„თრეში“ რომ მოდაშია, 1 წლის წინ გავიგე. გავიცანი ისინი, ვინც იცვამენ „ნაგავს“ და ამას ისე ელეგანტურად აკეთებენ... არ გვაძლევენ საშუალებას, გულგრილად ჩავუაროთ. ამ სტილმა პატარა სუბკულტურა უკვე შექმნა. მათ მდიდარსა და ღარიბს შორის საზღვარი გააქრეს. დღეს უკვე ვიცით, რომ ყველას ერთი და იგივე ძონძი აცვია, უბრალოდ, ზოგი ამაში ბევრ ფულს იხდის, ზოგი კი, ისევ ნაგავში პოულობს.

მათე

13 წლიდან ვეღარ ხვდებოდნენ, ვინ ვიყავი. ყველას გოგო ვეგონე და ეს ძალიან მაღიზიანებდა. ყოველთვის ზუსტად ვიცოდი, რომ ბიჭი ვარ. ალბათ ერთი წელი მაინც დამჭირდა იმისთვის, რომ ეს ჩემი ანდროგინულობა პრობლემად აღარ აღმექვა. წვერი ძალიან სასაცილოდ ამომდიოდა, ალაგ-ალაგ, მართლა ვერ მიხვდებოდი, რომ ბიჭი ვარ. ვსვამდი ყველგან უფასოდ. მპატიჟებდნენ. ეჰ, „კაკიე ბილი ვრემენა“. 

ცოტა ხანში დავაფიქსირე, რომ ხშირად ვიცვამ არაკომფორტულ ტანსაცმელს. შეიძლება ზედმეტად მოვიჭირო ქამარი. არ ვიცი, რატომ ვიქცევი ასე. შეიძლება სულ ველოდები, რომ ვიღაცამ უნდა მატკინოს, მაწყენინოს და როცა არავინ აკეთებს ამას, მე თვითონ ვხდები აგრესიული საკუთარი თავის მიმართ. ერთხელ ორი ზომით პატარა ფეხსაცმელში ჩავეკვეტე. იმენა ოთხ ნაწილად მომეკეცა ტერფები. მეგობრებთან ერთად სასეირნოდ წავედი და თვალებიდან ლამის სისხლი მდიოდა ტკივილისგან – არ ვიმჩნევდი. ბოლოს ვეღარ გავძელი, სცენა იყო ნამდვილი კინოკადრივით: შუა რუსთაველზე ჩერდება მათე. პატარა, სათამაშო ფეხსაცმელს იხდის და იქიდან ოთხად მოკაკვული ტერფი ამოაქვს. 

ვგიჟდები ყველაფერ ძველზე. ძაან მიყვარს მეორადი ტანსაცმელი. რაღაცას მაინც გამოვიყოლებ ხოლმე. თუ სტილი არ მომწონს, როგორც ნაჭერს ისე ვყიდულობ. ხანდახან ლარი ღირს მაიკა. 

მსახიობი, მოდელი, პერფორმერი ვარ. შეიძლება პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ ჩემი ცხოვრების მიზანია, ვიღაცის ინსპირაციის წყარო გავხდე. იმასაც არ აქვს მნიშვნელობა, აღფრთოვანებას გამოვიწვევ თუ ზიზღს. მთავარია, ვინმესთვის ცვლილების ინსპირაცია ვიყო. 

ნათია

რაც ჩემი თავი მახსოვს, და ჩემი თავი მახსოვს 3 წლიდან, ტანსაცმელს მე თვითონ ვირჩევ. ბავშვობიდანვე მჯერა, რომ რაღაცნაირი სუპერძალა აქვს ტანსაცმელს. მაგალითად, მაქვს რამდენიმე, რომლებსაც როცა ვიცვამ, სულ მგონია, რომ შემიძლია ყველას ზემოდან ვუყურო და ვესწერვო. მაგათ რო ვიცვამ, სხვანაირად ვერ ვიქცევი. მაქვს ტანსაცმელი, რომელშიც ძალიან ენერგიულად ვგრძნობ თავს, რაღაცებში – ბავშვურად, მიამიტურად, ზოგჯერ ბოზად, ამორძალად და რავი. ძალიან დიდხანს ვარჩევ. არასდროს ვიცი, დილით რას ჩავიცვამ. შეიძლება სამი ან ოთხი საათი მარტო „ლუქის“ აწყობაზე ვიფიქრო. ქუჩაში ხანდახან ისეთი ზიზღით გამოგხედავენ... ძალიან ბევრი რამის გაგება შეიძლება ადამიანზე, უბრალოდ გამოხედვაზე დაკვირვებით. კაცები მლანძღავენ ხოლმე, მლანძღავენ რა – მაგინებენ. მაგათ ყოველთვის ვეპასუხები. რას გაუგებ მიზეზს, რატომ მაგინებენ. ალბათ იმიტომ, რომ ქალივით არ მაცვია. ვიღაცეებს ტრანსიც ვგონებივარ. თითქოს ხვდებიან, რომ ქალებზე კონტროლი დაკარგეს კაცებმა, ისე არ ვიცვამთ, როგორც მათ უნდათ, არ ვიქცევით ისე, როგორც მათ უნდათ და ძალიან ბრაზობენ. ყველაზე მეტად ეგ მომწონს, რომ ასეთ მამრებს ეგოს ვუპატარავებ. ბევრჯერ დამიფიქსირებია, მეტროთი ან ავტობუსით რო ვმგზავრობ ხოლმე, სურათებს მიღებენ. ერთს საერთოდ დაავიწყდა ფლეშის გამორთვა და ისე მიღებდა. სულ მინდა ვთხოვო, რო გამომიგზავნონ ის სურათები. რა კარგი კოლექცია შეიკვრებოდა.

