ანდრეი ზვიაგინცევი საყვარელ რეჟისორებს შორის მიქელანჯელო ანტონიონის, განსაკუთრებით კი მის ფილმებს „თავგადასავალს“, „ღამესა“ და „დაბნელებას“ ასახელებს. ახალი ფილმის „უსიყვარულობის“ ინსპირაციის წყაროდ ინგმარ ბერგმანის „სცენებს ოჯახური ცხოვრებიდან“ მიიჩნევს. ჟენიას როლის შემსრულებელმა მარია სპივაკმა კი პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ გადაღებამდე მას ზვიაგინცევმა სანახავი ფილმების მთელი სია მისცა, რომლებშიც ცოლ-ქმრული ურთიერთობის კრიზისია ასახული. ანდრეი ზვიაგინცევი 5 წლის ყოფილა, როდესაც მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. მამასთან მისი სიცოცხლის ბოლომდე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.

ბავშვობის ეს ტრავმა გახდება ზვიაგინცევის ფილმების შემაკავშირებელი ხაზი, რაც „უსიყვარულობაში“ „ელენასა“ და „დაბრუნებასთან“ მუდმივ „გადაძახილებში“ გამოვლინდება: ოჯახის დაშლა, სახლის დაცარიელება, ქონების გაყოფა, გაშორებული ცოლ-ქმარი და ამით ტრავმირებული შვილები, დაკარგული ბავშვი „უსიყვარულობაში“, რაც „დაბრუნებაში“ დაკარგული მამის ინვერსიად იკითხება და ა.შ.

ერთი შეხედვით, თანამედროვე რუსეთზე მასშტაბური და დაუნდობლად კრიტიკული „ლევიათანის“ შემდეგ, ზვიაგინცევი ისევ დაუბრუნდა კამერულ, ინტიმურ სამყაროსა და პრობლემებს, მაგრამ სინამდვილეში „უსიყვარულობა“ სწორედ „ლევიათანის“ გაგრძელება უფროა, ვიდრე ზემოთ ნახსენები ფილმებისა, რადგან „უსიყვარულობის“ გმირების, ჟენიასა და ბორისის მიღმა ისევ რუსეთის სასტიკი პორტრეტი იხატება.

ზვიაგინცევის თქმით, ის ბერგმანის „სცენებს...“ თანამედროვე, პოსტინდუსტრიულ [რუსულ] საზოგადოებაში „გადათარგმნის“, სადაც ყველა ადამიანი თავისთვის ცხოვრობს. თუ ბერგმანთან პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, სად ხდება მოქმედება, რადგან ის მოდერნისტულ-ინდუსტრიული დასავლური საზოგადოების მტკივნეულ სახეს აჩვენებს, ზვიაგინცევთან იმავე პრობლემის რეპრეზენტირებაში უაღრესად მნიშვნელოვანია კორუფციაში, ნაციონალიზმისა თუ მართლმადიდებლობის რიტორიკაში ჩაფლული რუსეთის გათვალისწინება, რაც ფილმში ხაზგასმულ ფონად იკვეთება.

„ლევიათანის“ ფინალში ტბა იყინება, „უსიყვარულობა“ თითქოს ამ უკანასკნელს ქრონოლოგიურად აგრძელებს, რადგან მთელი ფილმის მოქმედება გაყინულ ქალაქში მიმდინარეობს.

საერთოდ, გვიანი შემოდგომისა თუ ზამთრის მიმქრალი ფერები და განათება გამახსოვრდება ზვიაგინცევის ფილმებიდან, რაც სიცივისა და სიცარიელის განცდას „ასხივებს“. „უსიყვარულობა“, ფაქტობრივად, ბინის გაყიდვით იწყება, რაც უკვე მიგანიშნებს, რომ დაინგრევა ოჯახი, ადამიანური კავშირები. თუმცა, პერსონაჟებისა და მთლიანი გარემოს თანდათანობითი გაცნობის პროცესში ხვდები, რომ მათ შორის ერთობა, კავშირები არც არასდროს ყოფილა. ცოლ-ქმარს არ უყვარს ერთმანეთი, უსიყვარულობა გადადის შვილზეც, რომელსაც თითქმის ვერც ამჩნევენ და თუ ამჩნევენ, მხოლოდ იმიტომ, რომ შენიშვნა მისცენ და უყვირონ. საერთოდ, ფილმში ადამიანები ერთმანეთს კი არ ელაპარაკებიან, არამედ უყვირიან. ალიოშა ისე გარბის სახლიდან და იკარგება, რომ მშობლები კარგა ხანს ვერც ამჩნევენ. ჟენია იხსენებს, როგორ მოუყვანეს სამშობიაროში პატარა ალიოშა, რომლის მიმართ ერთადერთი, რაც იგრძნო, გაღიზიანება იყო. ასე იზრდებოდა თვითონაც. ასე სასტიკად ექცევა მას დედამისი ახლაც ზრდასრულს, ასე ექცევა თვითონ ალიოშასაც. უსიყვარულობა არა მხოლოდ ფილმის გმირებს შორის სუფევს, არამედ მაყურებელსა და პერსონაჟებს შორისაც. არცერთ მათგანთან არ გიჩნდება არათუ იდენტიფიკაციის შეგრძნება, თანაგრძნობაც კი. ისინი უბრალოდ გეცოდებიან.

ჟენიაც და ბორისიც აპირებენ ახალი ცხოვრების დაწყებას ბედნიერებისა და სიყვარულის მოსაპოვებლად. ორივეს ჰყავს კიდეც ახალი პარტნიორი, რის გამოც აპირებენ განქორწინებას, მაგრამ ისევ არ აქვთ სიყვარული. სექსიც ასეთი აქვთ, უემოციო, ვითომ ვნებიანი, მაგრამ უსიყვარულო.

შეუძლებელია სიყვარულის პოვნა ამ გარემოში, სადაც ტოტალური გულგრილობა, სიცივე და სიცარიელე სუფევს.

გულგრილად ისმენს მილიციაც დაკარგული ბავშვის შესახებ ინფორმაციას. იმდენი ბავშვი იკარგება წლის განმავლობაში უგზოუკვლოდ?! ადამიანურ რჩევას კი აძლევენ – სჯობს, ვოლონტიორების ჯგუფს მიმართოთ, ჩვენ იმედად ნუ იქნებითო. ახალგაზრდა მოხალისეები, თავიანთი მობილიზებულობითა და გულწრფელი მონდომებით, ცინიკური რეპრეზენტატორები არიან იმ რეალობის, რაც რამდენიმე წლის წინ პუტინის მიერ მიღებული „არასასურველი არასამთავრობო ორგანიზაციების“ აკრძალვის შესახებ კანონით გაფორმდა. ერთადერთი, თუ ვინმე რამეს აკეთებს სრულიად ჩამოშლილ, სასტიკ და უსიყვარულო გარემოში, ადამიანის უფლებათა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციაა სერგეი ლოზნიცას ფილმშიც „თვინიერი“, რომელიც ასევე წლევანდელი კანის ფესტივალის კონკურსში მონაწილეობდა და ზვიაგინცევის ფილმთან ერთად თანამედროვე რუსეთის გროტესკულ სახეს ქმნიდა. მართალია, ლოზნიცასთან სულ სხვა გარემო და სოციუმი იხატება (ე.წ. ფსკერი – ლოთებით, სუტენიორებით, მეძავებითა და კრიმინალებით დასახლებული რუსეთის უკიდურესი პროვინცია) და თანაც გაცილებით კარიკატურულად და სწორხაზოვნად, მაგრამ ზვიაგინცევის ფილმში ასახული წარმატებული ახალი რუსეთიც თავისი ძვირადღირებული და მრავალფუნქციური სპა-ცენტრებით (სადაც მუშაობს ჟენია), სმარტფონებითა და დაყენებულღიმილიანი „სელფებით“, წარმატებულობის ყალბ რეალობას რომ ქმნის, თანამედროვე მინიმალისტური დიზაინით მოწყობილი მართლმადიდებლური ოფისით (სადაც მუშაობს ბორისი), რომლის შეფი ზრუნავს და აკონტროლებს თავისი თანამშრომლების ოჯახის სიმტკიცესა და სიწმინდეს, იგივე რუსეთია – როგორც ფონად გაყოლილი რადიოს ხმებიდან ისმის, „პუშკინისა და პუტინის რუსეთი“ – უსიყვარულო, ტლანქი და მარტოსული.

როგორც აღვნიშნე, ფილმი ბინის გაყიდვის ეპიზოდით იწყება. დაცარიელებული, მიტოვებული, ჩამონგრეული სახლები, რომელიც ზვიაგინცევის ფილმებში ვიზუალურ ლაიტმოტივს ქმნის, ამჯერადაც ჩნდება. ხანგრძლივ ეპიზოდში სართულიდან სართულზე ამაოდ დაბორიალობენ და ეძებენ დაკარგულ ალიოშას. მრავალსართულიანი სახლი იატაკზე ალაგ-ალაგ დაჭაობებული გუბურებითა და დახავსებული კედლებით არა მხოლოდ დაშლილი ოჯახის მეტაფორად, არამედ ჩამოშლილი რუსეთის, სრული სიცარიელისა და მასში ჩაკარგულობის მხატვრულ სახედ იქცევა. ზვიაგინცევი ახერხებს, პუბლიცისტური პირდაპირობა, ფილმის პირველი ნაწილის ერთგვარი სწორხაზოვნებაც კი პრობლემების სიღრმისეულ გააზრებამდე მიიყვანოს. ფილმის განვითარება სულ უფრო და უფრო მეტ დრამატულობას იძენს და კულმინაციას აღწევს მორგის სცენაში, რომელიც ერთდროულად საოცარი დელიკატურობითა და შემზარაობით არის გადაღებული.

ფინალში, სადაც ჟენიასა და ბორისს უკვე თავიანთ ახალ ოჯახებში ვხედავთ, ეს დრამატიზმი იკლებს, მშვიდდება, მაგრამ უსიყვარულობა კიდევ უფრო მტანჯველი სახით ჩანს. ჟენია გადის ოთახიდან და ქმარს ჩართულ ტელევიზორთან ტოვებს, სადაც პუტინის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ანგაჟირებული ჟურნალისტი დიმიტრი კისილიოვი უკრაინასა და დნესტრისპირეთზე ლაპარაკობს. ჟენია სარბენ ბილიკზე დგება და გახევებული სახით იწყებს მონოტონურად სიარულს. ყველაზე დაუკვირვებელ თვალსაც კი არ გამოეპარება მის სპორტულ ჟაკეტზე მსხვილი წარწერა Russia. დიახ, ეს პუტინის რუსეთის ძალიან მკაფიო მეტაფორაა, რომელიც ქმნის ილუზიას, რომ მოდერნიზაციისკენ მოძრაობს, მაგრამ რეალურად, მისთვის ნაცნობ და დატკეპნილ იმპერიალისტურ პოლიტიკას ვერ სცილდება.