ჩემ წინ 14 წლის გოგონას დედა ზის, ძალიან შეწუხებული და გაბრაზებულია – მისი შვილი სკოლაში სიარულზე უარს ამბობს. ერთი თვეა, არ წასულა.

რა აღარ სცადა დედამ: ჯერ დაუყვავა, მერე ეცადა, მიზეზი გაერკვია, ყვირილსა და ჩხუბზეც გადავიდა, მაგრამ, მაინც არ წავალო, გოგონამ. დედამ შვილი სახლში გამოკეტა: სკოლაში თუ არ დადიხარ, არც არსად ივლიო... ჰოდა, ასე, ქალი ჩემ წინ ზის და მიყვება, რომ ასე იწყება და მთავრდება ყოველი დილა მათ სახლში.

მერე ათას ვერსიას ამუშავებს: ალბათ შეყვარებულია; ანდა ჩვეულებრივი მოზარდული პრობლემებია; ისე, იქნებ თავს გაუვიდა! არ შეიძლება ამათთან სიმკაცრის გარეშე! – ეს სულ დედის და მისი მეგობრების ვარაუდებია, მამას შვილის სკოლაში სიარული-არსიარულისთვის ნამდვილად არ სცალია.

დედას ახსენდება გოგონა მეორე კლასში, მაშინაც არ წავიდა სკოლაში, ორი დღე იჯდა, თავში ხელებს იცემდა და ტიროდა. დედამ კლასელის მშობლისგან გაიგო, რაც მოხდა. გოგონას დავალება „ბატიფეხურით“ ჰქონდა დაწერილი, მასწავლებელმა რვეული წითელი ხაზებით აუჭრელა, გოგონამ აიღო რვეული და იქვე, მის თვალწინ დახია, თან ატირდა. მასწავლებელმა, რამდენს ბედავო და დასაჯა – ფეხზე დააყენა და ყველა თანაკლასელს ათქმევინა: ნატალია, შენ ხარ ყველაზე ჩამორჩენილი მოსწავლე! იმ დღეს ეს სიტყვები ნატალიამ ზუსტად 21-ჯერ მოისმინა, კლასში მისი ჩათვლით 22 მოსწავლე იყო.

დედას არაფერი უთქვამს მასწავლებლისთვის. სიტუაციის გამწვავებას მოერიდა, უბრალოდ გოგონა სხვა სკოლაში გადაიყვანა. ახალ სკოლაში მეგობრები თითქმის არ ჰყავს. დედამ ჩათვალა, რომ ყველაფერი დალაგდა. კარგადაც სწავლობდა და არც არაფერს ჰყვებოდა სკოლაზე. ახლა რაღა მოხდა?

გოგონას არ უნდა დედასთან იმაზე ლაპარკი, რაც სკოლაში ხდება. პრინციპში არც არავისთან უნდა! თავს ხრის. ხელის ცერა თითებს უხერხულად ათამაშებს და მზერას გარიდებს.

მართლაც რა მოხდა ასეთი?

„ისეთი არც არაფერი“, სკოლაში რაც  მოხდა,  გოგონას სულაც არ ეხებოდა: კლასელმა ბიჭებმა ერთ-ერთ ბიჭს ჩანთაში წერილი ჩაუგდეს: „წადი, შე არაქართველოო!“ ბიჭი ნატალიას გაენდო და უთხრა, რომ სკოლაში დანას მოიტანს და ჩუმად ყველას ჩანთებს დაუჭრის. გოგონამ ეს ამბავი დედას რომ უთხრა – ნუ ერევი სხვის საქმეშიო! მერე სკოლაში ბიჭის მშობლები მოვიდნენ და მასწავლებელმა იმ ბიჭებს სულ ფაშისტები ეძახა საჯაროდ. მერე ამაზე ბიჭები ისე გამწარდნენ, „ჩამშვებს“ ყოველდღე უსწორდებიან, მიაყენებენ კედელთან და ვითომ ეხუმრებიან, წიხლებს „იქ“ ურტყამენ.

არც მეორე ამბავი ეხებოდა გოგონას, ისევ ერთი ბიჭის ამბავი იყო – სკოლაში დახეული ჯინსით რომ დადის და ცოტა „ქალური მანერები“ აქვს, სწორედ ასე უთხრა მასწავლებელმა – რა ქალური მანერები გაქვსო! კლასმა ამაზე გულიანად გაიცინა. იმის მერე წასულია ამ ბიჭის საქმე. სკოლა ჯოჯოხეთად ექცა. ის რომ მასწავლებელს პასუხობს – დანარჩენები მის ნათქვამს მარცვალ-მარცვალ იმეორებენ, მერე მთელი კლასი იცინის და ზოგჯერ მასწავლებლებიც იცინიან. კრებაზე მის დედას რომ უთხრეს, ხშირად აცდენსო, ერთმა მშობელმა მეორეს ჩუმად გადაულაპარაკა – ძალიანაც კარგი, მასეთებისგან უნდა დავიცვათ ჩვენი შვილებიო.

გოგონა შიშში ცხოვრობს. როცა მასწავლებელი გამოიძახებს, ფეხზე ადგომისას მუხლები უკანკალებს და თავში უტრიალებს სიტყვები: „ჩამორჩენილი, ჩამორჩენილი!“ სანამ ამ სიტყვას თავისთვის 21-ჯერ არ გადათვლის, ვერ წყნარდება. რაღაცნაირი რიტუალივითაა ეს თვლა. ამ დროს უჭირს მასწავლებლის სიტყვების გაგება და ვერ პასუხობს. – ეს ისევ სადღაც დაფრინავს?! – ამბობს ამ დროს მასწავლებელი და ამას კლასელების სიცილი მოჰყვება. ყველაზე მეტად ამ ხმის ეშინია ნატალიას. კიდევ იმისი, რომ ამას წინათ მიანიშნეს – გასუქდი და რაღაც ადგილები გამოგებურცაო, კიდევ იმისი, რომ ამას წინათ ყველა დაპატიჟეს ნინის დაბადების დღეზე მის და იმ „ქალურმანერებიანი“ ბიჭის გარდა, კიდევ იმისი, რომ ვინ იცის, რამდენ ხანს მოუწევს სახლიდან სკოლამდე და სკოლიდან სახლამდე მარტო სიარული?!

ნატალიას არ უნდა ამეებზე ლაპარაკი. ზოგჯერ ფიქრობს, რა ხდება ახლა ასეთი ტრაგიკულიო? საკუთარ თავზეც კი ბრაზდება – რა სულელი ვარ, მეც რომ გავიცინო და გავატარო, არ შეიძლებაო? არა, არ შეუძლია გაცინება. უნდა, საკუთარ ლოგინში იწვეს მოკუნტული, იტიროს და მთელ დღეს ეძინოს.

ჩემს მაგიდაზე წერილს დებს:

– მაია მას, ეს წერილი დედას გადაეცით, მე ვერ ვეტყვი, არ შემიძლია.

მერე მე ვფიქრობ – ნეტავ რა წერია იმ წერილში?