2 ოქტომბრიდან  კინოთეატრი „ამირანი“ კვლავ  აგრძელებს Event Cinema-ს კინოსერიებს და წარმოგიდგენთ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი არტისტის, სალვადორ დალის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს „სალვადორ დალი: უკვდავების ძიებაში“.

ფრანგი რეჟისორის, დავიდ პუჟოლის ფილმი ზაფხულის ბოლოს გამოვიდა კინოეკრანებზე და მისი ჩვენება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში სექტმებრიდან დაიწყო. ეს მხატვრის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე ინფორმაციული და სიღრმისეული ნამუშევარია, რაც აქამდე გადაღებულა.

დოკუმენტურ ფილმში რეჟისორი სალვადორ დალის ცხოვრებისა  და შემოქმედების შესახებ გვიყვება. სიუჟეტი 1929 წლიდან იწყება, როცა დალი პარიზში სიურრეალისტების ჯგუფს შეუერთა და თავის ყველაზე დიდ სიყვარულს და შემოქმედებით მუზას, გალას შეხვდა. ფილმში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი სწორედ გალას ეთმობა, როგორც დალის განუყოფელ ნაწილს და შთაგონების წყაროს. თითქმის 2 საათიანი ნამუშევარი მხატვრის მთელ ცხოვრებას მოიცავს და 1989 წელს მის გარდაცვალებამდე მოგვითხრიბს ისტორიას.

ფილმის პროდიუსინგში ესპანეთის სალვადორ დალის ფონდი იყო ჩართული და შესაბამისად, მასში არაერთი აქამდე უცნობი და უნიკალური მასალაა შესული. მათ შორის მხატვრის იშვიათი ინტერვიუები, სამუშაო პროცესი, ვორქშოფები და ყოველდღიურობის საინტერესო დეტალები პარიზში, ნიუ იორკსა და მის მშობლიურ ქალაქ, ფიგუერესში ცხოვრებისას. ფილმი საშუალებას გვაძლევს ახლოს გავეცნოთ მხატვარს, რომელმაც საკუთარი თავისგანაც კი ხელოვნების ნიმუში შექნა. რეჟისორი ცდილობს, ამ დიდი არტისტის უკან რეალური ადამიანის პორტრეტი გვაჩვენოს და დალის უკვდავების და გენიალურობის საიდუმლო ამოხსნას.

ფილმის ერთჯერადი ჩვენება კინოთეატრ „ამირანში“ სამშაბათს, 2 ოქტომბერს გაიმართება.

დასაწყისი: 19:30