ვირჯინია ვულფი თავის ესეში „საკუთარი ოთახი“ ამბობს: „მიეცით ქალს საკუთარი ოთახი, 500 გირვანქა წლიური შემოსავალი, მიეცით საშუალება, ხშირად გაანძრიოს ტვინი და სულ მალე ის შექმნის უკეთეს ნაწარმოებს“.

ანა ურუშაძის ფილმის, „საშიში დედა“, მთავარ პერსონაჟს, ვულფის თანამედროვე ქალების მსგავსად, არ აქვს საკუთარი ოთახი. სამაგიეროდ, ჰყავს „გამგები“ ქმარი, რომელიც ცოლს საერთო ოთახს უთმობს იმისთვის, რომ მან წიგნი დაწეროს.

ფილმის მთავარი გმირი, მანანა, შუახნის ქალია, რომელიც დილიდან საღამომდე დაკავებულია – ოჯახს უვლის. მოქმედება ზამთრის თუ გვიანი შემოდგომის თბილისში ვითარდება. კადრში ხშირად ჩანს ერთი ძველი ხიდი, რომელიც ქალაქში ცნობილ, უსახურ და ნაცრისფერ კორპუსებს აკავშირებს (ეს პოსტსაბჭოთა ესთეტიკა, მისი ეგზოტიკურობა განსაკუთრებით ხიბლავს დასავლელ მაყურებელს). ხიდზე, პროდუქტებით სავსე ჩანთებით, ყოველდღე დადის მანანა. მისი ცხოვრება რუტინული დღეების ჯაჭვია: დილით ადრე გაღვიძება, პროდუქტების ყიდვა, ქმრის და შვილების ჭუჭყიანი წინდების შეგროვება, რეცხვა-დალაგება, სადილის მომზადება. ამ ცხოვრების პარალელურად მანანა წიგნს წერს და ეს მაყურებელს მიანიშნებს, რომ ფილმი მებრძოლ ქალზეა, რომელიც ცდილობს სხვა ცხოვრებაც ჰქონდეს – პირადი და საკუთარი.

მანანა მარტოა. მისი არავის ესმის. ქალის გულღია საუბრები და უცნაური სიზმრები ქმარს აშინებს კიდეც. ერთადერთი მეგობარი ჰყავს – საკანცელარიო მაღაზიის მეპატრონე, რომელსაც მანანას განსაკუთრებული ნიჭის სჯერა, მისი წიგნი „ლიტერატურულ შედევრად“ მიაჩნია. მანანა ტექსტს ქმარსაც აკითხებს. ერთ, მორიგ ნაცრისფერ დღეს, მთელი ოჯახი აივანზე დგას. ყველა მდუმარედ დაჰყურებს ვედროში აალებულ ფურცლებს. ქმარი მანანას წიგნს წვავს.

ქმარს მისგან სხვა რამ უნდა, დაჟინებით სთხოვს „თავს მიხედოს“, თმა დაივარცხნოს, ახალი ტანსაცმელი იყიდოს (ამისთვის ფულს აძლევს) და მძაფრდება თანაგრძნობა ქალის მიმართ, რომელსაც საკუთარი გარეგნობის უგულებელყოფა, არდავარცხნა, არგაპარსვა, არდაბანა – არ ეპატიება.

სინამდვილეში, მთავარი პერსონაჟი საკუთარი არაცნობიერი სამყაროს ვერბალიზაციის გამო ისჯება. რეჟისორი ცდილობს, გმირების ქმედებები და მათი პრობლემები ფსიქოანალიზის საშუალებით ახსნას, რაც რთული გზაა, და ფილმში მისი სრულფასოვნად ჩვენება არ ხერხდება. ბუნდოვანება მაყურებელს ხელოვნურ გაუცხოებასაც კი უჩენს – რადგან ბოლომდე არ ესმის, ინდიფერენტული რჩება ქალის მიმართ, რომელსაც ჩაგრავენ. თანაც, მანანა, თავისი დაბნეულობითა და გაუწონასწორებელი, ისტერიული ხასიათით, ხელოვანი ადამიანის სტერეოტიპულ პერსონაჟს ქმნის, რომელსაც თითქოსდა „მოეთხოვება“ კიდეც არაადეკვატურობა და განსხვავებულობა, რაც პირად ჰიგიენაზე უარის თქმაშიც კი შეიძლება გამოვლინდეს.

