ჩვენ რა შუაში ვართ. საერთოდ, რა შუაში ვართ. ეს ამბავი დიდი ხნის წინათ მოხდა, მეცამეტე საუკუნეში, და ჩვენგან ძალიან შორს, ქალაქ კიოლნში.

იმხანად იქ ცხოვრობდა ერთი კაცი, რომელიც ისევე, როგორც ჩვენ, დედამ გააჩინა. წესიერ ადამიანებს, ვისაც, მისგან განსხვავებით, ნამდვილად ახსოვს, რომ დედამ გააჩინა, ამ სახელის გახსენება დიდად არ უხარიათ ხოლმე, და სამართლიანადაც. ამ კაცს, რომელიც ქალაქ კიოლნში აღმართული საკათედრო ტაძრის სიახლოვეს, აწ უკვე აღარარსებულ დომინიკანელთა მონასტერში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, ჰენრიკუს ინსტიტორისი ერქვა.

ჰაინრიხ კრამერი, იგივე ჰენრიკუს ინსტიტორისი, პროფესორი, გერმანიაში პაპის მიერ წარგზავნილი ინკვიზიტორი და შუა საუკუნეებში ქალთა დევნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თეორეტიკოსი გახლდათ. წიგნის გარეკანს თუ დავხედავთ, წავიკითხავთ, რომ ინსტიტორისს თანაავტორიც ჰყავდა, კიოლნის უნივერსიტეტის დეკანი, იაკობ შპრენგერი, მაგრამ ჰყვებიან – ვერ დავიფიცებ, მხოლოდ იმას გიამბობთ, რაც მიამბეს, – რომ, სინამდვილეში, შპრენგერს ბევრი არაფერი დაუწერია, დომინიკანელს მხოლოდ მისი სახელი სჭირდებოდაო.

მაშ, ასე: დაიწერა Malleus maleficarum, რომელიც პირველად 1487 წელს გამოქვეყნდა, და მას მერე, იმ ბნელ შუა საუკუნეებში, კიდევ 29-ჯერ ხელახლა გამოსცეს.

დღეს ასეთ წიგნს ბესტსელერი ჰქვია.

ქართულად ამ წიგნის სათაური ასე ჟღერს: „კუდიანების ჩაქუჩი, რომელიც უძლიერესი მახვილის დარად ანადგურებს კუდიანებს და მათ მწვალებლობას“.

„კუდიანების პროცესების ისტორიის“ ავტორმა, ვილჰელმ გოტლიბ ზოლდანმა ის წიგნი ამგვარად შეაფასა: „ბარბაროსული როგორც ენით, ასევე დამოკიდებულებით, არგუმენტაციის თვალსაზრისით წვრილმანებს გამოდევნებული და გაუგებარი, ორიგინალური მხოლოდ პომპეზურობით, რომლის წყალობითაც ყველაზე ფუჭი ზღაპრებიც კი ისტორიულ მტკიცებულებებად გვევლინება, ყველაზე საძულველი და ამავდროულად სულელური, ყველაზე გიჟური და ამავე დროს ყველაზე თავზარდამცემი წიგნი მსოფლიო ლიტერატურაში“.

ამ წიგნზე დაყრდნობით, 300 წლის განმავლობაში 100 ათასი პროცესი გაიმართა და 50 ათასი ადამიანი დასაჯეს სიკვდილით.

ძირითადად, დაწვეს.

ძირითადად, ქალები.

წიგნის ავტორი ამას უმარტივესად განმარტავს:

„თითქმის ყველა სახელმწიფო ქალის გამო დაინგრა. ტროა ელენეს მოტაცების გამო დაიღუპა... იუდეველთა სახელმწიფოს მრავალი გასაჭირი და ნგრევა ანახა საძაგელმა დედოფალმა და მისმა ასულმა, გოფოლიამ... მრავალი განსაცდელი გამოიარა რომის სახელმწიფომ კლეოპატრას, ეგვიპტის დედოფლის ბრალით. ამიტომ სულ არაა გასაკვირი, რომ სამყარო ქალის ბოროტებით ახლაც იტანჯება.

...ქალის ავხორცობის და გაუმაძღრობის ბრალია, რომ ადამიანის სიცოცხლე აურაცხელ განსაცდელშია...

...ქალის იერი ლამაზია, შეხება – საზიზღარი, მასთან შერწყმას სიკვდილი მოაქვს...

...ქალი ბუნებით ცრუა. ერთდროულად გგესლავს და გეალერსება...

...როგორ დადის და თავი როგორ უჭირავს? ამაოებათა ამაოებაა! არცერთი მამაკაცი არ ცდილობს ისე, რომ ღმერთს ასიამოვნოს, როგორც ქალი – თუ მთლად მახინჯი არაა – ცდილობს მამაკაცისთვის თავის მოწონებას...

...ქალი ფარული, მლიქვნელი მტერია“.

ქალი კუდიანია.

ლამაზი ქალი, რომელიც მამაკაცებს იზიდავს, კუდიანია.

ულამაზო ქალი, რომელიც მამაკაცებს არ იზიდავს, კუდიანია.

ქალი, რომელსაც გარეგნული ნაკლი აქვს და მამაკაცებს მაინც იზიდავს, კუდიანია.

ქალი, რომელიც არაფრით გამოირჩევა, კუდიანია.

დედაბერი კუდიანია – შეხედე, რას ჰგავს!

