რა შეიძლება იყოს უფრო მშვენიერი, ვიდრე უსამართლობის წინააღმდეგ აჯანყება?

რომელი ხელოვნება შეიძლება იყოს უფრო ამაღლებული და ნატიფი, ვიდრე ხელოვნება, რომელიც ადამიანს სიკვდილისგან იხსნის?

როგორ უნდა დაარღვიოს ხელოვნებამ პოპულისტი პოლიტიკოსების და გულგრილი საზოგადოების სიმშვიდე? როგორ უნდა შექმნას მან იდეალური უტოპია და ამ უტოპიით შეცვალოს სინამდვილე?

„პოლიტიკური მშვენიერების ცენტრის“ წევრები საკუთარ თავს აგრესიულ ჰუმანისტებს უწოდებენ. სახეგამურულები, ხელში ხელოვნების და პოლიტიკის ცეცხლმოკიდებული კოქტეილით, სისასტიკისა და მშვენიერების ზღვარზე, ცვლიან დღის წესრიგს და არღვევენ ღამის სიმშვიდეს.

„პოლიტიკური მშვენიერების ცენტრი“ არტისტების ჯგუფია, რომელიც 2009 წელს ფილოსოფოსმა ფილიპ რუხმა დააარსა. ჯგუფის ნამუშევრები – პერფორმანსები და აქციები, უფრო ზუსტად კი, როგორც თვითონ უწოდებენ – ოპერაციები, სცილდება თეატრის სცენას, მუზეუმებსა და გალერეებს და ყოველდღიურობაში ხდება. თან, უბრალოდ კი არ ხდება და მთავრდება, რეალობას აიძულებს, შეიცვალოს და გარდაიქმნას. „პოლიტიკური მშვენიერების ცენტრი“ ნამუშევრებით სვამს კითხვებს, რომელთა მოსმენა არავის უნდა და პასუხად რეალურ ცვლილებებს ქმნის, კი არ ითხოვს.

„ხელოვნებამ, ხელოვნება უნდა აჯანყდეს“, – ამბობენ სახეგამურული რეალობის ჰაკერები და დამწვარი იმედებისგან, საზოგადოების გულგრილობისა და პოლიტიკოსთა პოპულიზმისგან ქმნიან ჰუმანიზმის მონუმენტებს.

„სამყაროში, სადაც 2 წლის ბავშვის ხმელეთზე გამორიყული ცხედარი მხოლოდ ორი დღით გვაშფოთებს და ვერაფერს ცვლის, ჩარევა აუცილებელია“, – პოლიტიკური მშვენიერება, უმოქმედო პროტესტის ნაცვლად, გამოსავალს თავად პოულობს და მოქმედებს.

საზოგადოების, მედიისა და პოლიტიკოსების რეაქცია ხშირად მწვავეა – „ეს არ არის ხელოვნება, ამას არაფერი აქვს საერთო ხელოვნებასთან“, – წერენ გაზეთებში. ხშირად ხალხს აღიზიანებს ეს ხელოვნება, რადგან გალერეაში გამოფენილი ნამუშევრებისგან განსხვავებით, ეს ოპერაციები მათ თავგზას უბნევს. ამ აქციების მოულოდნელობა, აგრესია და რადიკალიზმი ახსენებს მათ, რომ გარემონტებულ, თბილ, მავთულხლართიან კედლებს მიღმა, ომი და სიღარიბეა, ისინი კი თავიანთი გულგრილობით ამ ომის თანამონაწილეები არიან.

ხშირად ჯგუფი ისტორიული ფაქტების გამეორების ხერხს მიმართავს და კითხულობს: რატომ მეორდება ისტორია? რატომ ვუშვებთ უარეს შეცდომებს?

„პოლიტიკური მშვენიერების ცენტრი“ გადატენილი ხელოვნებით აზანზარებს თბილ კაბინეტებს, არყევს სავარძლებს, სასადილო მაგიდას, საძინებელს. მათი ალესილი ხელოვნება რეალობას სერავს და კმაყოფილ, დანაყრებულ, ჩაძინებულ ევროპას აფხიზლებს.

განსაზღვრებით დავიწყოთ. ვინ ხართ?

