უკვე მეჩვიდმეტე წელია, დეკემბრის პირველი კვირა თბილისის კინოთეატრებისთვის ნიშნავს უჩვეულო რეჟიმს და არატიპურ მაყურებელს. ამ დროს ქალაქში საერთაშორისო კინოფესტივალი მიმდინარეობს. კავკასიის რეგიონის კინოინდუსტრიისათვის თბილისის კინოფესტივალი ერთ-ერთი საკვანძო ღონიძიებაა. ჩამოდის ასზე მეტი პროფესიონალი, შეგვიძლია ხელი ჩამოვართვათ კლასიკოსებს, შევაფასოთ ასზე მეტი ახალი კინონამუშევარი და მსოფლიო დონის კრიტიკოსებთან ჩავებათ დიალოგში.

ამიტომ სინეფილებიცა და ორგანიზატორებიც ამ დღეებში ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ევროპულ არტ-ჰაუს კინოს კანის, ბერლინისა და ლოკარნოს პათოსით შევხვდეთ, უფრო სწორად, შევხვდეთ ისე, რის საშუალებასაც დაფინანსება და ჩვენი ქვეყნის ევროპული გაქანება გვაძლევს.

აი, კინოკრიტიკოსები მოსეირნობენ ფოიეში: „ტრიუფოს წიგნის შესაძენად მოვედი და ბარემ დარდენებზე შევივლი, დიდად არ აქებენ, სხვათა შორის...“

ავანგარდსმოწყურებული ქართველი კინომოყვარული: „რატომ გაიხსნა „როზა ლუქსემბურგით? მაგის ნერვები მაქვს?“

ქართველი კინოკლასიკოსი: „რა მანერაა პოპკორნით შესვლა დარბაზში! სპაიდერმენზე ვართ?“

ქართველი ხელოვანი: „ყოჩაღ მუნჯიუს, რა უმუშავია!“

ბრიტანელი კინოპროდიუსერი ახალგაზრდა ოპერატორს: “I would say your English is quite grungy”...

პირველკურსელი კინოჟურნალისტი: „რაღა დროს კენ ლოუჩია, ნუ გამაგიჟე!“

კინოთი საშუალოდ დაინტერესებული ჰიპსტერი: „უმაგრესი ესთეტიკა ჰქონდა ზაიდლს, უნდა ჩავუჯდე!“

მარგარეტ ფონ ტროტა საბჭოთა კავშირის დამსახურებულ არტისტთან გენდერულ თანასწორობაზე საუბრობს.

ქართველი მსახიობი რეჟისორს კინოთეატრის სახაჭაპურეში ტარხუნის ლიმონათით უმასპინძლდება.

თვალებმოციმციმე სტუდენტებს ცნობილი გერმანელი კრიტიკოსი უყვება, როგორ ამბობდა ლექსებს ტაბურეტკაზე შემომდგარი ფასბინდერი.

კინოფესტივალის კატალოგიდან უსასრულობაში მომზირალი ახალგაზრდა კინომუშაკი: „აი, ახლა დიასიდან მოჯადოებული გამოვედი, ნამდვილი შვედური სისულელე ყოფილა და იზაბელ იუპერზე შევდივარ, ვარგა?“

ამ ვარგა-არ ვარგას დიალოგს ვითომ არ უსმენს, მაგრამ ოთხჯერ გადასდის ფერი სახეზე ფესტივალის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელსაც ახსენდება, როგორი ვაი-ვაგლახით გამოგლიჯა ფილმი 100-კაციანი მაყურებლისთვის ერთ ულტრაარაკომუნიკაბელურ და ველურად კაპიტალისტურ კომპანიას; როგორ მისცეს მასალა გვიან, როგორ გაათენა ღამე სპეციალურად საამანათო კავშირების ამაჩქარებელი ლოცვის კითხვაში; როგორ უკანკალებდა ხელი საპროექციო კოდის ტესტისას და ამ ყველაფერს როგორ მოაგვარებდა სულ ოდნავ გაზრდილი დაფინანსება.

კიდევ ერთი თანამშრომელი გულში იმეორებს: „ნაციონალური ჟიურის ერთ წევრს ჩურჩხელაზე ალერგია აქვს;

ხვალინდელ ფილმს პირველ დარბაზში ინგლისური სუბტიტრები არ ექნება;

შემდეგ სეანსზე 16-ს ქვემოთ მოზარდები არ დაიშვებიან;

გერმანელებს ჰაიდეგერზე არ ვესაუბრებით!

პოლიტიკური სექციის სოციალისტ სტუმრებს უნდა ვთხოვო, თავი შეიკაონ კომუნისტური პროპაგანდის გავრცელებისგან“.

