რა შეიძლება ევალებოდეს ბანკს თანამედროვე რეალობაში? რა შეიძლება მოსთხოვო ბანკს ყველაზე პრეტენზიულმა კლიენტმაც კი, მისაღები საპროცენტო განაკვეთის, გადახდის მოქნილი პირობების, კომფორტული ტეტ-ა-ტეტ თუ დისტანციური მომსახურების, თავაზიანი და საქმის მცოდნე, ასევე ადამიანური მომსახურე პერსონალის გარდა?

ანდა ასე დავსვათ საკითხი:

რით შეიძლება ამაყობდეს წამყვანი ბანკი თანამედროვე რეალობაში, მთლიანი აქტივების საბაზრო წილის, მთლიანი სესხების და კლიენტთა დეპოზიტების მოცულობის, ნოვატორული საბანკო პროდუქტების და სერვისების გარდა?

თუ განსაკუთრებული პრეტენზიულობითა და ამბიციურობით გამოვირჩევით, ორივე კითხვაზე შეიძლება მოვიფიქროთ დამატებით 10-10 შესაძლო ვერსია და ასე შევქმნათ იდეალური ბანკის იდეალური სურათი;

თუმცა, დარწმუნებული ვარ, მაინც ვერ მივალთ ერთ გამორჩეულ პასუხამდე – ესაა ზრუნვა განათლებაზე, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ქართული ბანკის – საქართველოს ბანკის მთავარი განმასხვავებელი ნიშანია.

განათლების მხარდაჭერა – ამ მკაფიო ფოკუსით გამოირჩევა საქართველოს ბანკი და როცა აქ საკუთარი მიღწევების, ამბიციური პროექტების ჩამონათვალს აკეთებენ, ერთ-ერთ პირველ რიგში სწორედ საგანმანათლებლო პროექტებს თვლიან.

განათლების ხელშეწყობა და ნიჭიერი სტუდენტების მხარდაჭერა;

არსებული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება და გაძლიერება;

და ახალი საგანმანათლებლო კერების გაჩენა – საქართველოს ბანკი ყველა ამ მიმართულებით მუშაობს.

უკვე არსებული საგანმანათლებლო პროგრამებიდან ის ჩივნინგისა და ფულბრაიტის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებს უჭერს მხარს.

ჩივნინგი ბრიტანული სტიპენდიაა, ფულბრაიტი – ამერიკული, ორივეს შემთხვევაში სტუდენტები სწავლას დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში აგრძელებენ, საქართველოს ბანკსა და ამ სასტიპენდიო პროგრამებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად კი, რამდენიმე დამატებით შანსსაც მოიპოვებენ:

ჩივნინგი, ცხადია, ისედაც აფინანსებს სტუდენტებს, თუმცა, საქართველოს ბანკის თანამონაწილეობით, დაფინანსების პაკეტი მნიშვნელოვნად იზრდება – მასში შედის სწავლის საფასურის, ყოველთვიური სტიპენდიის, მგზავრობის, სადისერტაციო გრანტის, ვიზის გადასახადის დაფინანსებაც კი. კონკურსის შედეგად შერჩეული 3 გამარჯვებული სწორედ ამ პაკეტის მფლობელი ხდება და 2017/18 სასწავლო წელს იმ ბრიტანულ უნივერსიტეტში ატარებს, რომელსაც თვითონ დაუკავშირდება და აირჩევს.

საქართველოს ბანკმა გადაწყვიტა, რომ თუ განათლების სფეროს გარდამტეხ პროცესებში მონაწილეობა სურდა, მისი სახელი აუცილებლად უნდა ყოფილიყო დაკავშირებული მეორე სოლიდურ სასტიპენდიო პროგრამასთან – ფულბრაიტის ღია კონკურსთანაც, რომელიც ნებისმიერ დისციპლინაში მოღვაწე კურსდამთავრებულებს მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად იწვევს აშშ-ში.

საქართველოს ბანკმა ამ კონკრეტულ კონკურსში ბიზნესით დაინტერესებული მომავალი მაგისტრების დაფინანსება გადაწყვიტა. ბანკის ხელშეწყობით, ყოველწლიურად კიდევ ორი ახალგაზრდა მიიღებს დაფინანსებას საქართველოდან და აშშ-ის რომელიმე უნივერსიტეტში ორწლიან სამაგისტრო კურსს გაივლის. ბანკის ჩანაფიქრი ასეთია: კარგი და ხარისხიანი განათლება და ამ პროცესში უცხოური გამოცდილების მიღება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს ყველა სტუდენტისთვის.

ასე რომ, მე შენს ადგილზე სტატიის კითხვას სწორედ ამ ეტაპზე შევწყვეტდი და ვებსაიტზე istudy.ge სასწრაფოდ დავიწყებდი იმის გარკვევას, თუ რა შანსები მაქვს განათლების შემდეგ საფეხურზე ასასვლელად მომავალი სასწავლო წლისთვის.

