ვერნერ ჰერცოგის ფილმში „იქ, სადაც მწვანე ჭიანჭველები სიზმრებს ხედავენ“ ავსტრალიის ერთ პატარა დასახლებაში ადგილობრივი აბორიგენები ჭაბურღილის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, რადგან სწამთ, რომ ამ ადგილას დაბუდებულ უჩვეულო ჭიანჭველებს ძილი და მყუდროება დაერღვევათ და გადაშენდებიან.

ზაზა ხალვაშის ახალ ფილმში „ნამე“ ჯადოსნური თევზი სამკურნალო თვისებებს კარგავს მას მერე, რაც მახლობლად კაშხლის მშენებლობა იწყება, წყალი უცხო ნივთიერებების შერევის შედეგად იმღვრევა და შმორდება. მშენებლობა თავდაპირველად ფონად შემოდის და შეუმჩნევლად გაიელვებს ერთ პატარა ეპიზოდში, ფინალურ კადრში კი გამაყრუებელი გუგუნით იპყრობს მაყურებლის ყურადღებას. ასეთი დასასრული მით უფრო საგანგაშო ელფერს იღებს, რომ მკვეთრ კონტრასტს ქმნის მთელი ფილმის მშვიდ, ცოტა იდუმალ და, როგორც თავად რეჟისორი განსაზღვრავს, ჩუმ ტონალობასთან.

ზაზა ხალვაშის „ჩუმი კინო“ თანამედროვე არტჰაუსში გამოკვეთილ ტენდენციასთან, ე.წ. Slow Cinema-სთან პოულობს მსგავსებას. თუმცა ხანგრძლივი კადრების აუჩქარებელი, მდორე რიტმი არა იმდენად ამ უკანასკნელისთვის დამახასიათებელი ყოველდღიურობის მონოტონურობის, დაუნაწევრებელი დროის გადმოცემას, ჟილ დელოზის ტერმინი რომ ვიხმაროთ, იმიჯი-დროის შექმნას ემსახურება, რამდენადაც მისტიკურ ისტორიასა და მის გმირებთან თანდათან დაახლოებაში გეხმარება.

ზემო აჭარის ღარიბი რეგიონის ყოფითი გარემო და ცხოვრების რიტმი ისეა შერწყმული ამ ისტორიასთან, რომ ვერაფერ უცნაურს ხედავ თითქმის განდეგილად მცხოვრები მამა-შვილის მაგიურ უნარში, უმკურნალონ ადამიანებს წყაროს წყლით, რომელშიც უკვდავი ჯადოსნური თევზი ბინადრობს.

„მაცოცხლებელი“ თევზი, ალბათ, ბიბლიურ ალუზიებს აღძრავს, მაგრამ, როგორც ზაზა ხალვაშმა აღნიშნა, სიუჟეტის საფუძვლად გამოიყენა აჭარაში გავრცელებული ლეგენდა გოგოზე, რომელიც თევზით კურნავდა ადამიანებს. გოგოს შეუყვარდება ბიჭი და ამის შემდეგ გაუშვებს თევზს, გაათავისუფლებს მას. ნამეც გაუშვებს თევზს, რომელიც თითქოს თოვლის სითეთრესა და შრეებად გაფანტულ ნისლს შეერწყმება. გაუშვებს მას მერე, რაც ბიჭი შეუყვარდება; გაუშვებს, რადგან თევზი და წყალი ჯადოსნურ თვისებას კარგავენ.

აქ კიდევ ერთი, უფრო „ცნობილი“ მითოლოგიური ქალის, მედეას ალუზია შეიძლება გაჩნდეს. მედეაც სწორედ მას მერე კარგავს თავის გრძნეულობას, როდესაც შეუყვარდება და მამას/სახლს/სამშობლოს მოსწყდება. ირღვევა რა მედეას სამყაროში წონასწორობა, ის წყვეტს კავშირს ბუნებასა და სტიქიებთან. „ნამეში“ მითოლოგიურ შრეს ეკოლოგიური სიმწვავე ემატება – მდინარე აჭარისწყალზე კაშხლის მშენებლობით დარღვეული ჰარმონია წყლისა და ცეცხლის სტიქიასთან კავშირს ნამესა და მამამისსაც აკარგვინებს.

