თურქეთი ჩემთვის მთელი (ჩემი) ცხოვრება იცვლის სახეს და არსს. ეს თანამედროვე თურქეთის თვისება არ არის, ჩვენ არ ვიცნობდით საკმარისად კარგად, ამიტომ წლების განმავლობაში ახალ და ახალ სახეს გვაჩვენებს. სხვათა შორის, ამ დღეებში ვერავინ ვიპოვე, ვისაც ახსოვს: ჩვენს ბავშვობაში თურქეთსა და საბჭოთა კავშირს შორის რაღაც სერიოზული დაძაბულობა იყო და მგონი, ამერიკაში თუ არა, საფრანგეთში მოხვედრა უფრო ადვილი იყო, ვიდრე სტამბოლში, ანკარაში ან იზმირში. ახლა აღარ მაქვს საშუალება, რომ ვკითხო, რატომ, მაგრამ 80-იანების დასაწყისში მამაჩემი მოხვდა იქ და გაოგნებული ჩამოვიდა. სხვა რამე ეგონა და სულ სხვა დახვდა. თუ შთაბეჭდილებები სწორად მახსოვს, მის ევროპულ ნაწილში აღმოჩნდა, იმიტომ რომ ეგზოტიცირებული ქვეყნის ისეთივე აღქმაზე ჰყვებოდა, როგორიც ადრე იაპონიიდან და ჩვენს დროში ჩინეთის რამდენიმე დიდი ქალაქიდან მოჰყვება ხალხს. 9-10 წელი თურქეთი ასეთადვე დარჩა ჩემთვის, მერე კი, ჩაბნელებულ და გამოყინულ საქართველოში ნელ-ნელა შემოაღწია გალეტებმა, რომლებიც ნელ ცეცხლზე ნახშირის აბებივით იწვოდა, ფეხსაცმელმა, რომელიც ადამიანის ფეხისთვის არ იყო ჩაფიქრებული – ამან, წვრილვაჭრულმა სიხარბემ და კიდევ რაღაცამ, რაც ჩვენს დაუსაბუთებელ ქედმაღლობას შესანიშნავად შეერგო.

რა თქმა უნდა, აქაც და იქაც, გვყავდნენ ელჩები, კონსულები, კულტურის ატაშეები, მაგრამ თურქეთმა ისე გაიმტკიცა თავი ჩვენს წარმოდგენაში, როგორც იაფი ჩუსტების სამშობლომ. ეს ხდებოდა ქვეყანაში, რომლიდანაც დაუსრულებლად გაედინებოდა გაღატაკებული ადამიანების არმიები და ადგილობრივი იაფი მუშახელის ზღვას უერთდებოდა.

მერე დრომ, რომელიც ხელოვნურად იზოლირებულ საზოგადოებებს შორის ბუნებრივ არხებს ჭრის, ახალი დამოკიდებულებები წარმოშვა. ჩემს ნაცნობებში გაჩნდა სტამბოლის მოყვარულების კლუბივით რაღაც, გაჩნდა იმის განცდა, რა სურს და რას ეწინააღმდეგება ჩვენთვის ეს უცნობი საზოგადოება. თურქები პროტესტს ძალიანაც მოხდენილად გამოხატავდნენ. ყველას მაგიერ თქმა გამიჭირდება, მაგრამ ალბათ ბევრმა ვიგრძენით, რამდენად მსგავსი იყო პრობლემა და გარემო, რომელშიც ცალკე ჩვენ და ცალკე ისინი ვცხოვრობდით. 2013 წელს, როცა სამთავრობო ძალებმა სტამბოლის ცენტრში გეზი პარკის დამცველებს შეუტიეს (აღარ მახსოვს, რის აშენება იყო ჩაფიქრებული მის ადგილას – მგონი, იმავე ტიპის და დანიშნულების ნაგებობის, რასაც ჩვენი მერია, ინვესტორები და მოგებით დაინტერესებული სხვა პირები გვიდგამენ ქალაქში), წინააღმდეგობა ოცამდე ქალაქის საზოგადოებამ გასწია: ამ მასობრივ, ცოცხალ პროტესტში კარგად ჩანდა, მწვანე ზონებისთვის ბრძოლა საერთო აღშფოთების მარტო ერთი პატარა მუხტი იყო, ეს ხალხი რეალურად თურქეთს იცავდა, თურქეთს, რომელშიც ადამიანს თავისუფლად ესუნთქებოდა. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ფეისბუკზე ჩვენც მათთან ერთად ვიდექით. როცა სოციალურ ქსელებში ახალგაცნობილმა თურქებმა საკუთარი ქვეყნის გრაფაში სიტყვა Bizantium ჩაიწერეს, გასაგები გახდა, მათ თავისუფლებას, იმას, რადაც თავს აღიქვამდნენ, უფრო დიდი საფრთხე ედგა, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა.