ამასობაში კი, უკვე მარტვილებად ქცეული მოხალისეები, რომლებიც ძირითადად თეატრალური ინსტიტუტის ან თსუ-ს სტუდენტები არიან, ერთმანეთს ტელეფონებში გადასცემენ:

„სამი... ორი... ერთი... შემოვიდა ჟიური!“

„წყალი აწყვია?“

„მეოთხე რიგში უნდა დავსვათ რეჟისორის ათი მეგობარი, მღვდლები არიან, არ დაგავიწყდეთ, თორემ შეგვაჩვენებენ!“

„ერთი მიკროფონი იმ ებრაელ რეჟისორს გაყვა!“

„ეს ქალი დისკუსიას თარგმნის რუმინულიდან ინგლისურად და მერე ინგლისურიდან ფრანგულად და ასე უნდა იყოს? რეჟისორი კანადაში გაზრდილი ფილიპინელია...“

ერთი კვირის განმავლობაში, „ამირანისა“ და „რუსთაველის“ კინოთეატრებში ყველა პროფესიას იცვლის: კინოკრიტიკოსი შეიძლება უცბად ბანერების მზიდავად მოგვევლინოს, ცნობილი მსახიობი კი დიქტოფონით ხელში რომელიმე სტუმართან ინტერვიუს იწერდეს. საერთაშორისო სტუმრებს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ ცოცხალი, ოჯახური და არაფორმალური გარემო თბილისის კინოფესტივალს ბევრად უფრო ძვირფას გამოცდილებად აქცევს, ვიდრე იდეალურად აწყობილი დიდი ფესტივალები.

ამ ერთი კვირის განმავლობაში, საფესტივალო ქაოსი და ხმაური დღეში სამად-სამჯერ წყდება: როდესაც შუქი ქრება და მაგიური კინოეკრანი ხალხის ყურადღებას შთანთქავს.

სანამ „ამირანის“ პირველ და ყველაზე დიდ დარბაზში შევალთ, კედელზე ჩამწკრივებულ ათი ფილმის პოსტერს დავაკვირდეთ. 10 ევროპული სრულმეტრაჟიანი დებიუტი ეჯიბრება ერთმანეთს ოქროსა და ვერცხლის „პრომეთესთვის“. საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე, საფრანგეთში მოღვაწე ცნობილი მსახიობი ალექსანდრა სტიუარტია, წევრები კი არიან: ბადენ-ვიურტემბერგის კინოაკადემიის დამსახურებული პროფესორი პეტერ რომელი, იტალიური ნეონუარის და დამოუკიდებელი კინოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი დავიდე ფერარიო, ცნობილი შვედი კრიტიკოსი ევა აფ გეიერსტამი და ქართველი პროდიუსერი გია ბაზღაძე. მათი გადაწყვეტილებით „ოქროს პრომეთე“ რუსუდან გლურჯიძის „სხვის სახლს“ გადაეცა, ხოლო „ვერცხლის პრომეთე“ – ებრაელ რეჟისორს იანივ ბერმანს, ფილმისათვის „პატარა ადამიანების მიწა“.

არანაკლებ მნიშვნელოვანი საკონკურსო სექციაა „ქართული პანორამა“. საუკეთესო სრულმეტრაჟიან ფილმად წელს რეზო ესაძის „თვე, როგორც ერთი დღე“ დასახელდა. ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის “Life is Be” – საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად აღიარეს, გიორგი თოდრიას „დაკარგული სოფელი“ – საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმად. განსაკუთრებული აღნიშვნა კი სალომე ჯაშის „დაისის მიზიდულობასა“ და ხათუნა ხუნდაძის ნამუშევარს, „ჩვენი წელთაღრიცხვით 2015“, ერგო.

უკვე მეოთხე წელია ფესტივალს მთავარი თემა აქვს. ეს ტრადიცია 2013 წლის 17 მაისის შემდეგ გაჩნდა. „სიყვარული ადამიანის ძირითადი უფლებაა“ – ასე ერქვა კინოკომპილაციას, რომელიც აქცენტს ჰომოფობიაზე, თავისუფალ სიყვარულსა და ადამიანური ურთიერთობების სხვადასხვა წინაღობაზე აკეთებდა.

წელს მთავარი თემა პოლიტიკა იყო, სექციას ერქვა “Bios Politicos” (პოლიტიკური ცხოვრება), რომლის მიმდინარეობის დროსაც პოლიტიკური ცხოვრების არსებით საკითხებზე ერთად იმსჯელეს ახალგაზრდა აქტივისტებმა, მკვლევრებმა და, საერთოდ, მაყურებელმა.

ფესტივალი სულ უფრო ცდილობს, ერთმანეთთან რაც შეიძლება პროვოკაციული აზრები დააპირისპიროს; ერთ კინოდარბაზში დასვას ხელისუფლების წარმომადგენელიც და აქტივისტიც, რომელიც მის პოლიტიკას აპროტესტებს, მეცნიერიცა და პოეტიც და ეკრანზე გათამაშებული რეალობის ფრაგმენტები ერთად ანახოს.

წელსაც ასე იყო: ერთ სცენაზე რამდენიმე საათის ინტერვალით ხან ტრიუფოს ერთ-ერთი საყვარელი მსახიობის მოგონებები ისმოდა, ხან – ქართველი დებიუტანტის ისტორია, ხანაც – ვაკის პარკის კინოაქტივისტის გამოსვლა, რომელმაც დაუფარავად გამოხატა კინოდაფინანსების სისტემით უკმაყოფილება.

ერთ კინოდარბაზში გადაეცა საპატიო „პრომეთე“ რეზო ესაძეს და ჯილდო – სალომე ჯაშს, რომელმაც მწვავედ დასვა საკითხი დოკუმენტური კინოს განვითარების წინაშე მდგარი წინაღობების შესახებ.

სპეციალური ჩვენებები მოეწყო ფესტივალისათვის მნიშვნელოვან სექციაში – „აპოლო – კინოს მეხსიერება“, რომელიც კინოთეატრ „აპოლოს“ გასხვისებას უკვე მესამე წელია, აპროტესტებს. უძველესი კინოთეატრი „აპოლო“, რომელიც კულტურული ძეგლია, კინოს მოყვარულთა ძალისხმევით ადვილად შეიძლება მუნიციპალურ კინოთეატრად იქცეს – სწორედ ამ თემაზე გაიმართა პანელ-დისკუსია „მუნიციპალური კინოთეატრების მომავალი საქართველოში“.

„...ლუი მეთოთხმეტე რომ დამთავრდა, მარტო მაშინ ამოვისუნთქე“, – კატალონიელი რეჟისორის ფილმმა, ჟან-პიერ ლეოს მონაწილეობით, განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე.

„ოთხ საათს ნახევრად მძინარე მდგომარეობაში ვიჯექი და კიდევ ოთხი იქ ვიჯდებოდი“, – თქვა ერთმა ბიჭმა „ნელი კინოს“ მოძრაობის ერთ-ერთი სულისჩამდგმელის, ფილიპინელი რეჟისორის ლავ დიასის ფილმზე – „ქალი, რომელიც წავიდა“ ვენეციის ოქროს ლომის მფლობელია და მისი ქრონომეტრაჟი 4 საათია.

მოსაწევად გარეთ გამოსული მოხალისე თანამშრომლებს გვეუბნება: – დარბაზში ვიღაც ბიჭები უსტვენენ და ყვირიან, გავაჩუმო? – აღმოჩნდა, რომ ეს ამერიკული დამოუკიდებელი კინოს წარმომადგენლის, ჯოშ მონდის „ჯეიმს უაითისთვის“ განკუთვნილი ოვაციებია.

„მგონი, კვირას აქ ლეჟანკები უნდა გავშალოთ, – ორი გოგონა პროგრამას ათვალიერებს, – მთელი ფილმი იმაზეა, ბურთი როგორ დაგორავს, მაგრამ ეს არის შეხსენება იმაზე, თუ რა არის ნამდვილი კინო“ – საუბარი ცნობილი ოსტატის აბას კიაროსტამის გარდაცვალებისადმი მიძღვნილ კინოჩვენებაზეა.

აი, ამგვარი საუბრების ყურმოკვრისას ვხვდები ხოლმე, რომ ფესტივალი შედგა. ამას წელსაც მივხვდი, როცა ფესტივალის მაჟორული დახურვის შემდეგ, ცხრასაათიანმა სეანსმა „მე, დენიელ ბლეიკი“ დიდი დარბაზიდან გამოსული მაყურებელი დაადუმა. რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ფილმი შუახნის დურგლის, დენიელ ბლეიკის რეალისტურ მაგალითზე სოციალური უსამართლობის გრძელ ჯაჭვს გვაჩვენებს. ზოგი ქვითინით მოსაწევად გავარდა, ზოგი კი ტაშს უკრავდა. მართალია, ბევრმა კრიტიკოსმა აღნიშნა, რომ კენ ლოუჩის ეს ფილმი ჯილდოს არ იმსახურებდა, მაგრამ ამაზე დავა შეიძლება. მე მომწონს ის, რომ ფესტივალის და ლოუჩის ფილმის თემა ასე დაემთხვა ერთმანეთს; თითქოს, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ კინოს უზარმაზარი ძალა აქვს და რომ კამერის ხედს შეუძლია ხალხის ყურადღება მნიშვნელოვანი საკითხებისკენ მიმართოს.

ჩემთვის, თითქმის არაფერი შეედრება იმ შინაგან კონტრასტს, რასაც დარბაზიდან გამოსული, მკვეთრი შუქის თვალებზე მოხვედრისას ვგრძნობ. თითქოს, ძალიან მნიშვნელოვანი სიზმარი ვნახე. სიზმარი, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება.