პირველი კონცეპტუალური მაღაზია, რომლის შესახებაც გავიგე და რომლის ანალოგი მისი დაარსების დროს არ არსებობდა, პარიზის Collette იყო. იქ მოხვედრაზე დიდხანს ვოცნებობდი, მაგრამ მაღაზია, ოცი წლის შემდეგ, 2017-ში საბოლოოდ დაიხურა.

ეს საკულტო ბუტიკი დღემდე შთააგონებს მათ, ვინც იქ ერთხელ მაინც ყოფილა. „კოლეტი“, დაცლილი ერთფეროვანი, სწორხაზოვანი მიდგომებისგან, მუდმივად იცვლიდა იერსახეს და თანამშრომლობდა ისეთ ბრენდებთანაც კი, როგორებიცაა coca-cola, Nike, eVian water, ikea, gap და, ამავდროულად – Saint Laurent, Hermes, Laduree, Louis Vuitton. აქ ნახავდით უნიკალურ ნივთებს, რაც სხვაგან არ იყიდებოდა; წიგნები, ტექნიკა, ხელოვნება, კოსმეტიკა, ახალგაზრდა, უცნობი დიზაინერებისა და არტისტების ნამუშევრები – მოკლედ, ყველაფერი, რასაც მაღაზიის დამფუძნებლები, კოლეტ რუსო და მისი შვილი სარა ადელმანი, განსაკუთრებული სიფრთხილით, საგულდაგულოდ არჩევდნენ. „კოლეტის“ კლიენტებს შორის იყვნენ კარლ ლაგერფელდი, კანიე ვესტი და სხვები.

ბევრი მიფიქრია იმაზე, თუ რა კრიტერიუმით შეგვიძლია, მაღაზიას წინ სიტყვა „კონცეპტუალური“ დავურთოთ და საკუთარი გამოცდილებით ეს დავასკვენი:

კონცეპტუალური მაღაზია კონკრეტული ცხოვრების სტილის ადამიანებს იზიდავს და მათ არტისტულ სივრცეში ახვედრებს (საგამოფენო დარბაზი, კაფე ან რაიმე ინტერაქციული ინსტალაცია). ხშირ შემთხვევაში ეს არის ექსპერიმენტული ინტერიერი ნიშური ასორტიმენტით, მაგრამ არა მხოლოდ საშოპინგოდ, არამედ დროის გასატარებლად, კომუნიკაციისთვის. კონცეპტუალური მაღაზიის მთავარი ხაზი კურატორის ხედვა და ექსკლუზიური ასორტიმენტია, რომლის შეძენით, თითქოს, კონკრეტული მიმართულებისა თუ წრის ნაწილი ხდები.

უფრო მოკლედ: არის ყველაფერი ის, რაც ჩვეულებრივად ხელმისაწვდომი არაა. ამიტომაც იძენს განსაკუთრებულობის ასეთ ხარისხს.

21-ე საუკუნემ, ერთმანეთთან მუდმივ კავშირში ყოფნამ და ინფორმაციის მიღების სიმარტივემ წაშალა აქამდე არსებული საზღვრები. დიდი გავლენა მოახდინა ბოლო დროის მუდმივმა spotlight-მაც საქართველოზე, რომელმაც გააჩინა შესაძლებლობა და, ამავე დროს, აუცილებლობაც, გაჩენილიყო შოპინგის კულტურის შემდეგი საფეხური, რომელიც ძველ სტანდარტებს აღარ ემორჩილება და ბოლომდე საკუთარი წესებით არსებობს.

რამდენად არის ქართული რეალობა მზად ამ ახალი ტიპის შოპინგისთვის, რამდენად „მუშაობს“ ასეთი მაღაზიები ჩვენთან, როგორც ინტერესების, ასევე ფინანსური თვალსაზრისით, ამაზე ლაპარაკი გამიჭირდება. თუმცა, მათი არსებობა და რიცხვი ბევრ რამეზე თავად მეტყველებს.

ერთ-ერთი პირველი კონცეპტუალური მაღაზია თბილისში Chaos Concept Store-ია, რომელიც ყველაზე ტრენდულ უბანში მდებარეობს და luxury-სა და streetwear-ის მიქსია: მინიმალიზმი, სკეიტერების კუთხე, ქართველ არტისტებთან კოლაბორაციით შექმნილი ნივთები, საგამოფენო სივრცე, Lemaire, JW Anderson და, ამავდროულად, 032c და Opening Ceremony.

Chaos ძალიან ჰგავს ლონდონში მდებარე რეი კავაკუბოსა და ადრიან ჯოფეს Dover Street Market-ს, რომელსაც თავად ჯოფე ასე აღწერს – „მომხიბვლელი ქაოსი“ და ამაში მაღაზიის ნონკონფორმისტულ ხასიათსა და მაღალი და Streetwear მოდის მიქსს გულისხმობს. ვიზუალს წელიწადში ორჯერ მოწვეული დიზაინერები ან არტისტები თავიდან ბოლომდე ცვლიან.

Chaos-თან ერთად ბოლო წლებში თბილისში კიდევ რამდენიმე საინტერესო მაღაზია გაიხსნა. აქამდე თუ უცხოეთში მიმავალ მეგობრებს ვაბარებდი ან ონლაინ ვიწერდი ხოლმე, ახლა რამდენიმე ჩემთვის საყვარელი ნიშური ჟურნალისა თუ წიგნის შეძენა They Said Books-ში შემიძლია. ესენია: Kinfolk, I-D, AnotherMag, 032c, System და სხვები.

They Said Book-ის ექსპერიმენტული ინტერიერის დიზაინის ავტორი ქართველი ხელოვანი, ლადო ლომიტაშვილია. რამდენიმე ნივთის გარდა, ავეჯიც კი სპეციალურად ამ მაღაზიისთვისაა შექმნილი და სასიამოვნოდაა ამოვარდნილი თბილისის სხვა მაღაზიების მოსაწყენი, ერთფეროვანი, ინტერიერების ესთეტიკიდან. აქ ყველაფერი ძალიან ორგანულია და შესაფუთი ქაღალდიც ხელოვნების ობიექტია.

აქ იყიდება IDEA LTD-ს სამოსიც, შეზღუდული რაოდენობით გამოშვებული წიგნები, Bon Parfumeur-ის სუნამოები, Boy Smell-ის სანთლები, School of Life-ის ბლოკნოტები და Five Elephant-ის ყავა.

ნიშური სუნამოებისა და ინდუსტრიული სტილის სათვალეებისთვის Sauvage Concept store-ს გამოვარჩევდი, ჭოველიძის ქუჩაზე. რამდენიმე ბრენდი აქ პირველად აღმოვაჩინე და ეს სტუმრობაც სასიამოვნო, ახალ გამოცდილებად მექცა.

კონცეპტუალური მაღაზიების კონცეფცია ნელ-ნელა იცვლება და ვითარდება, ამიტომ შესაძლოა მომავალში აბსოლუტურად სხვა სახით შეგვხვდეს, კიდევ უფრო გაფილტრული, უფრო დახვეწილი ან, პირიქით, გიჟური ფორმით. შესაძლოა კი არა, გარდაუვალიც არის.