2015 წლის მიწურულს, მარიამ ნატროშვილთან და დეთუ ჯინჭარაძესთან სტუმრობისას, საუბარი ცნობილი ნიუიორკული სახელოვნებო ორგანიზაციის, „აპექსარტის“ კონკურსზე ჩამოვარდა. კონკურსის საბოლოო ვადა 2016 წლის 28 თებერვალი იყო. „აპექსარტის“ კონკურსის სპეციფიკა ისაა, რომ არტისტის გამარჯვების შემთხვევაში გამოფენა არა ნიუ იორკში, არამედ იმ ქვეყანაში ეწყობა, საიდანაც მისი კონცეფცია შემოდის. კონკურსი კი ყოველ წელს იმართება. 500-სიტყვიან ტექსტს, რომელიც ავტორის სახელის გარეშე გადის, „აპექსარტის“ საერთაშორიო ჟიურის ორასი ანონიმური წევრი აძლევს ხმას. საბოლოოდ, მთელი მსოფლიოდან ოთხი პროექტი ირჩევა.

დავიწყეთ ფიქრი, ნახევრად სერიოზულად, რისი გაგზავნა იქნებოდა ჩვენთვის საინტერესო. ჩვენთან ერთად იყო ზურა ჯიშკარიანიც, რომელმაც გაიხსენა, რომ საგურამოში იყო ერთი უნიკალური შენობა – კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტი. კოსმოსის ხსენებაზე ჩვენ ზურას 2008 წლის ტექსტი – „არალეგალური კოსმონავტიკა“ გაგვახსენდა და უცბად პროექტის შესაძლო კონცეფციამ ჯერ კიდევ ბუნდოვანი, მაგრამ ხელშესახები კონტურები შეიძინა.

პროექტის საბოლოო ტექსტში დავწერეთ საბჭოთა კოსმოსურ პროგრამებზე, პოსტსაბჭოთა სოციუმზე და იმაზე, გადარჩენის რა უნარებია საჭირო, თუ დღეს არსებული სისტემაც დაინგრა. გადარჩენისთვის სამ ყველაზე აუცილებელზე – საკვების მოპოვების, თავდაცვისა და კომუნიკაციის უნარებზე შევჩერდით. შესაბამისად, პროექტს ვორქშოპები დავუმატეთ: პარტიზანულ მებაღეობაზე, ქართველი მეცნიერების გამოცდილებაზე კოსმოსური კომუნიკაციების სფეროში, ქცევებზე კრიტიკულ სიტუაციებში და საზოგადოებაზე, როგორც სისტემაზე.

პროექტისთვის მცირე პუბლიკაციის დაბეჭდვაც გადავწყვიტეთ, ინტერვიუებით კოსმოსურ კვლევებზე საქართველოში და კოსმოსის არაკორპორაციული და არასახელმწიფო ათვისების საერთაშორისო ტენდენციებზე. იგულისხმება ის, რომ კოსმოსს სახელმწიფო და მდიდარი კორპორაციების გარდა, დღეს ბევრი კერძო პირი და არასამთავრობო ორგანიზაცია იკვლევს, არა ტექნოლოგიური, არამედ მორალური და კულტუროლოგიური თვალსაზრისით. ჯიშკარიანის თავდაპირველი ტექსტის მთავარი გზავნილიც ეს არის:

„არალეგალური კოსმონავტიკა დაიწყება ოფიციალურად აღიარებული პოლიტიკური და ონტოლოგიური რეალობის აბსოლუტური, საყოველთაო, თუმცა საიდუმლო უარყოფით. ეს იქნება ყველაზე მასობრივი და ყველაზე ჩუმი გაფიცვა არსებული ისტორიული სიტუაციის წინააღმდეგ. გარეგანი და შინაგანი კოსმოსის ინდივიდუალური შესწავლა ნებისმიერი ხელმისაწვდომი თუ მიუწვდომელი ნივთით, ემოციით, პეიზაჟით, ადამიანით, სიტუაციით“.

2016 წლის აპრილში, სტამბოლის აეროპორტში, ტელეფონის ეკრანზე 212-ით დაწყებული ნომერი გამოჩნდა. 212 ნიუ იორკის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და, ამდენად, ცნობილი სატელეფონო კოდია. ცუდი კავშირის გამო ვერ ვუპასუხე, თუმცა ვფიქრობდი, რომ 400-მდე პროექტის ავტორს, რომელიც კონკურსში მონაწილეობდა, დამარცხებაზე სასაუბროდ არ დაურეკავდნენ. როგორც შემდეგ გაირკვა, „აპექსარტის“ დამფუძნებელი სტივენ რენდი გამარჯვებას ყველას პირადად ულოცავს. სხვა გამარჯვებული პროექტები იყო:

„სიმართლე ქურთი მეომარი-დივების შესახებ“, ბერლინი, კროიცბერგის ერთ-ერთი გალერეა; „თავისუფლების ციალი“, კეიპ ვერდეს, სანტიაგოს კუნძულის მიტოვებული ციხე და „მბაოში ვერ გხედავ“, თიუროიე, სენეგალი.

საგამოფენო პროექტი „არალეგალური კოსმონავტიკა“ ჩემი და მარიამ ნატროშვილის კურატორული თანამშრომლობის შედეგია. ის შვიდ ნამუშევარს, სამ ვორქშოპს და პატარა პუბლიკაციას მოიცავს. საგურამოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტში, გამოფენა 24 ივნისს გაიხსნა და 22 ივლისამდე გაგრძელდება.

მარიამ ნატროშვილის და დეთუ ჯინჭარაძის ადგილსპეციფიკური „დაუდგენელი მასალების მუზეუმი“ მხატვრების მცდელობაა, საბჭოთა წარსული საბჭოთა უტოპიის ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენლის – კოსმოსის დაპყრობის იდეით გაიაზრონ, რაც დედამიწაზე, და შემდეგ კი მთელ გალაქტიკაში, კომუნიზმის დამყარებაში მდგომარეობდა. „მუზეუმის“ მნიშვნელოვანი ნაწილია სიტყვა „გაქცევა“ (ESCAPE), რაც ჩემთვის იმის დადასტურებაა, რომ, მიუხედავად უამრავი ცვლილებისა, რომელიც საქართველოში ბოლო 25 წლის განმავლობაში მოხდა და მიუხედავად ახალი თაობებისა, რომლებსაც შეიძლება არც კი ახსოვდეთ საბჭოთა კავშირი, გაქცევა კოსმოსში თუ დედამიწის სხვა მხარეში, ისევ აქტუალურ იდეად რჩება.