17-19 მაისს „ექსპო ჯორჯიაში“ რიგით მეორე თბილისის ხელოვნების ბაზრობა გაიმართა. პროექტი, რომელშიც ორგანიზატორ კომპანიას პარტნიორობას თიბისი სტატუსი უწევდა, მასპინძლობდა 30 გალერეას და 35 დამოუკიდებელ ხელოვანს სხვადასხვა ქვეყნიდან.

„თბილისის ხელოვნების ბაზრობა“, ჯერჯერობით, თბილისისთვის იმაზე მეტია, ვიდრე სტანდარტული არტბაზრები, ზოგადად. ერთი მხრივ, ის არის თანამედროვე ხელოვნების სფეროში ენერგიითა და რესურსებით ყველაზე მდიდარი მოვლენა და თან მომართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტმა დამთვალიერებელმა ნახოს, ანუ არა მხოლოდ მათ, ვისაც ხელოვნების შეძენა სურს ან შეუძლია. არამედ, ყველამ, ვისაც აინტერესებს, ვისაც უყვარს.

ორი წლის თავზე „არტ ფეარს“ უცხოელი კურატორი ჰყავს. ერიკ შლოსერს ეკუთვნის იდეა, თბილისის ხელოვნების ბაზრობა გახდეს ახალგაზრდა ხელოვანების, ახალგაზრდა გალერისტებისა და ახალგაზრდა კოლექციონერების შეკრების ადგილი, სადაც მომავალი ვარსკვლავების ნამუშევრები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომი იქნება.

არსებობს კიდევ ერთი მონუმენტური იდეა – თბილისი გახდეს რეგიონის კულტურის ცენტრი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში – ხელოვნების ცენტრი. ადგილი, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან სხვადასხვა სამყაროები. ძველი თემაა და ოდესმე შესაძლოა განხორციელებადიც. მით უფრო, რომ რეგიონის ადამიანის უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით არც ისე სახარბიელო ტენდენციები, საქართველოს ჯერ კიდევ ტოვებს სივრცედ, სადაც შეიძლება თქვა სიმართლე. ანუ, სადაც ჯერ ისევ არის თავისუფლება. თავისუფლება კი ერთადერთი პირობაა ხელოვნების განვითარებისთვის და ხელოვნებით განვითარებისთვის. 

თავისუფლებაზე ყველაზე ინტენსიურად „ექსპო ჯორჯიას“ მესამე პავილიონში ჩავფიქრდი – როგორც ემოციურად, ისე კონცეპტუალურად, ჩემთვის ყველაზე მძაფრი ექსპოზიციის დათვალიერებისას.

სივრცე აზერბაიჯანულ პროექტს ეკავა – „იყო ქალი“ 10 ვიდეონამუშევარს კრავდა. სხვადასხვა თაობის აზერბაიჯანელი ავტორები გენდერის საკითხებს სხვადასხვაგვარი ხედვით და რაკურსით გვიჩვენებდნენ, მაგრამ ყველაში, როგორც ერთში, ისმოდა და ჩანდა დიდი კონფლიქტი არსებულ კულტურასა და  თანამედროვე ქალს შორის. „რაც უფრო წარმატებული ვხდები, მით უფრო არასასურველი ვარ, მით უფრო საშიში“, – გამომყვა ერთ-ერთი პერსონაჟის სევდიანი რეპლიკა, რომელმაც მაფიქრებინა, რომ ჩვენ შორის მსგავსება იმაზე უფრო ძლიერია, ვიდრე განსხვავება. პიროვნების შიში, სქესის შიში, აზრის შიში. სიცოცხლის შიში – საბინა შიხლინსკაიას კურატორული პროექტის თემები იყო, თუმცა, იქნებ ესენი ჩვენი ისტორიული და კულტურული სტრესებით დატოვებული საერთო თემებია.

„ეს ჩემი ქორწინების ტორტებია, მაგრამ მე ქორწილი არასდროს მქონია, არ დავოჯახებულვარ. ქორწინებაა, რომლის შესახებაც სულ მეკითხებიან, როდის ვთხოვდები?!“ – სიცილით მითხრა თეონა ჭანიშვილმა, რომელიც საკუთარი ნამუშევრების წინ იდგა. ანუ უკან იყო პლასტმასის ტორტები, ყვავილები, პირდაფჩენილი, სხვებზე მოლაპარაკე ადამიანთა გუნდი და ძალიან ფერადი ტაბუების და შიშების სამყარო. ეს უკვე იყო სხვაგან, მე-5 პავილიონში, სადაც დამოუკიდებელი არტისტები კედლებზე და კედლებთან პოზიორობდნენ და მეც მალევე მივხვდი, რომ უნებლიეთ იკვეთებოდა ფემინისტური ნარატივი. ანუ ამბები ქალებზე, ან ქალების ხედვა. რთული იყო ამის არშემჩნევა, ან სხვა თემის დაწინაურება სივრცეში, რომელშიც, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, თამარ ნადირაძის დიდი პანო მეფობდა. ეს ნამუშევარი უბრალოდ ყურადღებას კი არ იპყრობდა, არამედ გასცემდა ინფორმაციას და მეტყველებდა ყველასა და ყველაფერთან. ნამუშევრის კურატორთან, ნინი დარჩიასთან ერთად შეთხზულ ტექსტში ვკითხულობთ: „...“Ode to Spring“ ნამუშევრის სახელწოდებაა, სადაც გაზაფხული სიცოცხლის განახლების, ხელახლა დაბადების მეტაფორა და მთავარი იდეაა.

