თავიდანვე ხვდები, რომ ირონიაა ჩადებული ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ახალი ფილმის სახელწოდებაში – „ჩემი ბედნიერი ოჯახი“. თუმცა რატომ ირონიული? დღემდე ხომ სწორედ ეს ითვლება (მთავარ) „ქალურ“ ბედნიერებად, რომ გყავდეს ქმარი (არ აქვს მნიშვნელობა, მოსიყვარულე თუ მტარვალი ან უბრალოდ ინდიფერენტული), გყავდეს შვილები და იცხოვრო მათთან ერთად სიკვდილამდე ტანჯვასა და სიხარულში.

ასეთ ტრადიციულ (ბედნიერ) ოჯახს ვეცნობით ფილმში, რომლის მთავარი გმირი – შუახნის ასაკის მანანა – დედასთან, მამასთან, ქმართან, ვაჟთან, ქალიშვილსა და სიძესთან ერთად ცხოვრობს ერთ ჩვეულებრივ თბილისურ ბინაში. ზოგადად „ჩვეულებრივობა“ ფილმის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანია. ასეთები არიან პერსონაჟები – ჩვეულებრივი ქალები და კაცები, ბიჭები და გოგოები. ასეთია ყოფითი, რუტინული რიტმი და მოქმედებები. ამიტომ ამ ჩვეულებრივობაში კიდევ უფრო უჩვეულოდ გამოიყურება მანანას მოულოდნელი გადაწყვეტილება – წავიდეს. ის არავის უპირისპირდება, არავისთან აქვს კონფლიქტი. უბრალოდ, მშვიდად და რაციონალურად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ უკვე დროა, საკუთარი ცხოვრებით იცხოვროს, რომელიც, სავარაუდოდ, არც არასდროს ჰქონია. მრავალრიცხოვანი ოჯახი თავისი გაბმული ფუსფუსითა და ქაოსით არ ტოვებს არც ერთ ცარიელ ადგილსა და ცარიელ დროს ისევე, როგორც კადრები, რომლებიც ამოვსებულობის განცდას ტოვებს. ძირითადად საშუალო ხედებზე აგებული და ინტერიერში გადაღებული მიზანსცენები თითქოს ჩაჭედილია პერსონაჟებითა თუ ნივთებით.

მანანას გადაწყვეტილებას კონკრეტული მიზეზები არ განაპირობებს (მხოლოდ მოგვიანებით, უკვე სახლიდან წამოსული, მეგობრების ჭორაობიდან იგებს, რომ წლების წინ თურმე ქმარი ღალატობდა და შვილიც ჰყოლია სხვა ქალთან) – ქმარი არ ძალადობს, არ არის ლოთი და ნარკომანი, არ ჩხუბობს, არ იგინება... ისიც ჩვეულებრივი ქართველი კაცია. სწორედ ამ „ჩვეულებრივობას“ გაურბის მანანა – იმას, რაც საზოგადოების ნორმად და წესად ქცეულა. თუმცა საზოგადოება ასე მარტივად ვერ ეგუება საკუთარი წესრიგის უგულებელყოფას და, ამდენად, არც ადვილად ანებებს თავს მანანას. ამ წესრიგის დასაცავად ერთვება ქმარი, შვილი, ძმა, ნათესავები, მეგობრები და, ყველაზე უფრო აქტიურად, დედა – ლამარა.

საგულისხმოა, რომ სწორედ ეს უკანასკნელია ოჯახის საყრდენი და არა მოხუცი მდუმარე მამა. ანუ პატრიარქი რეალურად აღარ არსებობს, ის დასუსტებულია და ძირითადად ჩუმად არის (რაც ტრადიციულად ქალისთვის განკუთვნილი როლია), მაგრამ მის კანონს აღასრულებს მის მიერ შექმნილი სოციალური სისტემა, რომლის ნაწილია ლამარა.

ნანა ექვთიმიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს: „რომც სცადო, ალბათ, შეუძლებელი იქნება დათვალო, თუ რამდენჯერ გააკეთა ლამარამ ცხოვრებაში სადილი სხვებისთვის, რამდენჯერ დაალაგა სხვებისათვის, რამდენჯერ გაწმინდა, გახეხა... სად მიდის ეს დრო? როგორ ჩუქნიან ქალები თავიანთ ცხოვრებას სხვებს? ფილმის მთავარ პერსონაჟს, მანანას, დომინანტი დედა ჰყავს… ამ ქალმა სწორედ ასე იცხოვრა, ოჯახური მოვალეობების პატიოსნად შესრულებით და, საბოლოოდ, ლამის თვითონ იქცა ტირანად“.

ერთი შეხედვით ვერ ხვდები, რეალობაში ხშირად სწორედ ქალი რატომ გევლინება პატრიარქალური ოჯახისა და ტრადიციების დამცველად; რატომ ავლენს ამხელა დაუნდობლობას მსხვერპლი ქალების მიმართ. თუმცა, ამავდროულად, კანონზომიერიცაა, რადგან მასკულინური პროექტის მთავარი მიზანი სწორედ ქალის მოქცევაა მკაცრ მორალურ და ზნეობრივ კოდექსში.

თუმცა პატრიარქატის ეს სქემა, ქალის თვითრეალიზაციისთვის განკუთვნილი გარემო მინიმუმამდე შემოესაზღვრა, თავად კაცი-პატრიარქის საწინააღმდეგოდაც ამუშავდა. როგორც კი მოექცა ქალი ამ მისთვის გამოყოფილ ერთგანზომილებიან სივრცეში, ის მაქსიმალურად კონცენტრირდა თავის ერთადერთ პრეროგატივაზე; გადაწყვიტა, გამხდარიყო ამ სივრცის ერთპიროვნული მფლობელი და მმართველი. ამიტომ იქცა ქალი დედა-მონსტრად, ამიტომაც ტოვებს შვილებს („ბავშვებს“), მათ შორის (და კიდევ უფრო), ბიჭებს – სიცოცხლის ბოლომდე თავისი ზეგავლენის ქვეშ. სწორედ ამ ტრადიციული კულტურის შედეგია ლამარაც – არა განსაკუთრებით მკაცრი, ავი და ბოროტი ქალი, არამედ ჩვეულებრივი ქართველი დედა, რომელმაც უკეთ იცის, რა სჭირდებათ მისი ოჯახის წევრებს და მის შვილებს ბედნიერებისთვის.

ნანა ექვთიმიშვილსა და სიმონ გროსს ნაცნობ სიტუაციებში შეჰყავხარ ხშირად ასევე ნაცნობი, ბანალური დიალოგებითა თუ ფრაზებით. თუ რამე „შეგონება“ გახსენდებათ ქალიშვილთან, ახლად გათხოვილ ქალთან ან უკვე გამოცდილ დიასახლისთან დაკავშირებით, ყველაფერს გაიგონებთ ფილმში. თითქოს ესეც არჩეული პრინციპის გაგრძელებაა, რომ ყველაფერი იყოს ზედმიწევნით ჩვეულებრივი, ბანალურობამდე ნაცნობი, მაგრამ ფილმში ამგვარი ფრაზები მაინც ყურისმომჭრელ პლაკატურობად უფრო იკითხება.

ფილმის ერთიან მშვიდ, მონოტონურ ჯაჭვში ასევე ხელოვნურად ჩადგმულ კომპონენტად აღიქმება სიმღერები. გასაგებია, როდესაც მთავარ როლზე იწვევ ია შუღლიაშვილს, დიდია ცდუნება, რომ მას ინოლა გურგულიას სიმღერები შეასრულებინო, მაგრამ კინოსთვის ასეთი „საკონცერტო ნომრების“ სიმრავლე მეტისმეტია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ავტორები გაერთნენ უცხოელი მაყურებლისთვის ნაციონალური (ეგზოტიკური) კულტურის შეთავაზებითა და მათი მოხიბვლის იდეით. ეს განცდა განსაკუთრებით იმ ეპიზოდში მძაფრდება, როდესაც მანანას ვაჟი თავის ცოლს გააცნობს ოჯახს. სახლში მეგობრებიც იკრიბებიან. ახალგაზრდები, EMO-ებს რომ უფრო ჰგვანან, უეცრად ჩონგურს გადმოიღებენ და ხალხურ სიმღერას დააგუგუნებენ. საქართველო კია პარადოქსების ეკლექტური ქვეყანა, მაგრამ ეს ეპიზოდი მაინც ძალიან არადამაჯერებელი და კომიკურია.

მაგრამ ამ რამდენიმე შენიშვნის მიუხედავად, ფილმი შესანიშნავ სურათს ქმნის ერთი კონკრეტული და, ამავე დროს, ტიპური ქალის ცხოვრებაზე. ზედმიწევნით გაშინაურებული სიტუაცია არ უშლის ხელს ავტორებს, რომ გარკვეული დისტანცია მაინც შეინარჩუნონ, რაც საშუალებას გაძლევს, დააკვირდე და მთლიანობაში აღიქვა ეს ჩვეული „ქალის პორტრეტი ინტერიერში“, ან, უფრო სწორად – „ოჯახური პორტრეტი ინტერიერში“; ოჯახის, როგორც პატრიარქალური სისტემის მთავარი უჯრედის, სადაც როლები და ფუნქციები დიდი ხნის წინ გადანაწილდა და ამ დადგენილი როლების გავლენიდან გასვლა სერიოზულ ძალისხმევას ითხოვს.

მანანამ ეს შეძლო და წავიდა.