საკუთარ წარსულზე, ბავშვობის ტრავმებსა და გაუცნობიერებელ სურვილებზე საუბარი ყოველთვის მტკივნეულია. მით უმეტეს, რთულია ამაზე საუბარი მშობლებთან, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ ტრავმების და ტკივილების მონაწილეები და გამომწვევი მიზეზები არიან. პოლონელი რეჟისორი, კშიშტოფ კიშლოვსკი, მაგალითად, ამისთვის არავერბალურ გზას ირჩევს.

„დეკალოგის“ მეოთხე ნაწილში, რომლის სიუჟეტიც მამა-შვილის ურთიერთობაზეა აგებული, დასასრულს მამა შვილთან ერთად ლიფტში აღმოჩნდება. ლიფტი სართულებს შორის მოძრაობს, ზემოდან ქვემოთ და პირიქით. ისინი არ საუბრობენ, უბრალოდ, მოძრაობას მიჰყვებიან. მეტაფორულად კი, სწორედ თავიანთ არაცნობიერში ჩადიან, რომელიც ისეთივე ბნელი და ბინძურია, როგორიც მაღალსართულიანი შენობის სარდაფი – სადაც ლიფტი ჩადის.

„საშიში დედის“ ბოლო სცენაშიც მამა-შვილი ჩანს. ისინი ერთმანეთს „ავტორისა“ და „მთარგმნელის“ ამპლუაში ხვდებიან. ფილმის ამ საკვანძო დიალოგში მამა-შვილი წარსულს იხსენებს და თავიანთ ურთიერთობაში გარკვევას ცდილობს. თუმცა, საუბარს იმდენად პათეტიკური ტონი აქვს, ისე ხაზგასმით ოფიციალურია, რომ მაყურებელი მამა-შვილს შორის ამ უჩვეულო დისტანციურობას ვერაფრით ხსნის.

კინოში თითქოს უეცრად სპექტაკლის სცენები ჩნდება. ქართველ მსახიობებს ხშირად უჭირთ ჩვეულებრივი ყოფის ჩვენება კინოში. ზედმეტი მანერულობითა და ექსპრესიულობით, მხოლოდ უფრო ხელოვნურები ხდებიან და პრობლემები, რაზეც საუბრობენ და რაც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, ამ უტრირებულ სურათში სიმძაფრეს კარგავს, ვეღარ გვეხება.

„საშიში დედა“ ანა ურუშაძის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია. ის ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, დღეს კი უკვე ლოკარნოს კინოფესტივალის გამარჯვებულიც – საუკეთესო დებიუტის კატეგორიაში. ფილმის საფესტივალო კარიერა ჯერ არ დასრულებულა, საერთაშორისო პრესაში კი, დებიუტს უკვე დადებითი გამოხმაურებებიც აქვს.

ფესტივალების აუდიტორიას ფილმის ეს ხარვეზები, ალბათ, ნაკლებად მოხვდება თვალში. „საშიში დედის“ მოჭარბებულ პათოსს, ზედმეტ მგრძნობელობასა და დიალოგების ხელოვნურობას სუბტიტრები მალავს (ამას ადვილად მიხვდება ქართველი მაყურებელი, თუ ფილმს სუბტიტრებით ნახავს და მას ორიგინალ ტექსტს შეადარებს). მომხიბვლელია მისი ვიზუალური მხარეც – უსახური, ნაცრისფერი ქალაქის სურათი და მონტაჟის სპეციფიკური ხერხი – მოკლე, დანაწევრებული გამოსახულება, ფოტოალბომივით აწყობილი კადრები. ეს ესთეტიკა კიდევ უფრო ამძიმებს ფილმის ისედაც პირქუშ სიუჟეტს, რაც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ასე მოსწონთ ევროპულ ფესტივალებზე.

თავად ამბავი ქალისა, რომელიც საკუთარ თავს ეძებს და უპირისპირდება ოჯახს, სავარაუდოდ, საინტერესო ფაბულაა ჟიურისთვისაც. მით უმეტეს, როდესაც რეჟისორი ახალგაზრდა ქალია იმ ქვეყნიდან, სადაც ქალების ჩაგვრა არაა უცხო.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ფილმი ამართლებს სათაურს – მანანა ნამდვილად საშიში დედაა, უბრალოდ, გაუგებარი რჩება, რატომ გახდა საჭირო, რომ საშიში ყოფილიყო.