ირამ და მე ერთმანეთი თბილისში, ანტუან დ’აგატას ფოტოვორქშოფზე გავიცანით. ჩემმა ისტორიამ აფხაზეთზე, დევნილობაზე, ბავშვობაზე, რომელიც ომის დაწყებისას, უცებ გაწყდა, ირაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გადაწყვიტა, თვითონ ჩასულიყო სოხუმში, რადგან მე ეს არ შემიძლია და ჩემ ნაცვლად მოენახულებინა ის ადგილები, რომლებიც წინასწარ ჩამოვუწერე, სადაც ყველაზე დიდ დროს ვატარებდი. პირველ რიგში, სიაში მეწერა: კალინინის ქუჩა, ჩემი სახლი, ეზო, დენდროპარკი, სინოფის პლაჟი, სანაპირო, ბოტანიკური...

ასეთი იდეა გვქონდა: ირას ფირზე უნდა აღებეჭდა ეს ადგილები, ფირები ჩემთვის ჩამოეტანა და მე იმავე ფირებზე გადავიღებდი ჩემს აქაურ გარემოს. ექსპერიმენტმა ტექნიკურადაც გაამართლა – ორმაგი ექსპოზიცია ფოტოებზე კარგად გამოვიდა და, ფაქტობრივად, ჩვენც ვირტუალურად გავარღვიეთ საზღვრები. ფოტოებზე წყობა ასე დალაგდა: ქვედა ფენა სოხუმია, ზედა – უკვე თბილისი. დამთხვევა თითოეულ მათგანზე ჩემთვისაც შთამბეჭდავია, განსაკუთრებით იმ ფოტოებზე, რომელზეც ზღვა იწვის, ან ჩემი შვილები თამაშობენ ჩემს სოხუმის ეზოში, ფონად დაკარგული სახლი მოჩანს, ვუყურებთ ზღვას...

ნატა სოფრომაძე

გატეხილი ზღვა

ფოტოპროექტი „დამტვრეული ზღვა“ მალე ფოტოწიგნად გამოვა და მასში ყველა ის ფოტო შევა, რაც ავტორებმა 1 წლის განმავლობაში გადაიღეს.