არტისტერიუმზე საუბრის მიმართულება იცვლება, – ახლა ის უკვე ისტორიაა. „არტისტერიუმი ისეთი, როგორიც არის“ – 2018 წლის გამოცემის სათაური ეს იყო და ასე დასრულდა არტისტერიუმის ათწლიანი ციკლი. როგორც კურატორი მაგდა გურული ამბობს, ეს მოვლენა კვლავ დარჩება ქართულ არტსივრცეში, მაგრამ შეიცვლის ფორმატს. ბუნებრივია, ეს ფაქტი უკვე პირობაა ანალიტიკური სამუშაოსთვის; იმის გასააზრებლად, თუ როგორ ვითარდებოდა არტისტერიუმი, როგორც თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გამოფენა და რამდენად შეცვალა მან ქართველი დამთვალიერებელი, ან ქართველი ხელოვანი, ანდა, ზოგადად, ვიზუალური ხელოვნების განვითარების პროცესი.

ინტერვიუ არტისტერიუმის კურატორთან, მაგდა გურულთან.

ხ.ხ. არტისტერიუმის „დასასრულის“ ოფიციალური განმარტება გასაგებად არის გადმოცემული წლევანდელი კატალოგის შესავალში, არის კიდევ მიზეზები, რომლებიც არ განხილულა?

მ.გ. არტისტერიუმის „დასასრული“ არ იგეგმება, იგეგმება ცვლილებები, რაც მოიცავს ფორმატს, ადგილს და თემატიკას. არტისტერიუმი თანამედროვე ხელოვნებისადმი მიძღვნილი ერთადერთი გამოფენაა, რომელმაც შეძლო პერიოდულობის შენარჩუნება და გაიმართა ზედიზედ 11-ჯერ. ვფიქრობთ, რომ 11 წელი უკვე დიდი დროა იმისთვის, რომ ცვლილებები დავგეგმოთ. 

ხ.ხ. არტისტერიუმმა  ნამდვილად გაზარდა საქართველოში თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების დამთვალიერებელთა რიცხვი, ასევე ხელი შეუწყო ამ სფეროს პოპულარიზაციას. კიდევ რისი გაკეთება შეიძლებოდა, რაც ვერ მოხერხდა? 

მ.გ. დასაწყისში არტისტერიუმის  მიზანი სახელოვნებო ინფრასტრუქტურის და საგალერეო გამოფენების განვითარებაში ჩართვა იყო. მიუხედავად იმისა, რომ 10 წლის განმავლობაში რამდენიმე პროექტი არასაგალერეო სივრცეში (ელიავას ბაზრობა, „აუდის“ პროფილაქტიკა დიდუბეში, გუდიაშვილის ბაღი) მოეწყო, არტისტერიუმი მაინც ე.წ. თეთრ კუბში მოწყობილი გამოფენების 11-წლიანი სერიაა. თავიდან მისი ბიენალედ გარდაქმნა იგეგმებოდა, მაგრამ შემდეგ ჩვენ თვითონ ვთქვით უარი ამ იდეაზე, რადგან ვფიქრობთ, რომ ბიენალე უმჯობესია ჩატარდეს არა დედაქალაქში, არამედ რომელიმე რეგიონულ, პატარა ქალაქში, რაც მსოფლიო პრაქტიკაა. გარდა ამისა, როცა 2008 წელს დავიწყეთ მუშაობა, საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური სპეციფიკაც გავითვალისწინეთ და უფრო გონივრულად მივიჩნიეთ, ყოველწლიური გამოფენის ფორმატში გვემუშავა, ვიდრე მოდურ სიტყვას –  „ბიენალეს“ გამოვკიდებოდით. თანაც, გამოფენა ორი წლის ინტერვალით, ჩვენი აზრით, იმავე შედეგს ვერ მოიტანდა.  

ხ.ხ. გასაგებია დაფინანსების პრობლემები და ის არაჰუმანური პროცედურა, რომლის გავლაც ნებისმიერ სახელოვნებო ორგანიზაციას დაფინანსების მიღებისას უხდება. როგორი იყო ამ მხრივ არტისტერიუმის გამოცდილება? 