პოლიტიკური არტისტები ვართ, აგრესიული ჰუმანისტები. ჩვენი მიზანი მორალური მშვენიერების, პოლიტიკური პოეზიის და ადამიანური სიდიადის დამყარებაა. ჩვენი ხელოვნება ადამიანებს იცავს.

საინტერესოა, როგორია მუშაობის პროცესი?

ნამუშევრებზე თვეობით ვმუშაობთ, ზოგჯერ წლობითაც. იდეის განვითარებას, კვლევას, დაგეგმვას დიდი დრო სჭირდება. ჯგუფის 15-20 წევრი დეტალურად გეგმავს პროექტებს, ასი ან ასზე მეტი ადამიანი კი განხორციელებაში ერთვება.

რა არის თქვენთვის მთავარი ხერხი, მთავარი იარაღი? რა არის თქვენი „მასალა“?

ჩვენთვის ძირფესვიანი კვლევა, დეტალური დაგეგმვა ძალიან მნიშვნელოვანია. მუშაობის ხერხემალი პოლიტიკური მშვენიერების იდეალების შესაბამისად მოქმედებაა.

ჩვენი იარაღი უშიშრობაა. 

ჩვენი მასალა სინამდვილეა.

ტრანსპორტი ბავშვებისთვის –

ფედერალური სამაშველო პროგრამა

2014 წელს „პოლიტიკური მშვენიერების ცენტრმა“ გადაწყვიტა, შეექმნა დროებითი ჰიპერრეალობა, რომელშიც გერმანიის მთავრობა სირიელი ბავშვების სიცოცხლის გადარჩენაზე იზრუნებდა. ცენტრმა ოჯახის საქმეთა ფედერალური სამინისტროს სახელით წამოიწყო კამპანია, სახელად „ტრანსპორტი ბავშვებისთვის“. კამპანიის ფარგლებში, გერმანიაში მცხოვრებ ოჯახებს სირიელი დევნილი ბავშვების დროებით შვილად აყვანა და გადარჩენა შეეძლოთ.

UNICEF-ის 2014 წლის მონაცემების მიხედვით, სირიაში 5.5 მილიონი ბავშვის სიცოცხლე იყო საფრთხეში. ფედერალური სამაშველო პროგრამა ომს ასში ერთ ბავშვს გამოსტაცებდა. ამ ჰიპერრეალობაშიც კი, მხოლოდ 1 პროცენტს ჰქონდა გადარჩენის შანსი. ხოლო პოლიტიკურ სინამდვილეში, ასში ერთი ბავშვის დახმარებაც ზღაპარია.

კამპანია გერმანიის ოჯახის საქმეთა მინისტრის მანუელა შვესიგის სახელით ტარდებოდა. მანუელა შვესიგმა აქციის შესახებ არაფერი იცოდა.

გადამწვარ ალეპოში გამოიკრა ბანერები გერმანიის ოჯახის მინისტრის ფოტოთი და პროექტის შესახებ ინფორმაციით. გერმანულ მედიაში დაიწყო კამპანია, გავრცელდა ვიდეოები, საიტი – გერმანიის ოჯახის საქმეთა სამინისტროს ზუსტი ასლი – სადაც რეგისტრაციის გავლა შეიძლებოდა. ცხელ ხაზზე კითხვებს 6 მსახიობი პასუხობდა. ალეპოსა და ბერლინში მოეწყო მადლობის აქციები. სირიელი ბავშვის აყვანის სურვილი 800-მდე ოჯახმა გამოთქვა, მათი აპლიკაციები პირდაპირ სამინისტროს ეგზავნებოდა. მინისტრს ვიდეოებში მადლობას უხდიდნენ ალეპოელი ბავშვები. „მინისტრი არჩევანის წინაშე დადგა: უგულობა თუ პოლიტიკური მშვენიერება?“. ცენტრმა აიძულა გერმანიის მთავრობა, გამოეცხადებინა: არა, ჩვენ არ ვაპირებთ ბავშვების გადარჩენას. ეს ნიშნავდა აღიარებას: ფეხებზე გვკიდია ყველა, ვინც ჩვენს საზღვრებს გარეთ კვდება.

