ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ბუნება

წარუშლელი წიწვები და ფიჭვები | დავით ბუხრიკიძე

ჩვენი გზა მაინც ჩვენს მეხსიერებაზე გადის. ბავშვობაში ჩარჩენილი ხატები ხშირად უფრო მეტ ემოციურ შრეებს ინახავს, ვიდრე აწმყოთი დატვირთული კადრები. ძნელია, და ზოგჯერ შეუძლებელიც, საჯაროდ გააცოცხლო შენი „მეხსიერების ადგილები“ (ფრანგი ფილოსოფოსის, პიერ ნორას ტერმინია), რომელიც მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც დატვირთული ისტორიული მოვლენების გამო რეალური მეხსიერების გარემო გაქრა; მას შემდეგ, რაც ცხოვრების ტრადიციული წესი, რომელიც მომავალ თაობებს ბუნებრივად გადაეცემოდათ, დაიკარგა, „მეხსიერების ადგილების“ საშუალებით კი შესაძლებელი გახდა მოგონებების ერთგვარი ლოკალიზება, შენარჩუნება და კვლავწარმოება. მათი საშუალებით შესაძლებელია ისეთი სიმბოლური ისტორიის შექმნაც, რომელიც უკეთ შეესაბამება თანამედროვე დროის სამოქალაქო და ინტელექტუალურ საჭიროებებს. პიერ ნორა აღნიშნავს, რომ ეს „მეხსიერების ადგილები“ შეიძლება იყოს ისტორიულად, რეალურად არსებული ან გამოგონილი. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი სიმბოლური და საკრალური მნიშვნელობისაა.

ჩემთვის ეს „საკრალური და კონკრეტული“ ადგილი წაღვერის წიწვოვან ტყეებშია. მათი გაშენება გასული საუკუნის დასაწყისში დიდმა ადამიანმა და ჩვეულებრივმა მეტყევემ, მიხეილ მურვანიშვილმა მოახერხა. უნიკალური ტყეები ჯერ სურამში, შემდეგ წაღვერში, დაბაში, თორში, ბაკურიანსა და აბასთუმანში გაიშალა.

მეოცე საუკუნის დასაწყისში ის წაღვერის სატყეო მეურნეობის უფროსად დანიშნეს, სადაც დაახლოებით ათ წელიწადს იმუშავა: ააგო პირველი ქვითკირის შენობები სოფელში – სკოლისთვის და მასწავლებელთა ბინისთვის. შემოიკრიბა იქაური ახალგაზრდობა, მოაწყო სამკითხველო და სპორტის მოედანი. სამი კილომეტრის მანძილიდან გამოიყვანა სასმელი წყალი. აღმოაჩინა და მოაწყო მჟავე წყლის ახალი კერები, რომლებიც მანამდე, მეცხრამეტე საუკუნეში, თავად რომანოვების დროს მეფის რუსეთის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ გამოიკვლია. რაც მთავარია, გააშენა პირველი ტყე-პარკი დამსვენებელთათვის. თუ დღეს წაღვერი ცნობილი კურორტია, ამას პირველ რიგში მიხეილ მურვანიშვილს უნდა ვუმადლოდეთ. მისი ძალისხმევით დაარსდა წაღვერის საუკეთესო კუთხე – დასასვენებელი ზონა კეჩხობი, სადაც ფიჭვების ტყე გააშენა და ხის აგარაკების მშენებლობაც წამოიწყო.

1930-40-იან წლებში დააარსა წიწვოვან მცენარეთა თესლის საშრობი ქარხანა ბორჯომში, რომელსაც იმ დროს ყოფილ საბჭოთა კავშირში ანალოგი არ ჰქონდა. წიწვოვანთა ჯიშების თესლები არა მარტო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქალაქებში, არამედ ევროპაშიც იგზავნებოდა.

ამ ყველაფრის შესახებ პირველად ბაბუაჩემის, მოსე ბუხრიკიძისგან გავიგე. ერთი ჩვეულებრივი, ტანხმელი, სიტყვაძუნწი და უკვე პენსიაში გასული მეტყევე იყო, რომელიც მაინც ვერ ისვენებდა და საკოლმეურნეო ვაშლის ბაღების დარაჯად მუშაობდა. მოსე რთული ხასიათის, მაგრამ ხელმარჯვე კაცი იყო. აკეთებდა ცულის, ბარისა და ფოცხის ტარებს, ურმის აპეურებს, ხის ყუთებს, კიდობანს. მახსოვს, შალაშინს როგორ ხმარობდა და ნარჩენებისგან ლამაზ კუბიკებს აკეთებდა. შემდეგ ეს სხვადასხვა გეომეტრიული ფორმის კუბიკები განსხვავებულ ფერებად შევღებე და ჩემი ბავშვობის მუდმივ ფანტაზია-სათამაშოებად გადავაქციე. და როცა მოგვიანებით კანდინსკის, მალევიჩის, როტკოსა და მონდრიანის ფერწერა გავიცანი, ისინი ჩემი ფერადი კუბიკების რეალურ განცდებსა თუ ფანტაზიებში გავაცოცხლე.

მოსესგან გავიგე ისიც, რომ ტყის მასივები, წაღვერს გარს რომ ერტყა, დაკავშირებული იყო მეტყევე გიორგი არჯევანიძის სახელთან, რომელმაც ღორღების წყლის მარჯვენა მხარეს ფიჭვნარის ხელოვნური ტყე გააშენა. აქვე დააარსა საზაფხულო დასასვენებელი სკოლა-სანატორიუმი ბავშვებისათვის. არჯევანიძე ხარაგაულის სკოლის პედაგოგი იყო, რომელიც ზაფხულობით დასასვენებლად თავისი ცოლ-შვილით ჩამოდიოდა. ძალიან მოსწონებია წაღვერი და განუზრახავს, საკუთარი თანხებით აეგო სკოლა-სანატორიუმი ფიჭვნარის ტყეში, ღორღების წყლის მარჯვენა მხარეს.

არჯევანიძეს ამისთვის მშობლიურ ხარაგაულში დაუნგრევია თავისი სახლი და მასალები წაღვერის ტყეში ამოუტანია. არ ვიცი, რამდენად ზუსტი და რეალურია ბაბუაჩემის ნაამბობი, მაგრამ განვლილი წლების შემდეგაც კარგად მახსოვს არჯევანიძის ტყეში ჩაფლული სანატორიუმი ბავშვებისთვის, რომლებიც ყოველ ზაფხულს აქ ისვენებდნენ და რომლებსაც ფერადი ტანსაცმელი ეცვათ. თავზე თეთრი, საზაფხულო ქუდები ეხურათ. სწორედ ამიტომ ეწოდა ამ ხელოვნურად გაშენებულ ტყეს არჯევანიძის ტყე, რომელსაც დღემდე შერჩა ეს სახელწოდება.

გასული საუკუნის 20-იან წლებში აშენდა საკმაოდ დიდი და ლამაზი ხის სახლიც, სადაც ზაფხულობით ზაქარია ფალიაშვილი, იოსებ გრიშაშვილი, მარიჯანი, ასევე ცნობილი მუსიკოსები თუ არტისტები ისვენებდნენ. იყო სასტუმროც, რომელიც დასასვენებლად ჩამოსულ ინტელიგენციას, მწერალ-პოეტებს და აგრეთვე ერთი-ორი დღით საგასტროლოდ ჩამოსულ მსახიობებსა და მომღერლებს ემსახურებოდა. აქ ისვენებდნენ ასევე მწერალი ქალები – საფო მგელაძე და კატო მიქელაძე, „ცისფერყანწელები“ – პაოლო იაშვილი, კოლაუ ნადირაძე, დავით კოპალი და ვალერიან გაფრინდაშვილი.

ბაბუაჩემი მიყვებოდა, როცა ისინი მჟავე წყლის პარკში სასეირნოდ მიდიოდნენ, ლამის მთელი წაღვერის მოსახლეობა გამოდიოდა მათ საყურებლადო. ხშირად წარმოვიდგინდი, რომ ეს ცოცხალი დეფილე-გამოფენა-თეატრი იყო, რომლის გაცოცხლება, ალბათ, მხოლოდ კარგ რეტროფილმშია შესაძლებელი.

