გინდ ქალი იყოს, გინდ კაცი, თავისი სუპერმენი ყველას ჰყავს. ზოგი მაღალია, ზოგი მდაბალი, ზოგი უხვი, ზოგიც ლაშქარმრავალი და ყმიანი. ვიღაცებისთვის ცისფერთვალებაა, ვიღაცებისთვის ბრგე და ახოვანი. დიდსულოვანი, კეთილი, რაინდული.


1930-იან წლებში (ზუსტ თარიღს ვერ ვასახელებ) საქართველოში ერთმა მამაკაცმა დახატა მეორე მამაკაცი, რომელიც თავისი აღნაგობით, თავისი პოზით, თავისი სიყვარულის ნიჭით ძალიან ჰგავდა სუპერმენს. ამ მამაკაცის მხატვარი იყო პეტრე ოცხელი. წლების შემდეგ, მინანქრის მხატვარმა, ქეთევან საქარელმა ეს გამოსახულება თეატრმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლის დროს ნახა და, რადგან ვიზუალური მეხსიერებით გამოირჩევა, ერთხელ ნანახი აღარ დავიწყებია. შემდეგ კი, როცა სამკაულის რამდენიმე კოლექცია შექმნა და თავისი ორიგინალური მიდგომებით თავი ბევრს დაამახსოვრა, პეტრე ოცხელის ამ „მფრინავი შეყვარებულის“ სამკაულში გადატანაც მოისურვა (ოცხელის სხვა ესკიზებთან ერთად).

შესაბამისად, დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ როგორია პირადად მისთვის სუპერმენი; როგორი გმირი შეიძლება გამოვიდეს 80 წლის წინ დახატული პეტრე ოცხელის სასცენო ესკიზიდან სპექტაკლისთვის „მფრინავი მღებავი“; რა ძალას ასხივებს ეს ფიგურა, რომლის გამეორებაც მინანქარში ზუსტად უნდოდა.

„კუნთებიანი სუპერმენი დღეს კრიზისშია. ის აღარ მიიჩნევა გმირად. პეტრე ოცხელის ფიგურა კი უფრო იდუმალი და დახვეწილი, ძლიერი და ამავდროულად მგრძნობიარეა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი განწყობის გამომხატველი ფიგურა საქართველოში 1930-იან წლებში დახატა პეტრე ოცხელმა“, – მეუბნება ქეთევანი და ბროშს თითს ფრთხილად უსვამს. გასაფრენად გამზადებულ ფიგურას მკერდზე ევროკავშირის დროშა მოუჩანს, რის გამოც ქეთევანის მეგობარმა მას „ევრომენი“ დაარქვა. თუმცა ქეთევანის მინანქრის ფიგურა სინამდვილეში ევროპაში კი არა, კოსმოსისკენ მიფრინავს – „შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ გასაფრენად მას ან სხვას სწორედ ევროკავშირის დროშა სჭირდება, მაგრამ არ არის ეგრე. ეს ფიგურა მიფრინავს შორს ადამიანების მიერ დაწესებული საზღვრებისგან, ამიტომ ევროკავშირის დროშის დატანაც მის სამოსზე ირონიული ჟესტია“. ქეთევანი მეუბნება, რომ არ უნდოდა, „ევრომენი“ მხოლოდ სამკაული ყოფილიყო, რადგან პეტრე ოცხელის ეს ესკიზი გაცილებით მეტ პოპულარობას იმსახურებს და, რადგან თავად ესკიზს ჰქონდა დიდი პოტენციალი, ამიტომ „ფაბრიკის“ კედელზეც გადაიტანა, როგორც „სტრიტ-არტი“, შემდეგ კი ბერლინშიც დახატა ერთ-ერთ კედელზე.


არ ვიცი, დამეთანხმებით თუ არა, მაგრამ პირადად ჩემთვის ტიხრული და არა მხოლოდ ტიხრული მინანქრის თითქმის ერთგვაროვან სცენაზე (ეს შეფასება არ ნიშნავს იმას, რომ არ ვაღიარებ ავტორების ინდივიდუალურ ხელწერას), ქეთევან საქარელმა ცოცხალი და ადამიანური თემები, იუმორი, სითამამე და საერთოდ, რეალურად აქტუალური, ეგზისტენციალური თემებიც კი შემოიტანა. ცხადია, სუპერმენის საკითხის დასმა, ევროკავშირის კრიზისის შეხსენება, კოსმოსში გაფრენის სურვილის გამოხატვა მინანქრის ბროშებითა და საყურეებით – ყველა ამ აქტუალური თემის ინტერპრეტაცია სრულიად მოულოდნელ მედიუმში – სწორედ ამის ნიშანია. თუმცა, არა მხოლოდ „ევრომენის“ შესახებ შეიძლება ამის მტკიცება, არამედ იმავეს აკეთებს საქარელის სხვა კოლექციებიც. მაგალითად, სოციალურად ყველაზე აქტუალური და რეაქციული – რეაქციული მიმდინარე მოვლენაზე – 13 ივნისის შემდეგ შექმნილი ბეჰემოთის ბროში იყო, რომელიც თავისი ფერებით და ფორმებით, სტიქიის ტრაგიზმზე მეტად, საშინელ დროში გამოვლენილ სიკეთეს, თანადგომას და სიცოცხლის სურვილს გვახსენებდა.

თუმცა, ბევრი გოგონასთვის ალბათ მარადიულად აქტუალურად დარჩება ქეთევანის კაბა-ბროშები, კოლექციიდან „პერსონა“, სულ ნაირ-ნაირი, შავები და კოპლებიანები, მოკლეები და გამოყვანილები, გაშვებულები და ფრიალები – ეს ბროშები, როგორც ვიცი, აღარ გამოდის, მაგრამ მგონია, რომ საკუთარი სხეულის კვლევის, მიღების და შეყვარების ტკბილ-მწარე პროცესს ასახავს; ჰო, უცნაურია, მაგრამ ამას აკეთებს ზოგჯერ ინფანტილური და ზოგჯერ ძალიან ფერადი და მხიარული მინანქრის კაბები – ჩამოიკიდებ ყელზე და თამამი განაცხადი შენზეა.


„ინსპირაცია – ესა და ეს“ – ქეთევან საქარელის კოლექციებს ყოველთვის აქვთ მითითებული წყარო, საიდანაც გაჩნდა იდეა. ეს სწორი დამოკიდებულებაა საავტორო უფლებების მხრივ და მისწრებაა დამთვალიერებლისთვისაც – წყაროს მითითება, თითქოს, ასრულებს პროცესს, ავსებს ნამუშევრის დათვალიერების რიტუალს და საშუალებას აძლევს მნახველს, თავადაც გაავლოს პარალელები, იაზროვნოს ასოციაციურად და, მაგალითად, საყურე სიმეტრიული ხაზებითა და ხასხასა ფერებით, მონდრიანის ნამუშევრებთან დააკავშიროს; შავ, წახნაგოვან ფიგურას რომ დაინახავს სკეიტბორდის ბროშზე – არ გაუკვირდეს, რომ პეტრე ოცხელის „ივდითი“ იქნება; ანდა რომ გაიგოს – ბროშებსა და საყურეებზე ასე დახვეწილად გამოსახულ შავ-თეთრ ორნამენტს „მწევარი ძაღლის კბილის“ (houndstooth) ორნამენტი ჰქვია.

„ინსპირაციაა თვითონ რეალობა. გარემო, რაშიც ვცხოვრობ. ამიტომ ხშირად რეაქციებზეა აგებული ის, რასაც ვაკეთებ. ჩემი დამოკიდებულება ჩანს საკითხების მიმართ, რომლებზეც ვლაპარაკობთ, რომლებიც გვაღელვებს“,

– ამბობს ქეთევანი, რომელიც დიდი ხანია გამოვიდა მინანქრის გალერეებთან თანამშრომლობის სტანდარტული სქემიდან და ახლა არა მხოლოდ ჩვენს რეალობაში დაძრულ პროცესებს ეხმიანება თავისი ნამუშევრებით, მოდის სფეროშიც იჭრება და ცდილობს, ეს საზღვარიც მოსინჯოს – მინანქარს, ქსოვილს, ფაქტურასა და მოდას შორის.


ასე რომ, მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ, „ქეთევან საქარელი“ უკვე ძალიან გამორჩეული საავტორო ხელწერის მქონე ბრენდია, რომლის დამფუძნებელიც და დიზაინერიც არის გოგონა, რომელსაც ევრომენი ჰყავს. ახლა ქეთევანი აპირებს, მასობრივ წარმოებაზე გადავიდეს და ესეც საკუთარ ამბიციად მიაჩნია, რადგან მინანქრის სპეციფიკიდან გამომდინარე, ასეთი რამ აქამდე ბევრს შეუძლებელი ეგონა.

ზუსტად ამ სითამამეს ვაფასებ, პირველ რიგში, ქეთევან საქარელის ბრენდში, რადგან მგონია, რომ მის სამკაულს ზოგჯერ ისე უნდა მივაკითხო, როგორც ენაკვიმატ, კარგი იუმორით და ღრმა შეფასებებით გამორჩეულ კომენტატორს ჩემთვის საინტერესო თემებზე. უცნაური შეგრძნებაა, არა, როცა, ვთქვათ, საყურე კომენტარია, შთაბეჭდილებაა, განაცხადია. თქვენც გირჩევთ, ამ თვალით „წაიკითხოთ“ ქეთევან საქარელი.