თუ ზაფხულის ცხელი საღამოს გრილად და საინტერესოდ გატარება გინდათ და კვირის ბოლო ჯერ კიდევ შორსაა, 3 ივლისს ამის კარგი შესაძლებლობა გეძლევათ. Event Cinema და კინოთეატრი ამირანი წარმოგიდგენთ მარკ ჰედონის ბესტსელერის  „რა შეემთხვა ღამით ძაღლს და სხვა უცნაური ამბები“ მიხედვით დაგმული სპექტაკლის კინოჩვენებას.

ჰედონის წიგნი 2003 წელს გამოიცა და იმავე წელს ბრიტანეთში არაერთი ჯილდო მოიპოვა. წიგნი საინტერესო აღმოჩნდა, როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვის. რამდენიმე წლის შემდეგ ლონდონის ნაციონალურმა თეატრმა მისი სპექტაკლად დადგმა გადაწყვიტა და სასცენო ადაპტაციაზე სამუშაოდ წიგნის ავტორთან ერთად დრამატურგი, საიმონ სტივენსი მოიწვია. რეჟისორის პოზიციაზე კი მარიან ელიოტი დამტკიცდა. სპექტაკლის პრემიერა ლონდონში 2012 წლის აგვისტოში შედგა და სექტემბერში უკვე მისი კინოთეატრბში ლაივ ტრანსლირება გაიმართა. წარმოდგენას ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა როგორც მაყურებლის, ისე კრიტიკოსების მხრიდან. სპექტაკლმა ლოურენს ოლივიეს სახელობის 7 ჯილდო და 5 Tony Awards მოიპოვა. წლების განმავლობაში წარმატებული დადგმების შემდეგ მიმდინარე წლის ივნისში გადაწყდა, რომ სპექტაკლი კიდევ ერთხელ გასულიყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების კინოთეატრებში.

წარმოდგენის სიუჟეტი თხუთმეტი წლის ბიჭის, კრისტოფერის ირგვლივ ვითარდება, რომელმაც ზეპირად იცის მსოფლიოს ყველა ქვეყნის დედაქალაქი, კარგად ერკვევა მათემატიკაში და გამორჩეული მეხსიერება აქვს. თუმცა, რეალური ცხოვრებისთვის სრულიად მოუმზადებელია. მას ძალიან უყვარს და ეცოდება ცხოველები, მაგრამ ადამიანების და მათი გრძნობების ბევრი არაფერი გაეგება. ბიჭი ვერ იტანს შეხებას და არასოდეს ენდობა უცხოებს. ერთ ღამეს კრისტოფერი შემთხვევით მეზობლის მკვდარ ძაღლს აღმოაჩენს და გადაწყვეტს, გამოძიება დაიწყოს. ამბის დეტალებს ის წიგნაკში ინიშნავს და მამის წინააღმდეგობის მიუხედავად, საიდუმლოს ამოხსნის ვარიაციებს ამუშავებს. სწორედ აქ იწყება კრისტოფერის მისტიური და სახიფათო მოგზაურობა, რომელიც თავდაყირა აყენებს მის ცხოვრებას.

კინოჩვენება გაიმართება მხოლოდ ერთი დღით, 3 ივლისს 19:30 საათზე.