Ode ლექსის ერთგვარი ფორმაა, სადაც ერთიანდება ინტელექტუალური და ემოციური მხარე. იგი ძველ საბერძნეთში წარმოიშვა, შემდეგ კი განვითარება რენესანსის პერიოდში თავიდან დაიწყო. ოდა ასევე ეწოდებოდა რაიმე მოვლენის ან პიროვნების პატივსაცემად დაწერილ ვოკალურ მუსიკალურ ნაწარმოებს... ცენტრალური ფიგურა, ახალგაზრდა ქალი, „ნაყოფიერების სიმბოლო“, ძალადობის მსხვერპლია; მას აიძულებენ, სიცივეში ცივი წყლით განიბანოს, რადგან ის ნაყოფიერების აბსტრაქტული სიმბოლოა, ისევე, როგორც აბსტრაქტულია ფასკუნჯის ძალა, ან წიქარას უკვდავება“...

ეს ის შემთხვევაა, როცა ტექსტს ნამუშევარი აძლიერებს და არა პირიქით, რაც ასე ხშირად ხდება ხოლმე. მხატვრისთვის საყვარელ მუქ ლურჯში პერსპექტივისა და მასშტაბის ტრადიციულ ლოგიკას არღვევს ალისფერი დეტალები – ცეცხლი და ყვავილები. უმწიფარი ფერმკრთალი სხეულები, რომლებიც სხვადასხვაგვარად პერსონიფიცირებულ აგრესიასთან კომუნიკაციას ცდილობენ. და უმკლავდებიან. ან ვერ. თითქოს მთელი პანო ისტორიაში, ბოროტ ზღაპრებსა და შიშებით სავსე სიზმარში მოგზაურობაა. მოგზაურობა ტრადიციებში, გარემოში, რომელიც თვალწარმტაცია, ზღაპრულია, მაგრამ საშინლად სახიფათო.

„არტ ფეარის“ კურატორული პროექტებიდან გამორჩეულად ხილვადი და დომინანტური იყო კიდევ ორი:

„ღია სივრცის“ მცირე პროექტი, კოტე ბოლქვაძის კურატორობით, შვიდი ქალი ავტორის სხვადასხვა ნამუშევარი ერთი თემის – მედეას იდეის და მისი სახელის ინტერპრეტირება იყო – თანამედროვე ენის, გამოსახულებებისა და ხატებების ენაზე თარგმნა.

ამ პროექტში განსაკუთრებით დამამახსოვრდა მაია ნავერიანის „ფერადი“ გრაფიკული მოზაიკა, ჩანახატების სერია, ერთგვარი კინოკადრირების ეფექტით. კადრებში თანამედროვე მედეას, თანამედროვე ქალის შესაძლო ყოფის შესაძლო მომენტებია.

ასევე, დასამახსოვრებელი იყო ქეთი კაპანაძის ორი ფოტოინსტალაცია. თითქოს, ერთი და იგივე და მაინც სხვადასხვა გამოსახულება – ფოკუსაცდენილი, დაახლოებით დაფიქსირებული სახე, დაახლოებით დანახული იდენტობა.

პოეტური იყო ნინო ზირაქიშვილის ტექსტილური ობიექტი. მცენარეული ორნამენტის ნაქარგობით. ჰეკატეს ბაღის მცენარეების ჰერბარიუმიაო, თქვეს, თუმცა, თითქოს, ნამუშევარი პერსონაჟის სენტიმენტალურ და სათუთ სამყაროსაც ხსნიდა.

დაბოლოს, სახასიათო იყო ნუცა ესებუას შავ-თეთრი პეიზაჟებიც, უფრო სწორად, ქაღალდზე ფანქარში ამოხატული არქიტექტურულ-ურბანული ეპიზოდები. ამით ავტორი გვახსენებდა, რომ „მედეა მითისა თუ სხვადასხვა ავტორის თანახმად, მუდმივ ექსპატრიაციაშია. კოლხეთი, იოლკოსი, კორინთი და ათენი...“

კოტე ბოლქვაძის კურატორული პროექტი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მრავალპლანიანი და კომპლექსკური იყო, რაც ბოლო დროს მინახავს. ამ შემთხვევაში კურატორის ნარატივი გახდა ის კონსტრუქცია, რომელმაც სხვადასხვა ავტორის ნამუშევრები ნაყოფივით გამოისხა. 