მ.გ. სხვათა შორის, წელს არტისტერიუმის ფარგლებში ჩემი საკუთარი, ალბათ პირველი და ბოლო სახელოვნებო ნამუშევრის გამოფენა მინდოდა. იდეა მქონდა, გამომეფინა მთელი ათი „ფოლდერი“, რაც სახლში მაქვს განვლილი არტისტერიუმების ყველა პროექტითა და იმ საბუთების ორიგინალებით, რომლებსაც ათი წლის განმავლობაში ვგზავნიდით კულტურის სამინისტროში, თბილისის მერიასა და სხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში. მინდოდა, ამეწონა და ასე გამომეფინა ყველაფერი ერთად, ალბათ, თავისუფლად დაიკავებდა თბილისის ისტორიის მუზეუმის ყველაზე განიერ კედელს. ნამუშევრის ანოტაციაში (ოღონდ სახელი არ მქონდა) ვაპირებდი, დამეწერა, რამდენი კილოგრამი ქაღალდი დაიხარჯა ამ ათი წლის განმავლობაში და რამდენი ხეა (და სხვა მასალა) საჭირო ამდენი ქაღალდის დასამზადებლად, რამდენი სიტყვა მაქვს აკრეფილი, რამდენი დრო დასჭირდა მთლიანობაში ამ პროცესს და ა.შ... ამით მინდოდა, მაყურებელს ენახა, თუნდაც ფორმალურ მხარეში რა შრომაა ჩადებული და რა დგას არტისტერიუმის გამოფენების უკან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მინდოდა, ადამიანებს თვალნათლივ დაენახათ ის აბსურდი, რასი კეთებაც ალბათ ყველა სახელოვნებო ორგანიზაციას უწევს იმისთვის, რომ ქართული თანამედროვე ხელოვნების განვითარებაში მონაწილეობა მიიღოს. საბოლოოდ, ამ პროექტზე უარი ვთქვი, ჩანაფიქრი ბოლომდე რომ მიმეყვანა, საორგანიზაციო თუ სხვა ტიპის საკითხებისთვის შეიძლება დროც აღარ დამრჩენოდა.

ხ.ხ. არტისტერიუმის ისტორიიდან რომელ ნამუშევარს (ნამუშევრებს) ჩათვლიდი განსაკუთრებით რეზონანსულად?

მ.გ. არტისტერიუმის ისტორიაში იყო გამოფენები და, შესაბამისად, ნამუშევრები, რომლებიც პირდაპირ პასუხობდა მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემატიკას. ასეთი იყო, მაგალითად, 2012 წლის „პროტესტი, რომელიც არასდროს მთავრდება“ ან 2014 წლის „ჰიუსტონ, პრობლემა გვაქვს!“ მიუხედავად ამისა, შარშანდელმა გამოფენამ, სახელწოდებით „ხელოვნება, რეწვა, დიზაინი“, კიდევ ერთი უპრეცედენტო მოწონება დაიმსახურა. ამ დროს, თემა საკმაოდ ფორმალისტური იყო და თითქოს არც ჩვენ ვითხოვდით სოციალურად აქტუალურ ნამუშევრებს. მსგავსი წარმატების  შემდეგ ვფიქრობდი, რომ სინამდვილეში, საქართველოში საზოგადოების მხრიდან არ არსებობს „დაკვეთა“ სოციალურად დამუხტულ თემატიკასა და ნამუშევრებზე. ამის დასანახად დიდად ხელოვნებაც არ არის საჭირო. ყველამ ვიცით, რომ ქართული საზოგადოება არასოდეს აპროტესტებს წმინდად სოციალურ პრობლემატიკას. ჩვენი საზოგადოება ყველაფერში ემოციურ შემადგენელს და გარეგნულ ფორმას (სილამაზეს, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს სიტყვა) ეძებს. თუმცა, საინტერესო იყო იმის აღმოჩენა, რომ ამ ნიშნით დღევანდელი ქართული ხელოვნება სწორედაც რომ გამოხატავს საქართველოში არსებულ სულიერ თუ ემოციურ მდგომარეობას. ეს მეტყველებს იმაზე, რომ თანამედროვე ხელოვნება ჩვენში, დიდი ანგარიშით, არ არის მოწყვეტილი საზოგადოებრივ ცნობიერებას, ოღონდ, ის ამ „ცნობიერების“ ავანგარდში კი არ არის, არამედ უკან მიჰყვება და მხოლოდ რეაგირებს მასზე. ქართული თანამედროვე ხელოვნება, სამწუხაროდ, არ ცდილობს, თვითონ შექმნას ორიგინალური, მეინსტრიმული განწყობებისგან განსხვავებული კონტექსტი ან თეორიული დისკურსი, რომელშიც განმსაზღვრელი იქნებოდა კრიტიკული მიმართება და დამოკიდებულება – ნაკლები ემოცია და მეტი ინტელექტი. იმის გათვალისწინებით, რომ ხელოვნება მაყურებლის გარეშე არ არსებობს, ამაში მხოლოდ მხატვრებსაც ვერ დავადანაშაულებთ.  