ეს ის მომენტი იყო, როცა (მე ასე მომეჩვენა) ისლამიზაციის ხიფათმა, რომელსაც ხელისუფლებისგან გრძნობდნენ, თურქულ იდენტობას ყველაზე ძველი შრეები და დასაყრდენი ამოატანინა ზედაპირზე.

ჩვენ მხოლოდ ათათურქის შექმნილი ერი არ ვართ, ბიზანტია, ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი ფუძე, უკვალოდ არ გამქრალა, ჩვენ ვართ ბიზანტია – ამას ამბობდნენ ეს ადამიანები.

იქიდან, რასაც ისინი ამ და წინა თვეში ფეისბუკზე წერდნენ, მეტიც გავიგე – ისლამიზმი და სამხედრო გადატრიალებების მოტანილი დემოკრატია მათთვის ერთნაირად დამამწუხრებელი რეალობაა. სამხედრო გადატრიალებები თურქეთის შემთხვევაში ჩვენ პოზიტიურ მოვლენად გვაქვს მიჩნეული, თუმცა, სიმართლე ცოტა სხვანაირად გამოიყურება. ამ გადატრიალებებსაც მოჰყვებოდა ხოლმე თავისუფლებების შეზღუდვა, ესეც გარკვეულწილად კონსერვატიული მოვლენაა. მაგალითად, სამხედროები მაინცდამაინც არ სწყალობენ თურქ ფემინისტებს. აქვე უჩემოდაც მიხვდებით, რომ ყველაფერი ფარდობითია. თურქეთში არის ადამიანების კატეგორიები ან უმცირესობები, რომლებსაც თავიანთი ხმა არცერთ ხელისუფლებაში არ ჰქონიათ.

მაინც რაღაც აქვს ამ ქვეყანას რუსეთთან საერთო. ხელოვნურად და დაჩქარებით შექმნილი „ელიტების“ სააზროვნო ოაზისების ტრაგედია, რომლებსაც (ახლა მგონი უკვე კარგად ჩანს) ბუნებრივი განვითარების ლოგიკა ბუმერანგად უბრუნდებათ და პრაქტიკულად განწირულები არიან თანამოქალაქეთა გარემოცვაში.

ერთი კვირა გავიდა მას მერე, რაც სტამბოლის ნაცრისფერ სივრცეს გავყურებდი. აეროპორტიდან. მე არ ვიცნობ ამ ქალაქს, მის აეროპორტებს არასდროს გავცილებივარ. შეიძლება, ისე მოხდეს, რომ ვერც ვეღარასოდეს ვნახო ისეთი, როგორიც ამდენ ადამიანს უყვარს?

ამაზე მეტად სხვა ფიქრი მჭამდა: ახლა, ამავე დილის ცას რამდენიღაც ათასი, ან ათი ათასი ნაწამები ან წამების მომლოდინე ადამიანი უყურებს. რა ელის ამ ხალხს, რა ელის Bizantium-ს?

