როდის და როგორ გაჩნდა ხელოვნების მიმართ ინტერესი? როდის დაფიქრდი ან მიხვდი იმას, რა იყო არტისტული ნამუშევარი, ხელოვნება და როგორ გადაწყვიტე რომ შენ ცხოვრებაში ზუსტად ეს უნდა გეკეთებინა?

მგონია, რომ არ არსებობს ინტერესის შემოსვლის კონკრეტული მომენტი. ეს შენი პიროვნების ნაწილია, რომელიც მუდმივად მდგომარეობის დაღვინებაშია. ალბათ, ყველა ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია ხელოვნებით, გაუჭირდება ზღვარის გავლება, როდის გაჩნდა ეს ინტერესი. ხელოვნება არსებობს იმ ყოველდღიურობის დეტალებში, რომელშიც ადამიანს უწევს ცხორება.

პირველი ინსპირაციები იმ ფილმების ნაკადი იყო, რომლებსაც ტელევიზორში ვუყურებდი. მახსოვს, განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებოდი გამოსახულებას.  გაუცნობიერებლად უკვე მქონდა გარკვეული მიჯაჭვულობის შეგრძნება. ის გამოსახულება, რომელიც ბავშვობის დროს გადიოდა ტელევიზორში ხშირ შემთხვევაში მხატვრული ღირებულებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ფორმატი, რომლითაც ტელევიზორი გადმოცემდა, მახსოვს, თავიდანვე ინტერესს იწვევდა. მიყვარდა დაკვირვების მდგომარეობაში ყოფნა. ალბათ, ეგ იყო მთავარი ინსპირაცია, რომელიც მხოლოდ ეკრანზე გამოსახულების ყურებაში არ ფიქსირდებოდა, არამედ ჩემი პირადი გამოცდილების მთავარი ასპექტი გახდა, მეტი ყურადღებით ვაკირვებოდი ჩემს წინ არსებულ მოვლენებს თუ საგნებს. ეს დღეს უფრო მეტნაკლებად შემიძლია გავაანალიზო და არა მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო.

როგორ იხსენებ ხოლმე დროს, მომენტებს? მაგალითად როგორი დრო იყო შენთვის ბავშვობა? რა ამბებს იხსნებ ხოლმე ყველაზე ხშირად?

მამაჩემს ჰქონდა რაღაც ინსტრუმენტი, ხელსაწყო რომელიც ცხელდებოდა და შეგეძლო ამოგეწვა ხის ზედაპირი. მახსოვს, არ სჭირდებოდა და მე მომცა. პირველი შეხება ეს იყო. თამაშით რაღაცას ვაკეთებდი ხეზე და გამომივიდა. ძაან ნასიამოვნები ვიყავი, პირველად ვიგრძენი თავი რაღაცის პროცესში. მერე ვხატავდი, დიდი ხანი მეგობრებთან ერთად კომიქსებს ვაკეთებდი. მანდ დაიწყო ჰობისადმი სერიოზულად მიდგომა, ჩამოყალიბება. არასდროს ვიფიქრებდი, რომ ფოტოს გადავიღებდი ან ფილმთან მექნებოდა შეხება. დარწმუნებული ვიყავი, მომავალში კომიქსებს დავხატავდი.

ეხლა რომ ვიხსენებ, უფრო კარგად აღვიქვავ პროცესების შინაარს. მგონია, რომ ადანიანი იქამდე იწყებს ინსტიქტურად რაღაცეების კეთებას, სანამ ამაზე დაფიქრდება და რაიმე მიმართულებას თუ მიმდინარეობას აირჩევს.

როგორი იყო თქვენი ჯგუფის spirit იმ სრულიად სხვა ღირებულებების რეალობაში, ეხლა თუ არსებობს პატარა გაერთიანების იგივე ენთუზიაზმი, თუ ხელოვნების პოპულარობამ გააქრო?

