ეს ისტორია 2000-იან წლებში დაიწყო, როცა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე გიორგი ჩავლეიშვილი ამერიკაში წავიდა სასწავლებლად. სკოლასა და უნივერსიტეტში გატარებულმა წლებმა გიორგის დაანახა, რომ სწორ დროსა და სწორ სივრცეში მიწოდებული განათლება შეუდარებლად ნაყოფიერია. მაშინ დაისახა მიზნად, საქართველოშიც ყოფილიყო სივრცე, სადაც მაღალი ხარისხის განათლების მიღებას ბევრი ადამიანი შეძლებდა.

2008 წელს ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი – LEAF-ი შეიქმნა. დამფუძნებელთა თავდაპირველი სურვილი საქართველოში Liberal Art-ის პრინციპების შემოტანა და დანერგვა იყო, რათა მოსწავლეებს ცალკეულ დისციპლინებში აკადემიურ ცოდნასთან ერთად, კარგი ზოგადი განათლება მიეღოთ. შემდეგ კი LEAF-ის დამფუძნებლები იმ მითის დამსხვრევას შეუდგნენ, რომ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. ცენტრის დახმარებით ევროპისა და ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელება შეძლო ყველა იმ მოსწავლემ, რომელსაც სწავლის სურვილი ჰქონდა. ნელ-ნელა ასეთი წარმატებული სტუდენტების რიცხვმა იმატა, გაიზარდა იმ უნივერსიტეტების ჩამონათვალიც, სადაც ქართველი სტუდენტები სწავლობენ. დღეისათვის ევროპული უნივერსიტეტების გრძელ სიას Oxford University მოექცა თავში, ამერიკული უნივერსიტეტების სია კი MIT-ით იწყება.

LEAF-ის მოსწავლეები და პედაგოგები ერთად შრომობდნენ დასახული მიზნების მისაღწევად. ამ ურთიერთობებმა შექმნა ცენტრის აქტიური, მყუდრო, ხალისიანი და შინაური გარემო. სწორედ ამ გარემომ და წარმატებებმა განაპირობა შემდეგი ნაბიჯი – სკოლის დაფუძნება. სკოლამ მოსწავლეებს, ეროვნულ პროგრამასთან ერთად, საერთაშორისო ტესტებში (SAT, TOEFL, ELTS) მოსამზადებელი პროგრამა და College Counceling-ის კურსი შესთავაზა. ეს კურსი მოსწავლეებს სასურველ უნივერსიტეტებთან კონტაქტების დამყარებაში, დაფინანსების მოპოვებაში, შესაბამისი დოკუმენტაციისა და განაცხადების მომზადება-გაგზავნაში ეხმარება. ყოველივე ეს მათ სკოლის დამთავრების შემდეგ, ამერიკისა და ევროპის ნებისიერ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების საშუალებას აძლევს.

„დავინახეთ, რომ ჩვენმა ცენტრმა დიდი ინტერესი გამოიწვია და გადავწყვიტეთ, იმავე პრინციპებით სკოლაც გაგვეკეთებინა. პირველ წელიწადს „საერთაშორისო აკადემია ლოგოსში“ გვყავდა 22 მოსწავლე, ცენტრში კი 200-მდე ბავშვი ტრიალებდა. ერთი წლის თავზე 22 ბავშვიდან 60-მდე ავედით. მას შემდეგ სულ წინ მივდივართ, ვიზრდებით და ვიზრდებით“, – ამბობს გიორგი ჩავლეიშვილი.

„ლოგოსში“ მოსწავლეები VII კლასიდან გამოცდისა და გასაუბრების საფუძველზე მიიღებიან. „საერთაშორისო აკადემია ლოგოსში“ გამოიყენება სწავლების თანამედროვე მეთოდები და სტრატეგიები: პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება, დემონსტრაციული სწავლება, დისკუსია, ჯგუფური მუშაობა, გონებრივი იერიში და სხვა. ასეთი მეთოდებისა და სტრატეგიების გამოყენებისას, მოსწავლე არა მხოლოდ პასიური მსმენელი ან ინფორმაციის მიმღებია, არამედ აქტიურად არის ჩართული სასწავლო პროცესში. აღნიშნული მეთოდები ხელს უწყობს რაციონალური აზროვნების, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარების განვითარებას.

„ის ბავშვები, რომლებიც ჩვენთან მე-7 კლასიდან სწავლობენ, მე-11 კლასში მზად არიან თავისუფალი არჩევანის გასაკეთებლად, კარგად არიან ჩამოყალიბებული, თუ სად სურთ სწავლის გაგრძელება“, – ამბობს გიორგი ჩავლეიშვილი.

