იმხანად „თავისუფლების კუნძულად“ მონათლული კუბა მართლაც არა მარტო ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან დევნილი კინემატოგრაფისტების თავშესაფრად გადაიქცა, არამედ აკრძალული ფილმების ერთ დიდ სამონტაჟოდაც. პარადოქსი ისაა მხოლოდ, რომ ამ დროს თავად კუბაზე გამოხატვის თავისუფლება კანონმდებლობითაა შეზღუდული: მოსახლეობას ეკრძალება უცხოური ფილმების, ტელეგადაცემების ყურება, უცხოური პრესის, საზღვარგარეთ დაბეჭდილი წიგნების კითხვა. კანონის დამრღვევს თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ზუსტად ისე, როგორც ტომას გუტიერეს ალეას ფილმის „მარწყვი და შოკოლადის“ გმირს – ჰომოსექსუალ მხატვარს, რომელიც დაპატიმრებული კუბელი მწერლების ტექსტებს კითხულობს და იდევნება. „მარწყვი და შოკოლადი“ 1993 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ჩართეს. გუტიერეს ალეა – ფიდელ კასტროს კუბის ყველაზე ტიტულოვანი კინორეჟისორი, ფესტივალზე არ ჩავიდა – ხმა გავრცელდა, „მარწყვის და შოკოლადის“ რეჟისორი ევროპაში არ გაუშვესო. თუმცა, „კუბურ მონანიებად“ მონათლული ეს ფილმი თავისუფლად გავიდა კუბის ეკრანებზე. იგი კინოგაქირავების ქსელიდან მაშინაც კი არ მოუხსნიათ, როცა ამერიკის კინოაკადემიამ საკუთარი ინიციატივით „ოსკარზე“ წარადგინა.

 

1973 წელს, როდესაც ჩილე საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებოდა და კლასობრივი დაპირისპირება გამძაფრდა, ჩილელმა რეჟისორმა პატრისიო გუსმანმა, რამდენიმე მეგობართან ერთად, გადაწყვიტა, გადაეღო სალვადორ ალიენდე, განსხვავებული სოციალური ფენის ადამიანთა პორტრეტები და უბრალოდ ჩილეს პეიზაჟები. გადამღები ჯგუფის განკარგულებაში იყო ერთი კამერა, მაგნიტოფონი და ძველი ავტომობილი. გუსმანი იღებდა ყველაფერს, რისი აღბეჭდვაც შეიძლებოდა 24 საათის განმავლობაში – მნიშვნელოვანსა და უმნიშვნელოს. ისტორიის სახეებთან მაქსიმალური მიახლოებით, კადრების გამსხვილებით, რეჟისორის გადაღების მეთოდი მიქელანჯელო ანტონიონის „ბლოუ აფს“ წააგავდა. რის შედეგადაც ფირზე აღიბეჭდა პუტჩის მზადების ყველა დეტალი, მათ შორის, ოპერატორის თავისებური თვითმკვლელობაც – ფილმმა შეგვინახა კადრი, რომელშიც ხუნტის ჯარისკაცი კამერას უმიზნებს და ოპერატორს კლავს. გუსმანმა და მისმა მეგობრებმა 8 თვის განმავლობაში თითქმის 10 000 მეტრი ფირი გადაიღეს. მიკროფონი დაუთმეს ყველას, ვინც ქუჩაში გამოვიდა – მათ შორის, ალიენდეს ოპოზიციას, ჩილეს ბურჟუაზიას, რომელიც უკმაყოფილო იყო ქვეყნის „გაწითლებით“. 1973 წლის 14 სექტემბერს ფილმის გადამღები ჯგუფის ყველა წევრი დააპატიმრეს. გუსმანმა კინოფირის კუბაზე გადატანა მოახერხა და იქვე დაამონტაჟა თავისი დოკუმენტური ფილმი „ბრძოლა ჩილესთვის“.

 

კინო და ცენზურის მე-10 ნაწილი, „იმპერატორის გაკვალული გზა“ სრულად ინდიგოს 29-ე ნომერში