დავიდი

ჩემი აზრით, მაღალი ინტელექტის ადამიანის თვითგამოხატვა სცდება ვიზუალს. სამწუხაროდ, ჩემთვის ჯერ არა – ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ვიზუალით საუბარი. 

ოჯახი და ქალაქი, სადაც გავიზარდე, ერთი სიტყვით შემიძლია აღვწერო – პატრიარქატი. ქართველი ბავშვებისთვის რუსი ბოზის შვილი ვიყავი. რუსი ბავშვებისთვის – იეღოველი. იეჰოვას მოწმეებისთვის, ზედმეტად ბევრ კითხვას ვსვამდი და ვაღიზიანებდი. სუიციდალური დეპრესია დამეწყო. ეს ყველაფერი ვიზუალში გადავიტანე. 

ჩემი აზრით, „თრეში“ სარკეა თანამედროვეობის. 

მომავალზე ფიქრი ყოველთვის მიჭირდა, იმაზე, თუ როგორი უნდა ვიყო. ახლა კი უბრალოდ დინებას მივყვები. ეს ჩემს ვიზუალშიც გამოჩნდება ალბათ მალე. დღევანდელი სტილი ინერტულია, აღარ არის რაღაცის მთქმელი, უბრალოდ მივეჩვიე ასე ჩაცმას. ხვალ შეიძლება ყველაზე ჩვეულებრივად ჩავიცვა. ეპატაჟი აგრესიას იწვევს, მე კი უკვე მბეზრდება აგრესია. დიდი ხანი დამჭირდა იმის გასაგებად, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. არ ვიმჩნევ ქუჩაში რეაქციას, მგონია, რომ მათზე მაღლა ვდგავარ. 

ერთხელ მომიწია. ვიღაც ბავშვებმა სულ პიდარასტი მეძახეს. მიხვდნენ, დედასთან ერთად რომ ვიყავი და უფრო მუღამში შევიდნენ. ბოლოს სახეში შემაფურთხეს და ვაგონიდან გავარდნენ. არ მიყვარს ასეთ რაღაცეებზე ლაპარაკი. დედაჩემს არასდროს ესმოდა ჩემი გამორჩეულობის სურვილის. ახლა მგონი მიეჩვია. 

ერთხელ ვთხოვე, წადი და ყველაზე საშინელი ფეხსაცმელი მიყიდე-მეთქი. მიყიდა. დღემდე არ ვიხდი ორი ზომით დიდ, ოთხკუთხა „ლოტა ვოლკოვებს“. ბევრს მოსწონს ჩემი სტილი და მავიწყდება, რომ მოსიარულე პოსტმოდერნიზმი ვარ, რომ თავის დროზე იმის გამო ჩავიცვი ასე, რომ სამყაროს შეცვლა მინდოდა. დღეს, აღარავის შეცვლა აღარ მინდა. დავნებდი. მე ვარ ადამიანი თავისუფალი არჩევანით და თუ მართლა გულით მომინდება, ყლესაც მოვიჭრი და კაბასაც ჩავიცვამ. მგონია, რომ „თრეში“ პოსტმოდერნიზმის ბოლო ამოსუნთქვა იყო და ახლა სულ სხვა რაღაცის მოლოდინში უნდა ვიყოთ. 

 

ნინი

ჩემი ისნის აპარტამენტებიდან რომ გამოვდივარ, მაკითხავს ლურჯი ლიმუზინი. იქ დაცვაც მყავს (კონტროლიორს ვეძახი ასე). როგორც ნამდვილ ქალს შეეფერება, ღამის ცხოვრების მერე, ლიმუზინი მელოდება. 

იციან, რომ ისნის ქალღმერთი ვარ. 

