საერთაშორისო პროგრამა:

კვადრატი

The Square

ჟანრი: კომედია / დრამა

ქვეყანა: შვედეთი, გერმანია, საფრანგეთი, დანია

ქრონომეტრაჟი: 2 სთ. 22 წთ.

რეჟისორი: რუბენ ოსტლუნდი / Ruben Östlund

მსახიობები: კლას ბენგი, ელიზაბეტ მოსი, დომინიკ ვესტი, ტერი ნოტარი

მთავარი პრიზი: 2017 წლის კანის კინოფესტივალი / ოქროს პალმის რტო

თოვლიან ქარბუქში გულების სტერილურ სიცივესა და გაუცხოებაზე გადაღებულმა „ფორს მაჟორმა“ ორიოდე წლის წინ იმხელა ვნებათაღელვა გამოიწვია მაყურებელში, რომ ახლა ღირს იმავე რეჟისორის, რუბენ ოსტლუნდის „დანასავით ბასრ სატირას“ დაველოდოთ სულმოუთქმელად – სატირას იმის შესახებ, თუ როგორ იცვლება ჩვენს ტექნოლოგიურ რეალობაში აღმოჩენილი ხელოვნება და როგორ ცვლის „ძველი“ ინსტინქტები გაპრიალებულ, უზადო ურთიერთობებს. „კვადრატი“ ახალი სამუზეუმო ინსტალაციაა, რომლის პოპულარიზაციისთვის შექმნილი ვირუსული ვიდეო უკუეფექტს გამოიწვევს მაყურებელში, მთავარ გმირს კი უწევს ამ კრიზისის მოგვარებაზე სწორედ მაშინ იზრუნოს, როცა ერთ–ერთ საჯარო სივრცეში ტელეფონსა და საფულეს ამოაცლიან. დაკარგული ნივთების საძებნელად წასვლა მას დიდი ხნის წინ დავიწყებული ადამიანების „ტიპებს“ აცნობს და დავიწყებულ რაიონებში ახვედრებს. მაღალი იდეალები და დაბალი ინსტინქტები ერთად იყრის თავს „კვადრატში“.

 

მისტერ ლონგი

Mr. Long

ჟანრი: მძაფრსიუჟეტიანი / კრიმინალური დრამა

ქვეყანა: იაპონია, ჰონგ კონგი, ტაივანი

ქრონომეტრაჟი: 2 სთ. 9 წთ.

რეჟისორი: საბუ / Sabu

მსახიობები: ჩენგ ჩანგი, შო აიოაგი, იი ტი იაო

პრიზი: ბერლინის კინოფესტივალი

ესაა დაძაბული სცენებით – დრამატული ორთაბრძოლებით სავსე შთამბეჭდავი იგავი, რომელიც ჩარლი ჩაპლინისა და ტაკეში მიიკეს შეხვედრას მოგაგონებთ. ბერლინის კინოფესტივალის ერთ-ერთი ფავორიტი, იაპონელი რეჟისორის საბუს უკანასკნელი ნამუშევარი დაქირავებული მკვლელის ისტორიას მოგვითხრობს. ტრადიციადაც კი დაამკვიდრა ზოგიერთმა რეჟისორმა ისეთი „მაგარი“ გმირების შექმნა, რომლებიც ლაპარაკით თავს არ იწუხებენ. სერჯო ლეონეს ვესტერნებში კლინტ ისტვუდის პერსონაჟები სწორედ ასეთი სიტყვაძუნწი და ძლიერი მამაკაცები არიან. და ასეთია საბუს „მისტერ ლონგიც“ – გმირი, რომლის როლსაც საოცრად ქარიზმატული ჩანგ ჩენი ასრულებს. „უშიში ვითარცა უხორცო“, თავზეხელაღებული მებრძოლი, რომელიც იარაღის ნაცვლად ბასრ დანებს იყენებს და განგსტერებით სავსე ოთახში ყველას ძირს აწვენს. მისი სისხარტისა და ფილმის მთავარი ღირსება ისაა, რომ ფაქტობრივად უსიტყვოდ უდიდესი დრამები ვითარდება.

 

სულსა და სხეულზე

On Body and Soul

ჟანრი: რომანტიკული დრამა

ქვეყანა: უნგრეთი

ქრონომეტრაჟი: 1 სთ. 56 წთ.

რეჟისორი: ილდიკო ინიედი / Ildiko Enyedi

მსახიობები: Geza Morcsanyi, Alexandra Borbely, Zoltan Schneider

მთავარი პრიზი: ბერლინალეს ჯილდო, ოქროს დათვი წლის საუკეთესო ფილმისთვის

ენდრე ხეიბარი, ასაკოვანი კაცია, მარია ასპერგერის სინდრომით მცხოვრები ქალი. ორივენი ერთ ადგილზე – სასაკლაოში მუშაობენ და ყოველ ღამით ერთსა და იმავე სიზმარს ხედავენ – ირმები არიან და ერთმანეთს ტყეში ხვდებიან. საერთო სიზმრის შესახებ მოულოდნელად შეიტყობენ. სიყვარულს რეალობაშიც დაუწყებენ ძებნას, მაგრამ სიზმარში, ტყეში, ირმობის დროს, ეს უფრო ადვილი აღმოჩნდება.

