მომზადებულია ჟურნალ „ნიუ იორკერის“ მიხედვით

რამდენიმე წლის წინ, ჰოლანდიელმა მოდის დიზაინერმა, ირის ვან ჰერპენმა „ცერნში“ სიარული დაიწყო – ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევის ცენტრში. 33 წლის ვან ჰერპენს არავითარი განათლება არ აქვს არც ფიზიკაში და არც მეცნიერების სხვა დისციპლინებში – მას მხოლოდ პატარა ჰოლანდიური ქალაქის, არნჰემის დიზაინის სკოლა დაუმთავრებია, თუმცა კოსმოსისა და დედამიწის, ბუნებრივი საწყისებისა და ფუტურისტული მასალის შერწყმაში, ეს ხელს არ უშლის. ირის ვან ჰერპენი სამყაროს ერთ მთლიანობად ხედავს და რასაც ხედავს, სამგანზომილებიან პრინტერებზე ამობეჭდილ ქსოვილებში, პლასტმასასა და სხვა მოულოდნელ, მაღალტექნოლოგიურ მასალებში გადააქვს.

2014 წელს „ცერნში“ სტუმრობის დროს ირის ვან ჰერპენმა დიდი ადრონული კოლაიდერი მოინახულა – ელემენტარულ ნაწილაკთა ამაჩქარებელი, რომელიც დიდ გვირაბშია ჩამარხული და ასი ათასჯერ უფრო მძლავრ მაგნიტურ ველს ქმნის, ვიდრე დედამიწას გააჩნია. უთვალავი მაგნიტური და ელექტრონული ნაწილი ფერადი მავთულებითა და კაშკაშა მეტალის სტრუქტურებითაა დაკავშირებული ერთმანეთთან და ირის ვან ჰერპენისთვის მათ ერთობაზე უფრო მშვენიერი, შთამბეჭდავი და ჯადოსნური სანახაობა არ არსებობს.

„გიგანტურ თავსატეხს ჰგავს, უზარმაზარ ლეგოს. მატერიალური კუთხით ძალიან მარტივი და გასაგები კონსტრუქციაა, მაგრამ რასაც იკვლევს, ის საგანი ისეთი რთული და კომპლექსურია, რომ... მანცვიფრებს, თავგზას მირევს“, – ამბობს ირის ვან ჰერპენი.

სწორედ ამ თემებზე ნაფიქრი და განცდილი გადადის შემდეგ ჰოლანდიელი დიზაინერის კოსტიუმებში, რომელთა შესაძენადაც მხოლოდ ფული არ კმარა. ექსცენტრიკული დიზაინერის – დაფნა გინესის გაქანების მაინც უნდა იყოთ, მათი ჩაცმა რომ მოგინდეთ. კი, მაღალი მოდის და ხელოვნების სინთეზის, მდიდრული ქსოვილებისა და იმიჯის, გამორჩეული ესთეტიკური მისწრაფებების გამო ბევრი მდიდარი ქალი იხდის კაბაში 65 ათას დოლარს, მაგრამ „მაგნიტური გრაცია“ – „ცერნის“ შთაბეჭდილებებით შექმნილი 2015 წლის კოლექცია და ირის ვან ჰერპენის სხვა ნამუშევრები მხოლოდ ერთეულებს მოსწონთ.

მათ შორისაა ლეიდი გაგა, რომელსაც შავი აკრილის, ლაზერზე აჭრილი კაბა თავისი სუნამოს Fame-ის პრეზენტაციაზე ეცვა. ქსოვილის ღრმა, ბზინვარე სიშავისა და უსწორმასწორო კონტურების გამო, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა (ცხადია, განზრახ), თითქოს, ლეიდი გაგა ნავთობის ტანკერში იძირებოდა (და პოლიტიკური ქვეტექსტიც მკაფიო იყო).

ხოლო ვან ჰერპენის ე.წ. გველის კაბა, ასევე აკრილის ლაპლაპა შავი კოსტიუმი, რომელსაც ტანზე შემოხვეული ქვეწარმავლებისა და ჭიაყელების ეფექტი აქვს, ბიორკს ეცვა როსკილდის ფესტივალზე. ბიორკი რა იდეას დებდა ამ კაბაში, არ ვიცით, სამაგიეროდ, ვიცით, რომ ვან ჰერპენისთვის ზრდის პროცესი და საზოგადოდ ბუნება ხდება ხოლმე ძირეული საკვლევი საკითხი.

ბუნება ვან ჰერპენს კოსმოსსა და არქიტექტურასთან მიმართებით აინტერესებს. ერთხელ, 3D საბეჭდ მანქანაზე დაბეჭდილი „ტაძრის კაბა“ დანგრეული გოთიკური ეკლესიის ფრაგმენტებისგან ააწყო.

