კინოთეატრი „ამირანი“ და Event Cinema მხატვრობის მოყვარულებს უნიკალურ შესაძლებლობას გაძლევთ, დიდ ეკრანზე დაათვალიეროთ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მხატვრის, პიერ-ოგიუსტ რენუარის ნამუშევრები. რეჟისორ ფილ გრაბსკის ფილმი-გამოფენა ფილადელფიაში მდებარე Barnes Foundation-ის კოლექციაში დაცულ ნახატებს წარმოგვიდგენს. ამ ფონდში მხატვრის ყველაზე მეტი, 181 ნამუშევარი ინახება და კოლექცია ჟანრული მრავალფეროვნებითაც გამორჩეულია, რადგან ის რენუარის სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრებს აერთიანებს.

ფილმი 1 საათსა და 40 წუთს გრძელდება და რენუარის ფერად და ემოციურ სამყაროში დაუვიწყარ მოგზაურობას გვთავაზობს. ეს არის ერთგვარი კინოპორტრეტი წინააღმდეგობებით სავსე მხატვარისა, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა იმპრსიონიზმის განვითარებაში, შემდეგ კი თავადვე უარყო ეს მიმდინარეობა და ახალი გზების ძიება დაიწყო. ფილმში საშუალება გვაქვს რენუარის ექსპერიმენტების  საინტერესო დეტალებს და მისი ცხოვრების უცნობ ფაქტებსაც გავეცნოთ.

„რენუარი  უცნობი მხატვარი“ მხოლოდ ერთხელ, 10 ივლისს გავა კინოთეატრ „ამირანში“. დასაწყისი 19:30