დღეს საქართველოში ფილმებს ხშირად ისე უყურებენ (ხოლო წიგნებს ისე კითხულობენ), თითქოს მათში აღმოსაჩენი აზრი არ იდოს. ინტერპრეტაციას ანაცვლებს პირადი ნაცნობობა – თუ მე ვიცი, რომ ადამიანი მორწმუნე მართლმადიდებელია, მაშინ მისი ფილმი კონსერვატიული იქნება, ხოლო თუ ვიცნობ ავტორს, როგორც მებრძოლ მემარცხენეს, მაშინ სოციალური სამართლიანობის პრობლემა იქნება წინა პლანზე გამოტანილი. არადა, ასეთი „საღი აზრის“ მიდგომა არ ითვალისწინებს არც ადამიანის ფსიქიკის და არც ხელოვნების, როგორც ავტონომიური სისტემის, სირთულესა და კომპლექსურობას. ამიტომ ჩვენი კულტურის მთავარი გამოწვევა დღეს იმდენად ახლის შექმნა კი არ არის, არამედ ამ ახლის (ისევე, როგორც კულტურული სიძველეების) ახსნა და ინტერპრეტაციაა.

ავიღოთ ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ახალი ფილმი „ჩემი ბედნიერი ოჯახი“. ფილმი, ერთი შეხედვით, მარტივი და ნათელი ამბავია ქალის ემანსიპაციისა. ოღონდ მთავარი უცნაურობა, ლამის შოკი, რომელსაც მისი ნახვა დაგიტოვებთ, არის ფინალი – მოულოდნელი, ლამის ბრუტალური cut to black (კადრის მყისიერი ჩაბნელება) – თითქოს ცენზურამ აკრძალა ფილმის გაგრძელება. არადა, ამ კამერული ტიპის ფილმს დასასრულიც უფრო რბილი და ინტიმური ეკუთვნოდა. ეს მოულოდნელობა მაყურებელს ჩააფიქრებს – რამე ხომ არ მოხდა ფილმში ისეთი, რასაც, თვალის გარდა, ტვინის მიდევნებაც სჭირდებოდა?

ასეთივე ბრუტალური დასასრული უკანასკნელ პერიოდში „სოპრანოების“ სერიალს ჰქონდა. მაგრამ იქ გასაგები იყო, რატომაც – ბოლო კადრები ტონი სოპრანოს პერსპექტივიდან იყო გადაღებული და ეკრანის გაშავება მის მკვლელობას მოასწავებდა, რომელიც, სავარაუდოდ, ტუალეტიდან შეუმჩნევლად გამოსულმა კილერმა ჩაიდინა. დიახ, ბევრია, ვინც ამ ფინალსაც ღიად და ორაზროვნად მიიჩნევს, თითქოს რეჟისორმა დატოვა სივრცე იმისათვის, რომ გვეფიქრა, რამდენი სხვადასხვა რამ შეიძლება მომხდარიყო. მაგრამ ნუ ვეძებთ ამბივალენტობას იქ, სადაც ის არ არის. ტონი სოპრანო მოკლეს. სავარაუდოდ, რეჟისორმა მკვლელობა სენტიმენტალური მოსაზრებების გამო არ აჩვენა – არ არის სასიამოვნო იმ პერსონაჟის გასხმული ტვინის ნახვა, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში დიდი სიმპათიით გულშემატკივრობდი.

ზუსტად იგივე სიტუაცია გვაქვს „ჩემს ბედნიერ ოჯახშიც“ – ფილმის ფინალი არ არის ღია. ფინალურ ტიტრებზე დადებული მუსიკა დუეტია, რომელსაც ქალი და მამაკაცი მღერიან. უკვე ეს მინიშნება იქნებოდა საკმარისი იმისათვის, რომ მივმხვდარიყავით: აჯანყებული ოჯახის დედა ბოლოში ქმარს ურიგდება. მაგრამ არსებობს სხვა არგუმენტებიც – თუნდაც ის, რომ მან ვერ იპოვა ვერცერთი სხვა ერთობა, რომლის ნაწილიც გახდებოდა. მაყურებელი ფილმის განმავლობაში ელის, რომ მთავარი გმირი თავის კლასელ ქალებთან აღადგენს ურთიერთობას და ისინი სოლიდარულ ჯგუფად, მინისაზოგადოებად ჩამოყალიბდებიან, რაც ბევრ ამერიკულ კომედიაში გვინახავს. მაგრამ ასე არ ხდება. ხოლო გმირის საზოგადოებისგან გამოყოფა სტრუქტურულად ტრაგედიის ნიშანია, ისევე როგორც საზოგადოებაში ინტეგრაცია – კომედიისა, ფილმი კი ბევრად უფრო კომედიურია, ვიდრე – ტრაგიკული.