16 წლისა მივხვდი, რომ შემიძლია ვიყო ისეთი, როგორიც შინაგანად ვარ. ისე მორიდებული ვიყავი, მეშინოდა საკუთარი აზრის გამოთქმის. ტანსაცმლით უფრო მარტივად ვსაუბრობდი. მქონია ამბოხების პერიოდიც და მშვიდიც. ასე მოვედი აქამდე და ვთვლი, რომ წინ კიდევ იქნება. ჩემი თვითგამოხატვით ვიპოვე სიკეთე და სიმშვიდე და ვთვლი, რომ ჩემი ყველა ნამუშევარი ამაზეა დაფუძნებული. მინდა, რომ არ ვიყო არცერთ დიზაინერზე მიჯაჭვული, ვცდილობ, გავათავისუფლო საკუთარი თავი. 

ერთხელ ვიდექი მეტროში, მეცვა ჩემთვის ძაან ჩვეულებრივად და ყველა, რა თქმა უნდა, მიყურებდა. არ ვიმჩნევდი. უცბად, დავინახე, ვიღაცა, ოთხი გაჩერების განმავლობაში – ისნიდან რუსთაველამდე – მანათებდა „ვსპიშკას“ და ისე მიღებდა ვიდეოს. გვერდზე რომ გავიხედე, კიდევ ორი ბიჭი მიღებდა ფოტოებს, წინაც ვიღაც ქალს ჩუმად ჰქონდა ტელეფონი მოშვერილი. არ ვიცოდი, რა მექნა. ავდექი და ბოლოს გავოფლიანდი. მეტროში მომვარდებოდნენ ხოლმე და ჩხირებს მაძრობდნენ თმიდან, სანამ არ ვიყვირებდი, ახლა პოლიციას გამოვიძახებ-მეთქი, არ ჩერდებოდნენ. ბავშვობაში ჩემი საყვარელი ფერი იყო წითელი. მშობლებს ვთხოვდი, ყველაფერი წითელი ეყიდათ, მაგრამ არ ყიდულობდნენ. ეგონათ, რომ ტეხავდა. პარკებისგან ვიკერავდი ტანსაცმელს და იმით დავდიოდი – მაგასაც მიშლიდნენ. მერე ფუფალას მეძახდნენ. მაგრამ უკვე მეკიდა. ნელ-ნელა ყველა შეეჩვია. დედაჩემი ბრაზდება, ხალხი რომ მაშტერდება. ერთხელ მეტროში შვიდასჯერ გამოიხედეს ვიღაც ბიჭებმა და შევწუხდით. დედაჩემმა, ეხლა ნახე, კიდე თუ გამოიხედეს რა ვქნაო. შუა თითი აჩვენა. 

მეორადის ქალები სულ მცნობენ და ძალიან ვუყვარვარ, ზოგჯერ რაღაცებს მჩუქნიან კიდეც. ნუუუ, ზოგჯერ რაღაცებსაც ვიპარავ, ხელი გამექცევა ხოლმე. ყურადღებას აღარ მაქცევენ, უკვე იციან, რა მძღნერსაც ვყიდულობ. განა მაინცდამაინც მძღნერს ვეძებ, უბრალოდ იაფი რაცაა, ეგაა. აი, სამი ცალი ლარში როა, იმას ვყიდულობ და სამი ლუქი აწყობილია. ვერ ვიტყვი, რომ სულ ასე გავაგრძელებ სიარულს, მაგრამ ეპატაჟი ისე მომწონს, რომ ალბათ სიბერეშიც ასე ვივლი. მატრაკვეცობა და ეპატაჟი ჩემია! ბოლო დროს როკოკომ გამიტაცა და მინდა როკოკო-ბარკოკო კაბებით ვიარო.

  

ლევაუ

კახეთში დავიბადე და გავიზარდე. ბავშვობიდან მიყვარდა გარდერობში ქექვა, თოჯინებით თამაში და მათთვის ტანსაცმლის კერვა. მე და ბებო ვთამაშობდით ხოლმე მის გარდერობში. ზოგჯერ რაღაცეებს ვირგებდი კიდეც. სულ მინდოდა დიზაინერობა. ალბათ ბებიის ტანსაცმელმა იმოქმედა იმაზე, რომ ვინტაჟური სტილი მომწონს და რომ მეორადებში სიარულით ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ. ტანსაცმელი ჩემი შინაგანი გამოხატულებაა, რომელიც ზოგჯერ მეხმარება, თავი კომფორტულად ვიგრძნო, ზოგჯერ – პირიქით. არ მაცვია ძალიან ეპატაჟურად. არ მიყვარს აგრესია. გარეთაც და კლუბშიც ერთი სტილი მაქვს. თუ ვხვდები, რომ ქუჩაში ასე გამოსვლა გამიტყდება, არც დახურულ სივრცეში გავალ. ახლა სადიპლომოზე ვმუშაობ. ძირითადი ინსპირაციის წყარო ჩემი თავი და ჩემ გარშემო მყოფი ადამიანები არიან. ჩემს კოლექციას არ ექნება გენდერი ან სქესი. სტერეოტიპებისგან სრულიად დაცლილია ჩემი ბაცი ვარდისფერი სამოსი.