გალერეა „ნექტარის“ კურატორული პროექტი „ოთხი ლაპარაკი“ ალბათ 2019 წლის „არტფეარის“ ყველაზე ავთენტური და ყველაზე ემოციური პროექტი იყო. კურატორმა ნინო სეხნიაშვილმა, მე-6 პავილიონში, ოთხი სხვადასხვა პერიოდის და სხვადასხვა მედიაში მომუშავე ხელოვანის ვიზუალური „მონოლოგები“ განათავსა:

შოთა ბოსტანაშვილი (1948-2013), გვიან საბჭოთა და პოსტსაბჭოთა არქიტექტურაში გამორჩეული სტილის არქიტექტორია. წარმოდგენილი იყო მისი ვიდეოარქივი.

იქვე იყო თეა გვეტაძის რამდენიმე ფერწერული ნამუშევარი, ასევე, ელენე ლეხუტაშვილის – უცნობი, თელაველი ხელოვანის ნამუშევრები. ის 1940-იანი წლებიდან მოზაიკის ტექნიკით მუშაობს. დაბოლოს, მხატვარი წყალტუბოდან –  ელენე ჩანტლაძე, რომელიც გარემოში აღმოჩენილ სიბრტყეებს აგროვებს და სახატავად იყენებს. მის ნახატებში ყუთების თუ რენტგენის ფოტოების ფაქტურა მხატვრის ჩანაფიქრის ნაწილი ხდება.

ამ არტისტებს ერთმანეთთან არაფერი კონკრეტული, ხილვადი და ინფორმაციული არ აკავშირებთ. მათი ბიოგრაფიები და გამოცდილებები 4 დამოუკიდებელი „მონოლოგია“, მაგრამ ოთხივე გამოირჩევა საკუთარი ავთენტური, უნიკალური ხელოვნებით. ისინი არავის ჰგვანან.

გალერეების „ბაზრობა“ ყოველთვის და ყველგან ხელოვნების ბაზრების ცენტრალური საკითხია. ზუსტად ამიტომ, თბილისის ხელოვნების ბაზრობაზეც, ყველაზე დიდი საგამოფენო სივრცე, ანუ მე-11 პავილიონი, 30 პატარა სივრცედ იყო დანაწევრებული და ყოველი მონაკვეთი დამოუკიდებელ წარმოდგენას ქმნიდა – კონკრეტული გალერეა ჰფენდა ხელოვნების ნამუშევარს ან ნამუშევრებს, ერთ ან რამდენიმე ავტორს.

რითი იწყებოდა დამთვალიერებლისთვის გალერეების მარათონი? ამას ფეისბუკი და ინსტაგრამი პასუხობს. „დაშეარების“, „დათაგვის“ და „დაჩექინების“ ადგილი მე-11 პავილიონში ყველამ ერთხმად მონიშნა – არტისტ ლევან მინდიაშვილის ნამუშევარი. ნამუშევარი იკავებდა ერთ დამოუკიდებელ სივრცეს – კვადრატს. ნამუშევარი იყო სივრცე, რომლის კედლებსაც ინსტალაციები წარმოადგენდა. გამჭოლი და გამჭვირვალე სივრცე ერთი შეხედვით იყო სადა, მინიმალისტური და თანამედროვე კულტურის ლექსიკით მეტყველი. ნეონით აბრასავით დაწერილი სენტიმენტალური ფრაზა – „შენთვის უფრო დიდხანს უნდა მეკოცნა“ – ტოვებდა განცდას, რომ ძველი რომანტიკული ლირიზმი ქუჩაშია გამოტანილი, როგორც ღამის განათება. საგამოფენო სივრცის ცენტრში ახალგაზრდა თაობისთვის ძალიან გასაგები – DJ-ის პულტისა და „მიკშერის“ მაგიდა იდგა, როგორც თაობის იდენტობის ძეგლი, გარშემო კი სარკეებით შექმნილი გამოსახულებები ჩანდა – დაორთქლილი ქართული ასო-ნიშნები, როგორც გაბუნდოვნებული ნაგლეჯები მეხსიერებიდან.