არის თუ არა ქმართან შერიგება მთავარი გმირი ქალის დამარცხება, რადგან ის ვერ ინარჩუნებს დამოუკიდებლობას? თუ, პირიქით, გამარჯვებაა, რადგან მან უბიძგა ქმარს, შეცვლილიყო?

არც ერთი და არც – მეორე. ქალი საზოგადოების მასკულინურ იდეალებს კი არ უჯანყდება, არამედ ამ იდეალების სინამდვილეში განუხორციელებლობას აპროტესტებს. ფილმი სრულდება იმის აღმოჩენით, რომ მთავარი გმირის ქმარი ნამდვილი მამაკაცია (ანუ საზოგადოების მასკულინურ იდეალს შეესაბამება), რაც საკმარისია იმისათვის, რომ თანაცხოვრება გაგრძელდეს.

შევხედოთ სიუჟეტს: ქალს საქმე აქვს ძალიან სიმპათიურ ქმართან, რომელიც მის ოჯახში ზედსიძედ ცხოვრობს, არ არის წარმატებული, სვამს და არ ითვალისწინებს ცოლის საჭიროებებს. ქალის მიერ ამ თანაცხოვრების უარყოფა ბუნებრივია – მან არ იცის, აქვს თუ არა რაიმე ღირებულება ქმრის თვალში, ხოლო ქმარმა მის თვალში ფასი დაკარგა.

დაშორება აღმოჩნდება დიდი აღმოჩენების გზა. ჯერ ერთი, ქალი შემთხვევით გაიგებს, რომ ქმარს თურმე საყვარელიც ჰყოლია და სხვა შვილიც. გაფრთხილებები, რომ მას შეუძლია ნებისმიერ დროს სხვაგან წავიდეს, გაფრთხილებები, რომლებიც აქამდე უბრალოდ წარუმატებელი ადამიანის ბაქიბუქად აღიქმებოდა, მართალი აღმოჩნდება.

მეორეც, ის ფაქტი, რომ ქმარი სხვა, ლამის „გამზადებულ“ ოჯახში არ მიდის, აღიქმება იმის დასტურად, რომ მას ცოლი მართლაც უყვარს. ამ ორი ფაქტორის კომბინაცია საკმარისია ქალისათვის, რომ აზრი შეიცვალოს.

განსაკუთრებით ნათლად ეს ვლინდება ფილმის ფინალში – ქმარს ცოლის ახალი მეზობლები, რომლებიც მას არ იცნობენ, გარეთ გაიყვანენ, რათა გათხოვილ ქალთან ურთიერთობაზე ხელი ააღებინონ. კონფლიქტის გაქრობა მერაბ ნინიძის გმირს ერთ წუთში შეუძლია – უბრალოდ უნდა თქვას, რომ ის სინამდვილეში ქალის ქმარია და კონფლიქტი იმწამსვე ამოიწურება. მაგრამ როგორც ნამდვილი მაჩო, ის არათუ არაფერს იტყვის თავის გასამართლებლად, არამედ პირდაპირ შეტევაზე გადავა, რითაც გვაჩვენებს, რომ ცხოვრებისგან ცოტა არ იყოს შელახულ პერსონაჟს სულაც არ დაუკარგავს მასკულინური პატივი და ღირსება, რომელიც ნებისმიერ ტრადიციულ საზოგადოებას ლამის ღირებულებად აქვს აღიარებული.

სწორედ ამის შემდეგ ხდება გარდაუვალი ქალისა და მამაკაცის შერიგება. ქალი სხვა იდეალს კი არ მისდევდა (ემანსიპირებული ქალისას, რომელსაც ავტონომიური ცხოვრება სურს), არამედ ტრადიციული იდეალის ცხოვრებაში დანახვა სურდა. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ მისი ქმარი ნამდვილი მამაკაცია, რომელსაც ის უყვარს, პრეტენზიები აღარ რჩება.

ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს. ყველა უბედური ოჯახი სხვადასხვანაირად არის უბედური. როგორც კი ცხოვრების უბედური ნაწილი დასრულდა, ფილმმა სცენას ფარდა ჩამოაფარა, გვითხრა, რომ ბედნიერების ჩვენება მისი საქმე არ არის.

რაც შეეხება ქალის იდეალს, ის, ცხადია, შორსაა თანამედროვე საზოგადოების ქალების მისწრაფებებისაგან. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მას ლეგიტიმურობა აკლია. ყველას არ სურს, საკუთარი თავისგან ბარტლბი შექმნას. დღევანდელ საქართველოში ბარტლბის ცხოვრება ალბათ იმაზე უცნაური და არაადეკვატური იქნებოდა, ვიდრე მე-19 საუკუნის ამერიკაში იყო.

„ჩემი ბედნიერი ოჯახი“ კი ძალიან კარგი და სრულიად ადეკვატური ფილმია. არ ვიცი, არის თუ არა ეს ფილმი, რომელიც გვჭირდება, მაგრამ ის ნამდვილად არის ფილმი, რომელსაც ვიმსახურებთ.