მათი დაუცველობის განცდას ისიც ამძაფრებს, რომ თავისთავად არც ეს „ბიზანტიუმი“ გადმოდგება დასაყრდენად. თავისუფლების სიმბოლო არც ის ყოფილა როდესმე.

ახლა, როცა სტადიონებზე დაყრილ და პატივაყრილ, ყურდაჭრილ სამხედროებს ვუყურებ, საშინელი განცდა მიჩნდება. ესე იგი, იმ დღეს მართალი ვიყავი. თვითმფრინავიდან თურქი მგზავრის დატოვებული გაზეთები წამოვიღე, რატომღაც გამცილებელს ვთხოვე ნებართვა. ოთხი ან ხუთი დღე გავიდა, სანამ გადავშლიდი. სულ ვწელავდი დროს. არ მინდოდა, გამარჯვებული ბელადის დოკუმენტალიზებულ ტრიუმფს გადავწყდომოდი. გასართობი თემები, ტანსაცმლის და რესტორნების რეკლამები უფრო საზარელი მეჩვენა. იმ ქვეყნიდან ვარ, რომელსაც საკუთარ მაგალითზე ასწავლეს, რომ მდორე ჭაობში ეშმაკები ირევიან. ჩემი თურქი ფრენდები რაღაც გარინდებულები არიან. ახლა (ყველა ახალგაზრდაა) ირანელებს მაგონებენ.

ძალიან მინდა, ვიცოდე, რის ნიშანია ეს, შოკის, უიმედობის?  ხომ არ ეშინიათ?

მეც ბევრი ვიფიქრე ამ დღეებში ამაზე: ნეტავი რა ელით ამ ახალგაზრდა, ლამაზ ადამიანებს, ვინც მაშინ თავს ამ „ბიზანტიელობას“ აფარებდა. საერთოდ, შთაბეჭდილებით, როცა რამდენიმე წლით უკან მივდივარ, ერთმანეთში ირევა ამ ორი ქვეყნის ამბები. როცა ირანის ქალაქებში ახალგაზრდობა ყალყზე იდგა, კადრები, როგორ დგას ყალყზე შუქგამორთული ქალაქები, ჩირაღდნები, შეძახილები აივნებიდან, ეს განცდა, უცებ გაცნობა და შეყვარება უცხო სივრცეების, სხვების გულშემატკივრობა ამ ყალყზე დგომაში და დაუმორჩილებლობაში. ფიქრობ: რატომ? მიზეზი? – თავისუფლების ენერგია. ძალა გამოგვეცალა (ჯერჯერობით, რა თქმა უნდა) და ენერგიას სხვაგან ვეძებთ. ნახეთ, როგორც საზოგადოება – დავმარცხდით (ჯერჯერობით), ყველა და ყველაფერი გვართმევს ყველაფერს, რაც ღირებული უნდა იყოს, ზოგადად, ადამიანისთვის, მანამ, სანამ მონა ან მოსიარულე გვამი არ გახდება. სანამ ამად არ გადააქცევენ. მერე სულ სხვა რამეები უყვარდება ადამიანს. ამიტომ ის, რაც მაშინ ირანში, მერე თურქეთში ხდებოდა – ის, რაც ჩვენში ხან ხილულად, შინაგანად კი ყოველ წუთს და წამს ხდება – ადამიანის, დედამიწის მარილის მთავარი ინსტინქტი, თავი გადაირჩინოს, გადაირჩინოს, არა ფიზიკურად, არ მჯერა, რომ ადამიანი მარტო ამ გადარჩენას ეძებს, არამედ როგორც თავისუფალმა და დაუთრგუნველმა ცხოველმა.

მჯერა იმის, რომ ზუსტად ეს ინსტინქტია ის, რასაც ყველა რელიგია სულის გადარჩენის სურვილს არქმევს – სინამდვილეში ამ სურვილს „წინაპარი“ ჰყავს, მისი პირველი და უძველესი წყარო მოპოვებული ადამიანობის დაკარგვის შიშია.

