’მაგრამ მიწაზე, სადაც კაცთა დგას ღრიანცელი,
რომ გაიაროს, ფრთები უშლის გოლიათური’’  

ერთხელ, მე ტრანსგენდერი ვიყავი და არავის ვუყვარდი. პატარა რომ ვიყავი მამას ვუყვარდი და დედას ვუყვარდი. სოფელში ვცხოვრობდით. იმ სოფელში ბიბლიოთეკაც იყო და მე და მამამ ყველაფერი წავიკითხეთ მანდ რაც იყო. მამას კროსვორდები უყვარდა და კიდევ “რა, სად, როდის?” — გადაცემა უყვარდა.

კითხვებსაც წერდა და სოფლის ფოსტით აგზავნიდა მაგ გადაცემის რედაქციაში. აგზავნიდა და ეგონა, ერთხელაც მაგის კითხვა დაამარცხებდა მოთამაშეებს. მანამდე ჩემთან ტესტავდა ყველა კითხვას. ბევრი მახსოვს. ერთი უფრო მახსოვს. საღამოს, ლამფის შუქზე ვისხედით და მაგან მითხრა, თუ გამოიცნობო. მოკლედ, გემზე იყვნენო, შტორმის მერე გზა აებნათ და თვეები ხეტიალობდნენ მაგ გემით, ნელ-ნელა საკვებიც ამოეწურათ და კაპიტანი ძალიან განიცდიდა. გემზე ვინც იყო, თითქმის ყველას დეპრესია დაემართა და ყოველდღე, მზის ჩასვლამდე, ერთი მათგანი მაინც თვითმკვლელობით ამთავრებდა სიცოცხლეს. ამიტომ კაპიტანი ახლა მარტო საჭმელად, დღეში ერთხელ გამოდიოდა თავისი კაიუტიდან და ალბატროსის ხორცს ჭამდა. მეტი აღარაფერი ჰქონდათ, ალბატროს იჭერდნენ და უწვავდნენ მაგას, სოუსები და საწებლებიც გაუთავდათ და მარტო დამარილებულ ალბატროსს ჭამდნენ. ჭამის დროს არ ლაპარაკობდნენ. მარტო ერთხელ ამოიღეს ხმა და სიხარულის ყიჟინა დასცეს — ნაპირი დაინახეს. შორს, მაგრამ ხმელეთი მოჩანდა. შეცვალეს გეზი და რამდენიმე საათში პატარა, ლამაზ ქალაქში ჩაუშვეს ღუზა. გადარჩენის აღსანიშნავად ვინც გემზე ცოცხალი დარჩა კაპიტანმა ყველა რესტორანში დაპატიჟა და ადგილობრივი დელიკატესები შეუკვეთა. განსაკუთრებული ხორცი იყო, მთავარ მზარეულს დაუძახა და ჰკითხა, რისი ხორციაო. ალბატროსის, კაპიტანო. — უპასუხა მზარეულმა. მაშინ კაპიტანმა გადარჩენილები გადათვალა, იარაღი ამოიღო და საფეთქელში დაიხალა. რა მოხდა? — მკითხა მამაჩემმა.ვერ გამოვიცანი. კარგია, მოაზროვნეებიც ვერ გამოიცნობენ, მოვიგებთ და შუქის ფულსაც გადავიხდით; ახალ შარვალს გიყიდი, ფეხსაცმელსაც. კაბა მინდა, მამა, ქალის ფეხსაცმელი, პლატფორმებზე როა მაღალ, მთლიან ძირზე, ეგეთი ფეხსაცმელი მინდა. ტუჩსაცხი რომ ერქვა არ ვიცოდი მაშინ და პომადაც მინდა-მეთქი. გოგო ვარ მე, გოგო ვარ, მამა-მეთქი. მაგან ლამფა ჩააქრო და დასაძინებლად დაწვა. დედაჩემმა, მეორე დღეს, რაც მქონდა ყველაფერი ჩამილაგა, მამაჩემმა თხილი და ჭაჭა წაიღო ბაზარში, ჩააბარა, კაბა გიყიდე, ფეხსაცმელზე არ მეყო, ეს გზაში დაგჭირდება, — მითხრა და ფული მომცა. წამოვედი. სოფელში აღარ ჩავსულვარ, ფული გავუგზავნე რამდენჯერმე და უკან დამიბრუნეს, შენ უფრო დაგჭირდება, ძვირია ქალაქში ცხოვრებაო. შუქის ფულს ვუხდიდი მარტო და წარმოვიდგენდი ხოლმე მამაჩემი შაბათობით როგორ უყურებდა გადაცემას “რა, სად როდის”. მიყვარდა მაგის წარმოდგენა. შაბათიც მიყვარდა მაგიტომ და მერე აღარ მიყვარდა: მაგათ გასვენებაში არ ჩავსულვარ. შაბათი იყო. მინდოდა და შემეშინდა. მეზობლების შემეშინდა უფრო. მე ტრანსგენდერი ვიყავი და პროსტიტუციით ვირჩენდი თავს. სამსახურები აქ ისედაც ჭირს და ჩვენთვის ყველაფერი ჭირს აქ.

