ოსკარის დაჯილდოების ცერემონიამდე თვეზე ნაკლები რჩება. სანამ 25 თებერვალი მოვა და ფავორიტი ფილმების საგულშემატკივროდ მოემზადებით, მათი ნაწილის ნახვას დიდ ეკრანზე კინოთეატრ „ამირანში“ შეძლებთ. იანვრის ბოლოდან აქ კინოაკადემიის ჯილდოზე წარდგენილი რამდენიმე ნამუშევარი იქნება ნაჩვენები.

Green Book / „მწვანე წიგნი“  24 იანვარიდან

პიტერ ფარელის დრამა „მწვანე წიგნი“ წლევანდელი ოსკარების ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება. ის 5 ნომინაციაშია წარდგენილი, მათ შორის საუკეთესო ფილმისა და სცენარისთვის. 7 იანვარს ფილმმა უკვე მოიპოვა 3 ოქროს გლობუსი, რაც კიდევ უფრო ზრდის მისი წარმატების ალბათობას. „მწვანე წიგნს“ საუკეთესო კომედიური ფილმის და საუკეთესო სცენარის ჯილდო გადასცეს, მაჰერშალა ალი კი, მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლად დასახელდა.

ფილმი რასიზმის თემას ეხება და 1960-იანი წლების ამერიკას აცოცხლებს. ნიჭიერი და გავლენიანი აფრო-ამერიკელი მუსიკოსი, დონ შირლი 8 კვირიან ტურნეში მიემგზავრება და მძღოლად და პირად მცველად დაიქირავებს ადამიანს, რომელმაც ის უსაფრთხოდ უნდა მოატაროს იმ პერიოდში ქვეყნის ყველაზე რასისტული სამხრეთი ნაწილი. ტონი ზედმეტს ლაპარაკობს, დანა-ჩანგლის წესიერად გამოყენება არ იცის და არც თუ ისე დახვეწილი მანერები აქვს, მაგრამ თავისი საქმის პროფესიონალია. მას „მწვანე წიგნიც“ აქვს, რომელის დახმარებითაც, მუსიკოსი უვნებლად უნდა დააბრუნოს სახლში. მწვანე წიგნი 1936-1966 წლებში გამოდიოდა და ყოველწლიური გზამკვლევი იყო შავკანიანებისთვის მოგზაურობისას. წიგნი მათ საშუალებას აძლევდა, უსაფრთხო გადაადგილებულიყვნენ გზებზე, მოეძებნათ ღამის გასათევი, და სერვისები, სადაც მომსახურებას მიიღებდნენ. ეს საინტერესო და თავგდასავლებით სავსე ტურნე ორივეს ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის.

ფილმში მთავარ როლებს ვიგო მორტენსენი და მაჰერშალა ალი თამაშობენ.

 

The Favourite / „ფავორიტი“  31 იანვარიდან

ბერძენი რეჟისორის, იარგოს ლანთიმოსის ნამუშევარი წელს მეორედ იქნება წარდგენილი ოსკარზე. 2016 წელს მისი ცნობილი ფილმი “Lobster” აქ საუკეთესო სცენარის ნომინაციაში იბრძოდა. „ფავორიტმა“ ამჯერად წლის რეკორდი მოხსნა და ყველაზე მეტ, 10 ნომინაციაზეა წარდგენილი, მათ შორის საუკეთესო ფილმის, რეჟისურის, მთავარი და მეორეხარისხოვანი როლების შესრულებისთვის.

ფილმი მე-18 საუკუნის დასაწყისის ინგლისზე და მის ექსცენტრიულ დედოფალ ანაზე მოგვითხრობს, რომელიც სუსტი ჯანმრთელობის გამო დიდად არ ინტერესდება ქვეყნის ამბებით და იხვების შეჯიბრით და კურდღლებთან თამაშით არის გართული. ამ დროს კი, ინგლისს საფრანგეთთან ომი აქვს და ქვეყანა დიდი გამოწვევების წინაშე დგას. პოლიტკურ საკითხებს სასახლეში დედოფლის ახლო მეგობარი და მრჩეველი, მალბოროს ჰერცოგინია, სარა განაგებს. თუმცა, მისი გავლენები და პრივილეგიები მალე საფრთხის ქვეშდგება: სასახლეში სარას ბიძაშვილი, ებიგაილი ჩამოდის და მოახლედ იწყებს მუშაობას. ცოტა ხანში ის დედოფალსაც დაუხალოვდება და აქ იწყება ომი, თუ ვინ მოიპოვებს ანას ფავორიტის სტატუსს.

