Event Cinema და კინოთეატრი „ამირანი“ 5 თებერვალს ყველა დროის ყველაზე გავლენიანი ქუჩის არტისტის, Banksy-ს შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს წარმოგიდგენთ.

რეჟისორ მარკო პროსერპიოს 2018 წელს გადაღებული სადებიუტო ფილმი 2007 წლიდან იწყება, როდესაც ბენქსიმ პალესტინაში ერთ-ერთი შენობის კედელი მოხატა და პირველად მოექცა მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში. ნახატზე ჯარისკაცია გამოსახული, რომელიც ვირს დოკუმენტების წარდგენას სთხოვს. პოლიტიკურ თემატიკაზე შექმნილი კიდევ რამდენიმე ნამუშევრის შემდეგ ბექნსი უკვე საერთაშორისო არტისტად იქცა. მან ქუჩის ხელოვნების მნიშვნელობა ახალ ეტაპზე აიყვანა. თუმცა, არტისტს საკუთარი იდენტობა არ გაუმხელია და დღემდე ანონიმურად დარჩენას ამჯობინებს. ფილმში კადრებს იგი პოპის ხმა ადევს და სწორედ ის გვიყვება ბენქსის შემოქმედების ბოლო 10 წლის შესახებ.

პროსერპიოს ნამუშევარში საუბარია საიდუმლო არტ ბაზრობებზეც, სადაც  ქუჩის ხელოვნების მოპარული ნიმუშები იყიდება. რეჟისორი იკვლევს საჯარო სივრცეებს და მათ კვუთვნილებას, ასევე ქუჩის ხელოვნების პროდუქტად გარდაქმნის ფენომენს. ის ცდილობს, იპოვოს პასუხი შკითხვაზე, თუ რა ხდება, როცა პოლიტიკური არტი კაპიტალიზმის ბნელ მხარეს ეჯახება.

ჩვენება გაიმართება კინოთეატრ „ამირანში“ 5 თებერვალს, 19:30 საათზე.