წლების წინ, 1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, ბრიტანეთმა 10 000 ებრაელი ბავშვი მიიღო და გაზის კამერებისგან იხსნა. „პოლიტიკური მშვენიერების ცენტრის“ აქცია გერმანულად იმავე სახელს ატარებს – „ტრანსპორტი ბავშვებისთვის“ და სცენარიც იგივეა.

ფრიდრიხშტრასეს სადგურში, ფრანკ მეისლერის სკულპტურასთან „მატარებლები სიკვდილისკენ, მატარებლები სიცოცხლისკენ“, რომელიც ჰოლოკოსტის დროს 10 000 გადარჩენილი და 1.6 მილიონი დაღუპული ბავშვის ხსოვნას ეძღვნება, „პოლიტიკური მშვენიერების ცენტრმა“ ახალი მემორიალი დადგა: 2 კონტეინერი სირიაში ომის დროს დაჭრილი და დასახიჩრებული ბავშვების ფოტოებით. ფოტოებს ნომრები მოჰყვებოდა და გამვლელებს შეეძლოთ ხმა მიეცათ ბავშვისთვის, რომელსაც გერმანიაში შვილად აიყვანდნენ. იქვე იყო საინფორმაციო წერტილი პროგრამის შესახებ და დევნილები თავიანთ ამბებს ჰყვებოდნენ. „სამედიცინო კარავში“ სირიელი ექიმები შეწუხებულ გამვლელებს საჭიროების შემთხვევაში ეხმარებოდნენ.

აქციის დაწყებიდან 4 დღეში, „პოლიტიკური მშვენიერების ცენტრის“ დირექტორთან, ფილიპ რუხთან, ფედერალურ კანცელარიაში შეხვედრის შემდეგ, გერმანიის მთავრობა დამატებით 10 000 დევნილის მიღებას დათანხმდა.

როგორ არჩევთ თემას, რაზეც უნდა იმუშაოთ? როგორ გამოყოფთ მნიშვნელოვანს, შეცდომებით სავსე სამყაროში?

ყველა ნამუშევარი დიდი ხნის მუშაობის და დაგეგმვის შედეგია. ყოველთვის მიმდინარე პროცესების მიხედვით ვმოქმედებთ. აი, მაგალითად, 2017 წლის იანვარში, გერმანელმა პოლიტიკოსმა ბიორნ ჰოეკემ ჰოლოკოსტის მემორიალს სირცხვილის მემორიალი უწოდა. 11 თვის განმავლობაში ყურადღებით ვაკვირდებოდით მას და ვმუშაობდით საპასუხო პროექტზე. მის მეზობლად, უფრო სწორად, პირდაპირ, სახლი ვიქირავეთ. მის ეზოში ჰოლოკოსტის მემორიალის შედარებით მცირე ზომის რეპლიკა ავაშენეთ. ეს იყო ჰოეკესთვის ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ყოველდღიური შეხსენება.

თქვენი ნამუშევრების შესრულებას დიდი ფინანსები სჭირდება. სად შოულობთ ფულს?

ძირითადად სახელმწიფო ინსტიტუციები გვაფინანსებენ: თეატრები, ხელოვნების ფესტივალები. გვყავს მუდმივი შემომწირველები, ზოგჯერ ფულს crowdfunding-ით ვაგროვებთ.

რისი გჯერათ? შესაძლებელია თქვენი მსოფლმხედველობის რაიმე ჩარჩოში მოქცევა?

გვჯერა, რომ ევროპას არ უნდა ჰქონდეს ღობეები და კედლები. გვჯერა, რომ გერმანიამ წარსულში დაშვებული შეცდომები არა მხოლოდ უნდა გაიაზროს, ამ გააზრების შემდეგ უნდა შეიცვალოს კიდეც. ვგულისხმობ თუნდაც იმას, რომ საზღვრები დევნილებს კი არა, ულტრამემარჯვენეებს და ანტიდემოკრატებს დაუწესოს.

უცდია ვინმეს თქვენი გაჩუმება? რა გზებით?

