სადღესასწაულო განწყობის შექმნაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ის ფილმები, სპექტაკლები თუ კონცერტები, რომლებსაც ამ დღეებში ვუყურებთ. Event Cinema და კინოთეატრი „ამირანი“ განწყობის შესანარჩუნებლად განსაკუთრებულ ჩვენებას წარმოგიდგენთ. 8 იანვარს აქ დიდ ეკრანზე რუსეთის „ბოლშოი თეატრის“ კლასიკური ბალეტის - „მაკნატუნას“ ნახვას შეძლებთ. ჩაიკოვსკის უკვდავი ბალეტი საშობაო და საახალწლო პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული თანამგზავრია, რომელიც კიდევ უფრო მაგიურს და ხალისიანს გახდის სადღესასწაულო გარემოს. „მაკნატუნას“ ჯადოსნური ისტორიით კინოც არაერთხელ დაინტერესებულა, რასაც ახალხანს გამოსული ფილმიც ადასტურებს. თუმცა, ამჯერად დიდ ეკრანზე კლასიკური ბალეტის უახლეს დადგმას წარმოგიდგენთ, რომლის პრემიერაც რუსეთში ორიოდე კვირის წინ გაიმართა.

„მაკნატუნა“ ახალგაზრდა გოგონას, მარიას ისტორიას გვიყვება, რომლის სათამაშო მაკნატუნა შობის საღამოს პრინცად გადაიქცევა და მათი ჯადოსნური, დაუვიწყარი თავგადასავალიც აქედან იწყება.

ბალეტი ვეტრანმა ბალერონმა და ქორეოგრაფმა, იური გრიგოროვიჩმა დადგა, რომელიც 30 წელზე მეტია ცენტრალური ფიგურაა რუსეთის საბალეტო სამყაროში. მთავარ როლებს მარგარიტა შრაინერი,  დენის სავინი და სიმონ ჩუდინი ასრულებენ.

„მაკნატუნას“ კინოჩვენება კინოთეტარ „ამირანში“ 8 იანვარს, 19:30 საათზე გაიმართება.