ერთხელ, მე ტრანსგენდერი ვიყავი, კარანტინი დაიწყო და სხვებივით უმუშევარი ვიყავი. ისე, ცირკთან ვდგავართ ხოლმე, ჯოგური პრინციპით ვმუშაობთ, ასე უფრო უსაფრთხოა იმიტომ, რომ ერთხელ, მე ტრანსგენდერი ვიყავი და ჩვენ არავინ გვიცავდა. პოლიცია ჩვენთვის არ არსებობს. სინამდვილეში, არც არსამთავრობო ორგანიზაციების იმედი მაქვს. იმედი რომ არ მქონდა მივხვდი. მაგას რომ მივხვდი, ეკლესიაში წავედი. არ შემიშვეს, კაბიან კაცს ეკლესიაში რა უნდაო. მამაო, თქვენც ხომ კაცი ხართ და კაბა გაცვიათ-მეთქი. ეს სხვანაირი კაბააო, მაგან მითხრა და წამოვედი. მერე  ხალხმრავალ ადგილას წავედი და თავის დაწვა ვცადე. დედა ყვებოდა, როცა ჩემზე ორსულად იყო, ბენზინის სუნი მოსწონდა თურმე მაგას და მე ერთხელ ხალხმრავალ ადგილას ვიდექი და დედაჩემის საყვარელი სუნი ამდიოდა. ბენზინის სუნი ამდიოდა. სანამ სანთებელას მოვუკიდებდი, გამახსენდა —  რომელიღაც კლიენტს დარჩა ეგ სანთებელა. ვინახავდი, მეთქი, კიდე თუ მოვა, დავუბრუნებ. მოვუკიდე. იქვე რომ კაფეები, რესტორნები და საშაურმეები იყო, იქიდან ხალხი აქეთ წამოვიდა. იდგნენ და მიყურებდნენ. ეგ არ იყო საშიში. იცინოდა ზოგი და არც ეგ იყო საშიში. შემწვარი ხორცის სუნი იგრძნეს და ნერწყვი მოადგათ, ისე ჭარბად, რომ დორბლად ჩამოსდიოდათ უკვე. არც ეგ იყო საშიში. საშიში ზემოთ ხდებოდა: იმ ხალხმრავალ ადგილას, რაღაც შენობა იდგა და საშიში ის იყო, რაც მაგ შენობის მეექვსე სართულის ფანჯარაში ხდებოდა. ტურიზმის, ეკონომიკური განვითარების და კიდევ რაღაცის დეპარტამენტის უფროსები მიხვდნენ. მაგ ფანჯარაში იყურებოდნენ და მიხვდნენ, როგორ უნდა გამოეყვანათ ქვეყანა კრიზისიდან.

მას შემდეგ ქვეყნის ყველა პრესტიჟულ რესტორანში ტრანსგერდერის შემწვარი ხორცი დაამატეს. ცხადია, მენიუში ასე არ ეწერა. ვინც ერთხელ გასინჯავდა, მერე სულ უნდებოდა და ისევ ჩამოდიოდნენ. იმდენი ტურისტი მოიზიდეს, დამატებითი ავიარეისები, სასტუმროები, ჰოსტელები და რესტორნები დაამატეს. ტურისტულ ძეგლებს ნაკლები მნახველი ჰყავდა, მაგრამ ეგ არაფერი. ქვეყანა გამოვიდა კრიზისიდან. ხალხი არა, ქვეყანა და მთავრობა. ის დეპარტამენტების უფროსები დააწინაურეს და ახლა მარტო იმას დარდობდნენ, რომ ასეთ მოთხოვნას ქვეყანაში არსებული ტრანსგენდერები არ ეყოფოდა და როგორც სხვა ყველაფრის, ამ ხორცის ფალსიფიცირებაც მოუწევდათ მალე. მანამდე მე ხალხმრავალ ადგილას, მაღალი შენობის წინ ვიდექი და შემწვარი ხორცის სუნი ამდიოდა. ცეცხლი ჩააქრეს და დამწვრობის ცენტრში გადამიყვანეს. ძლიერი ტკივილის გამო, ყოველ სამ წუთში კომაში ვვარდებოდი. ამიტომ რაღაცა ძლიერი გამაყუჩებელი შემიყვანეს ვენაში. სიზმარში ის გემის კაპიტანი ვნახე, ალბატროსით რომ კვებავდნენ. უკვე მოეკლა თავი, იარაღი იქვე ეგდო, ავიღე და ღმერთს გავეკიდე. ტყუილად გავეკიდე, არ გარბოდა. რა გინდაო, მაგან მკითხა. შენ ერთხელ გაგაკრეს ჯვარზე და საუკუნეებია მაგის გამო თანაგრძნობას იწვევ-მეთქი. მე არ ვიყავი, ეგ ჩემი შვილიაო. მაშინ, მამაჩემის ადგილზე წარმოიდგინე თავი-მეთქი. შენი შვილი ერთხელ აწამეს და მაგის შვილს ყოველდღე აწამებენ-მეთქი. გაწიე ეგ იარაღი, სიზმრიდან გაქვს წამოღებული და მაინც არ გაისვრისო და გაეცინა მაგას. მე არ გამეცინა. მითხარი, რა გინდაო. ესეთი ხომ შენ გამაჩინე და რატომ არ ეუბნები იმათ, რომ შენ გამაჩინე და ისე, მეც ხო გიყვარვარ, მაგათსავით მეც ხო გიყვარვარ-მეთქი. თავი დამიქნია. ორჯერ დამიქნია. ამას თუ ეტყვი, მაგათ თუ ეტყვი, ეგენიც შემიყვარებენ-მეთქი.

