ბნელ დროს  უნდა დავუპირისპირდეთ მშვენიერებით, ელეგანტურობით, პოეზიით... არ დავკარგოთ სიმამაცე... ასეთ რთულ პერიოდში განსაკუთრებით გვჭირდება სიცილი... მეტი სიყვარულის გზავნილი სიძულვილის დასამარცხებლად... თუ ადამიანურობას დავკარგავთ, რაღა ჯანდაბა რჩება ჩვენგან? – მსგავსი ფრაზები ისმოდა ბერლინის 67-ე კინოფესტივალზე სცენიდან, კინოდარბაზებში თუ პრესკონფერენციებზე, აკი კაურისმიაკის ახალი ფილმის სათაური კი მთელი ფესტივალის დევიზად იქცა – „იმედის სხვა მხარე“.

წლიდან წლამდე ბერლინალეზე ბევრი არაფერი იცვლება: ერთი და იგივე განათება, რომელსაც ფესტივალის გახსნამდე პოცდამერ პლაცზე ჰკიდებენ, წითელი ხალიჩა, რომელიც წელს გამორჩეულად არავარსკვლავური იყო, ცხელი ყავით სავსე თერმოსებით ფილმიდან ფილმზე მორბენალი პრესა და კინომოყვარულები, მკვეთრი პოლიტიკური დატვირთვა, რომელიც ფესტივალის გამოკვეთილ მახასიათებლად იქცა... მაგრამ წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებული ქართველებისთვის იყო, რადგან მის სხვადასხვა სექციაში, სადაც 400 ფილმი აჩვენეს, 5 ქართული ფილმი იყო წარდგენილი, მათზე ყველა ბილეთიც წინასწარ იყო გაყიდული და განმეორებით ჩვენებებზეც სავსე იყო დარბაზი.

>>> 

სექციაში Generation, რომელიც ბავშვებსა და ახალგაზრდებს ეთმობათ, ნათია ნიკოლაშვილის მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი „ლი.ლე“ აჩვენეს: ფილმის მოქმედება ყინულით დაფარულ მაგიურ ტყეში ვითარდება, რომელშიც მზის სხივები ვერ აღწევს. მომაკვდავ ტყეში მცხოვრები ნიმფა გოგონა ირემთან ერთად მოგზაურობს და პოულობს გზას, რომ ტყეს სინათლე ანუ ახალი სიცოცხლე მისცეს.

>>> 

სექცია LOLA at Berlinale გერმანული კინოაკადემიის მიერ გერმანული კინოდაჯილდოების, LOLA-სთვის შერჩეული საუკეთესო ფილმების პროგრამას წარმოადგენს, რომელშიც დიტო ცინცაძის ფილმი „ბედნიერების ღმერთი“ იყო ჩართული. ფილმი ემიგრაციაში მცხოვრები ქართველი მსახიობის ტრაგიკომიკურ ისტორიას ჰყვება. მთავარ როლს ლაშა ბაქრაძე ასრულებს. „ბედნიერების ღმერთს“ გერმანელი მაყურებელიც იცნობს, რადგან გერმანულ კინოეკრანებზე შარშან გამოვიდა და – ქართველიც – მისი ნახვის საშუალება თბილისის კინოფესტივალზე გვქონდა.

>>> 

ფორუმს ბერლინალე ყველაზე გაბედულ სექციას არქმევს. ავანგარდულ, ექსპერიმენტულ, ესეისტურ თუ პოლიტიკურ ფილმებს მასში ერთნაირ ყურადღებას უთმობენ.

წელს ფორუმის პროგრამაში 2 ქართული ფილმი მონაწილეობდა. რატი ონელის დოკუმენტური ფილმი „მზის ქალაქი“ და ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის მხატვრული ფილმი „ჩემი ბედნიერი ოჯახი“.

