17 აპრილს კინოთეატრი ამირანი და Event Cinema წარმოგიდგენთ სპექტაკლის „კატა თუნუქის გახურებულ სახურავზე“ ერთჯერად ჩვენებას.

რეჟისორ ბენედიქტ ენდრიუსის დადგმის პრემიერა ბრიტანეთის ნაციონალურ თეატრში მიმდინარე წლის 22 თებერვალს გაიმართა. წარმოდგენის ლაივ- ჩვენება ქვეყნის მასშტაბით არაერთ კინოთეატრში გადაიცემოდა. სპექტაკლში მთავარ როლებს ცნობილი კინომსახიობები, სიენა მილერი და ჯეკ ო’კონელი ასრულებენ.

ტენესი უილიამსის პიესა „კატა თუნუქის გახურებულ სახურავზე“ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლიტერატურული ტექსტია, რომელიც არაერთხელ გამხდარა კინოს, თეატრის თუ ტელევიზიის ინტერესის საგანი. ენდრიუსის დადგმა ბოლო წლების ყველაზე გახმაურებული მოვლენა იყო თეატრალურ და კინოსამყაროში.

პიესა, რომლისთვისაც 1955 წელს უილიამსმა პულიცერის პრიზი აიღო, ამერიკის სამხრეთით, მისისიპის შტატში ერთი ოჯახის ისტორიას გვიყვება. ახალგაზრდა ცოლ-ქმრის, ბრიკის და მეგის ისედაც დაძაბულ ურთიერთობას ახალი პრობლემა ემატება: ალკოჰოლზე დამოკიდებული, დეპრესიული ბრიკი, შესაძლოა მემკვიდრეობის გარეშე დარჩეს. მეგი ცდილობს, როგორმე განმუხტოს სიტუაცია და ამისთვის დიდი ტყუილის მოგონება უწევს.

„კატა თუნუქის გახურებულ სახურავზე“ პირველად ბროდვეიზე 1955 წელს დაიდგა, სპექტაკლის რეჟისორი ელია კაზანი იყო.  პიესის პირველი და დღემდე ყველაზე პოპულარული ეკრანიზაცია კი რიჩარდ ბრუკსს ეკუთვნის. 1958 წელს გადაღებულ ფილმში მთავარ როლებს ელიზაბეტ ტეილორი და პოლ ნიუმენი ასრულენდნენ.

17 აპრილი. 19:30

კინოთეატრი ამირანი, მე-2 დარბაზი.