უკვე 1970-იან წლებში, არჯევანიძის ტყეში საბჭოთა ინტელიგენციისა და ელიტის აგარაკები გაჩნდა. მათ შორის იყო ავლიპ ზურაბაშვილის, სიმონ ყაუხჩიშვილის, კოტე ვირსალაძის ხის სახლები. მახსოვს, როდესაც მე და ჩემი ძმა არჯევანიძის ტყეში სოკოს საკრეფად მივდიოდით, მწვანედ შეღებილი სახლიდან მუდმივად ისმოდა ფორტეპიანოს ხმები. მერე გავიგე, რომ ეს ელისო ვირსალაძე უკრავდა. ის ჩემთვის მაინც მისტიკურ არსებად რჩებოდა, ალბათ იმიტომ, რომ არასოდეს დამინახავს, როგორ უკრავდა და იმიტომაც, რომ ღია ფანჯრებს ყოველთვის მუქი ფარდები ფარავდა.

ბევრი რამის გამო არჯევანიძის ტყე ჩემი „მეხსიერების ადგილია“. აქ, შედარებით მოშიშვლებულ ფერდობზე, ზაფხულში ათობით ფიჭვისა და ნაძვის პატარა ნარგავებს ვრგავდი. ეს ჩემი საზაფხულო არდადეგების „დამღა“ იყო, ბაბუაჩემის დამსახურებით.

ყოველ დილით თავზე დამადგებოდა და რბენა-თამაშის მაგიერ, ფიჭვებისა და ნაძვების დარგვა გამოწერილი მქონდა. თან უნდა გამეთვალისწინებინა, რომ მათ სხვადასხვა ნიადაგი და ადგილი სჭირდებოდათ და, შესაბამისად, ძებნაც გრძელდებოდა. ეს იძულებითი „წიწვოვანის აღდგენითი სამუშაოები“ რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა და ყოველი წლის ზაფხულის არდადეგები (უფრო ივნისი) ამის გამო სხვა ბავშვური გასართობებისთვის დაკარგული დრო იყო.

არჯევანიძის ტყეში მას შემდეგაც ხშირად ავდიოდი, რაც 1980-იან წლებში ბაბუაჩემი გარდაიცვალა, მე კი უკვე სტუდენტი ვიყავი. ამ დროს უკვე ხეებს შორის ფორტეპიანოს ხმები აღარ ისმოდა, საკმარისად შელახული მწვანე ხის სახლი კი დადუმებული მხვდებოდა. სამაგიეროდ, ფიჭვები და ნაძვები გაზრდილიყვნენ და მათი შრიალი ელისო ვირსალაძის შესრულებულ შუმანისა და შუბერტის საფორტეპიანო პიესებს ცვლიდა.

როდესაც 2008 წლის აგვისტოში, ომის დროს არჯევანიძის ტყის ფერდობის ნაწილი დაიწვა, ასე მეგონა, ჩემი მეხსიერების ადგილიც ჩაიწვა. სოფელში ჩასვლა წარმოუდგენელი იყო, გზები გადაეკეტათ, ამიტომ შედარებით გვიან, სექტემბერში ჩავედი და მაშინვე წავედი არჯევანიძის ტყეში, ნაცნობ ადგილას. ფიჭვების ნაწილი გადამწვარი და გამხმარი დამხვდა, ხოლო უფრო დიდი ნაწილი – სრულიად ჯანსაღი და ზოგიერთი ცადაწვდენილიც.

დიდი ხნის შემდეგ, 2017 წლის სექტემბერში წაღვერის ტყეში ხანძარი ისევ გაჩნდა. არც ომი იყო და არც განსაკუთრებული სიცხე, თუმცა ცეცხლის გაჩენის მიზეზების დასადგენად გამოძიება მაინც უშედეგოდ დამთავრდა. დღემდე უცნობია, რამ გამოიწვია დაახლოებით 100 ჰექტარი ტყის დაწვა, თუმცა ოფიციალურად წერდნენ, რომ ცეცხლი მეხის ჩამოვარდნის გამო გაჩნდა.

ჩემთვის იქაურობა – თავისი დამწვარი თუ გადარჩენილი ნაძვებითა და ფიჭვებით, მაინც უძვირფასესი „მეხსიერების ადგილია“, რომლის დავიწყება და რომლისგან თავდახსნა შეუძლებელია. ისევე, როგორც ვერ ვივიწყებ ბაბუაჩემის ხელით გამოთლილ ხის კუბიკებს, ანდა მის ცხადსა და შელამაზებულ ისტორიებს წაღვერის შესახებ.

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე