ტატო ახალკაციშვილის „ხავერდის მზე“ მულტიმედიური პროექტია, რომელიც SOLO-მხარდაჭერით განხორციელდა გალერეა ერთის სივრცეში. ფერწერის გარდა  აქ ტატო ახალკაციშვილის პირველი ვიდეო ნამუშევარია წარმოდგენილი, რომელიც, რა თქმა უნდა, ფერწერული კოლექციის ზოგად განწყობას განავრცობს და კიდევ უფრო ამძაფრებს. დამთვალიერებელი ტატოსთვის სახასიათო მედიტაციური პეიზაჟების კიდევ უფრო დახვეწილ ვერსიებს ნახავს, რომლებშიც ისტორიის თემა მრავალგვარი ჩართული დეტალებითაა შევსებული. რეალური და წარმოსახვითი გამოსახულებების გაერთიანება მეხსიერებაში არსებულ პერსონალურ გამოცდილებას უკავშირდება და მას თარგმნის  ვიზუალურ ენაზე, როგორც მაგიური რეალიზმის ერთ-ერთ ვერსიას. გამოფენის კურატორი დომენიკო დე კირიკო საუბრობს ამ პროექტისა და მის მიერ დანახული ტატო ახალკაციშვილის მხატვრული ხედვის შესახებ.

 

ატოსთან თანამშრომლობის ისტორია: როგორი იყო დასაწყისი და განვითარება?

ტატო თამუნასგან (თამუნა არშბა - გალერეა ერთის თანადამფუძნებელი)  გავიცანი, ვნახე მისი ნამუშევრები და მერე დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რა გზით წაგვეყვანა ჩენი თანამშრომლობა. საბოლოოდ გადავწყვიტეთ ტატოს გამოფენა მე მომემზადებინა გალერეისათვის. ჩემთვის ის ძალიან  საინტერესო არტისტია, უფრო ზუსტად ფერმწერი და რასაც ის აკეთებს, არის ერთგვარი ფოტოგრაფიული მეხსიერება. თავის გამოკვეთილად ფიგურატიულ ფერწერაში მას შერეული აქვს არაცნობიერის ელემენტები. ამით ერთგვარად იქმნება სრულყოფილი ბალანსი აბსტრაქტულსა და ფიგურატიულ მხატვრობას შორის. როცა ის ჰყვება თავის ისტორიას, ეხება მშობლიურ კულტურას, თავის ფესვებს, ქვეყანას - საქართველოს,  ცდილობს ეს თავისი განსაკუთრებულად პერსონალური ხედვიდან გააკეთოს. ტატო თითქოს ყოვლთვის ცდილობს შექმნას ერთგვარი გაჩერების, წყვეტის მომენტი, რომ აჩვენოს რაღაც, რომლის ამოხსნაც რთულია.

შეგიძლიათ ტატოს მხატვრობის სტილს უწოდოთ მაგიური რეალიზმი?

დიახ, რა თქმა უნდა. თუმცა,  მე უფრო ვიტყოდი, რომ ეს არის ვიზიონერული რეალიზმი. ის სავსეა დეტალებით, იმპულსებით, რომლებითაც აღიწერება სპეციფიკური სიტუაციები. დეტალების სიმრავლე მიანიშნებს. რომ ის ბევრს მუშაობს თავის წარმოსახვასთან, იმ რაღაცასთან, რაც განსხვავდება არსებული რეალობისაგან. სწორედ აქედან გამომდინარე  გააკეთა მან გამოფენა სათაურით „ხავერდის მზე“. როგორც უკვე ვთქვი, ის თითქოს ყოველთვის ელოდება, რომ რაღაც უნდა მოხდეს. ამ მომენტის გათვალისწინებით პროექტის მთავარი ობიექტი ფერია, ის ძირითადი ფერი, რომელიც მოდის ფერწერული ნამუშევრებიდან და თითქოს არის წარმოსახვიდან წამოსული გამოძახილი მზის შუქზე.

რამდენად ებმის ვიდეო ნამუშევარი ძირითად თემას?

ფაქტობრივად ტატო პირველად გამოფენს ნამუშევარს ვიდეო ფორმატში.. როცა ვფიქრობთ მზის შესახებ, ვფიქრობთ ცეცხლზეც  და ვიდეოც აჩვენებს რაღაც ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, დაკავშირებულს ფესვებთან, ტრადიციასთან, ქვეყანასთან, სპეციფიკურ მდგომარეობებთან, რომელიც ბავშვობასთან ასოცირდება. მოკლედ, ზოგადად შექმნის პროცესს ეხება ეს ყველაფერი და ის საბოლოოდ მიდის ცეცხლთან, ანუ მზესთან.

რიტუალის მნიშვნელობით?

დიახ, ის აღწერს ამ ყველაფერს, როგორც  რიტუალს.

პერსონალურად ჩემთვის საინტერესოა ის დრამა, რომელიც ერთგვარი საფუძველია ტატოს ნამუშევრებისთვის, ანუ  1990-იანები,- საქარველოსთვის  ძალიან რთუი პეიოდი, როგორა ღიქმება დისტანციიდან, სხვა ქვეყნის ადამიანისთვის.

მე არ მომიხდა მეცხოვრა ამგვარ სპეციფიკურ სიტუაციაში. ტატოს ნამუშევრებმა გამიადვილა გამეგო ეს სპეციფიკური ბექგრაუნდი და იქიდან წამოსული პროცესი. მე შემიძლია შევიგრძნო და გავიგო ეს ისტორია ჩემი პერსონალური პოზიციიდან. ჩემი აღქმით, ეს არის განსაკუთრებული სახე მარტოობისა, როცა ირგვლივ იყურები და ხედავ რომ ხარ იზოლირებული. ცალკეული ადამიანების სხეულები, ცხოველები თითქოს სადღაც შორს არსებობენ, ერთგვარად რეაგირებენ, მაგრამ იზოლირებულები არიან მთლიან ლანდშაფტში. ეს მომენტი ჩემთვის ერთგარ გასაღებად იქცა გამეგო ეს სპეციფიკური ბაზა, რაც კარგი საშუალებაა შეეხო შენთვის უცხო ქვეყნის სახასიათო ისტორიას. ისე ჩანს, თითქოს ამ ფერწერებში არის თავისებური ნოსტალგიაც და ასევე რეაქცია იმ წარსულ ცხოვრებაზე, რომელიც მან განვლო და ახლა ამ ყველაფერს აღწერს უსაფრთხო დისტანციიდან.

და ბოლო კითხვა თქვენი კურატორული მუშოაბის სტილის შესახებ როგორ მუშაობთ არტისტებთან, რითი ხდება თქვენთვის არტისტი საინტერესო?

დაახლოებით შვიდი წელია, რაც მე ვარ დამოუკიდებელი კურატორი. ეს თავისთავად  ნიშნავს, რომ დამოუკიდებლად ვმუშაობ არტისტებთან, ვინც მე მართლა მომწონს. ასევე,  ვთანამშრომლობ გალერეებთან, მუზეუმებთან, სხვადასხვა ინსტიტუციებთან. ხშირად წარვადგენ უცხოელ მხატვრებს იტალიაში, სადაც ისინი პირველად იფინებიან.

 

ფოტო: გალერეა „ერთის“ არქივი

ავტორი :
  • ხათუნა ხაბულიანი
You voted '-1'.