ინკვიზიტორებს გამოცდილებამ აჩვენა, რომ კუდიანები, სხვა ბოროტებებთან ერთად, უთვალავ სასიყვარულო ჯადოქრობას მიმართავენ და შეუძლიათ, სიყვარულის გამო ადამიანი შეშალონ და საღი აზრი დააკარგვინონ.

თუ ქალი უარყოფს, რომ კუდიანია, ვათქმევინებთ.

თუ იტყვის, რომ კუდიანია, დავწვავთ.

თუ არ იტყვის, რომ კუდიანია, დავწვავთ.

„კუდიანების ჩაქუჩში“ წერია:

„გამოცდილებით მივედით იმ ჭეშმარიტებამდე, რომ მას მერე, რაც წამების დროს თავიანთ დანაშაულებს აღიარებდნენ, ისინი ყოველთვის თვითმკვლელობას ცდილობდნენ. ამიტომ, როგორც კი აღიარებენ, ყოველი საათის თავზე მათთან დარაჯს გზავნიან, რომ თვალი ადევნოს; ზოგჯერ ყარაულების დაუდევრობის გამო კუდიანებს ქამარზე ან კაბაზე ჩამომხრჩვალებს პოულობენ“.

ეს კი დაუშვებელია, იმიტომ, რომ მთავარს ვკარგავთ. თუ კუდიანმა თავი მოიკლა, ვეღარ შედგება დიდი შოუ, ის, რისთვისაც, სინამდვილეში, ჰაინრიხ კრამერმა თავისი საზარელი ტრაქტატი დაწერა.

კოცონი გიზგიზებს და კუდიანი იწვის!

ნახე, ნახე, ის გოგო არ იწვის, დედას ძალიან რომ უყვარდა და მამა რომ ამაყობდა და ამბობდა, „ჩემი ვარსკვლავიაო“?

რა ტკბილად მღეროდა ხოლმე, არა, ეს გოგო, ახლა რომ თმა აუბრიალდა?

ეს ის გოგო არაა, ბიჭო, საცეკვაოდ რომ ერთად ვიყავით? არადა, რა კისკისა გოგო იყო...

გოგოებო, ეს გოგო ხომ ჩვენი გოგოა! ჩვენი გოგო დაწვეს!

ოღონდ, კუდიანი ყოფილა.

ეგ ისედაც ყველამ იცოდა და აი, თვითონაც თქვა.

ჯადოქარი, მჩხიბავი, კუდიანი.

დავწვათ.

 

>>> 

„დამწვარი კუდიანის გაბნეული ფერფლიდან, როგორც თესლიდან, ათობით ახალი კუდიანი ამოვიდა“.

ციტატა ტრაქტატიდან, რომელიც 21-ე საუკუნის ათიან წლებში, ქალაქ თბილისში, აწ დახურულ დუქანში დაიწერა, ბედის უკუღმართობის გამო მხოლოდ ზეპირსიტყვიერად შემორჩა და რომლის სახელწოდებაც ასე ჟღერს:

„არმოდუნებისა, ანუ როგორ დავაშინოთ პატიოსანი კაცი“.

 

დიდი ალბათობაა, რომ ძალიან გამხდარი ქალი

წყალში არ ჩაიძირება, მეტისმეტად მსუბუქია.

იმის დასადგენად, კუდიანია თუ არა, უბრალოდ,

უნდა გაკოჭო და წყალში ჩააგდო.

თუ ჩაიძირა, უდანაშაულო ყოფილა. და ვინაიდან წყალი,

წმინდა სტიქია, უწმინდურს არ იღებს,

თუ ქალმა მოახერხა და არ დაიხრჩო, უნდა აწამო,

სანამ თავის არსს არ აღიარებს, და მერე დაწვა.

"ვერცხლის მზერა" - მხოლოდ მე არ მხედავს.

მიყურებს და სხვასაც ხედავს. ამტკიცებს, რომ არა,

მაგრამ მე ხომ ვხედავ: ჩემ გარდა სხვასაც ხედავს.

ცხადია, მეც მხედავს, მაგრამ მასაც ხედავს

და ის ასწავლის, როგორ უნდა დამღუპოს.

საუკეთესოდ შენიღბული კუდიანიც კი ვეღარ დამალავს,

ვინაა და რას გეგმავს, თუ წვიმის, სეტყვის ან ძლიერი ქარის დროს

მინდორში იქნება შემჩნეული.

ორი სანდო მოწმეც საკმარისია მისი დაკითხვის დასაწყებად.

ტირის - მისი კარნახით თავს გაცოდებს, არ ტირის -

ის ძალას აძლევს, რომ ყველაფერს გაუძლოს.

კუდიანი ქალი, როგორც წესი, ფერმკრთალია,

რადგან, ძირითადად, ღამით,

სავსემთვარობაზე აჩენს თავის ნამდვილ სახეს:

წარმტაცად მღერის, მაცდურად იცინის და

თავაშვებული ცეკვავს ტყეში, ველზე, მთაში, ზღვასთან - იქ,

სადაც მისი ბუნების ძალებს ესმით.

კუდიან ქალებს მეტწილად წითელი თმა აქვთ:

ის უმეტესად წითელთმიან ქალებს ირჩევს, რადგან მათი თმის ფერი

ცეცხლის ფერია. არსებობს კიდევ ერთი ვერსია:

თმა მისმა სუნთქვამ დაწვა.