სკოლის შედეგები 7 წლის შემდეგ ასე გამოიყურება – 136 კურსდამთავრებული მოსწავლიდან 68 მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა. სტიპენდიის სახით, მათ ჯამში 3 532 000 აშშ დოლარზე მეტი მიიღეს. დანარჩენი 68 მოსწავლე კი სწავლას საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში აგრძელებს.  მათ გრანტის სახით მიღებული აქვთ 285 000 ლარზე მეტი.

• „ლოგოსში ყველა პირობაა იმისთვის, რომ საუკეთესო განათლება მიიღო“;

• „ლოგოსში თავისუფალი აზრი არის მნიშვნელოვანი, ჩემთვის დაიმსხვრა მითი, რომ მასწავლებელი ყოველთვის მართალია“;

• „ლოგოსში გავიაზრე ზოგადად ურთიერთობების მნიშვნელობა“; – ეს და კიდევ მრავალი სხვა პოზიტიური შეფასება „ლოგოსის“ მოსწავლეებს ეკუთვნით. სკოლის გუნდი მაქსიმალურად ცდილობს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც სწავლა ბედნიერებაა და არა – აუცილებლობა.

სასკოლო განათლების სრული წრე 2015 წელს ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის მიერ სკოლა „ჰამილტონის“ შექმნით შეიკრა.

„გადავწყვიტეთ, წამოგვეწყო ახალი პროექტი, რომლის მეშვეობითაც სკოლამდელი ასაკისა და დაწყებითი კლასების მოსწავლეებს მივცემდით ხარისხიან განათლებას, ავამაღლებდით წიგნიერების დონეს და მოსწავლეებს რეალური ცხოვრებისათვის მოვამზადებდით. ახალ ტექნოლოგიებსა და ციფრულ სამყაროში ვცხოვრობთ და გვინდა, რომ ეს უნარ-ჩვევები ჩვენს მოსწავლეებსაც განვითარებული ჰქონდეთ. ამიტომ ისინი ადრეული კლასებიდანვე იწყებენ პროგრამირების კურსსაც. დაწყებითი საფეხურით დავიწყეთ და მე-12 კლასის ჩათვლით გავაგრძელებთ. სკოლას ბატონი გია მურღულია ხელმძღვანელობს“, – ამბობს ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრისა და სკოლა „ჰამილტონის“ გენერალური დირექტორი გივი გუნცაძე.

სკოლას აქვს ამბიცია, რომ აღზრდის განათლებულ, სწორი ღირებულებებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობების მქონე ახალგაზრდებს, კონკურენტული ცოდნითა და  თანამედროვე ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებით. ამის მიღწევას ძლიერი პედაგოგების გუნდითა და საინტერესო სასწავლო პროგრამით გეგმავს.

სკოლის აკადემიური პროგრამა გაჯერებულია საინტერესო, შემეცნებით-გასართობი აქტივობებითა და თემატური კვირეულებით. ასეთი სასკოლო ცხოვრება ბავშვებს საშუალებას აძლევს, სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და აღმოაჩინონ თავიანთი ინტერესები.

„ჰამილტონის“ მოსწავლეები ეკონომიკის საწყისების კურსსაც გადიან – სწავლობენ სახალისო მათემატიკას, რეალური პროექტების საფუძველზე თვლას, რესურსების, დროის განაწილებას. I-VI კლასის მოსწავლეთათვის აკადემიურ პროგრამაში შედის შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფისათვის ადაპტირებული მეწარმეობის გაკვეთილები.

ასე რომ, ერთი პატარა საგანმანათლებლო ცენტრი დღეს უკვე ჰოლდინგია, მოტივირებული და ენერგიული მასწავლებლებით, რომლებიც განვითარების ძიებაში არიან, მრჩეველთა საბჭოს წევრებით, რომლებიც ყოველთვის მზად არიან დასახმარებლად, და წარმატებული კურსდამთავრებულებით, რომლებიც სწავლას საქართველოში ან საზღვარგარეთ აგრძელებენ.

დღეს ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი არის ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს 50-მდე უნივერსიტეტის პარტნიორია. ამავდროულად, სხვა ორგანიზაციებისგან განსხვავებით, სტუდენტებს სთავაზობს დახმარებას მსოფლიოს ნებისმიერ ინგლისურენოვან უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად.

„საერთაშორისო აკადემია ლოგოსი“  კი რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია –  NACAC – National Association of College Admission Counselors; Collage  Boards; Common Aplication – და  საერთაშორისო სკოლის სახელს იმკვიდრებს. ბოლო წლების მონაცემებით, სკოლის კურსდამთავრებულთა 90 პროცენტი სწავლას ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში აგრძელებს.