მემგონი, მეგობრის პოვნა  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ადამიანის ჩამოყალიბებაში, ამიტომ ყოველთვის მიხარია ადამიანის ნახვა, რომელთანაც საერთო ღირებულებები თუ ინტერესების თანაკვეთა მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ შეგიძლია იპოვნო თანამოაზრეები, ჩემთვის მივხვდი, როგორი რთულია კომუნიკაცია თანამოაზრესთანაც კი, უფრო კონკრეტულად, ენობრივი ბარიერია - სულის თარგმანის მცდელობა, შეგრძნებები მოაქციო ისეთ წყობაში, რომ შენი მდგომარეობა გააგებინო მეორე ადამიანს. მაშინ მივხვდი, რომ კოლექტიური მოცემულობა ჩემთან არ იყო ახლოს. ამიტომ, გადავწყვიტე, ფოტოებით გამეგრძელებინა და მეპოვნა ისეთი პრაქტიკა, რომელიც მეტად  დამტოვებდა მარტო საკუთარ თავთან. ეს ამ ეტაპზე უკვე ვიდეოზე და ინსტალაციებზე მუშაობაში გადაიზარდა. საკუთარი გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებლობის აღება მიმარტივებს საქმეს, არ ვარ დამოკიდებული სხვებზე. ჩემი გადაღების მეთოდი შევქმენი და უსიტყვო ველში მესმის საკუთარი თავის. ეს მგონია ჯგუფური მუშაობებიდან ყველაზე დიდი გამოცდილება, მივხვდი ჩემთვის ათვლის წერტილი საიდან იწყება. კოლექტიურ თანამშრომლობას რაც შეეხება, ბევრი რამე არ გამოგვსვლია, ალბათ,  ეგ იყო საინტერესო, ამ „არგამოსვლებში“ როგორ შეიძლება მუდმივად ფეხზე იდგე და მიილტვოდე რაღაც უფრო დახვეწილისკენ, რომელიც, პრინციპში, არ ვიცით როდის ყალიბდება იმ ფორმაში რასაც დახვეწილი შეიძლება ეწოდოს.  ალბათ, უკეთესისკენ ლტოლვაა ის მამოძრავებელი ძალა, რომელიც არასდროს მაჩერებს. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ერთი წარუმატებელი ნამუშევრიდან მეორემდე დიდი განვითარების გზაა და  ამის გარეშე შეუძლებელია იპოვნო საკუთარი სამეტყველო ენა.

 

ანდრო ერაძე, All Hands Bury the Dead 2019, HD 13:41, ვიდეო შექმნილია კუნსტჰალე თბილისის მხარდაჭერით


ALL HANDS BURY THE DEAD  ვიდეოს იდეა როგორ გაჩნდა ?

ბოლო ნამუშევარი მხარდაჭერილია კუნსტჰალე თბილისის (Kunsthalle Tbilisi) მიერ, რომელმაც მხარი ამიბა და დამეხმარა ვიდეოს შექმნაში. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოს პრემიერა ონლაინ შედგა, მაინც ვგეგმავთ მის ფიზიკურ ჩვენებას. ნამუშევრის ისტორია იწყება აქამდე გაკეთებული ვიდეოდან. მაშინ პირველად დავინტერესდი სხვისი მზერით. რილკეს აქვს ასეთი პოემა „Duino Elegies“, მეგობარმა მირჩია წამეკითხა. იქ არის გამორჩეული პასაჟი, რომელშიც ავტორი საუბრობს ცხოველის მზერაზე, რამდენად განსხვავდება ის ადამიანის მზერისგან, როგორ შეიძლება ადამიანმა აღწეროს ცხოველის მზერა, როცა ხშირ შემთხვევაში თავისივე ასეთი ვიწროა, შემოფარგლული საკუთარი თავით. დამაინტერესა ამ ფენომენმა, არასდროს მიფიქრია, აღმებეჭდა მოცემულობა სხვისი მზერით, რამდენად შესაძლებელია სხვა საკითხია, თუმცა იმის წარმოდგენა, თუ როგორ შეიძლება სხვისი მზერა გამოიყურებოდეს ან რა შეიძლება მასში მოხვდეს საინტერესოდ მომეჩვენა. გავაკეთე ვიდეო, რომელიც მიყვება მელიის მზერას. ამ ნამუშევარმა რაღაცნაირად გააგრძელა ჩემში აზრების ფორმირება. ერთხელ დავფიქრდი, როგორ შეიძლება წარმოიდგინო ტყე ადამიანის გარეშე და ასახო   ცალკე პერსონაჟად, ჩვენგან დამოუკიდებელ ორგანიზმად. აქაც იგივე პრობლემაა, შეუძლებელია ასახო ტყე ობიექტური ჭეშმარიტებით, თუკი ასეთი არსებობს, მაგრამ მე ვცადე მიმეცა ტყისთვის ხმა, რომ ესაუბრა საკუთარ თავზე. ამას დაერთო „მაკბეტის" პასაჟიდან ინსპირაცია, როცა მაკბეტს უწინასწარმეტყველებენ, რომ როდესაც მის წინააღმდეგ ამხედრდება ტყე, მაშინ ის დამარცხდება. მაკბეტი მოძალადე ხელისუფალია, არ ჯერა ბუნების ძალის, როცა მოისმენს წინასწარმეტყველებას არაფრად ჩათვლის. ერთხელაც სასახლის წინ ამხედრებული ჯარისკაცები შეიკრიბებიან, მოჭრიან ტყეს და იმ მიზნით, რომ მაკბეტმა მათი რაოდენობა ვერ დაითვალოს, ხეებს ამოფარებული სასახლეს უახლოვდებიან. მაკბეტზე ისე იმოქმედებს ამის დანახვა, რომ  სანამ მოკლავენ უკვე დამარცხებულია. ეს მომეჩვენა საინტერესოდ. ჩვენც ხშირად საკუთარ წარმოდგენებში ბუნების ძალას არ ვითვალისწინებთ. მინდოდა ამ ძალის გავლით მეჩვენებინა ტყის ავტონომიურობა, ამასთან ერთად, ბუჩქები ეფარებიან ნაცნობ სურათს, რომელიც ჩვენ აღგვწერს. სახლი ადამიანის მთავარი სამყოფელია. მინდოდა მეჩვენებინა, რომ ადამიანი და ბუნება საერთო პეიზაჟის ნაწილია და მთელი მიზანსცენა აწყობილია იმისკენ, რომ დაიფაროს სახლი და გახდეს ტყის ნაწილი, გაერთიანდეს ადამიანის და ტყის კავშირი, შეიქმნას  საერთო ლანდშაფტი, რომელშიც ბუნებაა დომინანტი. მე მგონია, რომ ნამუშევრებს, განსაკუთრებით ექსპერიმენტულ ფილმს, აქვს უნარი დატოვოს ინტერპრეტაციის საზღვარი, გარკვეული სიცარიელე მაყურებელსა და ნამუშევარს შორის.  რაღაც მონაკვეთები ღიაა და ექვემდებარება გადააზრებას. ეს ვიდეოც ბევრისთვის სხვანაირად იყო აღქმული. ჩემთვის ესეც საინტერესოა, ვინ როგორ წაიკითხა და როგორ იმოქმედა ამ წაკითხულმა მათზე.

გადაღების პროცესი რთული იყო. მომიწია ხელოვნურად შემომეტანა ქარი რომ მეტი კონტროლის მექანიზმი გვქონოდა გადაღების მომენტში. არ მინდოდა ამ ნამუშევრისთვის მოჭრილიყო ხეები, ამიტომ სათითაოდ ვაგროვებდი უკვე მოჭრილ ხეებს. გავიცანი ადამიანები, რომლებიც ამაში დამეხმარნენ. ამანაც გარკვეული ენერგეტიკა შემატა ფილმს.

რას ელოდები ხოლმე ნამუშევრებისგან? რა გინდა ხოლმე მათგან, მათთვის? ფიქრობს ხოლმე მიზანზე? თუ მიზანი ნამუშევარია თავად?

ხშირ შემთხვევაში ხდება ისე, რომ გამოსახულებას, ამბავს ხედავ, იცი წინასწარ ეს უნდა გააკეთო და ამის ირგვლივ აწყობ, ჩანახატებს აკეთებ, ფიქრობ. მეორე მხრივ, გამოსახულება გკარნახობს მის ფაქტურას და ინტენსივობას, საითკენ უნდა წაიყვანო, როგორ დახვეწო და რა იქნებოდა ამის გაგრძელების ვიზუალური მხარე. მაგაზე ფიქრი არის ერთ-ერთი  გამორჩეული მომენტი, რომლის გამოც ღირს ვიდეონამუშევრების კეთება. ბოლო დროს უფრო ჩამოვყალიბდი რა მაინტერესებს, უფრო მეტს ვფიქრობ სანამ გადავიღებ, მეტ დროს ვუთმობ ვიზუალური ასპექტების და შინაარსის წარმოდგენას, კვლევას. ესეც გადამწყვეტი პროცესი მგონია, გიწევს ფიქრი იმაზე, რაც ჯერ არ არსებობს, რაც შენ უნდა შექმნა კამერის წინ, რაც უნდა გააცოცხლო და იმ მომენტში როდესაც მას აცოცხლებ, არასდროს არ გავს შენს თავდაპირველ ფიქრს. ჩემს შემთხვევაში ყოველთვის ასე ხდება. როცა ჩანაფიქრს გააცოცხლებ, უკვე გაქვს რეალური მასალა, რომელიც უკვე ფიზიკურად არსებობს და ის ხდება მთავარი სახელმძღვანელო ნამუშევრის დასასრულებლად. ეს არის უნიკალური გზა ფიქრიდან შექმნის პროცესამდე, სიმარტოვიდან უცებ გადადიხარ რეალობაში აღბეჭდვის პროცესზე სხვა ადამიანებთან ერთად.

https://kunsthalletbilisi.com/

ინტერვიუს ახლავს ანდრო ერაძის ნამუშევრის „ALL HANDS BURY THE DEAD“ ლინკი, რომელიც მაისის ბოლომდე იქნება ხელმისაწვდომი.