ხ.ხ. წლევანდელი შოუს დიდი ნაწილი ახალგაზრდა ხელოვანებსა და ფერწერის მედიუმს დაეთმო. პროექტის მიზანი მიმდინარე პროცესის ჩვენება იყო თუ მეინსტრიმზე აკეთებდა აქცენტს?

მ.გ. არტისტერიუმის არსებობის პერიოდში ყველაზე ნაკლებად წარმოდგენილი მხატვრული მედიუმი ფერწერა იყო. ამის მიზეზი ალბათ ის იყო, რომ დასაწყისში უფრო თანამედროვე და ახალ მედიუმებს ვაჩვენებდით და მათ განვითარებას ვუწყობდით ხელს, მაშინ როდესაც ფერწერა ალბათ ყველაზე მეტად პოპულარულია საქართველოში და მას აქვს, ალბათ, ყველაზე მკაფიოდ გამოხატული კომერციული პოტენციალიც. ახლა კი, ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ წლევანდელი არტისტერიუმის მთავარ მედიუმად ფერწერა ავირჩიეთ, რადგან მაყურებლის გამოხმაურება მართლაც უპრეცედენტო იყო. ქართველი დამთვალიერებლისთვის ფერწერა რჩება ერთ-ერთ მთავარ მხატვრულ საშუალებად, რომელსაც გაცილებით ემოციურად აღიქვამს, ვიდრე ნებისმიერ ინსტალაციასა და ვიდეოს. ასევე, ბოლო ხანებში, საქართველოში გახშირდა გამოფენები მთლიანად თანამედროვე მედიუმებით, რაც ზოგჯერ უკვე ღიმილსაც კი იწვევს, რადგან, როგორც ერთმა შედარებით უფროსი თაობის, არაფერმწერმა ხელოვანმა მითხრა, „დღეს ყველამ ისწავლა თანამედროვე ხელოვნების „ენა“, და უკვე ყველას შეუძლია გააკეთოს ის, რასაც ჩვენთან ინსტალაციას არქმევენ“. ამდენად, ეს ზოგჯერ საინტერესოც კი აღარ არის.  

ხ.ხ. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ე.წ. ტექნოლოგიებით გაკეთებული ვიზუალური ხელოვნება უკვე პოპკულტურად გადაიქცა საქართველოში?

მ.გ. აბსოლუტურად. თუმცა, ის ჯერ პოპკულტურასავით მასობრივი არ არის, რადგან ამას თანამედროვე ხელოვნებაზე მიწებებული „ელიტურობის“ იარლიყი უშლის ხელს. ამ იარლიყს კი, ჩემი აზრით, გარეგნული (ხშირად, კონცეფციის ჩარჩოებიდან „გასული“) ეფექტები და „ლამაზი ზედაპირულობა“ იწვევს. მიუხედავად ამისა, მისი პოპკულტურად გარდაქმნის პოტენციალი, ბოლო დროს, ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა. ეს შეიძლება კარგიც იყოს და ამის საპირწონედ, ბოლოს და ბოლოს, მართლაც გაჩნდეს კრიტიკული, მოაზროვნე ხელოვნება, მას შემდეგ, რაც ყველა თავის ადგილს იპოვის და ყველაფერი „თაროებზე დალაგდება“.