მეშინიაო მაგან თქვა და გაჩუმდა. არ გესვრი, თან, სიზმრის იარაღია და რისი გეშინია-მეთქი. შენი არა, მაგათი მეშინიაო. ზურგი ვაქციე. არჩევნები ჩაივლის და ვიზამ რამესო, ეს მომაძახა, უღმერთოდ, სუსტად და საცოდავად მომაძახა. ანუ, ვერ დამეხმარები? ვერა, თუ გინდა, მოდი და აქ იყავი, ბევრი საქმეა ახლა აქაც რამეს გამოგიძებნიო. კაი, მოვიფიქრებ, ისე ამხელა ღმერთი ხარ და მაინც იტყუები, ერთნაირად თუ გიყვარვართ, იმათ იმედს რატომ აძლევ და ჩვენ არა-მეთქი, იმედი მაინც რომ მქონდეს, უკეთ ვიქნებოდი-მეთქი, სულ ბოლოს ეგ ვუთხარი და წამოვედი. იარაღით გამეღვიძა დამწვრობის ცენტრში. პირში ჩავიდე ლულა და სანამ სასხლეტს გამოვკრავდი, მამაჩემის გამოცანის პასუხს მივხვდი. გემზე მყოფი ადამიანების ხორცით კვებავდნენ გემის კაპიტანს და სანამ ნამდვილი ალბატროსის ხორცი არ გასინჯა, ვერ მიხვდა ეგ მაგას. როცა მიხვდა, კი მოიკლა მერე თავი, მაგიტომ მოიკლა. მეც მოვიკლავდი, მაგრამ სიზმრიდან წამოღებული იარაღი რომ გაისვრის, მაგის დიდი იმედი არ მაქვს. იმედი არასდროს მქონია. ეგ მართლა არასდროს მქონია. გამოვკარი. პირველივე ცდაზე გაისროლა. უსასრულოა უფლის წყალობა-მეთქი გავიფიქრე და ავფრინდი. მამაჩემს და დედაჩემს მოვკარი თვალი, ეგენიც საკაიფოდ დაფრინავდნენ, სანამ მივუახლოვდებოდი, შორიდანვე მოვუბოდიშე, გასვენებაში რომ ვერ ჩავედი. დაიკიდეო, მაგათმა ერთხმად გადმომძახეს და მამაჩემმა მერე მარტო ეგ მკითხა, რომ გინდოდა, ის ფეხსაცმელი თუ იყიდეო. მეთქი, არა, მა, აღარ ვიყიდე, ძაან მალე გადავიდა ,,პლატფორმები’’  მოდიდან. მამას გაეღიმა, დედასაც გაეღიმა და მერე მეც. ერთხელ, მე მკვდარი ტრანსგენდერი ვიყავი და როგორც იქნა ვიღიმოდი.

,,ფრინველებს, რომლებიც ცაში მოხდენილად ლივლივებენ, შეუძლიათ ჰაერში ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაჩერდნენ. მოხეტიალე ალბატროსი ამის საუკეთესო მაგალითია. მისი ფრთების შლილი 4,5 მეტრს აღწევს, ხოლო სხეულის წონა 8,5 კილოგრამია. ამ ფრინველს შეუძლია ათასობით კილომეტრი ისე იფრინოს, რომ ძალიან ცოტა ენერგია დახარჯოს. ამის შესაძლებლობას ალბატროსს თავისი აგებულება და ფრენის ტექნიკა აძლევს.’’