კი, ბევრი ცდილობს ჩვენს გაჩუმებას. მათ შორის იყო თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი, როდესაც თურქეთში მის წინააღმდეგ ბუკლეტებს ვავრცელებდით (Scholl 2017). გერმანიის მთავრობა, როდესაც ჩვენ მიერ 100 სირიელი დევნილისთვის სტამბოლიდან ბერლინში ორგანიზებული ფრენა გააუქმეს (Eating refugees, 2016). გერმანელი ულტრამემარჯვენეები მუდმივად გვემუქრებიან. სასამართლოშიც გვიჩივლეს, როდესაც ჰოეკეს სახლის წინ მემორიალი ავაშენეთ და თვალთვალის შედეგად აღმოვაჩინეთ მისი კავშირები ექსტრემისტ მემარჯვენეებთან (NPD). ამ შემთხვევაში, მათი საჩივარი წარუმატებლად დასრულდა. სასამართლომ ხელოვნების თავისუფლება დაამტკიცა.

 

ხიდი

 

2015 წელს „პოლიტიკური მშვენიერების ცენტრმა“ ავსტრიის დევნილთა კოორდინატორთან, კრისტიან კონრადთან ერთად, ევროპის შიდა უსაფრთხოების ფონდში განსახილველად შეიტანა 230 კილომეტრის სიგრძის ხიდის მშენებლობის პროექტი. „მოდი, ავაშენოთ ხიდი მომავალში“, –  მომავლის ხიდი ორ კონტინენტს, ევროპასა და აფრიკას დააკავშირებდა. ჯგუფმა თან კამპანია წამოიწყო და ხიდის შესახებ ინფორმაცია მედიასა და ინტერნეტში გაავრცელა.

ხიდი, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში სიკვდილს შეაჩერებდა, არ აშენდა. ადამიანებს, ომს რომ გაურბიან და უსაფრთხო მიწაზე გადარჩენას ეძებენ, ზღვა აქრობს. 2015 წელს ხმელთაშუა ზღვაში 4 000-მდე დევნილი დაიხრჩო. არაოფიციალური მონაცემებით კი ეს რიცხვი ბევრად დიდია.

ცენტრის მიერ გავრცელებულ ვიდეოში სამაშველო ორგანიზაციის Sea Watch-ის კაპიტანი ინგო ვერტი ამბობს: „რომელიმე ნავის გადარჩენისას, ვიცი, რომ სადღაც აქვე, სხვა ნავი იძირება“.

„მაგრამ კაცობრიობა ვერ დაიცდის ხიდის დასრულებამდე“, – აცხადებს „პოლიტიკური მშვენიერების ცენტრი“ და ხმელთაშუა ზღვაში 1000 სამაშველო პლატფორმის განთავსებას იწყებს. პირველი და ერთადერთი პლატფორმა ზღვაში – „აილან 1“, თურქეთის სანაპიროზე გამორიყული სირიელი ბიჭუნას, აილან ქურდის სახელობის სამაშველო კუნძული, 2015 წლის ოქტომბერში დამონტაჟდა.

პლატფორმა აღჭურვილია სანავიგაციო რადარებით, პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთით, საკვებითა და სხვა საჭირო მოწყობილობით. პლატფორმაზე 60 ადამიანი ეტევა და ღილაკზე დაჭერისას სიგნალი უახლოეს სამაშველო სადგურს და „პოლიტიკური მშვენიერების ცენტრს“ გადაეცემა.

იმედგაცრუება ხშირად ახლავს წინააღმდეგობას. გქონიათ თუ არა შემთხვევა, როდესაც ფარ-ხმლის დაყრა გინდებათ? რას აკეთებთ ამ დროს?

ჩვენ ვაცნობიერებთ დემოკრატიაში ცხოვრების, ხელოვნებისა და გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურად დაცული უფლებების მნიშვნელობას. ეს უფლებები დასაცავია, ყოველდღიურად დასაცავი. პასუხისმგებლობას ვგრძნობთ იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ეს უფლებები არ აქვს, ვინც ვერ ებრძვის დიქტატორულ რეჟიმებს თავიანთ ქვეყნებში იმიტომ, რომ იმავე ქმედებისთვის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მათ დაიჭერენ, მოკლავენ ან ციხეში გამოამწყვდევენ.

დემოკრატიულ და თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრების პრივილეგიას ხშირად ვეხებით ჩვენს ნამუშევრებში. „Scholl 2017“-ში გერმანიის საზოგადოებაში დიქტატორული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლა რომ წაგვეხალისებინა, ჰანს და სოფი შოლების, ნაციზმის წინააღმდეგ მებრძოლი წყვილის ხსოვნა დღევანდელობაში გადმოვიტანეთ. ჰანს და სოფი შოლები ხომ არასდროს გაჩერდებოდნენ იმედგაცრუების მიზეზით.

გიგრძვნიათ თავი დამარცხებულად?

არა.

დუმილი, უმოქმედობა შეიძლება იყოს წინააღმდეგობის იარაღი?

რა თქმა უნდა. პოპულისტური გამოსვლების არგაშუქება, მოჰამედ ბინ სალმანთან საქმის არდაჭერა. უარის თქმა იმაზე, რასაც არ ეთანხმები. ჰიჯაბის არდახურვა, როდესაც გერმანელი პოლიტიკოსი ხარ და ირანში ჩადიხარ, სადაც იმავე ქმედებისთვის ირანელ ქალს ციხეში ჩასვამდნენ ან მოკლავდნენ კიდეც.

მაგრამ, უმოქმედობა მხოლოდ რიგ შემთხვევებში შეიძლება იყოს წინააღმდეგობა. უმოქმედობა ვერ იქნება საზოგადოების აპოლიტიკური და ზარმაცი ნაწილის პასიურობის საპატიო მიზეზი.

 

მკვდრები მოდიან

2015 წელს, „პოლიტიკური მშვენიერების ცენტრმა“ შეიტყო, რომ ხმელთაშუა ზღვასა და ევროპის სანაპიროებზე დაღუპულ დევნილებს უსახელოდ მარხავენ მასობრივ საფლავებში. როგორც ანტიგონემ, „პოლიტიკური მშვენიერების ცენტრმა“, ჯიუტად და უშიშრად, მკვდრების ღირსეულად დამარხვა გადაწყვიტა. მათი იდეა იყო, ადამიანები, ვისაც ევროპაში ჩასვლა სიკვდილის ფასად დაუჯდათ, კონტინენტის „დამცავი მექანიზმის“ გულში – ბერლინში დაეკრძალათ. გარდაცვლილთა ნათესავების თანხმობით, ჯგუფმა საზღვარზე ნაპოვნი ორი მიცვალებული ბერლინში გადაასვენა და პატივით დაკრძალა. პოლიტიკოსების უმოქმედობისა და გულგრილობის შედეგი, „ევროპული იზოლაცის მსხვერპლნი“ – უსახელოდ დაკარგული მკვდრები – „პოლიტიკურმა მშვენიერებამ“ გააპატიოსნა და საოცნებო მიწას მიაბარა.

„სახელმწიფო დაკრძალვაზე“ მათ პოლიტიკოსებიც დაპატიჟეს. საფლავის წინ, კანცლერის და მთავრობის სხვა წევრებისთვის სკამები დადგეს. სკამები ცარიელი დარჩა, არავინ მიბრძანებულა.

აქციის მეორე ნაწილი, კანცლერის ოფისის წინ, ზღვაში დაღუპული უცნობი დევნილების მემორიალის გახსნა იყო. მემორიალი იქნებოდა სასაფლაო, თაღზე  სათაურით: „უცნობ ემიგრანტებს“. ჯგუფმა მემორიალის პროექტის ბანერი შენობის წინ გამოაკრა. რამდენიმე დღეში კი, ბერლინში 5000 ადამიანის მონაწილეობით „გადამწყვეტი მსვლელობა“ მოაწყო და დაწყებისას მონაწილეებს მიმართა: არ გადახვიდეთ პარლამენტის წინ მდელოზე, არ გათხაროთ საფლავები, ხელი არ გაანძრიოთ. მონაწილეები არ დაემორჩილნენ „ბრძანებას“, დაიკავეს რაიხსტაგის მდელო და გათხარეს კიდეც სიმბოლური საფლავები.

მსვლელობის შემდეგ, ევროპის სხვა ქალაქებშიც გაჩნდა საფლავები მკვდრების გარეშე.

ასე აქცია „პოლიტიკურმა მშვენიერებამ“ მდელო ბერლინის ცენტრში ცარიელ სასაფლაოდ მკვდრებისთვის, უსაფლავოდ და უსახელოდ რომ ქრებიან ევროპის კედლებთან.

აქტივიზმი თუ წინააღმდეგობა, აჯანყება – დაუსრულებელია. ძალაუფლების სისტემები გველეშაპს ჰგავს, ერთ თავს რომ აჭრი და 9 ახალი ამოდის.

როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს მოჯადოებული წრის გარღვევა? რამ შეიძლება არიოს მუდმივად განმეორებადი წესრიგი?

ეს მოხდება მაშინ, როდესაც ადამიანები მიხვდებიან, რომ დემოკრატია მათთვის კი არა, მათი საშუალებით მუშაობს.

როდესაც პოლიტიკაში ჩართული ადამიანები, ყოველდღიურ რუტინაში მორალური მშვენიერების იდეით იხელმძღვანელებენ.

თქვენ თქვენი აქციებით, ოპერაციებით, ქმნით იდეალურ, თუმცა შეუძლებელ რეალობას. თქვენი აქციები თითქოს ინსტრუქციებია, რომელსაც მთავრობა უნდა მიჰყვებოდეს. თქვენ აიძულებთ მთავრობას, აღიაროს, რომ ჩვენი დღევანდელობა, ჩვენი სინამდვილე შეცდომაა.

შესაძლებელია ხელოვნებით ამ შეცდომების გამოსწორება? შეუძლია ამ გამოგონილ, უტოპიურ სინამდვილეს, გავლენა მოახდინოს რეალობაზე?

არ მიყვარს, როდესაც ხელოვნებას სთხოვენ შედეგს, თუმცა, თქვენს შემთხვევაში, საინტერესოა, რა არის თქვენი ბრძოლის შედეგი?

რადგან ჩვენი აქციები, პირველ რიგში, ხელოვნებაა, ნამუშევრებია, შეუძლებელია მათი შედეგების პირდაპირი გაზომვა. თუმცა, სამოქალაქო საზოგადოებისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს. ჩვენი კამპანიების შემდეგ, მედია ამ თემების გაშუქებით ინტერესდება. ჩვენი აქციების შედეგად, First Fall of the European Wall-ის აქტივისტებს გემის ყიდვის და ხმელთაშუა ზღვაში დევნილების გადარჩენის იდეა გაუჩნდათ. ესეც შეიძლება დადებით შედეგად, ცვლილებად განვიხილოთ.

ხელოვნების დავალება, ხელოვნების ფუნქცია მშვენიერი სინამდვილის გამოგონებაა. სინამდვილის, რომელსაც პოლიტიკოსები არათუ აცნობიერებენ, ვერც კი წარმოუდგენიათ. 

გვაკლია დადებითი უტოპიები. სანამ ავტორიტარული მთავრობები შენდება, სანამ ყველა შიშით ადევნებს თვალს, თუ როგორ ურჩხულივით იზრდება პოპულიზმი და, სასოწარკვეთილი, ამის მიზეზებს იკვლევს, ვეღარ ვქმნით იდეებს, იდეალებსა და ხედვას, რომლებიც სტატუს-კვოს შეცვლიდა.

თქვენ მასალად გულგრილობას იყენებთ. სინამდვილის გაზვიადებით საშიშ კითხვებს სვამთ. რა არის თქვენთვის სასურველი პასუხი?

ჩვენი ნამუშევრები არაპროგნოზირებადია. ჩვენ ვქმნით ბიძგს, ვაგდებთ მარცვალს, შემდეგ პროცესს საზოგადოება აგრძელებს. პოლიტიკოსები, სამოქალაქო საზოგადოება, მედია – ჩვენს დადგმაში ყველა მონაწილეობს და ყველა თავის როლს ასრულებს. ჩვენ გერმანული აქციონისტური ხელოვნების ტრადიციებს ვაგრძელებთ, იმას, რასაც იოზეფ ბოისმა ჩაუყარა საფუძველი და შემდეგ კრისტოფ შლინგენზიფმა განაგრძო.

თქვენი გამოცდილებით, აქვს ხელოვნებას ცვლილებების ძალა? შეუძლია ხელოვნებას, შეცვალოს სინამდვილე?

სხვას რას, თუ არა ხელოვნებას.

ავტორი :
  • მარიამ ნატროშვილი