„მზის ქალაქი“ აღწერს პოსტაპოკალიპტურ, თითქოს ირეალურ სამყაროს, რომელიც თანამედროვე საქართველოს სინამდვილეს აჩვენებს. ფილმი ჭიათურაშია გადაღებული, ქალაქში, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი დასახლება შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ დღეს უტოპიურ, ყველასგან დავიწყებულ სივრცეს ჰგავს. სურათი ამ ინდუსტრიულ ნანგრევებში მცხოვრები ადამიანების ბედზე გვიყვება: მუსიკის მასწავლებელი ზურა, რომელიც ბეტონის მიტოვებულ ნაგებობებს ანგრევს და მოპოვებული რკინის ჩაბარებით არჩენს ოჯახს. აჩიკო, რომელიც მაღაროში მუშაობს, თუმცა მისი პროფესია და გატაცება თეატრის მსახიობობაა... მორბენალი დები, რომლებიც ოლიმპიადისთვის ემზადებიან... ე.წ. ტრეკინგ შოტები – როცა კამერა პერსონაჟს მიჰყვება – ფილმის მთავარ მომენტებშია გამოყენებული – ასეა ნაჩვენები გმირის ერთი სამყაროდან მეორეში გასვლა: მაღაროდან – თეატრში, მუსიკის გაკვეთილიდან – ბეტონის ნანგრევებში...

ფილმზე მუშაობა 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რაც მოსამზადებელ პერიოდს, გადამღები ჯგუფის ჭიათურაში ცხოვრებას, გარემოსა და პერსონაჟების კარგად გაცნობას გულისხმობდა. რეჟისორი რატი ონელი ფიქრობს, რომ ფაქტები არასდროს შეესაბამება სინამდვილეს და არც ეს ფილმი სურდა, დაკვირვებით დოკუმენტურ ნამუშევრად გადაეღო.

>>> 

უღიმღამო და მობეზრებული ცოლქმრული თანაცხოვრება, ზრდასრული შვილები მომთხოვნი ეგოიზმით, ასაკოვანი მშობლები, რომლებმაც შეიძლება დაგახრჩონ თავიანთი მზრუნველობით – მიზეზები საკმარისად დაუგროვდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, 52 წლის მანანას, რომ ოჯახი მიატოვოს.

ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ არის ქალის მცდელობა, თავისი მრავალრიცხოვანი და მრავალი თაობისგან შემდგარი ოჯახის წევრებს თვითგამორკვევისკენ უბიძგოს და საკუთარ არსებობაზე დააფიქროს. ოღონდ, პირველ რიგში, ეს გზა თვითონ უნდა გაიაროს: ჯერ თავად უნდა თქვას უარი თავს მოხვეულ ნორმებსა და დაკისრებულ როლებზე და შეეცადოს, საკუთარი ცხოვრებით იცხოვროს.

დეტალურად გაანგარიშებული მიზანსცენები, კარგი სამსახიობო ანსამბლი, ზუსტად შერჩეული პროტაგონისტი, რომელიც თითქმის ყველა სცენაში ეკრანზეა, ზედმეტად ბევრი სიმღერა, რაც ალბათ მომღერალი და მოცეკვავე ერის სტერეოტიპს გაგახსენებთ, ზედმიწევნით ქართული სიტუაციები და რუმინული კინოს ესთეტიკა – ასეთია ამ 2-საათიანი სოციალური დრამის მთავარი მახასიათებლები.

>>> 

სექცია „პანორამა“ ცდილობს, კინოავტორების არტისტულ ხედვასა და კინოინდუსტრიის კომერციულ ინტერესებს შორის კვეთის წერტილები იპოვოს და პროგრამაც ამ პრინციპის გათვალისწინებით დგება: საავტორო კინო, რომელსაც ფართო აუდიტორიაზე გასვლის პოტენციალი გააჩნია. პროგრამაში Pანორამა შპეციალ რეზო გიგინეიშვილის ფილმის „მძევლების“ მსოფლიო პრემიერა შედგა.

„მძევლებზე“ მუშაობა რეჟისორმა რეზო გიგინეიშვილმა წლების წინ დაიწყო, რაც 1983 წელს მომხდარ თვითმფრინავის გატაცების საქმესთან დაკავშირებულ ადამიანებთან ინტერვიუების ჩაწერას და არსებული მასალების შესწავლას გულისხმობდა. საბოლოოდ კი, სცენარში მხოლოდ ის უმთავრესი ფრაგმენტები გაერთიანდა, რომელთაც თვითმფრინავის გატაცებამდე მივყავართ, მაგრამ პერსონაჟებისა და მოვლენების ზუსტი განვითარების გადმოსაცემად შესაძლოა, მაინც არასაკმარისი იყოს. ამიტომაც ქართველი მაყურებლისთვის ფილმი შეიძლება ემოციური და კონტროვერსიულიც აღმოჩნდეს.