მთავარ როლებში: ოლივია კოლმანი, რეიჩელ ვაიზი, ემა სტოუნი

 

Mirai no Mirai / „მირაი მომავლიდან“ – 7 თებერვლიდან

იაპონელი ანიმეს რეჟისორის, მამორუ ჰოსოდას ნამუშევარი „მირაი მომავლიდან“ წელს საუკეთესო ანიმაციის ტიტულისთვის იბრძოლებს.

ანიმაციური ფენტეზი 4 წლის ბიჭის, კუნის შესახებ, რომელიც პატარა დის დაბადების შემდეგ თავს მიტოვებულად გრძნობს ყურადღების ეპიცენტრში მყოფ მირაიზე ეჭვიანობს. ერთ დღესაც, როცა ბიჭი სახლიდან გაქცევას გადაწყვეტს, მოულოდნელად ჯადოსნურ ბაღს და კარიბჭეს აღმოაჩენს, რაც მას დროში მოგზაურობის და წინაპრებთან შეხვედრის საშუალებას აძლევს. ის ხვდება დედას, რომელიც ჯერ ისევ პატარა გოგოა, ასევე სხვა ახლობლებსა და ნათესავებს. ამ მოგზაურობაში მას მეგზურობას მომავლიდან მოსული პატარა და უწევს, რომელიც ამ შემთხვევაში სულაც აღარაა პატარა.                                         

 

At Eternity's Gate / „ვან გოგი: უსასრულობა“  7 თებერვლიდან

ვინ შეიძლებოდ ყოფილიყო ვან გოგზე მხატვრული ფილმის რეჟისორი, თუ არა ჯულიან შნაბელი. თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და წონიანი არტისტი, ამერიკელი მხატვარი და კინორეჟისორი წელს კინოაკადემიის დაჯილდოვების ერთ-ერთი საპატიო სტუმარი იქნება. მისი ფილმი „ვან გოგი: უსასრულობა“ ოსკარზე საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაცისთვის არის წარდგენილი.

ფილმი ბიოგრაფიული დრამაა და ვინსენტ ვან გოგის უკანასკნელი დღეების შესახებ გვიყვება. როგორი იყო მხატვრის შემოქმედებითი პროცესი ამ დროს, რა სირთულეების გადალახვა უწევდა მას და აცნობიერებდა თუ არა, რომ შედევრებს ქმნიდა – რეჟისორი სცდილობს ორსაათიან ნამუშევარში ეს თემები გაშალოს და ყველა დროი ერთ-ერთი უდიდესი მხატვარი ახალი კუთით დაგვანახოს.

მთავარ როლებში: უილიამ დეფო, რუპერტ ფრენდი, მადს მიკელსენი

 

Vice / „ვიცე პრეზიდენტი“ – 21 თებერვლიდან

ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, დიკ ჩეინის შესახებ გადაღებულმა ფილმმა ოსკარის 8 ნომინაცია მოიპოვა. მათ შორის საუკეთეს ფილმის კატეგორიაში. ადამ მაკკეის ნამუშევარი, რომლის პროდიუსერიც ბრედ პიტია, ოქროს გლობუსზე უკვე დაჯილდოვდა ერთი პრიზით. ჯილდო მთავარი როლის შემსრულებელმა, კრისტიან ბეილმა აიღო.

Vice 2000-იან წლებში, ჯორჯ ბუში უმცროსის ადმინისტრაციისა და იმდროინდელი ვიცე-პრეზიდენტის, დიკ ჩეინის კარიერული აღმასვლის დეტალებზე და ადმინისტრაციაში მის როლზე გვიამბობს. დიკ ჩეინი ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ვიცე-პრეზიდენტად მიიჩნევა. ის ამ თანამდებობაზე 2001-2009 წლებში იყო, სწორედ იმ პერიოდში როდესაც ავღანეთსა და ირანში ომი დაიწყო და 11 სექტემბრის ტერაქტი მოხდა. მაშინ ბევრი მიიჩნევდა, რომ აშშ-ს რეალურად ჩეინი მართავდა და არა ჯორჯ ბუში. ფილმში რეალურ ფაქტებს ემყარება და დიკ ჩეინის პოლიტიკური თამაშებისა და გავლენების შესახებ მოგვითხრობს, როგორც ქვეყნის შიდა, ისე საგარეო პოლიტიკაზე.

მთავარ როლებში: კრისტიან ბეილი, ემი ადამსი, სტივ ქარელი