წელს ვან ჰერპენის ფიქრები კვლავაც დაუბრუნდა „ცერნს“ – ის ახალ კოლექციაზე ფიქრობს და ამით აღნიშნავს ათი წლის იუბილეს იმ დღიდან, როცა მაღალი მოდის ინდუსტრიაში 23 წლის ასაკში გამოჩნდა და ისეთ ცნებებს, როგორიცაა „ექსცენტრიკულობა“, „მაღალტექნოლოგიურობა“, „რევოლუცია მოდაში“ სულ სხვა მნიშვნელობა შესძინა. მეტიც, თავისი შემოქმედება აქცია რევოლუციის, მაღალტექნოლოგიურობის სინონიმად. კოლექციებს ყოველთვის თან მოაყოლებს ხოლმე სამოსის კონცეპტუალურ აღწერას: 2014 წლის ჩვენებისთვის, რომელსაც „ბიომეკობრეობა“ დაარქვა, ასეთი ტექსტი დაწერა: „პატენტს ჩვენს გენეტიკაზე ახლა უკვე სხვები ფლობენ. ძალით მიითვისეს ჩვენი გენები. ნეტა ისევ მხოლოდ ჩვენ ვმართავთ საკუთარ სხეულებს?!“ ამ კოლექციაში ვან ჰერპენს ჰქონდა რამდენიმე კაბა, რომელთა აბრეშუმის მკედის ქვეშ ცეცხლოვანი ოპალის ხელოვნური ქვები იყო დამაგრებული. შედეგად, მოდელებს მთელ სხეულზე გასდევდათ ლაპლაპა გარსი – როგორც ალუზია ფიზიკურ უჯრედებზე.

ავანგარდული პროვოკაციების გამო ვან ჰერპენის ნამუშევრები ხშირად ხელოვნების მუზეუმებში გააქვთ. ნიუ იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმმა პირველი ნიმუში 2012 წელს შეიძინა. ეს იყო ჩონჩხისმაგვარი მოკლე კაბა, რომელზეც დიზაინერმა სამგანზომილებიანი ბეჭდვით გადაიტანა თეთრი, სინთეტური პოლიმერი. შემდეგ მუზეუმმა ვან ჰერპენის 5 სხვა ნამუშევარიც შეიძინა. მათ შორის იყო 2013-2014 წლებში შეკერილი „მთვარის კაბა“ – დონატის ფორმის კოსტიუმი მართლა მთვარესავით ზედაპირით.

„ხშირად ისეთი მასალები მომწონს, წესით, ტანსაცმლის დიზაინში არ ან ვერ უნდა ვიყენებდე, – ამბობს ირისი, – მაგრამ ასეთ ნიუანსებს არ ვაქცევ ყურადღებას, დაუფიქრებლად ვიწყებ მუშაობას, თუნდაც მიზნის მიღწევა შეუძლებლად მეჩვენებოდეს“.

ასეთი, ერთი შეხედვით, „შეუძლებელი“ პროექტი იყო ვან ჰერპენის ცნობილი „წყლის კაბაც“: ფოტოგრაფი ნიკ ნაითი ფირზე აღბეჭდავდა პლატფორმაზე შემომდგარ შიშველ დაფნა გინესს, რომელსაც ჩამჩებით ასხამდნენ წყალს, ვან ჰერპენი კი აკვირდებოდა ფოტოებს და პლასტმასის კონტეინერებისა და სარჩილავი ნათურის მეშვეობით აწყობდა კაბას, რომელიც ზუსტად იმეორებდა ფოტოებზე გადატანილ ქალის გამოსახულებას.

ვან ჰერპენს დღესაც წყლის სტიქიაზე ეფიქრება ბევრი. მისი ატელიე ამსტერდამის ძველ პორტთან მდებარეობს, სინათლით სავსე ძველ საწყობში, საიდანაც ზაფხულობით თავის თანამშრომლებთან ერთად ფანჯრის ქვეშ გაშლილ არხში საცურაოდ ხშირად ჩადის ხოლმე – განტვირთვისთვის, იდეების მოსაზიდად. თუ ცივი ამინდია, მაგრამ მაინც ნათელი დღე, იატაკიდან ჭერამდე აზიდული ფანჯრები აქვთ ღია, გარედან მარილიანი წყლის სუნით გაჟღენთილი სიო უბერავს, ველვეტის ვარდისფერ სავარძელში კი ფისო თვლემს; ამასობაში თვითონ ჟღალთმება, მაღალი და წარმოსადეგი აღნაგობის მქონე ირისი კაბის ახალ თარგზე მუშაობს. ოღონდ ახლად გამოგონილი მოდელის სილუეტს ფურცელზე კი არ ხატავს, – მშურს მათი, ვისაც 2 განზომილებაში აზროვნება შეუძლიაო, – პირდაპირ მანეკენს არგებს არჩეულ მასალას, ხელით უსწორებს ნაკეცებს. მაგიდაზე პოლისინთეტიკური მასალის ნაკუწები აწყვია, ველვეტის თასმებით ალაგ-ალაგაა მილაკებად შეკრული. ჟურნალისტი ეკითხება, ეს ალბათ ახალი კაბის სახელო იქნებაო. „შეიძლება სახელოც იყოს, – პასუხობს ირის ვან ჰერპენი, – მაგრამ შეიძლება იყოს წანაზარდი თეძოზე ან მხარზე, ზუსტად მაშინ გადავწყვეტ, მანეკენზე რომ შევხედავ“.