დრო გადის, თუმცა თანამედროვე საქართველოში ისტორიის გადააზრების და კვლევის პრაქტიკა თითქმის არ ვითარდება. მაგალითად, ქართული კინემატოგრაფი – ვხედავთ ცუდად გადაღებულ ფილმს, რადგან თითქმის არსად არ ისმება კითხვები და ნარატივიც ძირითადად საზოგადოებაში ისედაც ფეხმოკიდებულ აზრს იმეორებს. უახლესი ისტორიის ასეთი ხშირი გამეორება კინოში, სექსუალურ დაუკმაყოფილებლობას ჰგავს. ქართული კინო ვერ ახერხებს სათქმელის ჩამოყალიბებას, ვერ სვამს წერტილს და აქტი ფინალამდე ვერ მიდის. ალბათ ამიტომ ჩნდება ხოლმე მორიგი სურვილი, რომ 1990-იანი წლები, ნარკომანია ან აფხაზეთის თემა ისევ წამოვჭრათ. ზვიადის კულტის მიმართ არსებული ამბივალენტური განწყობების მიუხედავად, გიორგი ოვაშვილმა მაინც მოახერხა ყველანაირი მაყურებლის დაინტერესება თავისი ახალი ფილმით, რომელიც გაქცეულ პრეზიდენტზე – ზვიად გამსახურდიასა და მისი ცხოვრების უკანასკნელ 50 დღეზე მოგვითხრობს. რეჟისორის თქმით, მას სურდა, გადაეღო ფილმი არა იმ პერიოდში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, არამედ პიროვნებაზე, რომელმაც ხალხის მიერ მინიჭებული ძალაუფლება დაკარგა, მის შინაგან კრიზისსა და განცდებზე. ერთ-ერთ ინტერვიუში ოვაშვილი ამბობს: „ამ თემას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ვეხებოდი. მანამდე, სანამ მე თვითონ არ ვიგრძენი, რომ იმდენად დისტანცირებული ვიყავი თემისგან, რომ შემეძლო მესაუბრა არა როგორც რომელიმე მხარეს“. თუმცა რეალობაში ისედაც გაკერპებული პრეზიდენტი, „გაადამიანურების“ ნაცვლად, ისევ გააღმერთა, თანაც საკმაოდ ბანალურად. პრეზიდენტის ხატის შექმნა მისი სამოსიდანვე იწყება, პირველივე კადრში ყურადღებას იქცევს გმირის არაადეკვატური ჩაცმულობა: ლურჯი პალტო, თეთრი პერანგი და წითელი ჰალსტუხი, მაშინ როდესაც მისი თანმხლები პირები სამხედრო ტანსაცმლითა და აღჭურვილობით არიან. თოვლის, ავდრისა თუ ყინვის მიუხედავად, დევნილობიდან დაბრუნებული პრეზიდენტი სწორედ ასე მოგზაურობს ხიბულამდე. ეს ყველაფერი კი განსაკუთრებულად კომიკური მაშინ ხდება, როდესაც ერთ-ერთ დროებით თავშესაფარში ლოგინზე ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გაუხდელად წვება და ბიბლიის კითხვას იწყებს.

„ხიბულას“ საკმაოდ მარტივი სტრუქტურა აქვს – გზა, დროებითი თავშესაფარი, ცეკვა-სიმღერა, პრეზიდენტის სიზმრები და შემდეგ ყველაფერი ისევ თავიდან. სიუჟეტი, პრინციპში, არაფრის მომცემია, ვერ ვიგებთ, რა ხდება, კონკრეტულად ვის გაურბის მთავარი გმირი, ან რატომ, სად გაიქცა, ან იქიდან როგორ დაბრუნდა. რეჟისორს სათქმელი თითქოს პერიოდულად ავიწყდება და უხერხული სიჩუმის შევსებას სიმღერით ცდილობს, რომელიც რატომღაც არავის გამოსდის. სიმღერას რომ თავი დავანებოთ, ფილმში თითქმის ვერ ვხვდებით წესიერ დიალოგს. ერთია მსახიობების ცუდი შესრულება და სიტყვებს შორის თეატრალური პაუზები, მეორე კი – აბსურდული შინაარსი. ყოველ მომდევნო სცენაში პათეტიკა კიბოს უჯრედივით ვითარდება და მთელი ძალისხმევით ცდილობს კინოს მოკვლას: „საბჭოთა კავშირის დიქტატორულ რეჟიმში თქვენ იყავით ყველაზე მამაცი, ვინც გზა გაუნათა ჩვენს კულტურას, ენას, ჩვენს ისტორიას, თქვენ სიბნელიდან გამოგვიყვანეთ და არ დავუშვებთ, რომ ვინმემ ეს წინსვლა ჩაახშოს, ამ ჭიქით პრეზიდენტის სადღეგრძელოს ვსვამ, როგორც ჩვენი ლამაზი ერის გადამრჩენელის“, „თათია,.. უმღერე შენს პრეზიდენტს“... „ბატონო პრეზიდენტო, 30 წელია, რაც თვალის ჩინი დავკარგე, მაგრამ შემოხვედით თუ არა, მაშინვე დაგინახეთ“ – ეს ფილმიდან რეპლიკებია.