ფილმს ასე ახასიათებენ: ბრუტალური სასიყვარულო კავშირი სასაკლაოში. ურბანული პასტორალი. გრძნობა, რომელიც ფარული ოცნებების განზომილებასა და სასტიკი ნორმალურობით სავსე რეალურობაში ერთბაშად იშლება. სწორედ ამ დუალიზმის გამოა ფილმი მომხიბვლელი. „სულსა და სხეულზე“ ილდიკო ინიედის პირველი ნამუშევარია 18–წლიანი ინტერვალის შემდეგ. ის ცნობილია ფილმით „ჩემი მეოცე საუკუნე“.

 

წყლის ფორმა

The Shape of Water

ჟანრი: სათავგადასავლო, დრამა, ფენტეზი

ქვეყანა: აშშ

ქრონომეტრაჟი: 1 სთ. 59 წთ.

რეჟისორი: გილერმო დელ ტორო / Guillermo Del Toro

მსახიობები: სალი ჰოუკინსი, მაიკლ შენონი, რიჩარდ ჯენკინსი, ოქტავია სპენსერი

მთავარი პრიზი: ვენეციის კინოფესტივალი

ესაა ტკბილი, სევდიანი და სექსუალური ზღაპარი უბრალო, მუნჯი ქალისა და წყალქვეშ მცხოვრები მონსტრის სასიყვარულო ისტორიაზე, რომელიც 1960–იან წლებში, ცივი ომის ფონზე ვითარდება. ორი მარტოსული არსება – პირველი – მუნჯი გოგონა, მეორე კი წყალქვეშ მცხოვრები მხეცი ერთმანეთს პოულობს და ერთმანეთზე ზრუნვას იწყებს. ამიტომაც წერს გაზეთ „გარდიანის“ მიმომხილველი, რომ გილერმო დელ ტოროს ფენტეზის გიგანტური მხეცივით დიდი გული აქვს; და რომ ეს ფილმი მას ნამდვილად გამოუვიდა წინა სურათებისგან განსხვავებით, რომლებსაც დიდი იდეები და ამბიციები ჰქონდათ, მაგრამ აშკარად აუცდათ ფეხი. „წყლის ფორმა“ მწყობრად აგებული ფილმია, რომელიც აშკარად გაგრძნობინებს, რომ წყლის უზარმაზარ ტალღოვან ზედაპირს ქვეშ თბილი გული ძგერს.

 

ქართული ფილმები:

საშიში დედა

ჟანრი: დრამა

ქვეყანა: საქართველო, ესტონეთი

რეჟისორი: ანა ურუშაძე

სცენარი: ანა ურუშაძე

პროდიუსერები: თინათინ ყაჯრიშვილი, ლაშა ხალვაში

მსახიობები: ნატო მურვანიძე, დიმიტრი ტატიშვილი, რამაზ იოსელიანი, ავთანდილ მახარაძე

მთავარი პრიზი: ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზი საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრისთვის; სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე – საუკეთესო ნამუშევარი.

ქალი მწერალი? – უკვირს ყველას, უკვირს და ღიზიანდება. „ანას ცხოვრება“ სტერეოტიპებისა და მათთან დაპირისპირებაზე აგებული ფილმია. ესაა ფილმი ქალზე, რომელიც წერას, შეთხზვას იწყებს და წერს რომანს, რომლის ფურცლებზეც გადააქვს ყველა ძვირფასი წარმოსახვა თუ განუხორციელებელი ოცნება – ესაა მისი პროტესტი სტანდარტებით სავსე რეალობის მიმართ. მთავარ გმირს, რომლის როლსაც ნატო მურვანიძე ასრულებს, ოჯახი დაუპირისპირდება. მეუღლე რომანს წაკითხვის შემდეგ დაუწვავს კიდეც. ანას გარიყავენ, საკუთარ სივრცეში მარგინალად აქცევენ. ამიტომაც იქცევა 50 წლის ასაკში ერთი რიგითი დიასახლისი საშიშ დედად, თუმცა რა შეიძლება იყოს მასში მართლა საშიში? ეს ორაზროვნება და ირონია გასდევს ფონად ახალგაზრდა რეჟისორის, ანა ურუშაძის ფილმს. მისი გმირია ქალი, რომელიც ღიად იტყვის, რომ ხელახლა დაბადება სურს.

