8 წუთი მზის ჩაქრობამდე – ბოლო ათვლა აპოკალიფსამდე დაწყებულია. ყველა ახალი ამბავი ერთსა და იმავეს იუწყება, ქალაქში პანიკაა... საყოველთაო ქაოსსა და ისტერიკაში მხოლოდ ერთი, ხანში შესული მამაკაცი ინარჩუნებს სიმშვიდეს. ის თავის ოთახშია ჩაკეტილი და ადამიანებთან კონტაქტს ერიდება. დიდი ხანია, არც შვილი უნახავს. თუმცა, გლობალური კატასტროფა მას რაღაცის შეცვლის სტიმულს აძლევს. რა შეიძლება გააკეთო ამ დროს ისეთი, რომ სამყაროს დაბნელების პროცესი „გაანეიტრალო“?

აპოკალიპტური დრამა – „8 წუთი“ გიორგი გოგიჩაიშვილისა და დათო აბრამიშვილის სადებიუტო ნამუშევარია. თუმცა, ფილმის ყურებისას ვერ იტყვი, რომ ის დამწყები რეჟისორების გადაღებულია: გამართული დრამატურგია, ზუსტად გადმოცემული აპოკალიპტური ატმოსფერო, კარგად შერჩეული მუსიკა, მსახიობები და დახვეწილი ოპერატორული ნამუშევარი – ეს ყველაფერი ავტორების პროფესიონალიზმსა და კარგად ჩამოყალიბებულ ხედვაზე მეტყველებს. ფილმის სცენარის ავტორები ზაზა კოშკაძე, მარი ბექაური და გიორგი გოგიჩაიშვილი არიან.

„8 წუთის“ პოსტპროდაქშენი აპრილში დამთავრდა. მას შემდეგ ფილმი უკვე რამდენიმე ფესტივალის სელექციაში მოხვდა, მათ შორისაა სიდნეის, მექსიკის, ლიტვის და სხვა ფესტივალები. ივლისში „8 წუთმა“ რუმინეთის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი მოიგო. აგვისტოს ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ ის მანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის ფინალში გავიდა. „8 წუთი“ პირველი ქართული ფილმია, რომელიც ამ სიაში მოხვდა. ფესტივალი 28 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება და იქ წარმოდგენილი ფილმები მსოფლიოს 250 ქალაქის კინოთეატრებში ერთდროულად გავა. „8 წუთი“ ჟიურიმ 1615 კინოსურათს შორის გამოარჩია და 10 საუკეთესოში დაასახელა. საქართველოს გარდა, ფინალისტებს შორის არიან აშშ, იტალია, ესპანეთი, შვეიცარია, ლატვია, ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი და სირია. ფესტივალის წესების თანახმად, გამარჯვებულ ფილმებს მაყურებელი ირჩევს. ამ ათი ნამუშევრიდან საბოლოოდ ხუთ ნომინაციაში დასახელდებიან საუკეთესოები. ესენია: ოქროს მედალი, ვერცხლის მედალი, ბრინჯაოს მედალი, საუკეთესო მსახიობი და საუკეთესო სცენარი. გარდა იმისა, რომ Manhattan Shorts დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალია, ფინალში მოხვედრილი ფილმების ავტორებს ავტომატურად ეძლევათ უფლება, ნამუშევრები 2018 წლის ოსკარის შესარჩევ ტურზე წარადგინონ. ფესტივალი თავად ზრუნავს ამაზე და ყოველწლიურად ლოს-ანჯელესში სპეციალურ ჩვენებას მართავს.

დათო აბრამიშვილის, გიორგი გოგიჩაიშვილის, ზაზა კოშკაძისა და მარი ბექაურის გარდა, ფილმის წარმოებაში აქტიურად იყვნენ ჩართული პროდიუსერები – გეგა ხმალაძე და მაგდა დათუაშვილი. დაახლოებით 1 წლის წინ ამ ექვსმა ახალგაზრდამ კომპანია Silber Films დააარსა. სანამ „8 წუთზე“ დაიწყებდნენ მუშაობას, მანამდე სრულმეტრაჟიანი ფილმის პროექტი ჰქონდათ, სახელწოდებით „ინგა“. მისი სცენარი 2016 წლის ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალზე სპეციალური პროგრამის „Alternative wave“-ის გამარჯვებული გახდა. იმავე წელს კი კინოცენტრის დაფინანსებაც მოიპოვა. „ფილმი უპრეცედენტო ქულათა რაოდენობით გავიდა პირველ ადგილზე, თუმცა დავდექით შემდეგი რეალობის წინაშე: რადგანაც რეჟისორებს არ ჰქონდათ მხატვრულ ფილმზე მუშაობის გამოცდილება, აუცილებელი იყო, „ინგას“ გადაღებების დაწყებამდე რამე მოკლემეტრაჟიანი გადაგვეღო“, – ამბობს ზაზა კოშკაძე, ფილმის ერთ-ერთი სცენარისტი, რომელსაც „8 წუთის“ მონახაზი ჯერ კიდევ წლების წინ ჰქონდა გაკეთებული: „ეს იდეა იმით გახდა განხილვის საგანი, რომ აპოკალიპტური სამყარო იყო გადმოცემული, რაც სიახლეა ქართული კინოსთვის და ჩვენთვისაც გამოწვევა იყო“.

რეჟისორი, გიორგი გოგიჩაიშვილი იხსენებს, როგორ მოეწონა თავიდანვე ფილმის იდეა ყველას, თუმცა, ასეთ წარმატებაზე არ ფიქრობდნენ: „მიუხედავად იმისა, რომ შიდა მეგობრულ წრეებში ჩვენებებისას ძალიან დადებითი გამოხმაურებები იყო, მაინც არ გვეგონა, რომ ამ მასშტაბებზე გავიდოდით. ახლა უკვე ყოველდღე შევდივარ საიტზე და ვამოწმებ, რამე სიახლე კიდევ ხომ არაა“.

„8 წუთის“ ქართული პრემიერა სექტემბერში, ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალზე გაიმართება. ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ოფიციალურ სელექციაში მოხვდა.