ფილმი რომ ზვიად გამსახურდიაზეა, ცხადია, თუმცა სახელი ზვიადი მასში მხოლოდ ერთხელ გვესმის. დანარჩენ შემთხვევაში პროტაგონისტს ყველა ჰოლივუდიდან გადმომღერებული „ბატონო პრეზიდენტოთი“ მიმართავს, რომელიც ძალიან გამაღიზიანებელი არ იქნებოდა, ყოველი სიტყვის შემდეგ რომ არ ისმოდეს. პრეზიდენტობის მიუხედავად, მგონი არარეალურია, ადამიანს არცერთი თანამებრძოლი არ ესაუბრებოდეს შენობით, არ ეძახდეს სახელს და მხოლოდ აღმატებით ხარისხში მიმართავდეს.

არაკეთილგანწყობის მიუხედავად, მოხუც ქალს, ვის სახლშიც გამსახურდია შეაფარებს თავს, მაინც უჩნდება ემპათია მის მიმართ. ამ შემთხვევაში ეს ქალი არის ერთადერთი პიროვნება, რომელიც უხილავ ზღვარს გადააბიჯებს და პრეზიდენტს ყოველგვარი რევერანსების გარეშე შენობით მიმართავს – „გიღალატეს? გიღალატეს... შვილო?, მიგატოვეს?“. ეს ერთგვარი პიეტა, შეიძლება ითქვას, ყველაზე მნიშვნელოვანი სცენაა, რომელსაც შინაარსი გააჩნია და იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე მთელი ფილმი. რეალურად, ეს ქალი ერთადერთია, ვისაც პრეზიდენტის მართლა ესმის, ვინც მისი ტკივილი გაიზიარა. ის იმ ყველაფრის ერთობას წარმოადგენს, რისი გადაღებაც გიორგი ოვაშვილს უნდოდა. ასეთი მნიშვნელოვანი დიალოგი კი ყვითელი კომედიის შესაფერისი განვითარებით გრძელდება – მოხუცი ქალი რაღაც პატრიოტულ სიმღერას იწყებს სამშობლოზე, თავისუფლებაზე, რომელიც გოდებას უფრო ჰგავს. სიმღერის დროს კი ჩაეძინება და ხვრინვას ამოუშვებს.

როგორც თავიდანვე ვთქვით, ფილმი ძალაუფლებისა და ნდობის დაკარგვაზეა, შესაბამისად, ჩნდება ლოგიკური კითხვა, რატომ დაკარგა პრეზიდენტმა ეს ყველაფერი, რა იყო მიზეზი? შეუძლებელია, ყველაფერი უბრალოდ გაქრეს. როდის დადგა ის გარდამტეხი მომენტი, როდესაც ლიდერი სამიზნედ და ნადირობის ობიექტად იქცა? იქნებ სულ არ იმსახურებს მთავარი გმირი მაყურებლის თანაგრძნობას? რატომ გვაიძულებს რეჟისორი, უბრალოდ ბრმად ვიწამოთ მისი? არაფერს ამბობს ეს ფილმი იმაზე მეტს, ვიდრე ამ ერთ წინადადებაში წაიკითხავთ: ამბავი დევნილ პრეზიდენტზე, რომელმაც სიცოცხლე სოფელ ხიბულაში, გაურკვეველ ვითარებაში დაასრულა.