვენთვის და ჩვენი მობინადრეებისთვის მნიშვნელოვანია სიმწვანე. ამიტომაც, სადაც ვაშენებთ, ვცდილობთ, ყველგან მოვაწყოთ მწვანე სივრცეები. მათ შორის, ძალიან დიდი, 2750 კვ.მ-ის ფართობის სკვერის მოწყობას ვგეგმავთ ზემოხსენებულ მიწის ნაკვეთზე.

რაც შეეხება თქვენს სოციალურ პასუხისმგებლობას, რა მიმართულებები შედის მასში?

მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა m2-ის კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანია. მეტიც, ეს ჩვენი კომპანიის კონცეფციის განუყოფელი ნაწილია. ჩვენი მთავარი მიმართულებები გარემოზე ზრუნვა, ადაპტირებული გარემოს შექმნა და განათლების ხელშეწყობაა. კომპანია E-Space-თან ერთად დავიწყეთ კამპანია „მეტი ჟანგბადი ქალაქს“ და ელექტრომობილების დამტენების ინფრასტრუქტურის შექმნას ვაფინანსებთ. მზრუნველობამოკლებული, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის ვაშენებთ საოჯახო ტიპის სახლს, რათა ისინი ოჯახურ გარემოში გაიზარდონ. გარდა ამისა, ეროვნულ ბიბლიოთეკას ვეხმარებით ვაჟა-ფშაველას მუზეუმ-სამკითხველოს შექმნაში. ასევე, ჩვენი კონცეფციის ნაწილია, რომ m2-ის მიერ აშენებული ხარისხიანი და კომფორტული სახლები ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. ყველა ამ მიმართულებით 2017 წელს დიდი და სიცოცხლისუნარიანი პროექტები გვაქვს დაგეგმილი.