არსებობს გულწრფელობა და არსებობს გაშიშვლება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტურ მასალაზე მუშაობისას შექმნა და დაიცვა ზღვარი, რაც მთლიანი ნამუშევრის ბედს განსაზღვრავს. ერთ-ერთ ინტერვიუში ვერნერ ჰერცოგი თავისი დოკუმენტური ფილმის „Grizzly Man“-ის გამოუყენებელ მასალაზე ამბობს: „იყო ვიდეოჩანაწერი, რომელშიც მხოლოდ ხმა ისმოდა, რადგან კამერის ლინზას ჯერ კიდევ ხუფი ეკეთა. ეს აუდიოჩანაწერი კი ამ ორი ადამიანის სიცოცხლის უკანასკნელ 6 წუთში მომხდარ მოვლენებს შეიცავდა, რაც იმდენად მძიმე და შემზარავი იყო, რომ თავიდანვე მივხვდით, ფილმში არ გამოვიყენებდით. როგორც რეჟისორს, გაქვს პასუხისმგებლობა, რომ არ შეურაცხყო ადამიანების ღირსება“.

ეს არის გამოცდა, რომელსაც დოკუმენტალისტები ან აბარებენ, ან ვერა, რადგან მათ ხშირად დაბალი სოციალური ფენა აინტერესებთ და ასეთ შემთხვევაში ადამიანების ემოციებით თამაში და სიტუაციების უტრირება მავნებლობაა და სხვა არაფერი.

თამთა გაბრიჩიძის „სოვდაგარი“ წარმოადგენს ძალიან კარგ მაგალითს, თუ როგორი ზომიერი და რაფინირებული შეიძლება იყოს ფილმი იმის მიუხედავად, რომ თემა მძიმე სოციალურია. გამოწვევაა, შეძლო და ასე საინტერესოდ მიაწოდო ადამიანებს ის, რაც ერთი შეხედვით ძალიან უინტერესო ჩანს. ფილმის მთავარი გმირი, ანუ სოვდაგარი, გელა კოლოჩოვია, რომელსაც თბილისიდან რეგიონში საყოფაცხოვრებო ნივთები, მეორეული ტანსაცმელი, კარალიოკი და სხვადასხვა წვრილმანი მიაქვს, რასაც გზადაგზა კარტოფილში ცვლის. აქ ყველაფრის ფასი კარტოფილით იზომება, რეალურ ვალუტას თითქმის ვერ ვხვდებით. სავაჭრო ობიექტად ქცეული ავტომობილი ამ რეგიონის მცხოვრებთათვის ერთგვარ ხიდს წარმოადგენს, რომელიც მათ გარესამყაროსთან აკავშირებს პერიოდულად მოტანილი, კარტოფილში გადასაცვლელი სიახლეებით.

საინტერესო თემის მიუხედავად, „სოვდაგრის“ ხიბლი ამ ყველაფერში არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ უშუალო და სიყალბისგან დაცლილი კომუნიკაცია და დაკვირვების გამჭვირვალე პროცესია – არანაირი პოზა და დრამატიზმი. ადამიანები კამერას გულს ისე უშლიან, თითქოს ახალგაჩენილ მეგობარს ელაპარაკებოდნენ და ავტორიც ამ ყველაფერს სწორ ფორმაში აქცევს. მაგალითად, მთავარი გმირი საერთოდ არ ლაპარაკობს თავის თავზე, ის უბრალოდ თავის საქმიანობაზე ჰყვება, თუმცა ფილმის დასაწყისში, სულ რამდენიმეწამიან სცენაში, რეჟისორი მისი ხასიათის თავისებურების ჩვენებას მაინც ახერხებს.

ფილმი სულ 23 წუთს გრძელდება, მაგრამ აქცენტები მაინც მკაფიოა. ნაჩვენებია ზოგადად რეგიონის ცხოვრების წესი, საქმიანობა, იქ მცხოვრები ადამიანების სოციალური თუ კულტურული გარემო და ის ყოფითი პრობლემები, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან. ხშირ შემთხვევაში ამ რეგიონის ეთნიკურმა უმცირესობებმა არ იციან ქართული, კომუნიკაციას დანარჩენ სამყაროსთან კი მხოლოდ დამტვრეული რუსულით ან საერთოდ ვერ ახერხებენ. ფილმში თითქოს პატარა ბაბილონს ვხედავთ, დაუმთავრებელ-შეუმდგარ ქალაქს, არეული ენებით და პრიმიტიული ვაჭრობის წესით – რომელიც არცთუ ისე შორსაა, მაგრამ რატომღაც ვერავინ ხედავს კარტოფილით მოვაჭრეების გარდა. საკმაოდ კონტრასტულია თაობებიც. მოხუცი კაცი საკუთარ წარსულზე ჰყვება, როგორ უნდოდა განათლება მიეღო, თუმცა გაჭირვების გამო ვერ მოახერხა. პატარა ბიჭი კი იბნევა, როდესაც ეკითხებიან – „რა უნდა გამოხვიდე, დიდი ბიჭი რომ იქნები?“. მეორეხარისხოვანია, აქვს თუ არა მას ამ კითხვაზე პასუხი, მთავარი მისი გაოცებული და ბედნიერი სახეა – მოლოდინით სავსე.

ალბათ მართებული იქნება, დაისვას კითხვა – რომ შეძლონ ამ ადამიანებმა განათლების მიღება, სახლში დაბრუნების შემდეგ, რამდენად ექნებათ განვითარების და გარემოს შეცვლის შესაძლებლობა, თუ სახელმწიფო კვლავაც თვალს დაუხუჭავს მათ რეალობას და არაფერი შეიცვლება ამ გარემოში? როგორ უნდა გაიხსნას ჩაკეტილი წრე? – ეს კითხვები მაყურებელს ფილმის ბოლომდე რჩება, თუმცა „სოვდაგარი“ ახერხებს, გააჩინოს იმედიც, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კადრი მაინც სევდიან ღიმილს იწვევს.

თებერვალში თამთა გაბრიჩიძის მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „სოვდაგარი“ Netflix-ზე განთავსდა.

ფილმმა იანვარში სანდენსის კინოფესტივალზე მოკლემეტრაჟიანი არამხატვრული ფილმების კატეგორიაში ჟიურის პრიზი მოიპოვა.