 

ნამე

ჟანრი: დრამა

ქვეყანა: საქართველო, ლატვია, საფრანგეთი

რეჟისორი: ზაზა ხალვაში

წარდგენა: ტოკიოს ოცდამეათე საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამის მონაწილე

ჯადოსნური თევზი სამკურნალო თვისებებს კარგავს მას მერე, რაც მახლობლად კაშხლის მშენებლობა იწყება, წყალი კი უცხო ნივთიერებების შერევის შედეგად შმორდება. ზაზა ხალვაშის „ნამეს“ სიუჟეტს ქართული მითები უდევს საფუძვლად და ერთი ოჯახის ისტორიას გადმოსცემს. ნამე გოგონას სახელია. ის მაგიური ძალითაა დაჯილდოებული და სოფელში ყველას, ვისაც სჭირდება, თევზით კურნავს. შემდეგ ნამეს ბიჭი შეუყვარდება და გაუშვებს თევზს – დრო დგება, როცა თევზი და წყალი ჯადოსნურ თვისებას კარგავენ. „ნამე“ რეალურ და ირეალურ სამყაროებს შორის მოგზაურობას ჰგავს. ერთი მხრივ მითებისა და მითებით ცხოვრების თავისებურებებს იკვლევს, მეორე მხრივ გვაჩვენებს ცხოვრებას მაღალმთიან სოფელში. ზაზა ხალვაში თბილისის კინოფესტივალის პრიზიორია. მისი ფილმი „სოლომონი“ 2016 წელს „პრომეთეს“ ეროვნული კონკურსის გამარჯვებული გახდა.

 

ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმები:

8 წუთი

ჟანრი: აპოკალიპტური დრამა

ქვეყანა: საქართველო

რეჟისორები: გიორგი აბრამიშვილი, დათო გოგიჩაიშვილი

სცენარისტები: მარი ბექაური, ზაზა კოშკაძე

პროდიუსერები: გეგა ხმალაძე, მაგდა დათუაშვილი

მსახიობები: სლავა ნათენაძე, გიორგი შარვაშიძე, ანი ბებია

მთავარი პრიზები: რუმინეთის საერთაშორისო კინოფესტივალი, სიდნეის საერთაშორისო კინოფესტივალი, მანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი

რა მოხდება მაშინ, მზე რომ ჩაქრეს და სამყაროს დასასრული დაიწყოს? რას იზამენ ადამიანები? ასეთი რამ ამ მოკლემეტრაჟიან ფილმში ხდება. მზის ჩაქრობამდე 8 წუთი რჩება. თბილისი პანიკაშია. ხალხი უმისამართოდ დარბის, ყვირის, ნივთებს ალაგებს და გარბის, ერთმანეთს ეჯახება... სწორედ ამ დროს ჩნდება კადრში ფილმის მთავარი პერსონაჟი, რომელიც მოახლოებულ აღსასრულს საერთოდ არ განიცდის. ყველაზე ორიგინალურ გადაწყვეტილებასაც უკანასკნელი 8 წუთის შესახებ ის იღებს. მზე, ალბათ, ჩაქრება, მაგრამ ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა.

„რვა წუთი“ არაერთი პრიზის მფლობელია საერთაშორისო კინოფესტივალებსა და კონკურსებზე. ის წარდგენილია „ოსკარის“ გრძელ სიაშიც შესაბამის ნომინაციაზე.

 

ანა

ჟანრი: დრამა

ქვეყანა: საქართველო

რეჟისორი: მარგო ზუბაშვილი

მსახიობები: ნინო კასრაძე, ანკა ნიჟარაძე, ერეკლე ჟორდანია, თინათინ კიკვიძე, სოფო გაგუა, ნანი ბრეგვაძე, ნიკოლოზ რაჭველი, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი

პრიზები: ჟიურის სპეციალური პრიზი ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე. საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრიზი მაკედონიის საერთაშორისო კინოფესტივალზე Kinenova.

45 წლის ანა დედასთან ერთად მარტო ცხოვრობს თბილისში. მისი დალაგებული ცხოვრება ერთ საღამოს იცვლება, როდესაც კონცერტზე მყოფი ხალხში ქალის სახეს ხედავს. როგორ შეიძლება შეცვალოს ადამიანი ერთმა სიტყვამ? როგორ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე სხვისი ცხოვრება? როგორ შეიძლება დაკარგოს ადამიანმა სახე და იდენტობა? „ანა“ ერთ დღეში დაწყებული თავგადასავალია, რომელიც მთლიანად ცვლის მთავარი გმირის მომავალს. ანას როლს მსახიობი ნინო კასრაძე ასრულებს. მარგო ზუბაშვილი საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014 წლის კურსდამთავრებულია. სტუდენტობის პერიოდში გადაიღო ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი – „ოლიმპია“ და „დინოზავრი“, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმატებით აჩვენეს.