საქართველოში ბევრი ფიქრობს, რომ დონბასი მხოლოდ პრორუსი სეპარატისტებით დასახლებული ტერიტორიაა; ადგილი, სადაც შეგიძლია ხოცო. შენ იქ სხვა ადამიანებიც იპოვე, ვინ არიან ისინი, რას საქმიანობენ?

დონბასი არ არის ერთგვაროვანი ტერიტორია. ახლა კი იქცა მითოლოგიურ სივრცედ, რომელსაც შეიძლება ნებისმიერი პოლიტიკური იდენტობა მიეწეროს, მაგრამ ვერავინ გაიგო და არც ინტერესდება იმით, სად იწყება და მთავრდება დონბასი. სინამდვილეში სეპარატისტულ პრორუსულ ფორმირებებს ოკუპირებული აქვთ დონბასის მხოლოდ 30 პროცენტი. დანარჩენი, პირობითად, აღმოსავლეთი უკრაინა კი ფრონტისპირა ზონის, ანდა კრიზისში მყოფი სამრეწველო რეგიონის ცხოვრებით ცხოვრობს.

შენ შექმენი მაღაროელების ფოტოპორტრეტები, რითი არიან ეს ადამიანები საინტერესონი, სახელდობრ, ომის დროს?

აღმოსავლეთ უკრაინის მაღაროები აგრძელებდნენ მუშაობას ომის დროს, სროლების ქვეშ, სეპარატისტების ბანდიტური ფორმირებების მიერ ქალაქების ოკუპაციის პირობებში. საერთოდ, უკანასკნელი წლის განმავლობაში, აღმოსავლეთ უკრაინის მაღაროები არაერთხელ იქცნენ ომთან დაპირისპირების ეპიცენტრებად, რადგან მუშები არ დამორჩილდნენ უაზრო ძალადობით მოგვრილ სასოწარკვეთას, პირიქით, სცადეს ამ აგრესიისთვის დაეპირისპირებინათ რაღაც. მაღაროელი მუშის სახე სტახანოვური შრომის უტყვი საბჭოთა ხატია. პოსტსაბჭოთა რეალობამ წაშალა ეს სახე და ცარიელ ადგილზე ჯერჯერობით ახალს ვერაფერს ვხედავთ. ბენიამინის თანახმად, ისტორიას წერენ გამარჯვებულები. დამარცხებულებს ხმა წართმეული აქვთ. ჩვენ მათ ვერ მოვუსმენთ, არ დავწერთ და არ შევისწავლით მათ მიერ შექმნილ ისტორიას. ჩემი ნამუშევარი – მაღაროების ცხოვრების აღწერა ომის დროს – დამარცხებულთა გამარჯვებების დოკუმენტაციაა.

თუ შენ გინდოდა, ხილული გაგეხადა ისინი, ვისაც ხმა წართმეული აქვს, რატომ არ აირჩიე, ვთქვათ, ჯარისკაცები? ისინიც ხომ ხმაწართმეულები არიან?

არ მაქვს პრეტენზია, რაღაც დაფარული და უხილავი გამოვაჩინო. საუბარია მხოლოდ მცდელობაზე, ეს ყველაფერი დავინახო. ჩემი მზერა მიეპყრობა ე.წ. მშვიდობიან ცხოვრებას, ყოველდღიურობას, იმიტომ, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს ეს მგონია. ჯარისკაცები, მსგავსად რაზმისა აკირა კუროსავას ფილმიდან „სიზმრები", ცდილობენ სახლში დაბრუნებას. და მე ვიმედოვნებ, რომ ისინი იტყვიან თავიანთ სათქმელს.

მაშინ, როცა ქვემეხები ისვრიან, შენ მზერა მიაპყარი სხვების შრომას. რისი თქმა შეუძლია დღეს ხელოვნებას შრომაზე, მშრომელების ჩაგვრაზე?

ხელოვნება ვერ იტყვის იმაზე მეტს, რაც ისედაც ნათელია. ჩვენი საზოგადოებების დიდი ნაწილი, რომელიც თითქოს საბაზრო ეკონომიკისკენ მიმავალ გზაზე დგას, სინამდვილეში სამართლებრივი ველის მიღმა იმყოფება. ეს ადამიანები ომის პირობებში კარგავენ ყველაზე მთავარს ‒ სიცოცხლის უფლებასაც კი. უმწეობა კი ყველას გვაიძულებს ვდუმდეთ ამაზე. და მეც სურვილი მიჩნდება, გითხრათ: ხელოვნება უძლურია! მაგრამ შემდეგ გამოჩნდება ხოლმე სხვადასხვა დისციპლინების გადაკვეთაზე განხორციელებული, მოულოდნელი საქმიანობები, რომლებიც ჩაწერილია ხელოვნებაში და ცდილობენ, მძლავრად და მკაფიოდ დასვან შეკითხვა ჩაგვრის შესახებ.

როგორ ფიქრობ, თანამედროვე ხელოვანი აღიქვამს საკუთარ თავს, როგორც მუშას?

თანამედროვე ხელოვანი ბევრნაირად აღიქვამს საკუთარ თავს. ის შეიძლება რომელიმე ხალხური ზღაპრის პერსონაჟიც იყოს. ხელოვანი არავისში ცნობს საკუთარ თავს, მაგრამ მეჩვენება, რომ მას შეუძლია ამოიცნოს საკუთარი თავი მუშაში.

ავტორი :
  • გიორგი ხასაია