იოგოს ლანთიმოსი „ლობსტერის“ დისტოპიური სამყაროს შემდეგ, ახალ ფილმს – „წმინდა ირმის მკვლელობას“ გვთავაზობს. ეს არის ანტიკური ტრაგედიის რეპრეზენტაცია თანამედროვე ამერიკულ რეალობაში, ერთგვარი მისტიკური ჰორორი. ბოლო პერიოდის თანამედროვე ევროპულ კინოში ლანთიმოსი თავის „მონათესავე“ შვედ რეჟისორთან, რუბენ ოსტლუნდთან ერთად საკმაოდ მნიშვნელოვან ტენდენციას ქმნის. ისინი იკვლევენ ადამიანებს და ცდილობენ, ფილმებში შექმნან ისეთი მოცემულობები, რომლებიც სააზროვნო სივრცეს გახსნის. ძალიან საინტერესო პარალელის გავლება შეიძლება ლანთიმოსის „წმინდა ირმის მკვლელობასა“ და ოსტლუნდის „ფორსმაჟორს“ შორის. ორივეგან ყურადღების სრული კონცენტრირება ხდება ოჯახზე, ერთმანეთისადმი დამოკიდებულებაზე, თვითგადარჩენასა და სინდისის ქენჯნაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ინტერპრეტაციის ის ფართო ველია, რომელიც მორალურად სწორის, არასწორის და ზოგადად მორალის მნიშვნელობას შლის.

ფილმში მოქმედება მაღალი წრის ექიმების ოჯახში ვითარდება, რომელშიც, ოჯახის დიასახლისის თქმით, ყველას ლამაზი თმა აქვს, ყველა ლამაზია და თითქოს სწორედ ამ სილამაზით ტკბობისთვის კიდია საძინებლებში უზარმაზარი სარკეები. ოჯახში ყველას თავისი როლი და პედანტურად დაკისრებული მოვალეობები აქვს, რომლებიც აუცილებლად უნდა შესრულდეს, რათა იდილია არ დაირღვეს. მაყურებელს დიდი ხანი არ სჭირდება იმის მისახვედრად, რამდენად ყალბი და ფასადურია ეს ყველაფერი, დაახლოებით ისეთი, როგორიც ექიმის სუფთა და ლამაზი ხელები, სისხლიანი ხელთათმანების გახდის შემდეგ.

მარტინი ფილმის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა, მას და სტივენს საკმაოდ უცნაური ურთიერთობა აქვთ, რაც ბევრ კითხვას ბადებს. თავდაპირველად ისინი შეიძლება მამა-შვილი გეგონოთ, შემდეგ – საყვარლები, თუმცა, საბოლოოდ, ყველა ვერსიას უარყოფთ და რეჟისორის ნებას აჰყვებით, რადგან მისი მიზანი ისაა, რომ მაყურებელი უბრალოდ მიენდოს. ყველა სცენაში, რომელშიც ამ გმირებს ერთად ვხედავთ, რაღაც უცნაური კავშირი იგრძნობა, რომელსაც ფონად ვიოლინოს გულის გამაწვრილებელი ხმა ერთვის და გაურკვევლობისა და უხერხულობის მუდმივ განცდას კიდევ უფრო ამძაფრებს.

აღსანიშნავია, რომ ფილმს ძალიან საინტერესო ვიზუალური სტილი აქვს, რომელიც, როგორც მინიმუმ, კუბრიკსა და ჰიჩკოკს მაინც გაგახსენებთ, თუმცა, საინტერესო იქნება კონკრეტულ დეტალებზე ყურადღების გამახვილება. მაგალითად, სცენებში, რომლებშიც მარტინისა და სტივენის დიალოგს ვხედავთ, კოლინ ფარელის გმირს ლაპარაკისას კამერა, ძირითადად, ქვემოდან უყურებს, რაც კონკრეტულ მომენტში პერსონაჟის დომინანტობაზე მიუთითებს, თითქოს ის არის მთავარი და სიტუაციასაც ის აკონტროლებს. ყოველ შემთხვევაში, მას ასე ჰგონია, რადგან მარტინის პერსპექტივიდან ყველაფერი სულ სხვანაირად ჩანს. ამ შემთხვევაში, ლანთიმოსი არღვევს ტრადიციული კომპოზიციის კანონებს და სურათს არასტანდარტულად აგებს. მარტინის გმირი საუბრისას კადრის იმ უკიდურეს კუთხეშია მოქცეული, რომელ მხარესაც მისი მზერაა მიმართული, მის უკან კი, საკმაოდ დიდი თავისუფალი სივრცე რჩება. სტივენი კი კადრში ან საერთოდ არ არის, ან მხოლოდ უმნიშვნელოდ ჩანს. ყველაფერი ეს მარტინის იზოლირებულობაზე მიუთითებს – მისი პირადი სივრცე იმდენად დაცული და შეუვალია, რომ მასზე გავლენის დამყარების ყველა მცდელობა ამაოა. ასეთი ვიზუალური თხრობით, რეჟისორი ფილმის მეორე ნაწილისთვის გვამზადებს, სადაც საიდუმლოს ფარდას ხდის და ამბის მოყოლას ალეგორიების გარეშე აგრძელებს.

მანამდე, სანამ ყველაფერი თავდაყირა დადგება, სტივენი მარტინს საკუთარ ოჯახს გააცნობს. ხოლო მომდევნო დღეს, მარტინი და მასთან სტუმრად მისული სტივენი მასპინძლის საყვარელ ფილმს „ზაზუნას დღეს“ უყურებენ. ეს ფილმი შემთხვევით არ არის შერჩეული. მასში მთავარ გმირს ბილ მიურეი თამაშობს, რომელიც, უხეშად რომ ვთქვათ, დროში „იჭედება“ – ყოველი გათენებული დღე ისევ 2 თებერვალია და მას ყოველდღე თავიდან უწევს ერთი და იმავეს გავლა. გმირი ამ ყველაფრისგან თავის დაღწევას მხოლოდ მაშინ ახერხებს, როდესაც გადაწყვეტს, ამ ერთი დღის განმავლობაში მაქსიმალურად მეტ ადამიანს დაეხმაროს, სიკვდილს გადაარჩინოს ან უბრალოდ გაახაროს.

ბილ მიურეის გმირს შეუძლია „დროის გადახვევა“ და შეცდომების გამოსწორება, ლანთიმოსის პერსონაჟს, სტივენს კი – არა. სწორედ ეს ხდება წინაპირობა იმ ტრაგიკული სასჯელისა, რომელიც მას თავს დაატყდება. სტივენმა უნდა აირჩიოს ან მთელი ოჯახის ნელი სიკვდილი, ან მხოლოდ იმ ერთის, რომელსაც თვითონ გაწირავს. ის მძიმე მორალური გადაწყვეტილების წინაშე დგას, ისევე როგორც ძალაუნებურად რეჟისორის გავლენის ქვეშ მოქცეული მაყურებელი, რომელიც იმაზე იწყებს ფიქრს, თუ რომელ პერსონაჟს გაიმეტებდა სიკვდილისთვის. ყველაფერთან ერთად, „კანდიდატები“ რეალური სახის წარმოჩენას იწყებენ, ყველას ერთვება თვითგადარჩენის ინსტინქტი. ოჯახი, როგორც ინსტიტუტი, ნგრევას იწყებს, ოჯახის უფროსი ემოციებს ვეღარ იკავებს და გარეთ, ეზოს ბნელ კუთხეში იწყებს ქვითინს. სამწუხაროდ, ეს სცენა ისეთი ძლიერი ვერ არის, როგორც მამის ტირილი რუბენ ოსტლუნდის „ფორსმაჟორში“, თუმცა სტივენი ამ მომენტში ყველაზე დაუცველი და გულწრფელია.

ფილმის მეორე ნაწილში ზოგადი დინამიკა იცვლება, თუ აქამდე რეჟისორი ნელა და ეტაპობრივად ცდილობდა ფინალისთვის ნიადაგის მომზადებას, ახლა პირდაპირ, ღიად ცდილობს მაყურებლის ემოციებზე თამაშს და ატრაქციონს დგამს. გმირები უფრო და უფრო ისტერიულები ხდებიან, აშკარაა რეჟისორის მცდელობა, მაყურებელი ანერვიულოს, თუმცა ავიწყდება ტრაგედიის ყველაზე მთავარი ელემენტი – კათარზისი. ფილმის ფინალის მთელი პრობლემა ემპათიის ნაკლებობაა. ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ სტივენმა ცოდვა მსხვერპლით უნდა გამოისყიდოს. თუმცა არცერთ სცენაში არ ჩანს, რომ საკუთარ შეცდომას ნანობს. არადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან გაიაზროს იმის ფასიც, რისთვისაც ეს ყველაფერი ხდება და სწორედ ამ პროცესში ნამდვილად შეიძლება გაჩნდეს კათარზისი. ლანთიმოსის შემთხვევაში კი ისე ჩანს, თითქოს, მსხვერპლი მხოლოდ გადარჩენისთვისაა საჭირო, რაც ბანალურ მორალურ ამოცანას ემსგავსება და არა ტრაგედიას. აგამემნონის შემთხვევაში, იფიგენია ირემმა შეცვალა, მამა აბრამის შემთხვევაში – ბატკანმა. თუმცა ფილმში ასე არ ხდება. სასწორის პინები ბალანსდება.

ძველი აღთქმა, თავი ოცდამეერთე

23. თუ უბედურება მოხდა, სიცოცხლე სიცოცხლის წილ უნდა ზღონ.

24. თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ფეხი ფეხის წილ.

რა არის სამართლიანობა?