ლევან მინდიაშვილს გალერეა „ერთი“ წარმოადგენდა. იგივე გალერეა წარმოადგენდა გიორგი ჩხეიძესაც, რომელიც ყურადღებას იქცევს ოსტატური სტილითა და დიდი ზომის ტილოებით. ის ხატავს სიცარიელესაც და სისავსესაც, რელიეფების ეფექტს ქმნის ტილოზე. ტოვებს შეგრძნებას, რომ სიბრტყე რაღაც მთავარ მოცულობას ფარავს. გიორგი ჩხეიძის უსაზღვრო ოსტატობა და ტექნიკა ნებისმიერი გემოვნების ადამიანის ყურადღებას და სიმპათიას იმსახურებს. 

თავად გალერეების დიზაინი უმეტესად იყო ტიპური და ქმნიდა შეკრულ, უჰაერო სისტემას, მაგრამ მათ შორისაც გამოირჩეოდა ერთი – window project-ის სივრცე. მის ავტორებს შორის ნამდვილი ვარსკვლავი გვიანი საბჭოთა ეპოქის ქართველი ხელოვანი, ვახტანგ  ქოქიაშვილი გახლდათ. ესაა დეკორატიული, გამოყენებითი ხელოვნების და დიზაინის სფეროში უკიდეგანო ფანტაზიით გამორჩეული ავტორი.

თბილისის ხელოვნების ფესტივალზე ყველაზე მრავლად ქართული გალერეები აქტიურობდნენ. მაგრამ აუდიტორიის ინტერესს, ბუნებრივია, განსხვავებული და ახლებური იერის მქონე სტუმარი გალერეებიც იპყრობდნენ.

მძაფრად განსხვავებული სოციალური ხასიათით გამოირჩეოდა კიევის ფოტოფესტივალის გალერეა. მინიმალისტურ ან ვიზუალურ ესთეტიკაზე ორიენტირებულ ექსპოზიციებს შორის დოკუმენტური და ნატურალისტური უკრაინული ფოტოგრაფია კონტექსტიდან აგდებდა დამთვალიერებელს. ახლოს იყო თბილისის ფოტოფესტივალის სივრცეც, რომელიც ანტუან დ’აგატას „დაბნელების“ სერიას წარმოადგენდა. მთელი ეს სერია, ისე, როგორც ამ ცნობილი ფოტოხელოვანის მთელი შემოქმედება, ზღვარზეა დოკუმენტურსა და არაფხიზელ წარმოსახვას შორის.

ქემალ მენურის გალერეა საფრანგეთიდან წარმოადგენდა დღეისთვის წარმატებული საერთაშორისო ხელოვანის პეტრიტ ჰალილაჯის (Petrit Halilaj) მცირე ექსპოზიციას, რომელიც უფრო დიდი პროექტის, დიდი ისტორიის შესახებ მეტყველ არტეფაქტებს – მანუსკრიპტებს ჰგავდა. არტისტი კოსოვოში დაიბადა და მისთვის დამახასიათებელი დიდი ინსტალაციები და პროექტები სულ სხვა განზომილებებს ქმნის, ვიდრე ეს თბილისში გამოჩნდა, მაგრამ ეს სტუმრობა თბილისური ბაზრობის ღირსების საკითხი გახლდათ.

და სულ ბოლოს უნდა ვახსენოთ კიდევ ორი გალერეა, რომლებიც თბილისში ჩამოვიდნენ არა იმდენად კომერციული მოგებისთვის, რამდენადაც კულტურული დიალოგის დასამყარებლად.

Simon Subal Gallery (ნიუ-იორკი) წარმოადგენდა  Anna K.E.-ს ნამუშევარს, რომელიც რამდენიმე გრაფიკას და ფოტოს მოიცავდა და ყოველ მათგანს ერთი კვლევის ფრაგმენტების სახე ჰქონდა. ერთი მხრივ, მატერიალურ-საგნობრივი ინტერიერების გრაფიკული ჩანახატები იყო, როგორც შთაბეჭდილებები, მეორე მხრივ კი, მსგავს ინტერიერებში მოთავსებული ავტორისავე სხეულის ამსახველი ფოტოები.

Anna K.E. წელს ვენეციის ბიენალეზე წარმოადგენს საქართველოს. ის ქართველია, მაგრამ ნიუ-იორკში ცხოვრობს და მუშაობს.

ქართველ არტისტს, ქეთი კაპანაძეს წარმოადგენდა გერმანული გალერეა Gisel Clement ბონიდან. ქეთი კაპანაძის ნამუშევრებში ქართული ანბანი ვიზუალური ხელოვნების ნიშნებად იქცევა და აბსტრაქტული ფერადოვანი კომპოზიციის ფორმას იძენს. ეროვნული საფუძვლის, როგორც მასალის, უნივერსალურ არტისტულ ენაზე გადათარგმნის საკითხი არაერთი ხელოვანის ინტერესია. და ალბათ არა მხოლოდ ხელოვანის, არამედ თანამედროვე დროში ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი თემაცაა.