ეს იმ ფილმების ძალიან მცირე ჩამონათვალია, რის ნახვასაც ფესტივალზე ვაპირებ. სია სინამდვილეში გაცილებით უფრო დიდია. სამწუხაროდ, წელს პირველი წელია, როდესაც ფესტივალი რუსთაველის კინოთეატრში არ ჩატარდება, რადგან რუსთაველის კინოთეატრი აღარ არსებობს. შემდეგი კვირის ძირითად დროს ამირანის კინოდარბაზებში გავატარებ, თუმცა ჩემს კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად რუსთაველის კინოშიც მივალ და კინოდარბაზის შენარჩუნებას და მის მუნიციპალურ კინოდ გადაკეთებას მოვითხოვ. 

ფავორიტი

რეჟისორი: იორგოს ლანთიმოსი

ლანთიმოსი ჩემი საყვარელი რეჟისორი არ არის, თუმცა მისი თხრობის ფორმა ყოველთვის მაინტერესებს. „წმინდა ირმის მკვლელობამ“ იმდენად იმოქმედა, რომ მის ახალ ნამუშევარს მოუთმენლად ველოდები. 

ბალახი

რეჟისორი: ჰონ სანსუ

კორეელ რომერად წოდებული ჰონ სანსუ ჩემთვის ერთ-ერთი ფავორიტი რეჟისორია. მის ფილმებთან პირველი შეხება ძალიან მნიშვნელოვან პერიოდს უკავშირდება. ამიტომ, გარდა იმისა, რომ მისი ახალი ფილმის გამოსვლა მაინტერესებს და ველოდები, ისინი ასევე საინტერესო მოგონებებშიც მაბრუნებენ. 

ზამა

რეჟისორი: ლუკრესია მარტელი

მიზიდავს ლუკრესია მარტელის მომნუსხველი, დაუნდობელი და მშვენიერი სამყარო. 

პიტერ გრინვეის ფილმები

რაც არ უნდა ხშირად მესმოდეს საუბარი ახალ კინოენაზე, ჩემთვის, ახალი კინოენა ძველი ენის ცოდნას აუცილებლად გულისხმობს. ამიტომ, ისიამოვნეთ პიტერ გრინვეის ფილმების ნახვით დიდ ეკრანზე და მოუსმინეთ მის საუბარს.  

ინგმარ ბერგმანის რეტროსპექტივა

რეტროსპექტივები ჩემი სისუსტეა, ახალი თხრობის ფორმების ძიებისგან დაღლილს ფესტივალებზე, მიყვარს ჩემი საყვარელი ფილმების დიდ ეკრანზე ნახვა. 

ახალი ქართული ფილმები

საინტერესოა რა ფორმები, თემები და მიმართულებები არის მნიშვნელოვანი ქართველი რეჟისორების ახალი თაობისთვის წელს.