- გამარჯობა, როგორ ხარ?

- მშვენივრად  მადლობა მოკითხვისთვის! შენ როგორ ხარ?

- მეც კარგად  ვალუტის კურსის გაგება მინდა.

- რამდენიმე ვალუტის კურსის თქმა შემიძლია, რომელი გაინტერესებს?

ოფიციალური კურსი, ინტ.ბანკის კურსი, ფილიალის კურსი

- ოფიციალური

- დღევანდელი ოფიციალური კურსებია: USD: 2.4817 EUR: 2.6720 GBP: 3.0731

- მადლობა 

 

ეს არც ბანკის ონლაინკონსულტანტთან მიმოწერაა და არც ოპერატორთან სატელეფონო საუბრის ტრანსკრიპტი – დიალოგი თისთან, ახალბედა რობოტთან შედგა, რომელმაც საჭირო ინფორმაცია წამებში მომაწოდა და როგორც ოპერატიულობით, ისე უშუალობით, ბევრ ადამიანზე მეტი ნდობა დაიმსახურა.

თი ბოტი თიბისი ბანკის დამხმარე კიბერრობოტია, ის 6 მარტს დაიბადა და პირველივე დღეს ქართული ონლაინსივრცის ვარსკვლავი გახდა. თი ფეისბუკის მესენჯერში ბინადრობს და ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს ციფრულ ცხოვრებაში. როგორც თავად ამბობს, ჯერჯერობით ბეტა ვერსიაა და ამიტომ ყველა კითხვაზე პასუხი ჯერ არა აქვს.

„მე ვარ ქართულ ენაზე მოლაპარაკე ბოტი და ვეცდები, ჩემი რობოტული ჭკუით დაგეხმარო“, – ასე გვაცნობს თავს თი, როდესაც ჩატში ვინაობას ჰკითხავთ. ამ ეტაპზე თის შეუძლია გაგაცნოთ ვალუტის კურსი, მიგასწავლოთ გზა უახლოეს ბანკომატამდე და ფილიალამდე, ასევე მოგაწოდოთ ინფორმაცია სესხების შესახებ. მან მხოლოდ ქართული იცის და, შესაბამისად, მხოლოდ ქართულ შრიფტს აღიქვამს.

თი ბოტი თიბისი ბანკმა მომხმარებელთან კომუნიკაციის გასაიოლებლად და ინფორმაციის ოპერატიულად გასავრცელებლად შექმნა. ინოვაციური პროექტის პრეზენტაცია 6 მარტს ტექნოპარკში გაიმართა. ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში, როდესაც ონლაინკონსულტაციისთვის რობოტს შეგიძლიათ მიმართოთ და მას ქართულ ენაზე გაესაუბროთ. ამისთვის არც ბანკის საიტზე მოგიწევთ შესვლა და არც სადმე დარეგისტრირება – პლატფორმა ყველაზე ახლობელი და მოსახერხებელია – თის ფეისბუკის ჩატში იპოვით და დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეძლებთ შეკითხვების დასმას. თის საკუთარი გვერდიც აქვს, სადაც ჩვენი ფეისბუკის მეგობრებივით ცვლის პროფილის თუ ქავერ ფოტოებს, აქვეყნებს დაბადების დღის სურათებს და გვიზიარებს სიახლეებს. ახლახან ისიც კი გავიგეთ, რომ თურმე ძალიან უყვარს Radiohead, საყვარელი სიმღერა კი Fitter Happier ყოფილა, რაც ალბათ სულაც არაა გასაკვირი სიმღერის ჟღერადობიდან და ტექსტიდან გამომდინარე.

თი თანდათან ვითარდება და უახლოეს პერიოდში სულ უფრო მეტ საბანკო საკითხში შეძლებს თქვენს დახმარებას. ზვიად წოწკოლაურის, თიბისი ბანკის მულტიჩენელის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, ხელოვნური ინტელექტის უსაზღვრო შესაძლებლობებიდან გამომდინარე, თი მალე აითვისებს ყველა საჭირო ინფორმაციას და შესაძლოა, ფინანსურ საკითხებში ჩვენი პერსონალური ასისტენტიც კი გახდეს:

„მას ეცოდინება ყველაფერი ჩვენი ქცევების, ჩვენი ფინანსური ცხოვრების შესახებ და მოგცვემს რჩევებს, რომელთა გაზიარებაც ჩვეულებრივ კონსულტანტს ინფორმაციის ნაკლებობის გამო გაუჭირდება. ის 24 საათის განმავლობაში იფხიზლებს, როცა მივმართავთ, მოგვისმენს და მაშინვე ხალისიანად გვიპასუხებს. არც ცუდი განწყობა დარევს ხელს და არც უკმაყოფილება ბანალური კითხვის გამო. რაც მთავარია, მისი პასუხები ყოველთვის შეუმცდარი და კომპეტენტური იქნება“, – აღნიშნავს წოწკოლაური.

თიბისი ბანკმა პროექტი Pulsar AI-სთან ერთად შეიმუშავა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე პირველი ქართული კომპანიაა. დეველოპერების ჯგუფი, რომელმაც თი ბოტი შექმნა, ახლა მისი განათლებით არის დაკავებული. როგორც Pulsar AI-ის ტექნიკური დირექტორი, ზაალ გაჩეჩილაძე ამბობს, ხელოვნური ინტელექტის მიღწევები დღეს მსოფლიოში რამდენიმე ენაზეა ხელმისაწვდომი, თი ბოტის შექმნა სწორედ ამ სივრცის გაფართოების მცდელობაა: „ჩვენ ახლა ვდგამთ პირველ ნაბიჯებს იმისკენ, რომ ქართულ ენაზეც შევძლოთ მსგავს ტექნოლოგიებთან ურთიერთობა. ამ პლატფორმაზე ეს პირველი ქართულენოვანი ბოტია. ჩვენ გავაგრძელებთ სხვა პლატფორმების ათვისებასაც, ასევე ვმუშაობთ ფოტო- და ხმოვან ტექნოლოგიებზე და შევეცდებით, მომხმარებელს სულ უფრო მრავალფეროვანი და მოსახერხებელი კომუნიკაციის საშუალებები შევთავაზოთ“, – აღნიშნავს ზაალ გაჩეჩილაძე.

მისი თქმით, მალე თი ბოტთან საუბარი უფრო ინტერაქტიული გახდება და რაც უფრო ახლოს გაიცნობთ მას, რაც უფრო მეტს გაანდობთ თქვენ შესახებ, მით უფრო რთულ და კონკრეტულ მითითებებსაც მისცემთ. მაგალითად, მალე მისწერთ, რომ თქვენს მეუღლეს ან ახლობელს 100 ლარი გადაურიცხოს და ის ამ ტრანზაქციას წამებში შეასრულებს. ან, სულაც, ეტყვით, რომ თქვენი ანგარიშიდან კომუნალური გადასახადები გადაიხადოს და არც ამაზე დაგზარდებათ.

 

 

 

ავტორი :
  • ანასტასია ქარელი