ზაზა ხალვაშის მთელი ფილმი ამ ორი პარალელური ხაზის გადაკვეთაზე იგება – ერთი მხრივ, ზღაპრულ, მისტიკურ, მითოლოგიურ მოტივებსა და სახეებზე აგებული სიუჟეტი და, მეორე მხრივ, რეალური, ყოფითი, შეულამაზებელი გარემო (თუმცა ოპერატორ გიორგი შველიძის უაღრესად მეტყველი და მომნუსხველი გამოსახულებით). თან ისე, რომ არცერთი არ გადაიქცევა დომინანტურად. ისინი ერთმანეთს აბალანსებენ, რითიც რეჟისორი ახერხებს, ფილმის სათქმელი არც სწორხაზოვან პუბლიცისტურ სიმწვავეში გადაიყვანოს და არც მხოლოდ განყენებული თემებისა თუ მიმზიდველი გამოსახულების ეგზოტიკურობით მოხიბლოს და მოაჯადოოს მაყურებელი (მით უმეტეს, რომ მთიანი აჭარის ყოფა თუ ულამაზესი ლანდშაფტი იძლევა ამის საშუალებას).

მრავალრიცხოვანი ოჯახიდან მამისეულ სახლში მხოლოდ ზებუნებრივი ძალის მქონე მკურნალი და მისი ქალიშვილი დარჩენილან. ახალგაზრდა ნამესგან განსხვავებით, უფროსი სამი ძმიდან არავის აურჩევია მამის გზა, თუმცა ისინი საბოლოოდ მაინც ერთ საქმეს ემსახურებიან. სხვადასხვანაირად, მაგრამ ძმებიც მკურნალები არიან – „სულის მკურნალები“. ცხადია, სიმბოლურია, რომ ერთი მღვდელია, მეორე მოლა, მესამე (ათეისტი) მასწავლებელი. თუმცა, რეჟისორი კონფლიქტისა და დაპირისპირებულობის სავარაუდო განვითარების მოლოდინს გვიცრუებს და ის არც მამის აჩრდილთან ბრძოლის პარადიგმას აცოცხლებს, არც რელიგიური თუ მსოფლმხედველობრივი განსხვავებულობის ნიადაგზე არსებული ქსენოფობიის მხილებას აპირებს, რაც დღევანდელი საქართველოს სერიოზული პრობლემაა. მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, ზაზა ხალვაშის ფილმი „ჩუმი კინოა“, ამდენად მას არ ახასიათებს მკვეთრი, ხმამაღალი ნოტები. რეჟისორისთვის უფრო ღირებულია, ამ განსხვავებულობათა ერთიანობა აჩვენოს.

ამ ერთიანობის არაჩვეულებრივი კინემატოგრაფიული სახიერებაა მიღწეული მამა-შვილის ეპიზოდში, როდესაც ისინი ერთმანეთს კოვზით აჭმევენ თაფლს (უნდა აღინიშნოს ზოგადად ფილმში მსახიობების, რომელთა უმეტესობა არაპროფესიონალია, ზომიერი, პათეტიკისგან დაცლილი თამაში. საერთოდ, ეს ცალკე თემაა, რატომ არის უმეტეს შემთხვევაში, ქართულ კინოში გაცილებით დამაჯერებელი არაპროფესიონალი მსახიობი, მაშინ როდესაც პროფესიონალები ჯერ კიდევ ვერ ელევიან მანერულობასა და ყალბ ინტონაციებს). ჩრდილოური რენესანსის განათებასა და თბილ, თაფლისფერ ტონალობაში გადაღებული ეს ეპიზოდი ძალიან ფაქიზი, სადა და უშუალოა, რომელიც შეგახსენებს, თუ რა არის კინოენა, რით განსხვავდება ის ლიტერატურისგან ან თუნდაც საუკეთესო ფერწერული ტილოსგან.

„ნამე“, უპირველეს ყოვლისა, თვალით აღსაქმელი ფილმია. გიორგი შველიძე ნახევარტონების ისეთ გრადაციებზე აგებს გამოსახულებას, როგორც რეჟისორი მთლიანად ფილმს – აზრობრივად და ემოციურად. აქაც დაცულია წონასწორობა – მართლაც მომნუსხველი გამოსახულება არასდროს არის თვითმიზნურად ლამაზი, ის ამბისა და აზრის განვითარებას ემსახურება.

ზაზა ხალვაშის „ჩუმი კინო“ შემაწუხებლად მოგუგუნე კადრით მთავრდება. ეს მხოლოდ გლობალურ თუ ლოკალურ დონეზე ეკოლოგიური კატასტროფის გამო ატეხილი განგაში არ არის. ეს „ხმაური“ მაყურებლის შიგნითაც იწყება და ფილმით აფორიაქებულს დიდხანს მიგყვება.