სალვადორ დალის მოყვარულებს 22 იანვარს კინოთეატრი „ამირანი“ საღამოს საუკეთესოდ გატრების შესაძლებლობას გაძლევთ. Event Cinema მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პროვოკაციული არტისტის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს წარმოგიდგენთ, რომელიც კრიტიკოსების შეფასებით, ყველაზე ინფორმაციული და სიღრმისეული ნამუშევარია, რაც აქამდე დალიზე გადაღებულა.

„სალვადორ დალი: უკვდავების ძიებაში“- ასე ქვია სურრეალისტი მხატვრისადმი მიძღვნილ 2 საათიან ფილმს, რომლის ავტორიც ფრანგი რეჟისორი, დავიდ პუჟოლია. ნამუშევარში ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა მოთხრობილი მხატვრის ცხოვრებისა  და შემოქმედების საინტერესო ეპიზოდების შესახებ. სიუჟეტი 1929 წლიდან იწყება, როცა დალი პარიზში სიურრეალისტების ჯგუფს შეუერთა და თავის ყველაზე დიდ სიყვარულს და შემოქმედებით მუზას, გალას შეხვდა. ამის შემდეგ მაყურებელი მხატვრის ცხოვრების თითქმის ყველა მნიშვნელოვანი პერიოდის თუ მოვლენის თანამონაწილე ხდება. თხრობა 1989 წელს დალის გარდაცვალებით მთავრდება.

ფილმის პროდიუსინგში ესპანეთის სალვადორ დალის ფონდი იყო ჩართული და შესაბამისად, მასში არაერთი აქამდე უცნობი და უნიკალური მასალაა შესული. მათ შორის მხატვრის იშვიათი ინტერვიუები, სამუშაო პროცესი, ვორქშოფები და ყოველდღიურობის საინტერესო დეტალები პარიზში, ნიუ იორკსა და მის მშობლიურ ქალაქ, ფიგუერესში ცხოვრებისას. ფილმი საშუალებას გვაძლევს ახლოს გავეცნოთ მხატვარს, რომელმაც საკუთარი თავისგანაც კი ხელოვნების ნიმუში შექნა. მისი ნამუშევრებისა და გარშემომყოფებთან ურთიერთობის ფორმების კვლევით რეჟისორი ცდილობს, დიდი არტისტის უკან რეალური ადამიანის პორტრეტი გვაჩვენოს და დალის უკვდავების და გენიალურობის საიდუმლო ამოხსნას.

ფილმის ჩვენება კინოთეატრ „ამირანში“ სამშაბათს, 22 იანვარს გაიმართება.
დასაწყისი: 19:30