რელიგიური ადამიანის კიდევ ერთი ეგეთი შიში ვიცი, ჯოჯოხეთის შიში. აი, მაგ შიშსაც მოეპოვება იგივე არქეტიპული განცდა – ადამიანების გზააბნეული, ავი მასის, მისი სიახლოვისგან, მასში შეზელვისგან სულის ხუთვის შიში. ადამიანს უნდა, თავი ამ სტრატაზე მაღლა ეჭიროს, სახეში ქარი სცემდეს და კოსმოსთან, თავის სახლთან, ვარსკვლავებიან ცასთან კავშირი არ დაკარგოს. როცა დაკარგავს, მერე, ვხედავ, რომ ვიმეორებ, სხვა რაღაცების სიყვარული მოდის.

ვინმეს თუ წაგიკითხავთ რუმინელი ანა ბლანდიანას სულ-სულ პატარა ტექსტი, რომელიც მან მოსალოდნელი თავისუფლების განცდით დაწერა? ზედმეტი სიტყვა არ ეწერა იქ, კომპოზიციურად მჭიდრო და შეკრულ ორას-სამას სიტყვაში დელფინების ლივლივი იყო აღწერილი ლურჯი ცის და სამხრეთის მზის ქვეშ. 80-იანების ბოლოს მთელი ე.წ. აღმოსავლეთის ბლოკი გრძნობდა ამ სიხარულს. ადამიანების ძალიან დიდ მასას თითქოს ყიფლიბანდიდან შესდიოდა თავისუფლების იდეა. მე ვერ ავხსნი, მაგრამ მგონი არის ხალხი, ვისაც შეუძლია თქვას, რა მოხდა ისეთი, რამ მოიტანა ეს ცვლილება, რა გამოცდილება გვაკლდა, ვინ დაგვაკლო ნამდვილი დახმარება, რომ ახლა, ოცი-ოცდაათი წლის შემდეგ, ეს ყიფლიბანდი ჩვენ გარშემო თანდათანობით იხურება და იმის მიუხედავად, რომ ჩვენც კარგა ტყვიასავით დამძიმებულები ვართ, მარტოები – განა მარტო თურქები, ან ქართველები, ან თუნდაც ირანელები ან რუსები, სომხები ან აზერბაიჯანელები – აქ ეთნიკური ნიშანი პირობითია, ყველანი ერთად, ვისაც არჩევანი ლევიათანსა და დესპოტიას შორის გვაქვს და მგონი გარკვეული აზრით ერთმანეთის თანამოქალაქეები, ერთი საზოგადოება შევიქენით – ვრჩებით თავისუფლების, რელიგიებით აღგზნებული და გაავებული მასებიდან თავის ამოყოფის ინსტინქტის, ბარონ მიუნჰაუზენის ჭეშმარიტად სუფიური გამოცდილების ამარა. და იცით რა, რაკი იმედის უქონლად ამ ნაწერის კი არა, ფიქრის ერთი ძაფის, ერთი დღის, ერთი ცხოვრების დასრულებას არ ვთვლი შესაძლებლად (ჩემი ინსტინქტია), რაკი ჩემთვის ეს ღმერთი მაინც არსებობს და იგი, ეს ღმერთი, ჩვენი აჭრილი სამყაროსგან გამაოგნებლად დავიწყებული, გენიალურ მხიარულებაში ჩარჩენილი ექსპერიმენტატორია (მისი კოსმოსი წკრიალებს, მისი სამყარო უმოძრაოდ ერთ წამს ვერ ისვენებს), ზუსტად ამ გამოცდილებაზე გავჩერდები. ეს მომწონს, ეს მგონია შესაძლებელი. მგონი, ესაა ერთადერთი გამოსავალი.