ხოლო თუ ბიზნესის სწავლით ხარ დაინტერესებული და ამ ეტაპზე საქართველოში დარჩენა გსურს, მაშინ ისტუდყ.გე-ზე საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის გრაფა უნდა გახსნა. მაგისტრატურა ბიზნესის ადმინისტრირებაში – ეს პროგრამა სულაც აღარ იქნება საოცნებო, თუ სტუდენტი საუკეთესო იქნება – მათი 10 პროცენტი 100-პროცენტიან დაფინანსებას მიიღებს საქართველოს ბანკისგან. შემდეგი 20 პროცენტი კი სწავლის საფასურის დაფარვას დაიწყებს სწავლის დასრულებიდან 1 წელიწადში და საშუალება ექნება, გადასახადი 4 წელიწადზე გადაანაწილოს. სხვა დეტალები, ცხადია, გასაგებ ენაზე, სწორედ ზემოთ ხსენებულ საიტზე წერია.

ახლა კი, დროა, დავუბრუნდეთ ზემოთ წამოჭრილ საკითხს – ბანკს, რომელიც განათლებას უჭერს მხარს და სულაც ახალ სასწავლო კერას აჩენს – საკუთარ უნივერსიტეტს აარსებს. ეს გადაწყვეტილება შემდეგ ლოგიკურ მსჯელობას ეფუძნებოდა: თუკი საქართველოს ბანკი დღეს ერთ-ერთი წარმატებული, ლიდერი საფინანსო ინსტიტუციაა, რომელიც ლონდონის ბირჟაზეა წარმოდგენილი, ანუ აკმაყოფილებს დასავლურ სტანდარტებს – რატომ არ შეიძლება, თვითონვე შექმნას მაღალი სტანდარტების,  თანამედროვე საგანმანათლებლო დაწესებულება და თვითონვე შეუწყოს ხელი ქვეყანაში ფინანსური განათლების სფეროში მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას, ფინანსური განათლების გავრცელებას და ხელმისაწვდომობას? ხელმისაწვდომობა – ამ მსჯელობაში გადამწყვეტი ცნებაა – ფინანსური განათლების სტანდარტის აწევა ქვეყანაში სწორედ იმითაა შესაძლებელი, რომ ყველას მიეცეს ამის შანსი, შესაბამისად, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში სასწავლო პროგრამების დიდი ნაწილი სუბსიდირებულია (ყველამ, ვინც დაინტერესდით, ბოგ.ედუ.გე ნახეთ).

განათლების ხელმისაწვდომობას ბანკი იმით უწყობს ხელს, რომ თანამშრომლობს საგანმანათლებლო ონლაინპლატფორმა nebula.ge-სთან და სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის სრულიად უფასო მომზადებას სთავაზობს იმ უნიკალური ონლაინ სასწავლო პროგრამებით, რაც nebula.ge -ზეა თავმოყრილი (ასე რომ, ესეც კიდევ ერთი ვებმისამართი, ჩასანიშნად).

საქართველოს ბანკის კიდევ ერთი მიმართულება საჯარო მეტყველების კონკურსის ხელშეწყობაა, რადგან კარგი განათლების გარდა, ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ მომავალი საჯარო სამსახურს უნდა დაუკავშირონ, საზოგადოების წინაშე გამოსვლაც ეფექტურად უნდა გამოსდიოდეთ. სწორედ ამიტომ „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ (ESU) მიერ ორგანიზებული ბოლო კონკურსი საჯარო მეტყველებაში საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჩატარდა. თითოეულმა 16-20 წლის მონაწილემ 5-წუთიანი გამოსვლა მოამზადა წინასწარ შერჩეულ თემაზე, პირველი ადგილის მფლობელი კი ლონდონში გაემგზავრა, საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსის ფინალში მონაწილეობის მისაღებად.

ეს ყველაფერი გარე პროექტებია; პროექტები, რომლებიც საქართველოს ბანკის ავტორობით საზოგადო მოხმარებისთვის ხორციელდება. თუმცა, საგანმანათლებლო ხაზი ბანკის შიგნითაც გრძელდება – უშუალოდ თანამშრომლებისთვის და მას მოტივაციის ასამაღლებლად განსაკუთრებული დატვირთვა აქვს: როცა იცი, რომ სამსახურიდან გაუსვლელად მუდმივი განვითარებისა და პროფესიული ზრდის შანსი გაქვს; როცა ტრენინგებით და ლიდერობის განვითარების პროგრამებით, შეგიძლია, ვერტიკალურ თუ ჰორიზონტალურ სიბრტყეზე მუდმივად იცვალო სამუშაო პოზიციები საკუთარ სამსახურშივე, მერე გაცილებით მეტი მოტივაცია გიჩნდება, ბეჯითად იშრომო და ამ შრომით, სტრესი კი არა, კარგი საქმის გაკეთებით გამოწვეული სიამოვნება მიიღო.

ასე რომ, ახლა უკვე ყველამ ვიცით საჭირო ვებმისამართებიც, საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად; და, რაც მთავარია, ვიცით ამომწურავი პასუხიც კითხვაზე: რით შეიძლება იწონებდეს თავს წამყვანი ქართული ბანკი თანამედროვე რეალობაში. თურმე, რა ადვილი და მნიშვნელოვანი ყოფილა პასუხი.  

ავტორი :
  • ქეთევან გოგებაშვილი